წვდომის მენიუ

შპს „ინტერსექიურითი-ჯორჯიასთვის” სიტყვიერი შენიშვნის მიცემის თაობაზე

ნომერი: 383 / 18

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 15, 2014 11:43

მიღების თარიღი ივლისი 17, 2014

 

შპს „ინტერსექიურითი-ჯორჯიასთვის” სიტყვიერი შენიშვნის მიცემის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში კომისია) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე, ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

                საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,  მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს, 2014 წლის 8 ივლისს, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეცა კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (08.07.2014. № 10/1081-14) და შპს „ინტერსექიურითი-ჯორჯიას“ შემოწმების საფუძველზე, 2014 წლის 4 ივლისს, ქ.თბილისში შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი № 000187. სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის მობილური სისტემის ინჟინერ-ტექნიკოსთა მიერ,  ქ.თბილისში განხორციელდა რადიოსიხშირული მონიტორინგი, რომლის დროსაც გამოვლინდა  403.600 მჰც სიხშირეზე შპს „ინტერსექიურითი-ჯორჯიას“   ფუნქციონირება  შესაბამისი მინიჭების გარეშე სიხშირული რესურსის გამოყენებით, რაზეც რადიოსიხშირეთა მართვის მობილური სისტემის ინჟინერ-ტექნიკოსთა მიერ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000187.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ 2014 წლის 9 ივლისს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის N10/1094-14 სამსახურებრივი ბარათით, კომისიის  აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის  დეპარტამენტს ეთხოვა დამატებითი ინფორმაციის და მტკიცებულებების წარმოდგენა.

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ნ. ასპანიძის მიერ 2014 წლის 9 ივლისის N10/1098-14 სამსახურებრივი ბარათით წარმოდგენილ იქნა შემდეგი მტკიცებულებები: 1. შპს „ინტერსექიურიტი-ჯორჯიას“ მიერ სიხშირის დროში დაკავებულობის ანგარიში და სიგნალის დონის ამპლიტუდის ჰისტოგრამა; 2. სიხშირეებზე რადიოსერვისის ფუნქციონირების ამსახველი ვიდეო მასალა - CD დისკი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადების სტადიაზე, კომისიამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, გამომდინარე იქიდან, რომ ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ინტერსექიურითი-ჯორჯიას“ ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.

,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2014 წლის 4 ივლისს, რომელიც კომისიას წარედგინა 2014 წლის 8 ივლისს; შესაბამისად, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2014 წლის 17 ივლისი 16:00 საათი, რის  შესახებაც  შეტყობინებით ეცნობა შპს „ინტერსექიურითი-ჯორჯიას“. მას, ასევე განემარტა  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შპს „ინტერსექიურითი-ჯორჯიას“ შეტყობინებით განემარტა, რომ ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.

საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა  2014 წლის 17 ივლისის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „ინტერსექიურითი-ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ზურაბ ზატუაშვილი,  რომელმაც განაცხადა, რომ ნამდვილად იყენებდა აღნიშნულ სიხშირეებს არამართლზომიერად; ასევე, აღნიშნავს, რომ შპს „ინტერსექიურითი-ჯორჯია“ აღნიშნულ სიხშირეებს იყენებდა მრავალი წლის მანძილზე და ყოველთვის დროულად ახდენდა სიხშირეებზე ნებართვის აღებას. სამწუხაროდ, ამჯერად გამორჩა  ნებართვის მოქმედების ვადა და კომისიას გვიან მიმართა სიხშირეებზე ნებართვის გაცემის თაობაზე. შპს „ინტერსექიურითი-ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ზურაბ ზატუაშვილი დამატებით აღნიშნავს, რომ 2014 წლის 17 ივლისს  კომისიის გადაწყვეტილებით მას მიენიჭა იგივე სიხსირეები ერთი წლის ვადით და აღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას სთხოვს არ გამოიყენოს მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა - ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით და აღნიშნავს, რომ გულწრფელად ინანიებს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს.

კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.       კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2014 წლის 8 ივლისის  №10/1081-14  მოხსენებითი ბარათი;

2.       შპს „ინტერსექიურითი-ჯორჯიას“ მიმართ 2014 წლის 4 ივლისს შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი № 000187;

3.       კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2014 წლის 9 ივლისის  №10/1098-14  სამსახურებრივი ბარათი  ( თანდართული მასალა: სიხშირის დროში დაკავებულობის ანგარიში, სიგნალის დონის ამპლიტუდის ჰისტოგრამა და ჩანაწერი CD-ზე, რომლის საფუძველზე დასტურდება, რომ ადგილი ჰქონდა 403.600 მჰც  სიხშირის გამოყენებას );

4.       „შპს „ინტერსექიურითი-ჯორჯიასთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ კომისიის 2013 წლის 24 მაისის N351/7 გადაწყვეტილება;

5.       2014 წლის 17 ივლისის კომისიის სხდომაზე შპს „ინტერსექიურითი-ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის - ზურაბ ზატუაშვილის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება, რომელმაც აღიარა სამართალდარღვევის ფაქტი და მოინანია აღნიშნული ქმედება.

კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის 2014 წლის 23 ივნისის  თათბირის N7 ოქმის  საფუძველზე, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მობილური ჯგუფის მიერ განხორციელდა აღნიშნული სიხშირული სპექტრის დაუგეგმავი მონიტორინგი;

2.       შპს „ინტერსექიურითი-ჯორჯიას“ კომისიის 2013 წლის 24 მაისის N 351/7 გადაწყვეტილებით  მინიჭებული ჰქონდა 403.600 მჰც სიხშირე ქ. თბილისში, ერთი წლის ვადით, თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

3.       შპს „ინტერსექიურითი-ჯორჯია“, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე უფლების მოპოვების გარეშე სარგებლობდა რადიოსიხშირული ზოლით - 403.600 მჰც, რის თაობაზე შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი (04.07.14. №000187);

4.       წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  ოქმი № 000187  შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი  წესების” 37-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით. სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის თანამშრომელი: ნიკოლოზ კონდოლელი, ასევე შპს „ინტერსექიურითი-ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ზურაბ ზატუაშვილი, რომელსაც წარედგინა აღნიშნული ოქმი;

5.       შპს „ინტერსექიურითი-ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ზურაბ ზატუაშვილი ინანიებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს;

6.       საქმის განხილვის სტადიაზე დადგინდა, რომ სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილი არ ჰქონია პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს, გათვალისწინებულს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 35-ე  მუხლით. ასვევე გასათვალისწინებელია, რომ შპს „ინტერსექიურითი-ჯორჯიამ“ უკვე აღმოფხვრა სამართალდარღვევა, კერძოდ 2014 წლის 07 ივლისს  შპს „ინტერსექიურითი-ჯორჯიამ“ სიხშირეების მინიჭების თაობაზე N 6/271-14 განცხადებით მიმართა კომისიას და კომისიის მიერ 2014 წლის 17 ივლისს „შპს „ინტერსექიურითი-ჯორჯიასთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ N374/7 გადაწყვეტილებით მიეცა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  № F 795 ნებართვა და მიენიჭა 151.475 მჰც, 157.625 მჰც სიხშირეები ქ. ბათუმში,  ხოლო  403.600 მჰც სიხშირე (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც)  ქ. თბილისსა და ქ. ბათუმში, ერთი წლის ვადით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლის შესაბამისად, ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მიყენებულია თუ არა ქონებრივი ზარალი, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად ითვლება: ბრალეულის გულწრფელი მონანიება; ბრალეულის მიერ სამართალდარღვევის მავნე შედეგების აცილება, ზარალის ნებაყოფლობით ანაზღაურება ან მიყენებული ზიანის გამოსწორება. საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება გათვალისწინებულ იქნას აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი სხვა გარემოებანიც; ორგანოს (თანამდებობის პირის), რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს წყვეტს, შეუძლია შემამსუბუქებლად მიიჩნიოს ისეთი გარემოებანიც, რომლებიც არ არის აღნიშნული კანონმდებლობაში.

კომისია აღნიშნავს, რომ გამომდინარე იქედან, რომ შპს „ინტერსექიურითი-ჯორჯიას“ მიერ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა ხორციელდებოდა არამართლზომიერად (ნებართვის გარეშე),  რაც დადასტურებულია კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ 2014 წლის 4 ივლისს შედგენილი № 000187 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის ვიდეო მასალით, სადაც ასახულია  სიხშირეზე შპს „ინტერსექიურითი-ჯორჯიას“ ფუნქციონირება და 2014 წლის 17 ივლისის სხდომაზე შპს „ინტერსექიურითი-ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის ზ. ზატუაშვილის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებით, შპს „ინტერსექიურითი-ჯორჯიას“ ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად - ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ნებართვის გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობად, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით. ამასთან, სახეზეა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება (ბრალეულის გულწრფელი მონანიება; ბრალეულის მიერ სამართალდარღვევის მავნე შედეგების აცილება); ადგილი არ აქვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 35-ე  მუხლით გათვალისწინებულ  პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად, თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მაშინ საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ინტერსექიურითი-ჯორჯია“ უნდა გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და მიეცეს სიტყვიერი შენიშვნა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2, 22-ე, 34-ე, 35-ე, 228-ე, 231-ე, 236-ე, 237-ე, 240-ე, 252-ე, 260-ე, 262-ე, 264-ე, 272-ე, 273-ე მუხლების და 1441 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 98-ე, 99-ე, 104-ე და 105-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  43-ე მუხლის მე-4 პუნქტისა  და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის 15-ე, 16-ე, 18-ე პუნქტების, 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „ინტერსექიურითი-ჯორჯია“ ცნობილ იქნას ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში, გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და მიეცეს სიტყვიერი შენიშვნა;

2.   კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ. ნინუა) დაევალოს აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს „ინტერსექიურითი-ჯორჯიასთვის“;

3.      გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის გადაწყვეტილების შპს „ინტერსექიურითი- ჯორჯიასთვის“  ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., № 6) 10 დღის ვადაში;

5.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავას);

7.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის წევრის აკაკი სიხარულიძის განსაკუთრებული აზრი:

აკაკი სიხარულიძემ განმარტა, რომ სამართალდამრღვევთა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებასა და მათთვის სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადებას მხარს უჭერს, მხოლოდ იმ შემთხვევში, თუ ეს არ მიიღებს პრეცედენტის სახეს, ვინაიდან მიაჩნია რომ სახელმწიფოს ამოწურვადი რესურსების უნებართვო გამოყენებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმა სახელმწიფოს ცენტრალურ ბიუჯეტში ირიცხება და მისგან სამართალდამრღვევთა სისტემატურად გათავისუფლება მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი შეიძლება გახდეს, როგორც სამართალდარღვევის პრევენციის თვალსაზრისით, ისე სახელმწიფო ბიუჯეტისათვის.

ამასთან, ა. სიხარულიძე განმარტავს, რომ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

–         ამ რადიოსიხშირულ დიაპაზონებში რადიომონიტორინგი ჩატარდა პირველად, ისე რომ კომისიის აპარატს კომპანიები წინასწარ არ გაუფრთხილებია მონიტორინგის დაწყების შესახებ, თუმცა ასევე ითვალისწინებს, იმასაც, რომ ამის ვალდებულება კომისიის აპარატს არც ჰქონდა;

–         სამართალდამრღვევებმა გულწრფელად მოინანიეს ჩადენილი სამართალდარღვევა და გადადგეს ნაბიჯები სამართალდარღევის აღმოსაფხვრელად;

–         სამართალდარღვევის გამოვლენის გამო მესამე პირებს მნიშნელოვანი ზიანი არ მიდგომიათ;

–         საქართველოს სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის - 5000 ლარის ოდენობა არათანაზომადია ნებართვის გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობასთან მიმართებით, ვინაიდან  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი  ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს.

–         თავად ეს გადაწყვეტილება სხვა პირებისათვის საცნობარო–საინფორმაციო ხასიათისა იქნება, ვინაიდან ყველა პირს ეცოდინება, რომ 1 წლის ვადით გაცემული რადიოსიხშირეების ვადის გასვლის შემდგომ გამოყენებას კომისია გამოავლენს და მოახდენს რეაგირებას.

ა. სიხარულიძე განმარტავს, რომ იტოვებს უფლებას, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ, მას შემდეგ რაც კომისიის ეს გადაწყვეტილება ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდება კომისიის ვებ–გვერდზე ინტერნეტში, იგივე გარემოებების არსებობისას, აღარ დასჯერდეს სამართალდამრღვევთათვის სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადებას.

კომისიის თავმჯდომარე                                                                   ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                  სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                  აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                  ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                  კახი ბექაური

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები