კომისიის 2014 წლის 5 ივნისის №299/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე შპს ”ნიუკომისთვის” დოკუმენტაციის წარმოდგენის დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 30, 2014 18:52
მიღების თარიღი ივლისი 17, 2014
კომისიის 2014 წლის 5 ივნისის №299/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე შპს ”ნიუკომისთვის” დოკუმენტაციის წარმოდგენის დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 5 ივნისის №299/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად ქ. რუსთავში შემდეგი ტექნიკური პარამეტრებით: გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი - ქ. რუსთავი, სიხშირე (მჰც) – 100,6; მოდულაცია – FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 500 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები: N 41°33 42.00" E 44°58 41.00”; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 35 მეტრი; ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურების განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500 მეტრი რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
კომისია აღნიშნავს, რომ განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოადგინა მხოლოდ შპს ”ნიუკომმა”. კომისიის 2014 წლის 5 ივნისის №299/10 გადაწყვეტილების შესაბამისად 2014 წლის 17 ივლისს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მაძიებლის თანდასწრებით გაიხსნა კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით წარმოდგენილი დალუქული დოკუმენტაცია. სხდომას ესწრებოდა შპს ”ნიუკომის” უფლებამოსილი წარმომადგენელი ირაკლი ბანძელაძე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ნიუკომის” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საჯაროდ გახსნის შედეგად დადგინდა, რომ შპს ”ნიუკომის” მიერ წარმოდგენილ განაცხადში არ არის მითითებული: საფირმო სახელწოდება; სამართლებრივი ფორმა; იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი); მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები; წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი; მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს; მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა; მაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში. კომპანიის მიერ წარმოდგენილია არასწორად შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია. ასევე არ არის წარმოდგენილი ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მოსამზადებელ სხდომაზე ”ნიუკომის” უფლებამოსილ წარმომადგენელს ირაკლი ბანძელაძეს განემარტა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე, 371-ე და მე-60 მუხლების მოთხოვნები. კომპანიის წარმომადგენელმა საკუთარი პასუხისმგებლობით დაადასტურა, რომ ლიცენზიის მაძიებელი და მათი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს, ასევე დაადასტურა, რომ ლიცენზიის მაძიებელს და მათ ბენეფიციარ მესაკუთრეებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლიდან გამომდინარე არ გააჩნით ურთიერთდამოკიდებულება კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ რომელიმე მაუწყებელთან.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და კომისიის 2014 წლის 5 ივნისის №299/10 გადაწყვეტილების მე-13 პუნქტის შესაბამისად დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კომისია ლიცენზიის მაძიებელს განუსაზღვრავს დამატებით 5 სამუშაო დღის ვადას დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და კომისიის 2014 წლის წლის 5 ივნისის №299/10 გადაწყვეტილების მე-13 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. უზრუნველყოს შპს ”ნიუკომმა” 2014 წლის 24 ივლისის 19:00 საათამდე კომისიის 2014 წლის 5 ივნისის №299/10 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი დოკუმენტაციის და ინფორმაციის წარმოდგენა:
ა) საფირმო სახელწოდება;
ბ) სამართლებრივი ფორმა;
გ) იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი);
დ) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები;
ე) წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი;
ვ) მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს;
ზ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა;
თ) მაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში;
ი) შესაბამისობის დეკლარაცია;
კ) ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ;
ლ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ნიუკომისთვის” გაგზავნა (მ. ნინუა);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ; №6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
