საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტიანი რეგულაციის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 30, 2014 12:03
მიღების თარიღი ივლისი 17, 2014
საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტიანი რეგულაციის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2012 წლის 31 მარტს მიღებული იქნა გადაწყვეტილება №199/9 ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ”, რომლის შესაბამისად, დადგენილი იქნა საქართველოში საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფები: მოძრავ საკომუნიკაციო ქსელებში ზარის ტერმინაცია: 0,1 აშშ დოლარი - 1 წუთი; ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელებში ზარის ტერმინაცია: 0.05 აშშ დოლარი - 1 წუთი. ზღვრული ტარიფები ამოქმედდა 2012 წლის 1 მაისიდან და მოქმედების ვადად განისაზღვრა 1 წელი.
კომისიის 2012 წლის 31 მარტის №199/9 გადაწყვეტილებაში რამდენჯერმე იქნა ცვლილება შეტანილი. ცვლილება შეეხებოდა ქვედა ზღვრული ტარიფების მოქმედების ვადის გაგრძელებას გარკვეული პერიოდებით. კერძოდ:
1. კომისიის 2013 წლის 22 აპრილის №274/9 გადაწყვეტილებით ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, საქართველოში საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის პირველ აგვისტომდე;
2. კომისიის 2013 წლის 26 ივლისის №474/19 გადაწყვეტილებით ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, საქართველოში საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის პირველ ნოემბრამდე;
3. კომისიის 2013 წლის 31 ოქტომბრის №642/19 გადაწყვეტილებით ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, საქართველოში საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის პირველ მარტამდე;
4. კომისიის 2014 წლის 19 თებერვლის №90/19 გადაწყვეტილებით ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, საქართველოში საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის პირველ მაისამდე;
5. კომისიის 2014 წლის 29 აპრილის №223/19 გადაწყვეტილებით ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, საქართველოში საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის პირველ აგვისტომდე.
კომისიის 2012 წლის 31 მარტის №199/9 გადაწყვეტილებით დადგენილი რეგულაციის მოქმედების პერიოდში გამოიკვეთა გარკვეული პრობლემები, რასთან დაკავშირებითაც კომისიას არაერთხელ მიმართეს ავტორიზებულმა პირებმა. კერძოდ, ავტორიზებული პირების განმარტებით, ზოგიერთი ოპერატორის არაკეთილსინდისიერი ქმედების შედეგად, საერთაშორისო ბაზარზე საქართველოში ტერმინაციის ფასები ფაქტიურად ბევრად დაბალია, ვიდრე კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილი ზღვრული ტარიფები.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 31 ოქტომბრის №642/19 გადაწყვეტილებით კომისიაში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებით რეგულაციასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების შესწავლისა და უფრო ეფექტური რეგულაციის დადგენის შესაძლებლობის განხილვის მიზნით; ამავე გადაწყვეტილებით სამუშაო ჯგუფს ეთხოვა შეემუშავებინა რეკომენდაციები საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე დროებითი უფრო ეფექტიანი რეგულაციის შემუშავების თაობაზე და ეს რეკომენდაციები წარედგინა კომისიისათვის განსახილველად.
კომისიის 2014 წლის 22 იანვრის №30-23 გადაწყვეტილებით სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიმართა საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, კერძოდ ამ კანონის მე-11 მუხლის “პ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადება: ”მათ შორის ფიქსირებული და მობილური ქსელების მფლობელი ავტორიზებული პირების ქსელებში საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე, ურთიერთჩართვის ტარიფისაგან განსხვავებული ტარიფის დადგენა.“
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტს ჯერ არ დაუფიქსირებია საკუთარი პოზიცია კომისიის მიერ გაგზავნილ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.
ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის ივნისის მდგომარეობით რიგ ქვეყნებში, განსაკუთრებით რეგიონის ქვეყნებში, რომლებზეც მოდის საქართველოდან განხორციელებული საერთაშორისო ზარების მნიშვნელოვანი ნაწილი, ზარის ტერმინაციის საფასური გაცილებით მაღალია, ვიდრე საქართველოში. კერძოდ, ავტორიზებული პირებისათვის ტერმინაციის საშუალო ფასები შემდეგია:
|
ქვეყანა |
მობილური |
ფიქსირებული |
|
რუსეთი |
15.1 |
3.3 |
|
მოსკოვი |
1.6 |
|
|
უკრაინა |
17.7 |
8.9 |
|
ბელორუსია |
28.3 |
27.5 |
|
აზერბაიჯანი |
27.9 |
17.5 |
|
სომხეთი |
17.2 |
8.5 |
|
თურქეთი |
11.6 |
3.4 |
|
საბერძნეთი |
2.7 |
1.3 |
|
გერმანია |
3.4 |
1.2 |
|
ესპანეთი |
2.5 |
1.4 |
|
იტალია |
2.2 |
1.2 |
ცხრილში საფასურის ოდენობა მოცემულია აშშ დოლარის ცენტში.
კომისია აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების საერთაშორისო ან/და რეგიონალურ ბაზარზე ისეთი ვითარების შექმნის შემთხვევაში, რომელიც მნიშვნელოვან და არაგარდამავალ ნეგატიურ გავლენას ახდენს საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე მოქმედი ავტორიზებული პირების საქმიანობაზე, ამ მნიშვნელოვანი და არაგარდამავალი ნეგატიური გავლენის აღმოფხვრამდე, კომისია უფლებამოსილია, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილებით დაადგინოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი ყველა შესაბამისი ავტორიზებული პირისთვის სათანადო, ეფექტიანი რეგულაციები.
კომისია ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს:
ა) საქართველოში მოქმედი ავტორიზებული პირების საქმიანობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს ელექტრონული კომუნიკაციების საერთაშორისო და რეგიონალურ ბაზარზე ზარის ტერმინაციის მაღალი ტარიფები;
ბ) კომისიის 2012 წლის 31 მარტის №199/9 გადაწყვეტილებით დადგენილი ქვედა ზღვრული ტარიფების მოქმედების ვადა იწურება 2014 წლის 1 აგვისტოს;
გ) ავტორიზებული პირების მიერ წარმოდგენილია მოთხოვნები კომისიის 2012 წლის 31 მარტის №199/9 გადაწყვეტილებით დადგენილი რეგულაციის ცვლილებასთან დაკავშირებით.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობასთან ერთად მიმდინარეობს წინადადებების განხილვა საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტიანი რეგულაციის შემუშავების და დადგენის მიზნით.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტიანი რეგულაციის დასადგენად;
2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2014 წლის 15 აგვისტოს 16.00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18), ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრდებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
კომისიის წევრი კახი ბექაური
