შპს „ახალი ქსელები“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2014 16:57
მიღების თარიღი ივლისი 17, 2014
შპს „ახალი ქსელები“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2014 წლის 12 თებერვალს შპს „ახალმა ქსელებმა“ განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/715-14) მიმართა კომისიას, კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი რიგი სტატისტიკური ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში შპს „ახალი ქსელები“ განმარტავს, რომ შპს „ახალი ქსელები“ კომისიას, კომისიის მიერ დამტკიცებული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შესაბამისად სისტემატიურად უგზავნის სხვადასხვა სახის ინფორმაციას, მათ შორის ინფორმაციას ინტერნეტ მომსახურების შესახებ, რომელიც მოიცავს შემდეგ დეტალურ მონაცემებს: ინტერნეტ პაკეტების სიჩქარე, პაკეტების შესაბამისი ღირებულება, შესაბამისი აბონენტების რაოდენობა და შემოსავლები. კომპანია განმარტავს, რომ აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობა მნიშვნელოვანია კომპანიისთვის, რადგან იგი წარმოადგენს კომპანიის ძირითად რესურსს მარკეტინგული სტრატეგიის თვალსაზრისით, კომპანიის ინტელექტუალურ საკუთრებას და მისი ფასი აჭარბებს ყველა დანარჩენი აქტივის ღირებულებას. ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომისიის მიერ აღნიშნული ინფორმაციის განსაჯაროებამ შპს „ახალი ქსელების“ აზრით, შესაძლოა გამოიწვიოს კომპანიის კონკურენტული უპირატესობის დაკარგვა. შპს „ახალი ქსელები“ აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ახალი ქსელები“ ითხოვს კომისიაში ყოველთვიურად წარმოდგენილი ინფორმაცია ინტერნეტ მომსახურების შესახებ, პაკეტურ ჭრილში (სტატისტიკური ფორმა 4.1 მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი; ფორმა 4.2 მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი – აბონენტები კვარტალში) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, კომისიამ ცნოს კომერციულ საიდუმლოებად.
კომისიამ განიხილა შპს „ახალი ქსელების“ 2014 წლის 12 თებერვლის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №6/715-14) კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე და აღნიშნავს შემდეგს:
1. კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში გათვალისწინებულია შემდეგი სახის ინფორმაცია:
ა) ფორმა 4.1-ში (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი - ივსება ყოველთვიურად):
1. დასახლებული პუნქტი;
2. მფლობელობის ტიპი (იურიდიული ან ფიზიკური);
3. ტექნოლოგია (CDMA, Fiber,Wi-Fi და ა.შ.);
4. პაკეტის მინიმალური სიჩქარე (მბ\წმ) (მინიმალური გლობალური სიჩქარე);
5. პაკეტის მაქსიმალური სიჩქარე (მბ\წმ) (მაქსიმალური გლობალური სიჩქარე);
6. პაკეტის დასახელება;
7. პაკეტის ღირებულება;
8. აბონენტები;
9. სააბონენტო შემოსავალი;
10. დღგ;
ბ) ფორმა 4.2-ში (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი - აბონენტები კვარტალში - ივსება ყოველკვარტლურად):
1. დასახლებული პუნქტი;
2. მფლობელობის ტიპი (იურიდიული ან ფიზიკური);
3. ტექნოლოგია (CDMA, Fiber,Wi-Fi და ა.შ.);
4. პაკეტის მინიმალური სიჩქარე (მბ\წმ) (მინიმალური გლობალური სიჩქარე);
5. პაკეტის მაქსიმალური სიჩქარე (მბ\წმ) (მაქსიმალური გლობალური სიჩქარე);
6. პაკეტის დასახელება;
7. პაკეტის ღირებულება;
8. აბონენტები;
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას;
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური.
4. კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ ვებგვერდზე ინტერნეტში განათავსოს ინფორმაცია მომხმარებლებისთვის შეთავაზებული მომსახურების პირობების, მათ შორის, მომსახურების პაკეტების და მომსახურების ტარიფების თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის მიერ აბონენტებისთვის შეთავაზებული მომსახურების, კერძოდ მომხმარებლებისთვის შეთავაზებული მომსახურების პირობების, მათ შორის, მომსახურების პაკეტების და მომსახურების ტარიფების თაობაზე ინფორმაციის გასაჯაროების ვალდებულება ავტორიზებულ პირებს დაკისრებული აქვთ როგორც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტით“. ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულებებიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ კომისია მოკლებულია შესაძლებლობას სრულად დააკმაყოფილოს შპს „ახალი ქსელების“ მოთხოვნა, კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების: 4.1 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი), 4.2 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი - აბონენტები კვარტალში) პაკეტურ ჭრილში კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე. ამავე დროს, კომისია განმარტავს, რომ ვინაიდან შპს „ახალი ქსელების“ მიერ შევსებული და კომისიაში წარმოდგენილი ზემოაღნიშნული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები შეიცავს ასევე ინფორმაციას შპს „ახალი ქსელების“ აბონენტების ოდენობების შესახებ კომპანიის მიერ აბონენტებისთვის შეთავაზებული კონკრეტული პაკეტების ჭრილში, ასევე ინფორმაციას აღნიშნული პაკეტების ჭრილში შემოსავლებისა და გადასახადების თაობაზე, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, რომ ამ ნაწილში დაკმაყოფილდეს შპს „ახალი ქსელების“ მოთხოვნა, ვინაიდან კომისიის აზრით, აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს კომერციულ საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რადგან ამ მონაცემების ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია კონკურენტი კომპანიების მიერ განისაზღვროს, თუ ავტორიზებული პირის - შპს „ახალი ქსელების“ მიერ შექმნილი რომელი კომერციული პროდუქტი (პაკეტი, სატარიფო გეგმა, აქცია) აღმოჩნდა ბაზრისთვის და შესაბამისად აბონენტებისთვის უფრო მიმზიდველი, აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნებამ კი კომისიის აზრით შესაძლოა ზიანი მიაყენოს შპს „ახალი ქსელების“ კონკურენტუნარიანობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შპს „ახალი ქსელების“ მოთხოვნა და კომერციულ საიდუმლოებად უნდა იქნას ცნობილი კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების:
1. ფორმა 4.1 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი) აბონენტებისთვის შეთავაზებული პაკეტების მიხედვით აბონენტების, შემოსავლებისა და გადასახადების (დღგ) ოდენობების შესახებ.
2. ფორმა 4.2 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი - აბონენტები კვარტალში) აბონენტებისთვის შეთავაზებული პაკეტების მიხედვით აბონენტების ოდენობების შესახებ.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ახალი ქსელების“ 2014 წლის 12 თებერვლის (კომისიაში რეგისტრაციის №6/715-14) განცხადება დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და კომერციულ საიდუმლოებად იქნას ცნობილი კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების:
ა) ფორმა 4.1 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი) აბონენტებისთვის შეთავაზებული პაკეტების მიხედვით აბონენტების, შემოსავლებისა და გადასახადების (დღგ) ოდენობების ჭრილში.
ბ) ფორმა 4.2 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი - აბონენტები კვარტალში) აბონენტებისთვის შეთავაზებული პაკეტების მიხედვით აბონენტების ოდენობების ჭრილში.
2. კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების 4.1 და 4.2 ფორმებში, წარმოდგენილი ინფორმაცია ნებისმიერ სხვა ჭრილში ცნობილ იქნას ღიად ამ გადაწყვეტილების შპს „ახალი ქსელებისთვის“ ჩაბარებიდან 15 დღის შემდეგ, თუ შპს „ახალი ქსელებმა“ აღნიშნულ ვადაში არ გაასაჩივრა სასამართლოში ინფორმაციის ღიაობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომისიას;
3. ინფორმაცია შპს „ახალი ქსელების“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „ახალი ქსელების“ მიერ ინფორმაციის გასაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ახალი ქსელებისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „ახალი ქსელებისთვის“ ჩაბარების დღიდან.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N6) ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ინფორმაციულ–ანალიტიკურ დეპარტამენტს (რ. სხირტლაძე).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
კომისიის წევრი კახი ბექაური
