წვდომის მენიუ

შპს ,,GEOBET“-ისათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაცილი წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 365 / 18

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2014 16:54

მიღების თარიღი ივლისი 10, 2014

 

შპს ,,GEOBET“-ისათვის  ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაცილი წარმოების შეწყვეტის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

2014 წლის 2 ივლისს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 1 ივლისის  N10/1031-14 სამსახურებრივი ბარათი და ამავე სამსახურში დასაქმებული  უფლებამოსილი  პირის მიერ 2014 წლის 1 ივლისს  შპს „GEOBET“-ის  მიმართ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი N000227. აღნიშნული სამსახურებრივი ბარათის თანახმად ირკვევა, რომ 2014 წლის 14 მაისს  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა სამსახურებრივი ბარათით (N10/726-140) მიმართა კომისიის აპარატის ადმინისტრაიციულ დეპარტამენტს ვებ-გვერდ  www.adjaranet.com-თან დაკავშირებით დეტალური (ტექნიკური) ინფორმაციის მოწოდების მოთხოვნით. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2014 წლის 28 მაისის სამსახურებრივი ბარათიდან (N10/788-14) ირკვევა, რომ  www.adjaranet.com DNS lookup ბრძანებით პასუხობს შემდეგ IP  მისამართს: 5.133.162.148. ამავე სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად ირკვევა, რომ Static.adjaranet.com-ზე განთავსებულია პლეიერი, რომლის საშუალებითაც ხორციელდება სამაუწყებლო არხების ტრანზიტი (IP მისამართი: 5.133.162.157). აღნიშნული IP მისამართის მფლობელი კი შპს  „რკინიგზის ტელეკომია”.      შპს „რკინიგზის ტელეკომის“ 2014 წლის 23 მაისის და 19 ივნისის კორესპონდეციებით (კომისიაში რეგისტრაციის N6/3330-14; N6/4069-14), ირკვევა, რომ IP მისამართები 5.133.162.148 და 5.133.162.157, რომლებიც შპს „რკინიგზის ტელეკომს“ ეკუთვნის, გაწერილია შპს „GEOBET“-ზე (საიდენტიფიკაციო კოდი - 404970821).

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში არსებული მონაცემების შემოწმების შედეგად, შპს „GEOBET“-ს (საიდენტიფიკაციო კოდი - 404970821) კომისიაში გავლილი არ აქვს ავტორიზაცია მაუწყებლობის ტრანზიტზე. ამასთან, შპს “GEOBET“-ი ვებ-გვერდზე  www.adjaranet.com ახორციელებს სამაუწყებლო არხების ტრანზიტს. შესაბამისად, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს, მიაჩნია, რომ შპს “GEOBET“-ი ახორციელებს ავტორიზებად საქმიანობას ავტორიზაციის გარეშე და რომ სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის დარღვევა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ 2014 წლის 1 ივლისს შპს „GEOBET“-ის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N000227.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რონ 10 ივნისს კომისიაში შემოსულია შპს „ინტეგრალის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის N6/3747-14), რომლის თანახმადაც კომპანია აცხადებს, რომ ვებ-გვერდის  www.adjaranet.com-ის  საშუალებით ხორციელდება სხვადასხვა სამაუწყებლო არხების „НТВ+ Футбол“, „НТВ+ Футбол 2“, „НТВ+ Спорт Плюс“, „НТВ Футбол“ და „НТВ Футбол 2“ საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი რეტრანსლირება.

2014 წლის 4 ივლისს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,GEOBET“-თვის ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო. ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი  წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის  მიერ შედგენილ იქნა 2014 წლის 1 ივლისს, რომელიც კომისიას წარედგინა იმავე დღეს, შესაბამისად, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2014 წლის 10 ივლისი,   16:00 საათი, რის შესახებაც შეტყობინებით ეცნობა შპს ,,GEOBET“-ს  2014 წლის 7 ივლისს (შეტყობინების გაგზავნის თარიღი:04.07.2014; N03/1451-14). მხარეს ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება.  საქმის ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტრური გამოკვლევის მიზნით, 2014 წლის 4 ივლისს შეტყობინება გაეგზავნა შპს „რკინიგზის ტელეკომსაც“ და მოწვეული იქნა მოწმის სტატუსით (04.07.2014; N03/1453-14) კომისიის სხდომაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, 2014 წლის 4 ივლისს, კომისიაში შემოვიდა შპს „GEOBET“-ის ახსნა-განმარტება (კომისიაში რეგისტრაციის: N6/4361-14), სადაც კომპანია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 1 ივლისს, კომისიის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N000227 შპს “GEOBET“-ის მიმართ არასწორია, ვინაიდან კომპანია საერთოდ არ ახორციელებს მაუწყებლის ტელე ან რადიო არხის ტრანზიტს და რომ ვებ-გვერდ www.adjaranet.com-ის ოპერირებას ახორციელებს არარეზიდენტი კომპანია CONTICORP LIMITED, შესაბამისად ვებ-გვერდიც მის საკუთრებას წარმოადგენს. შპს „GEOBET”-ი თავის ახსნა-განმარტებაში აღნიშნავს, რომ მას და შპს „რკინიგზის ტელეკომს“ შორის 2014 წლის 1 თებერვალს გაფორმებულია კოლოკაციის მომსახურეობაზე ხელშეკრულება, რაც არ წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ავტორიზებად საქმიანობას და ამ მიზნებისათვის შპს „GEOBET”-ს ავტორიზაცია არ ესაჭიროება.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად,  2014 წლის 4 ივლისს კომისიამ N03/1452-14 წერილით მიმართა შპს „რკინიგზის ტელეკომს“ და სამი სამუშაო დღის ვადაში მოსთხოვა მოეწოდებინა შპს „GEOBET“-სა და შპს „რკინიგზის ტელეკომს“ შორის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურეობის თაობაზე გაფორმებული დოკუმენტაციის ასლები (ხელშეკრულებები და სხვ.).

2014 წლის 8 ივლისს შპს „რკინიგზის ტელეკომმა“ კომისიაში წარმოადგინა N080714-1 წერილი თანდართული შპს „GEOBET“-სა და შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ შორის 2014 წლის 10 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების ასლით, რომლის საფუძველზეც ირკვევა, რომ შპს „რკინიგზის ტელეკომი“ (შემსრულებელი) უწევს შპს „GEOBET“-ს (დამკვეთს) კოლოკაციის მომსახურებას, რაც გულისხმობს შემსრულებლის მიერ შემდეგი მოქმედებების შესრულებას: 1. დამკვეთის სერვერზე განთავსებული ინფორმაციის მესამე პირებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ინტერნეტ-რესურსების მეშვეობით; 2. ქსელის ოპერირების ცენტრის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ტელეფონის მეშვეობით, დამკვეთის წარმომადგენლებისათვის 24/7 პერიოდის განმავლობაში; 3. კოლოკაციის ფართში მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, დამკვეთის მიერ განთავსებული აპარატურის პროგრამულ უზრუნველყოფასთან, ოპერაციულ სისტემასთან დისტანციური წვდომის უზრუნველყოფა ინტერნეტის მეშვეობით, ვებ ინტერფეისის საშუალებით. 4. დამკვეთის კუთვნილი 5 სერვერის (რომელიც მოიცავს 9 იუნითს ) და 4 თაუერ ტიპის სერვერის განთავსება კოლოკაციის ფართში არსებულ აპარატურულ კარადაში და მათი ჩართვა ქსელში კოლოკაციის მომსახურების გაწევის მიზნით; 5. IP პროტოკოლის მეშვეობით დამკვეთის აპარატურის 99%-იანი ჩართულობა/ხელმისაწვდომობა შემსრულებლის ქსელის ფარგლებში; 6. 4 ცალი 1გბ-იანი პორტის გამოყოფა; ამასთანავე, მხარეები თანხმდებიან, რომ კოლოკაციის მომსახურების დამკვეთისათვის მიწოდების მიზნით, შემსრულებელმა უნდა გამოუყოს დამკვეთს შემდეგი რესურსები: ინტერნეტ რესურსებთან წვდომის უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს, რომ შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს კოლოკაციის ფართში ხელშეკრულების საფუძველზე განთავსებული დამკვეთის სერვერების ინტერნეტ რესურსებთან წვდომა შემდეგი პარამეტრების შესაბამისად: გლობალური სიჩქარე 26 მბ. აღნიშნული ხელშეკრულების დანართი N1-ის მე-4 პუნქტში გაწერილია სერვერების IP მისამართების რაოდენობა, კერძოდ:

IP

GW

MASK

5.133.162.144/28

5.133.162.146-158

5.133.162.145

255.255.255.240

5.133.162.148/30

5.133.162.150

5.133.162.149

255.255.255.252

5.133.162.152/30

5.133.162.154

5.133.162.153

255.255.255.252

5.133.162.156/30

5.133.162.158

5.133.162.157

255.255.255.252

აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „რკინიგზის ტელეკომის“ მიერ IP მისამართები 2014 წლის 10 თებერვალს, ერთი წლის ვადით („საწყისი პერიოდი“) გაცემულ იქნა შპს „GEOBET“- ზე. გამოყოფილ IP მისამართების  ინტერვალს -  5.133.162.146–დან 5.133.162.158 –ჩათვლით, შპს „GEOBET“-ი იყენებდა  სამაუწყებლო არხების ტრანსლირებისა და ტექნიკური მომსახურებისთვის. ის ფაქტი, რომ მოცემული IP მისამართები გამოიყენებოდა სამაუწყებლო არხების ტრანსლირებისათვის, დასტურდება კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათით (28.05.2014;10/788-14), სადაც აღნიშნულია, რომ მაგალითად: IP მისამართიდან: 5.133.162.155 მოდის სამაუწყებლო არხი - НТВ+ Футбол.

2014 წლის 8 ივლისს, შპს „რკინიგზის ტელეკომის“ მიერ ხელშეკრულების ასლთან ერთად, წარმოდგენილ იქნა შპს „GEOBET“-ის მიერ 2014 წლის 1 ივნისს შპს „რკინიგზის ტელეკომისათვის“ მიწერილი წერილი, რის საფუძველზეც, შპს „GEOBET“-ი ითხოვს მათ შორის 2014 წლის 10 თებერვალს ერთი წლის ვადით გაფორმებული კოლოკაციის მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტას, ხელშეკრულების მოშლისათვის დადგენილი პირობების დაცვით.  აღნიშნული ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, ნებისმიერ მხარეს აქვს უფლება წინამდებარე ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყვიტოს, ხელშეკრულების მოშლისათვის დადგენილი 30 დღიანი ვადის დაცვით. ამდენად, 2014 წლის 30 ივნისს შპს „რკინიგზის ტელეკომსა“ და შპს „GEOBET”-ს შორის შეწყდა კოლოკაციის მომსახურების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულება, შესაბამისად ის IP მისამართები, რომლებიც შპს „რკინიგზის ტელეკომსა“ და შპს „GEOBET”-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დანართი N1-ის მე-4 პუნქტშია მითითებული, რომლებიც ერთი წლის ვადით გაწერილი იყო შპს „GEOBET”-ზე და რომელთა საშუალებითაც ხორციელდებოდა არხების ტრანსლირება ვებ-გვერდ www.adjaranet.com-ზე, დაუბრუნდა შპს „რკინიგზის ტელეკომს“.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმში მითითებული იყო მხოლოდ ორი IP მისამართი, ერთი ვებ-გვერდის www.adjaranet.com (5.133.162.148) და მეორე - ამ ვებ-გვერდზე, სამაუწყებლო არხების ყურების უზრუნველსაყოფად გამოსაყენებელი პლეიერის (5.133.162.157), ხოლო დანარჩენი IP მისამართების  (რომელთა მეშვეობითაც ვებ-გვერდ www.adjaranet.com-ზე სამაუწყებლო არხების სტრიმინგი ხორციელდებოდა) გაწერის საკითხი ღია რჩებოდა, კომისიამ, საქმის სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით,  2014 წლის 3 ივლისს N01/1437-14  წერილით მიმართა შპს „რკინიგზის ტელეკომს“ იმ საკითხის დასაზუსტებლად, თუ ვის ეკუთვნოდა IP მისამართები: 5.133.162.150, 5.133.162.151, 5.133.162.152, 5.133.162.153, 5.133.162.154,  5.133.162.155, 5.133.162.156, 5.133.162.158, 5.133.162.159. მეორე დღეს კომისიაში შემოვიდა შპს „რკინიგზის ტელეკომის“ საპასუხო წერილი (კომისიაში რეგისტრაციის: 04/07/2014; N6/4360-14), რომლის  თანახმად ირკვევა, რომ კომისიის 2014 წლის 3 ივლისის N01/1437-14 წერილში მითითებული IP მისამართები ეკუთნოდა შპს „რკინიგზის ტელეკომს“ და გაწერილი იყო შპს „ქროსვეის ჯორჯია ლიმითედზე“ (ს/კ 404473191).                                                   

იმის გამო, რომ ვებ-გვერდის და პლეიერის IP მისამართები გაწერილი იყო შპს „GEOBET“-ზე, ხოლო სამაუწყებლო არხები პლეირეში მოდიოდა IP მისამართებიდან, რომლებიც გაწერილი იყო სხვა სუბიექტზე,  2014 წლის 8 ივლისს კომისიამ N03/1463-14 წერილით  გამოითხოვა შპს „ქროსვეის ჯორჯია ლიმითედსა“ და შპს „რკინიგზის ტელეკომს“ შორის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურეობის თაობაზე გაფორმებული დოკუმენტაციის ასლები (ხელშეკრულებები ან სხვ.). 2014 წლის 9 ივლისს კომისიაში შპს „რკინიგზის ტელეკომმა“ წარმოადგინა N090714-1 წერილი თანდართული ხელშეკრულების ასლით, საიდანაც ჩანს, რომ 2014 წლის 1 ივლისს შპს „რკინიგზის ტელეკომსა“ და შპს „ქროსვეის ჯორჯია ლიმითედთან“ გაფორმებულია კოლოკაციის მომსახურეობაზე ერთწლიანი ხელშეკრულება, რომელიც სრულად ემთხვევა შპს „GEOBET“-სა და შპს “რკინიგზის ტელეკომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების პირობებსა  და გაწერილ  IP მისამართების რაოდენობას, მათ შორის იმ ორ IP მისამართებზე, სადაც ვებ-გვერდი და პლეიერი იყო განთავსებული.

კომისიის 2014 წლის 10 ივლისის სხდომაზე გამოცხადნენ შპს „რკინიგზის ტელეკომის“ დირექტორის მოადგილე თენგიზ ტაბიძე და შპს „GEOBET“-ის დირექტორი ივანე თარხნიშვილი.

შპს „GEOBET“-ის წარმომადგენლმა კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ მას ახსნა-განმარტება უკვე წარმოდგენილი აქვს კომისიაში, ერთადერთი დაამატებდა, რომ მათ მიერ არანაიარი არხების ტრანსლირება საქართველოს ტერიტორიაზე არ ხორციელდება და რომ ვებ-გვერდი www.adjaranet.com-ის მფლობელი არის არარეზიდენტი კომპანია CONTICORP LIMITED, რომლის დავალებითც, შპს „GEOEBET“-მა შპს „რკინიგზის ტელეკომთან“ გააფორმა კოლოკაცის მომსახურების თაობაზე ხელშეკრულება.

შპს „რკინიგზის ტელეკომმა“ დაადასტურა, რომ შპს „GEOBET“-თან გაფორმებული იყო კოლოკაციის მომსახურეობაზე ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ხდებოდა პორტების, სერვერების და იუნითების მიქირავება აპარატურის განსათავსებლად და ხდებოდა ინტერნეტ  მომსახურეობის გაწევა, რაც წარმოადგენს ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებას და სწორედ ამიტომ შპს „რკინიგზის ტელეკომს“ გავლილი აქვს კომისიაში ავტორიზაცია. კითხვაზე, არის თუ არა კოლოკაცის მომსახურეობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების რეალური საგანი ჰოსტინგ მომსახურება, კომპანიის დირექტორის მოადგილემ უპასუხა, რომ ეს არის სერვერზე სივრცის გამოყოფა ინფორმაციის გატარების უზრუნველყოფისათვის, რაც პრინციპში ჰოსტინგ მომსახურებას ნიშნავს.

კომისიის სხდომაზე კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტის ა. ყანჩაველის მიერ იქნა მიცემული ახსნა-განმარტება, რომ  კოლოკაციის მომსახურეობაზე გაფორმებული ხელშეკრულება სინამდვილეში ჰოსტინგ მომსახურებაზე გაფორმებულ ხელშეკრულებას  წარმოადგენს.

კომისიის აპარატის სამართლებრივმა დეპარტამენტმა კომისიის 2014 წლის 10 ივლისის სხდომაზე განმარტა, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ 2006 წლის 17 მარტის რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ჰ11) ქვეპუნქტის თანახმად, ინტერნეტ-მომსახურება არის ფართოზოლოვანი მომსახურება, ვებ–ჰოსტინგი, ელექტრონული ფოსტა, დარეკვის მეშვეობით ინტერნეტ დაკავშირება (dialup), გამოყოფილი ხაზი და სხვა, ხოლო იმავე რეგლამენტის  მე-101 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი შეიმუშავებს ისეთ მექანიზმებს, რომლებიც შესაძლებლობას მისცემს გააუქმოს ან განაკავშიროს მომხმარებელი, თუ გამოვლინდა ან ცნობილი გახდა, რომ ის აწარმოებს არასასურველი ელექტრონული გზავნილების, დაუშვებელი პროდუქციის, კომპიუტერული ვირუსების, თაღლითური ან/და სხვა მავნე პროგრამების გავრცელება/გადამისამართებას, ხოლო დაუშვებელი პროდუქცია რეგლამენტის მე-3 მუხლის ჰ2) პუნქტის შესაბამისად, არის ელექტრონული კომუნიკაციების მეშვეობით გადაცემული პორნოგრაფია, სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი, უზუსტო, საავტორო უფლებებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემული სხვა პროდუქცია.

კომისიის აპარატის სამართლებრივმა დეპარტამენტმა იშუამდგომლა კომისიის სხდომაზე კომისიის წევრების მიმართ, რომ მომზადებულიყო ყველა ინტერნეტ პროვაიდერისათვის საცნობარო წერილი, იმის თაობაზე, რომ www.adjaranet.com-ზე განთავსებულია „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით გათვალისწინებული დაუშვებელი პროდუქცია, რათა  ყველა ინტერნეტ პროვაიდერს მიეღო რეგლამენტით გათვალისწინებული ზომები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „GEOBET“-ის მიმართ უნდა შეწყდეს ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება, ვინაიდან, სამართალდარღვევის ოქმის შედგენის დროს, ანუ 2014 წლის 1 ივლისს,  შპს „GEOBET“-ი აღარ იმყოფებოდა შპს „რკინიგზის ტელეკომთან“ სახელშეკრულებო ურთიერთობაში და შესაბამისად აღარ ახორციელებდა სამაუწყებლო არხების ტრანზიტს ვებ-გვერდზე www.adjaranet.com.  ეს ფაქტი კი, კომისიისათვის ცნობილი გახდა, მხოლოდ  მას შემდეგ, რაც შპს „GEOBET”-ის მიმართ უკვე შედგენილი იყო სამართალდარღვევის ოქმი N000227 და დაწყებული იყო ოქმის საფუძველზე ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება.  ზემოაღნიშნული გარემოებები კომისიისათვის უფრო ადრე  რომ ყოფილიყო ცნობილი, 2014 წლის 1 ივლისს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგებოდა არა შპს „GEOBET“-ის მიმართ, არამედ შპს „ქროსვეის ჯორჯია ლიმითედის“ მიმართ, როგორც ეს მოხდა 2014 წლის 8 ივლისს (შპს „ქროსვეის ჯორჯია ლიმითედის“ მიმართ შედგა ადმინსტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი N000228),  ვინაიდან შპს „ქროსვეის ჯორჯია ლიმითედს“, ისევე როგორც შპს „GEOBET“-ს არ აქვს კომისიაში გავლილი ავტორიზაცია მაუწყებლობის ტრანზიტზე და ახორციელებს სამაუწყებლო არხების  ტრანზიტს ავტორიზაციის გარეშე, რასაც მას და შპს „რკინიგზის ტელეკომს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ანალიზიც ადასტურებს.

კომისიის მიერ გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და შეფასებული იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.        კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 1 ივლისის    N10/1031-14 სამსახურებრივი ბარათი;

2.       კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ 2014 წლის 1 ივლისს შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N000227;

3.       კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 14 მაისის N10/726-14 სამსახურებრივი ბარათი;

4.       კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2014 წლის 28 მაისის N10/788-14 სამსახურებრივი ბარათი, თანდართული მასალებით;

5.       შპს „GEOBET“-ის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

6.       შპს „ინტეგრალის“ 2014 წლის 10 ივნისის N6/3737-14 (კომისიაში რეგისტრაციის) წერილი;

7.       2014 წლის 21 მაისს შპს „რკინიგზა ტელეკომისათვის“ გაგზავნილი N01/1079-14 წერილი;

8.       2014 წლის 17 ივნისს შპს „რკინიგზის ტელეკომისათვის“ გაგზავნილი N04/1322-14 წერილი;

9.       2014 წლის 23 მაისის შპს „რკინიგზის ტელეკომისგან“  შემოსული N230514-1 წერილი;

10.    2014 წლის 19 ივნისის შპს „რკინიგზის ტელეკომისგან“ შემოსული N190614-1 წერილი;

11.    2014 წლის 3 ივლისს შპს „რკინიგზის ტელეკომისათვის“ გაგზავნილი N01/1437-14 წერილი;

12.    2014 წლის 4 ივლისის შპს „რკინიგზის ტელეკომისგან“ შემოსული N040714-5 წერილი;

13.    2014 წლის 4 ივლისს შპს „GEOBET“-ისათვის გაგზავნილი N03/1451-14 შეტყობინება;

14.    2014 წლის 4 ივლისს შპს „რკინიგზის ტელეკომისათვის“ გაგზავნილი N03/1453-14 შეტყობინება;

15.    2014 წლის 4 ივლისს შპს „რკინიგზის ტელეკომისათვის“ გაგზავნილი N03/1452-14 წერილი;

16.    2014 წლის 8 ივლისს შპს „რკინიგზის ტელეკომისათვის“ გაგზავნილი N03/1463-14 წერილი;

17.    2014 წლის 4 ივლისის შპს „GEOBET“-ის ახსნა-განმარტება (კომისიაში რეგისტრაციის 4.07.2014; N6/4361-14);

18.    2014 წლის 8 ივლისის შპს „რკინიგზის ტელეკომის“ N080714-1 წერილი, თანდართული მასალით;

19.    2014 წლის 9 ივლისს შპს „რკინიგზის ტელეკომის“ N090714-1 წერილი, თანდართული მასალით;

20.    შპს „GEOBET“-ის  დირექტორის ივანე თარხნიშვილის მიერ კომისიის 2014 წლის 10 ივლისს  სხდომაზე  მიცემული   ახსნა-განმარტება;

21.    შპს „რკინიგზის ტელეკომის“ დირექტორის მოადგილის მიერ კომისიის 2014 წლის 10 ივლისს სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.

22.    კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტის ა. ყანჩაველის მიერ კომისიის 2014 წლის 10 ივლისს სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.

კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.                შპს „GEOBET”-ს კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში არ აქვს გავლილი ავტორიზაცია;

2.                შპს „GEOBET“-ი წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, საიდენტიფიკაციო კოდით: 404970821;

3.                ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგინდა, რომ ადმინიტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მომენტისათვის, 2014 წლის 1 ივლისს,  შპს „GEOBET“-ი აღარ ახორციელებდა სამაუწყებლო არხების ტრანზიტს, ანუ აღარ არსებობდა შპს „GEOBET“-ის მიმართ ოქმის შედგენის საფუძველი, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დარღვევის ჩადენის გამო, რადგან შპს „GEOBET“-მა 2014 წლის 30 ივნისს, ერთი დღით ადრე, სანამ სამართალდარღვევათა ოქმი შედგებოდა, ცალმხრივად გაწყვიტა ხელშეკრულება შპს „რკინიგზის ტელეკომთან“, შესაბამისად, შპს „GEOBET“-ი ვეღარ განახორციელებდა საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების ტრანსლირებას, ვინაიდან სწორედ აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „რკინიგზის ტელეკომის“ კუთვნილი IP მისამართები გაწერილი იყო შპს „GEOBET“-ზე და სწორედ გამოყოფილ IP მისამართების ინტერვალის - 5.133.162.146 – დან 5.133.162.158 - ჩათვლით (ვებ-ჰოსტინგის მომსახურების მიღების გზით) გამოყენებითა და მათით იდენტიფიცირებული მომსახურების მიღების გზით ახორციელებდა შპს „GEOBET“-ი  ავტორიზებად საქმიანობას ავტორიზაციის გარეშე.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლებია:

1.       საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა, გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით;

2.       „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე კომისიის მიერ უნდა დაიწყოს 7 დღის ვადაში;

3.       „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  38-ე  მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომისია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განხილვისას,  მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მიყენებულია თუ არა ქონებრივი ზარალი. აგრეთვე, გამოარკვიოს სხვა გარემოებანი რომელთაც მნიშნველობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტაში;

4.       „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 41-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის შემდეგ კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ; ბ) საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ; ასევე მარეგულირებელი წესების 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიიღება გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ;

5.       საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება არ შეიძლება დაიწყოს, ხოლო დაწყებული საქმე უნდა შეწდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობის გამო;

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „GEOBET“-ის მიმართ უნდა შეწყდეს ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება, რადგან, როგორც ეს საქმის მასალებიდან ჩანს, ადმინისტრაციული სამათალდარღვევის ოქმის N000227 შედგენის დღეს (სამართალდარღვევის გამოვლენის დღეს), 2014 წლის 1 ივლისს,  შპს „რკინიგზის ტელეკომის“ მიერ მინიჭებულ IP მისამართებს (5.133.162.146–დან 5.133.162.158–ჩათვლით, რომელთა გამოყენებითაც ხორციელდებოდა სამაუწყებლო არხების ტრანსლირება, სტრიმინგი ვებ-გვერდზე www.adjaranet.com, ამავე ვებ-გვერდზე განთავსებული პლეიერით, სამაუწყებლო არხების ყურების მიზნით) უკვე ახალი ხელშეკრულების საფუძველზე იყენებდა შპს „ქროსვეის ჯორჯია ლიმითედი“ და არა შპს „GEOBET“-ი, შესაბამისად, შპს „GEOBET“-ი ვერ მოახდენდა სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსლირებას, ანუ ვერ განახორციელებდა ავტორიზებად საქმიანობას, ავტორიზაციის გარეშე.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის   232-ე მუხლის, 1441 მუხლის პირველი ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის საქმიანობის  მარეგულირებელი  წესების”  38-ე  და 41-ე  მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.       შეწყდეს შპს „GEOBET“-ისათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება,  საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის (2014 წლის 1 ივლისისათვის შპს „GEOBET“-ის მიერ მაუწყებლობის ტრანზიტის ავტორიზაციის გარეშე განხორციელების შემთხვევა)  არარსებობის  გამო;

2.       დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებელი ყველა ავტორიზებული პირისათვის შეტყობინების მომზადება და გაგზავნა ვებ-გვერდ www.adjaranet.com-ზე „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით გათვალისწიენებული დაუშვებელი პროდუქციის განთავსების თაობაზე;

3.       დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს „GEOBET“-ისათვის;

4.       გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს  „GEOBET“-ისათვის ჩაბარებისთანავე;

5.       გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., N6) შპს „GEOBET“-ისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

6.       კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

7.       კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს  (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                     ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                    კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                    სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                    აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                    ირაკლი მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები