შპს ,,BATUM RENT A CAR“-თვის სიტყვიერი შენიშვნის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 13, 2014 18:02
მიღების თარიღი ივლისი 21, 2014
შპს ,,BATUM RENT A CAR“-თვის სიტყვიერი შენიშვნის მიცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე, ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან. ამავე კოდექსის 228-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 1441 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას; ხოლო ამავე კოდექსის 231-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების წესი იმ ორგანოებში, რომლებიც უფლებამოსილნი არიან განიხილონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები, განისაზღვრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსითა და საქართველოს რესპუბლიკის სხვა ნორმატიული აქტებით.
კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 14 ივლისს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტანენტის 2014 წლის 14 ივლისის №10/1123-14 მოხსენებითი ბარათი და 2014 წლის 10 ივლისს, ქ. ბათუმში რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის საფუძველზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000191, სიგნალის დონის მაჩვენებლის გრაფიკულ გამოსახულებასა (1 ფურც.) და დაფიქსირებულ სიხშირეებზე რადიოსერვისის ფუნქციონირების ამსახველ ვიდეო მასალასთან (1 CD-R დისკი) ერთად, საიდანაც ირკვევა, რომ შპს ,,BATUM RENT A CAR” (ყოფილი შპს BATUM-TAXI; ს/კ 445415471) შესაბამისი გადაწყვეტილებისა და ნებართვის გარეშე სარგებლობდა 152.325 მჰც და 158.475 მჰც სიხშირეებით, რაც წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტანენტის 2014 წლის 14 ივლისის №10/1123-14 მოხსენებითი ბარათიდან ასევე ირკვევა, რომ შპს ,,BATUM-TAXI“-ს (ამჟამად შპს ,,BATUM RENT A CAR; ს/კ 445415471) ადმინისტრაციული სამართალდაღვევის №000191 ოქმში აღნიშნული რადიოსიხშირეები მინიჭებული ჰქონდა ,,შპს ,,BATUMI-TAXI”-თვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ კომისიის 2012 წლის 16 ნოემბრის №713/7 გადაწყვეტილებით, ერთი წლის ვადით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 1441 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეს უფლებამოსილი ორგანო განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და სხვა მასალების მიღებიდან შვიდი დღის ვადაში. ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან შვიდი დღის ვადაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,BATUM RENT A CAR”-თვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მიზნით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო. ვინაიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი კომისიის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2014 წლის 10 ივლისს, რომელიც კომისიას წარედგინა 2014 წლის 14 ივლისს, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2014 წლის 21 ივლისი, ხოლო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2014 წლის 17 ივლისს, რის შესახებაც შეტყობინებით ეცნობა შპს ,,BATUM RENT A CAR “-ს და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შპს ,,BATUM RENT A CAR“-ს ასევე განემარტა, რომ ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადების სტადიაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ გამოარკვია, რომ შპს ,,BATUM RENT A CAR“-ის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში; 2014 წლის 10 ივლისის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000191 შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლისა და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 37-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერენ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპატამენტის თანამშრომელი ნ. კონდოლელი და შპს ,,BATUM RENT A CAR“-ის თანამშრომელი დ. ვერძაძე, რომელსაც წარედგინა აღნიშნული ოქმი. ამასთან, შპს ,,BATUM RENT A CAR“-ს ეცნობა საკითხის განხილვის დრო და ადგილი.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2014 წლის 21 ივლისს. კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,BATUM RENT A CAR“-ის წარმომადგენელი ალექსანდრე შველიძე (მოქმედი შპს ,,BATUM RENT A CAR“-ის დირექტორის ალფასლან ალთინთაშის მიერ გაცემული და ნოტარიულად დამოწმებული 2014 წლის 16 ივლისის მინდობილობის საფუძველზე; სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №140746992); მინდობილობის მოქმედების ვადა: ერთი წელი), რომელმაც აღიარა საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, მოინანია აღნიშნული სამართალდარღევის ჩადენა და ითხოვა პატიება. შპს ,,BATUM RENT A CAR“-ის წარმომადგენლის განცხადებით, კომპანიისთვის ჯარიმის დაკისრებისა და ამ ჯარიმის გადახდის შემთხვევაში, კომპანია შეწყვეტდა ფუნქციონირებას. ალექსანდრე შველიძის განმარტებით, 2014 წლის 21 ივლისის კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვის მომენტისთვის, შპს ,,BATUM RENT A CAR“-ის თანამშრომლებს მიეცათ შესაბამისი მითითება და რაციები გათიშულია. ამასთან, ალექსანდრე შველიძის განმარტებით, შპს ,,BATUM RENT A CAR“ რადიოსიხშირეებს არ გამოიეყენებდა კომისიისგან შესაბამისი ნებართვის მოპოვებამდე.
2014 წლის 21 ივლისის კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2014 წლის 14 ივლისის №10/1123-14 მოხსენებითი ბარათი;
2. 2014 წლის 10 ივლისის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000191;
3. სიგნალის დონის მაჩვენებლის გრაფიკული გამოსახულება (1 ფურც.) და დაფიქსირებულ სიხშირეებზე რადიოსერვისის ფუნქციონირების ამსახველი ვიდეო მასალა (1 CD-R დისკი);
4. შპს ,,BATUMI-TAXI”-თვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ კომისიის 2012 წლის 16 ნოემბრის №713/7 გადაწყვეტილება;
5. კომისიის 2012 წლის 21 ნოემბრის №06/2714-12 წერილი;
6. კომისიის 2012 წლის 21 ნოემბრის №06/2714-12 წერილისა და თანდართული კომისიის 2012 წლის 16 ნოემბრის №713/7 გადაწყვეტილების შპს ,,BATUM-TAXI“-თვის (ამჟამად შპს ,,BATUM RENT A CAR“; ს/კ 445415471) ჩაბარების დამადასტურებელი შპს ,,სმარტექსის“ შეტყობინების ბარათი №3756 და შპს ,,სმარტექსის“ ბეჭდით დამოწმებული კომისიის გზავნილების სია №421 (21.11.2012);
7. შპს ,,BATUM-TAXI”-ის შესახებ 2012 წლის 18 სექტემბრის ამონაწერი და შპს ,,BATUM RENT A CAR“-ის შესახებ 2013 წლის 12 თებერვლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
8. შპს ,,BATUM RENT A CAR“-ის წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ირკვევა, რომ აღნიშნულ რეესტრში შპს ,,BATUM-TAXI“-ის შესახებ რეგისტრირებულ მონაცემებში 2014 წლის 12 თებერვალს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, კომპანიის საფირმო სახელწოდება გახდა შპს ,,BATUM RENT A CAR“ (განაცხადის ნომერი: 578025; განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B13013115; ამონაწერის მომზადების თარიღი:12.02.2013; 11:08:50);
2. 2014 წლის 10 ივლისს, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მობილური სისტემის ინჟინერ-ტექნიკოსთა ჯგუფის მიერ განხორციელებული რადიოსიხშირული მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა, რომ შპს ,,BATUM RENT A CAR” (ყოფილი შპს ,,BATUM-TAXI“; ს/კ 445415471) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გარეშე სარგებლობდა 152.325 მჰც და 158.475 მჰც სიხშირეებით, რის შესახებ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000191;
3. ,,შპს ,,BATUMI-TAXI”-თვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ კომისიის 2012 წლის 16 ნოემბრის №713/7 გადაწყვეტილებით შპს ,,BATUM-TAXI”-ს (ს/კ 445415471) მიეცა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F365 ნებართვა და მიენიჭა 152.325 მჰც და 158.475 მჰც სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. ბათუმში, ერთი წლის ვადით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
4. ,,შპს ,,BATUMI-TAXI”-თვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ კომისიის 2012 წლის 16 ნოემბრის №713/7 გადაწყვეტილება ძალაში შევიდა ამავე გადაწყვეტილების მე-9 პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,BATUM-TAXI“-თვის ჩაბარებისთანავე, 2012 წლის 30 ნოემბერს; შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილების მოქმედების ვადა ამოიწურა 2013 წლის 30 ნოემბერს;
5. კომისიის 2012 წლის 16 ნოემბრის №713/7 გადაწყვეტილებით ერთი წლის ვადით მინიჭებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ვადის ამოწურვის შემდეგ, შპს ,,BATUM RENT A CAR“-ს (ყოფილი შპს ,,BATUM-TAXI”; ს/კ 445415471) კომისიისთვის არ მოუმართავს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით;
6. შპს ,,BATUM RENT A CAR“-ის წარმომადგენელი ინანიებს ადმინისტრაციული სამართალდარღევის ჩადენის ფაქტს;
7. ადგილი არ აქვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 35-ე მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლის შესაბამისად, ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მიყენებულია თუ არა ქონებრივი ზარალი, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.
კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირს, რომლის საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას, ხოლო ამავე კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე, ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე მუხლის შესაბამისად, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად ითვლება ბრალეულის გულწრფელი მონანიება; ბრალეულის მიერ სამართალდარღვევის მავნე შედეგების აცილება, ზარალის ნებაყოფლობით ანაზღაურება ან მიყენებული ზიანის გამოსწორება. ამავე მუხლის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი სხვა გარემოებანიც, ორგანოს (თანამდებობის პირის) რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს წყვეტს, შეუძლია შემამსუბუქებლად მიიჩნიოს ისეთი გარემოებანიც, რომლებიც არ არის აღნიშნული კანონმდებლობაში.
კომისია აღნიშნავს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ შპს ,,BATUM RENT A CAR“ არამართლზომიერად (ნებართვის გარეშე) სარგებლობდა 152.325 მჰც და 158.475 მჰც სიხშირეებით, რაც დადასტურებულია კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა დეპარტამენტის მიერ 2014 წლის 10 ივლისს შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №000191 ოქმით, დაფიქსირებულ სიხშირეებზე რადიოსერვისის ფუნქციონირების ამსახველი ვიდეო მასალითა და 2014 წლის 10 ივლისის კომისიის სხდომაზე შპს ,,BATUM RENT A CAR“-ის წარმომადგენლის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებით, შპს ,,BATUM RENT A CAR“-ის ქმედება უნდა დაკვალიფიცრდეს ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევად და შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად - ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობად, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით. ამასთან, სახეზეა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება (ბრალეულის გულწრფელი მონანიება); ადგილი არ აქვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 35-ე მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ გაითვალისწინა ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი, რის გამოც კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,BATUM RENT A CAR”-ის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლი, რომლის მიხედვით, თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მაშინ საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას. ამავე დროს, შპს ,,BATUM RENT A CAR”-ს დაუყოვნებლივ უნდა აეკრძალოს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გარეშე რადისიხშირული სპექტრით - 152.325 მჰც და 158.475 მჰც სიხშირეებით სარგებლობა.
კომისიას ასევე მიაჩნია, რომ შპს ,,BATUM RENT A CAR“-ს უნდა განემარტოს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პასუხისმგებლობის ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებად ითვლება მართლსაწინააღმდეგო ქცევის განგრძობა მისი შეწყვეტის შესახებ საამისოდ უფლებამოსილ პირთა მოთხოვნის მიუხედავად, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პასუხისმგებლობის ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებად ითვლება წლის განმავლობაში ერთგვაროვანი სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა, რომლის გამოც პირს უკვე დაედო ადმინისტრაციული სახდელი; სამართალდარღვევის ჩადენა წინათ დანაშაულის ჩამდენი პირის მიერ.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ,,BATUM RENT A CAR“-ს ასევე უნდა განემარტოს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა), ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2, 22-ე, 33-ე, 34-ე, 35,-ე, 228-ე, 231-ე, 236-ე, 237-ე, 240-ე, 252-ე, 260-ე, 262-ე, 264-ე, 272-ე, 273-ე მუხლებისა და 1441 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 98-ე და 99-ე, 104-ე და 105-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის 15-ე, 16-ე, 18-ე პუნქტების, 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,BATUM RENT A CAR“ ცნობილ იქნას ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში, გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან და მიეცეს სიტყვიერი შენიშვნა;
2. შპს ,,BATUM RENT A CAR“-მა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გარეშე 152.325 მჰც და 158.475 მჰც სიხშირეებით სარგებლობა;
3. კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს დაევალოს შპს ,,BATUM RENT A CAR“-თვის წინამდებარე გადაწყვეტილების გაგზავნა (მ. ნინუა);
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,BATUM RENT A CAR“-თვის ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, № 6) 10 დღის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე);
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3, მე-6 და მე-7 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ა. სიხარულიძის განსაკუთრებული აზრი
აკაკი სიხარულიძემ განმარტა, რომ სამართალდამრღვევთა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებასა და მათთვის სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადებას მხარს უჭერს, მხოლოდ იმ შემთხვევში, თუ ეს არ მიიღებს პრეცედენტის სახეს, ვინაიდან მიაჩნია რომ სახელმწიფოს ამოწურვადი რესურსების უნებართვო გამოყენებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმა სახელმწიფოს ცენტრალურ ბიუჯეტში ირიცხება და მისგან სამართალდამრღვევთა სისტემატურად გათავისუფლება მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი შეიძლება გახდეს, როგორც სამართალდარღვევის პრევენციის თვალსაზრისით, ისე სახელმწიფო ბიუჯეტისათვის.
ამასთან, ა. სიხარულიძე განმარტავს, რომ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
– ამ რადიოსიხშირულ დიაპაზონებში რადიომონიტორინგი ჩატარდა პირველად, ისე რომ კომისიის აპარატს კომპანიები წინასწარ არ გაუფრთხილებია მონიტორინგის დაწყების შესახებ, თუმცა ასევე ითვალისწინებს, იმასაც, რომ ამის ვალდებულება კომისიის აპარატს არც ჰქონდა;
– სამართალდამრღვევებმა გულწრფელად მოინანიეს ჩადენილი სამართალდარღვევა და გადადგეს ნაბიჯები სამართალდარღევის აღმოსაფხვრელად;
– სამართალდარღვევის გამოვლენის გამო მესამე პირებს მნიშნელოვანი ზიანი არ მიდგომიათ;
– საქართველოს სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის - 5000 ლარის ოდენობა არათანაზომადია ნებართვის გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობასთან მიმართებით, ვინაიდან რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს;
– თავად ეს გადაწყვეტილება სხვა პირებისათვის საცნობარო–საინფორმაციო ხასიათისა იქნება, ვინაიდან ყველა პირს ეცოდინება, რომ 1 წლის ვადით გაცემული რადიოსიხშირეების ვადის გასვლის შემდგომ გამოყენებას კომისია გამოავლენს და მოახდენს რეაგირებას.
ა. სიხარულიძე განმარტავს, რომ იტოვებს უფლებას, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ, მას შემდეგ რაც კომისიის ეს გადაწყვეტილება ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდება კომისიის ვებ–გვერდზე ინტერნეტში, იგივე გარემოებების არსებობისას, აღარ დასჯერდეს სამართალდამრღვევთათვის სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადებას.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
