საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმებულთა პრემირების წესის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 18, 2014 15:21
მიღების თარიღი ივლისი 15, 2014
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმებულთა პრემირების წესის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში“კომისია“) აღნიშნავს, რომ დასაქმებულთა წახალისებისა და შრომითი მოტივაციის საკითხის სისტემურ მოწესრიგებამდე, საჭიროა კომისიაში დასაქმებულთა პრემირების დროებითი წესის დამტკიცება, რომელიც დაეფუძნება სამართლიანობის, არადისკრიმინაციულობისა და ეკონომიურობის პრინციპებს, ამავდროულად უზრუნველყოფს დასაქმებულთა წახალისებასა და შრომით მოტივაციას.
საქართველოს ორგანული კანონის – საქართველოს შრომის კოდექსის მე–13 მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–8 მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. კომისიაში დასაქმებულთა პრემირება დისკრეციული უფლებამოსილებაა და შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ:
ა) დასაქმებულის მიერ განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი სამსახურებრივი დავალების მაღალკვალიფიციურად შესრულებისათვის, ინდივიდუალურად;
ბ) დასაქმებულთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა კეთილსინდისიერად და კვალიფიციურად შესრულებისათვის, ყოველი კვარტლის ბოლოს, საქმის მოცულობის, სირთულისა და ხარისხის, აგრეთვე დასაქმებულის სამსახურებრივი პასუხისმგებლობის ხარისხის შეფასების საფუძველზე.
2. პრემიის ოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს დასაქმებულის ყოველთვიური სახელფასო სარგოს 100%–ს.
3. პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული პრემიის გაცემის თაობაზე ბრძანებას გამოსცემს კომისიის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან კომისიის სულ ცოტა 2 წევრის შუამდგომლობის საფუძველზე.
4. პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით განსაზღვრული პრემიის გაცემის თაობაზე ბრძანებას გამოსცემს კომისიის თავმჯდომარე:
ა) კომისიის აპარატის სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებულთა პრემირების თაობაზე, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (მათ შორის მომხარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის) შუამდგომლობის საფუძველზე, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ ამ წესის საფუძველზე განსაზღვრული ოდენობით;
ბ) კომისიაში დასაქმებულ სხვა პირთა (სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი, პრეს–მდივანი, თანაშემწე, კონსულტანტი) პრემირების თაობაზე, კომისიის წევრებთან კონსულტაციისა და კომისიის სულ ცოტა 2 წევრის თანხმობის საფუძველზე;
გ) კომისიის მიმართ, კომისიის სულ ცოტა 2 წევრის ინიციატივით, კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობის თანხმობით.
5. კომისიაში დასაქმებულთა პრემირების თაობაზე კომისიის თავმჯდომარის ბრძანების პროექტი საჭიროებს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტთან შეთანხმებას, ბრძანების პროექტის მიმდინარე წლისათვის დაგეგმილ ბიუჯეტთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით.
6. სტრუქტურული ერთეულის უფროსის მიერ დასაქმებულის კვარტალური პრემიის განსაზღვრა ხორციელდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
ა) შრომის დისციპლინა – შრომის შინაგანაწესის დაცვა (გაანალიზდება ბიომეტრული ავტორიზაციის სისტემა Biostar–ის გამოყენებით, გაითვალსწინება აგრეთვე დასაქმებულის მიმართ გამოყენებულია თუ არა დისციპლინური ზომა: შენიშვნა, გაფრთხილება და სხვ.,აგრეთვე შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები);
ბ) შესრულებული სამუშაოს ხარისხი/ სანდოობა/ ვადები – შეფასებისას მხედველობაში მიიღება:
– დამოუკიდებლად შესრულებული დავალების ხარისხი და სანდოობა (შესრულებული სამუშაოს კვალიფიციურობა, დავალების შესრულებისას დეპარტამენტის უფროსის ჩართულობის საჭიროება და მოცულობა),
– დაცულია თუ არა სამსახურებრივი დავალების შესრულების ვადები;
გ) შესრულებული სპეციალური სამსახურებრივი დავალებები – კომისიის, კომისიის თავმჯდომარის და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არამიმდინარე სამსახურებრივი დავალებები;
დ) საქმის მოცულობა და სამსახურებრივი დაკავებულობა – მხედველობაში მიიღება სტრუქტურული ერთეულის კვარტალური სამსახურებრივი დავალებების დასაქმებულის
მიერ შესრულებული ხვედრითი წილი; ასევე, იანგარიშება კვარტლის განმავლობაში ნამუშევარ დღეთა რაოდენობა, რომელსაც აკლდება შვებულებაში და საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდი, ასევე საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული ყველა ის შემთხვევა, რა დროსაც შრომის ხელშეკრულება შეჩერებულია და ემატება ზეგანაკვეთური სამუშაოს ოდენობა;
7. ამ გადაწყვეტილების მე–6 პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების კოეფიციენტებია:
ა) შრომის დისციპლინა - 10;
ბ) შესრულებული სამუშაოს ხარისხი/ სანდოობა/ ვადები - 15;
გ) შესრულებული სპეციალური სამსახურებრივი დავალებები – 10; აღნიშნული კრიტერიუმით შეფასების დროს სტრუქტურული ერთეულის უფროსი ვალდებულია მიუთითოს კონკრეტული თანამშრომლის მიერ კვარტლის განმავლობაში შესრულებული სპეციალური (არამიმდინარე) სამსახურებრივი დავალებები; იმ შემთხვევაში, თუ სტრუქტურული ერთეულის უფროსი უთითებს კონკრეტულ დასაქმებულზე გაცემულ ერთ სპეციალურ დავალებას, აღნიშნული კრიტერიუმით შეფასების მაქსიმალური ქულა შეიძლება იყოს მაქსიმუმ 3, ხოლო თუ ორ სპეციალურ დავალებას – მაქსიმუმ 6, ხოლო თუ სპეციალური (არამიმდინარე) სამსახურებრივი დავალება მითითებული არაა, აღნიშნული კრიტერიუმით დასაქმებული არ ფასდება;
დ) საქმის მოცულობა და სამსახურებრივი დაკავებულობა - 15; აღნიშნული კრიტერიუმით შეფასების დროს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრულებულ სამუშაოში დასაქმებულის ხვედრითი წილი ფასდება მაქსიმუმ 14 ქულით, რასაც აკლდება 0,15 ქულა, სამუშაო დღეზე, როცა შრომის ხელშეკრულება შეჩერებულია და ემატება 0,04 ქულა – 1 ზეგანაკვეთურ საათზე; ზეგანაკვეთურ სამუშაოდ ითვლება მხოლოდ ზემდგომი თანამდებობის პირის მიერ ზეგანაკვეთურად დავალებული სამუშაო; ზეგანაკვეთური სამუშაოს მაქსიმალური ქულაა – 1;
8. კვარტალური პრემიის გამოთვლა სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებულთათვის უნდა განხორციელდეს ამ გადაწყვეტილების მე-6 პუნქტით დადგენილი თითოეული კრიტერიუმის შესაბამისად, ამავე ინსტრუქციის მე-7 პუნქტით განსაზღვრული კოეფიციენტების ფარგლებში მიღებული ქულების ჯამის თანაფარდობით ქულების მაქსიმალურ რაოდენობასთან (50 ქულა), გამოხატული პროცენტებში; მაგალითად, თუ დასაქმებულმა პირველი კრიტერიუმით მოიპოვა - 5, მეორეთი - 12, მესამეთი - 6, მეოთხეთი – 10,7, მაშინ კვარტალური პრემია უდრის: (5+12+6+10,7)/50*100%=33,7/50*100%=67,4%≈67% ყოველთვიური სახელფასო სარგოსი (შენიშვნა: მიღებული პროცენტული მაჩვენებელი მრგვალდება ერთეულის სიზუსტით).
9. ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პრემირების წესი მოქმედებს ახალი შრომის შინაგანაწესის საფუძველზე დასაქმებულთა წახალისების, შრომითი მოტივაციისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხების სისტემურ მოწესრიგებამდე.
10. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის 2008 წლის 27 მარტის ინსტრუქცია „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმებულთა წამახალისებელი (კვარტალური პრემიების) კოეფიციენტების გამოთვლის შესახებ“.
11. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნება კომისიის ოფიციალურ ვეგ–გვერდზე ინტერნეტში, ასევე კომისიაში დასაქმებულთათვის გაცნობა.
12. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
13. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ.; N6) ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
14. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
წევრი აკაკი სიხარულიძე
წევრი კახი ბექაური
წევრი ირაკლი მოსეშვილი
წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
