შპს „ELIZ Company”- სთვის სიტყვიერი შენიშვნის მიცემის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 15, 2014 11:45
მიღების თარიღი ივლისი 17, 2014
შპს „ELIZ Company”- სთვის სიტყვიერი შენიშვნის მიცემის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე, ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს, 2014 წლის 8 ივლისს, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეცა კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (08.07.2014. № 10/1081-14) და შპს „ელიზ კომპანის” (საიდენტიფიკაიცო კოდი: 404985655) შემოწმების საფუძველზე, 2014 წლის 7 ივლისს, ქ.თბილისში შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი № 000188. სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის მობილური სისტემის ინჟინერ-ტექნიკოსთა მიერ, ქ.თბილისში განხორციელდა რადიოსიხშირული მონიტორინგი, რომლის დროსაც გამოვლინდა 418.375 მჰც და 423.525 მჰც სიხშირეებზე შპს „ELIZ Company”-ს (საიდენტიფიკაიცო კოდი: 404985655) ფუნქციონირება შესაბამისი მინიჭების გარეშე სიხშირული რესურსის გამოყენებით, რაზეც რადიოსიხსშირეთა მართვის მობილური სისტემის ინჟინერ-ტექნიკოსთა მიერ შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი №000188.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ 2014 წლის 9 ივლისს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის N10/1094-14 სამსახურებრივი ბარათით, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს ეთხოვა დამატებითი ინფორმაციის და მტკიცებულებების წარმოდგენა.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ნ. ასპანიძის მიერ 2014 წლის 9 ივლისის N10/1098-14 სამსახურებრივი ბარათით წარმოდგენილ იქნა შემდეგი მტკიცებულებები და დოკუმენტაცია: 1. შპს „ELIZ Company”-ს მიერ სიხშირის დროში დაკავებულობის ანგარიში და სიგნალის დონის ამპლიტუდის ჰისტოგრამა; 2. სიხშირეებზე რადიოსერვისის ფუნქციონირების ამსახველი ვიდეო მასალა - CD დისკი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადების სტადიაზე, კომისიამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, გამომდინარე იქიდან, რომ ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ELIZ Company”-ს ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.
,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2014 წლის 7 ივლისს, რომელიც კომისიას წარედგინა 2014 წლის 8 ივლისს; შესაბამისად, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2014 წლის 17 ივლისი 16:00 საათი, რის შესახებაც შეტყობინებით ეცნობა შპს „ELIZ Company”-ს. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შპს „ELIZ Company”-ს შეტყობინებით განემარტა, რომ ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა 2014 წლის 17 ივლისის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „ELIZ Company”-ს დირექტორი ვასილ ელიზბარაშვილი, რომელმაც მის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტი აღიარა და განაცხადა, რომ გულწრფელად ინანიებს იმ ფაქტს რომ ნებართვის გარეშე იყენებდა სიხშირეებს.
კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2014 წლის 8 ივლისის №10/1081-14 მოხსენებითი ბარათი;
2. შპს „ELIZ Company”-ს მიმართ 2014 წლის 7 ივლისს შედგენილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი № 000188;
3. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2014 წლის 9 ივლისის №10/1098-14 სამსახურებრივი ბარათი ( თანდართული მასალა: სიხშირის დროში დაკავებულობის ანგარიში და სიგნალის დონის ამპლიტუდის ჰისტოგრამა, ჩანაწერი CD-ზე, რომლის საფუძველზე დასტურდება, რომ ადგილი ჰქონდა 418.375 მჰც და 423.525 მჰც სიხშირეების გამოყენებას);
4. „შპს „ELIZ Company”-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ კომისიის 2013 წლის 6 სექტემბრის N 539/7 გადაწყვეტილება;
5. „ინდ. მეწარმე „ელგუჯა გონგლაძისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ კომისიის 2013 წლის 11 იანვრის N 12/7 გადაწყვეტილება;
6. 2014 წლის 17 ივლისის კომისიის სხდომაზე შპს „ELIZ Company”-ს დირექტორის ვ. ელიზბარაშვილის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება, რომელმაც აღიარა სამართალდარღვევის ფაქტი და მოინანია აღნიშნული ქმედება.
კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის 2014 წლის 23 ივნისის თათბირის N7 ოქმის საფუძველზე, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მობილური ჯგუფის მიერ განხორციელდა რადიოსიხშირული სპექტრის დაუგეგმავი მონიტორინგი;
2. შპს „ELIZ Company”-ს კომისიის 2013 წლის 6 სექტემბრის N539/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული ჰქონდა 406.125 მჰც და 411.325 მჰც სიხშირეები ქ. თბილისში, ერთი წლის ვადით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
3. კვლევის შედეგად, გაირკვა, რომ შპს „ELIZ Company”, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე უფლების მოპოვების გარეშე, სარგებლობდა რადიოსიხშირული ზოლით - 418.375 - 423.525 მჰც, რომელიც კომისიის 2013 წლის 11 იანვრის N 12/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული ჰქონდა ინდ. მეწარმე „ელგუჯა გონგლაძეს“ ერთი წლის ვადით, ანუ 2014 წლის 11 იანვრამდე. აღნიშნულის თაობაზე შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი (07.07.14. №000188);
4. წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი № 000188 შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 37-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით. სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის თანამშრომელი: ნიკოლოზ კონდოლელი, ასევე შპს „ELIZ Company”-ს დირექტორი ვასილ ელიზბარაშვილი, რომელსაც წარედგინა აღნიშნული ოქმი;
5. შპს „ELIZ Company”-ს დირექტორი ვ. ელიზბარაშვილი ინანიებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს;
6. საქმის განხილვის სტადიაზე დადგინდა, რომ სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილი არ ჰქონია პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს, გათვალისწინებულს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 35-ე მუხლით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლის შესაბამისად, ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მიყენებულია თუ არა ქონებრივი ზარალი, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად ითვლება: ბრალეულის გულწრფელი მონანიება; ბრალეულის მიერ სამართალდარღვევის მავნე შედეგების აცილება, ზარალის ნებაყოფლობით ანაზღაურება ან მიყენებული ზიანის გამოსწორება. საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება გათვალისწინებულ იქნას აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი სხვა გარემოებანიც; ორგანოს (თანამდებობის პირის), რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს წყვეტს, შეუძლია შემამსუბუქებლად მიიჩნიოს ისეთი გარემოებანიც, რომლებიც არ არის აღნიშნული კანონმდებლობაში.
გამომდინარე იქედან, რომ შპს „ELIZ Company”-ს მიერ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა ხორციელდებოდა არამართლზომიერად (ნებართვის გარეშე), რაც დადასტურებულია კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ 2014 წლის 7 ივლისს შედგენილი № 000188 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებით, მათ შორის ვიდეო მასალით, სადაც ასახულია სიხშირეებზე შპს „ELIZ Company”-ს ფუნქციონირება და 2014 წლის 17 ივლისის სხდომაზე შპს „ELIZ Company”-ს დირექტორის ვასილ ელიზბარაშვილის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებით, შპს „ELIZ Company”-ს ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად - ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ნებართვის გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობად, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით. ამასთან, სახეზეა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება (ბრალეულის გულწრფელი მონანიება); ადგილი არ აქვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 35-ე მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად, თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მაშინ საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ELIZ Company” უნდა გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და მიეცეს სიტყვიერი შენიშვნა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2, 22-ე, 34-ე, 35-ე, 228-ე, 231-ე, 236-ე, 237-ე, 240-ე, 252-ე, 260-ე, 262-ე, 264-ე, 272-ე, 273-ე მუხლების და 1441 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 98-ე, 99-ე, 104-ე და 105-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის 15-ე, 16-ე, 18-ე პუნქტების, 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ELIZ Company” ცნობილ იქნას ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში, გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და მიეცეს სიტყვიერი შენიშვნა;
2. შპს „ELIZ Company”-მ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რადისიხშირული სპექტრით - 418.375 - 423.525 მჰც სიხშირეებით არამართლზომიერი (უნებართვო) სარგებლობა;
3. კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ. ნინუა) დაევალოს აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს „ELIZ Company”-სთვის;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის გადაწყვეტილების შპს „ELIZ Company”-სთვის ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., № 6) 10 დღის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე);
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-3 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის წევრის აკაკი სიხარულიძის განსაკუთრებული აზრი:
აკაკი სიხარულიძემ განმარტა, რომ სამართალდამრღვევთა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებასა და მათთვის სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადებას მხარს უჭერს, მხოლოდ იმ შემთხვევში, თუ ეს არ მიიღებს პრეცედენტის სახეს, ვინაიდან მიაჩნია რომ სახელმწიფოს ამოწურვადი რესურსების უნებართვო გამოყენებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმა სახელმწიფოს ცენტრალურ ბიუჯეტში ირიცხება და მისგან სამართალდამრღვევთა სისტემატურად გათავისუფლება მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი შეიძლება გახდეს, როგორც სამართალდარღვევის პრევენციის თვალსაზრისით, ისე სახელმწიფო ბიუჯეტისათვის.
ამასთან, ა. სიხარულიძე განმარტავს, რომ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
– ამ რადიოსიხშირულ დიაპაზონებში რადიომონიტორინგი ჩატარდა პირველად, ისე რომ კომისიის აპარატს კომპანიები წინასწარ არ გაუფრთხილებია მონიტორინგის დაწყების შესახებ, თუმცა ასევე ითვალისწინებს, იმასაც, რომ ამის ვალდებულება კომისიის აპარატს არც ჰქონდა;
– სამართალდამრღვევებმა გულწრფელად მოინანიეს ჩადენილი სამართალდარღვევა და გადადგეს ნაბიჯები სამართალდარღევის აღმოსაფხვრელად;
– სამართალდარღვევის გამოვლენის გამო მესამე პირებს მნიშნელოვანი ზიანი არ მიდგომიათ;
– საქართველოს სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის - 5000 ლარის ოდენობა არათანაზომადია ნებართვის გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობასთან მიმართებით, ვინაიდან რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს.
– თავად ეს გადაწყვეტილება სხვა პირებისათვის საცნობარო–საინფორმაციო ხასიათისა იქნება, ვინაიდან ყველა პირს ეცოდინება, რომ 1 წლის ვადით გაცემული რადიოსიხშირეების ვადის გასვლის შემდგომ გამოყენებას კომისია გამოავლენს და მოახდენს რეაგირებას.
ა. სიხარულიძე განმარტავს, რომ იტოვებს უფლებას, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ, მას შემდეგ რაც კომისიის ეს გადაწყვეტილება ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდება კომისიის ვებ–გვერდზე ინტერნეტში, იგივე გარემოებების არსებობისას, აღარ დასჯერდეს სამართალდამრღვევთათვის სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადებას.
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
კომისიის წევრი კახი ბექაური
