საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 01 ივლისის N345/10 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 05, 2014 18:45
მიღების თარიღი ივლისი 31, 2014
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 01 ივლისის N345/10 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2014 წლის 01 ივლისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება N345/10 „ციფრული მიწისზედა სატელევიზო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯებულის გამოვლენის შესახებ“.
კომისიის წევრებს ვახტანგ აბაშიძეს (კომისიის თავმჯდომარე) და ირაკლი მოსეშვილს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში დაშვებულ იქნა თანმიმდევრული უზუსტობა, კერძოდ, სამოტივაციო ნაწილში, მე-10 გვერდზე, გადაწყვეტილების მე-19 აბზაცში დარღვეულია ლიცენზიის მაძიებლების მიერ საკონკურსო წინადადებებზე უარის თქმის თანმიმდევრობა. კერძოდ, 2014 წლის 30 ივნისის ზეპირი მოსმენის სხდომაზე პირველად შპს „სტერეო +“-ს წარმომადგენელმა დავით ზილფიმიანმა განაცხადა უარი „A+B+2” ლოტზე წარმოდგენილი საკონკურსო წინადადებით კონკურსში მონაწილეობაზე, ხოლო შემდგომ კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადა შპს „მუქსის“ წარმომადგენელმა იზაბელა გუტიძემ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შეცდომების გასწორება უნდა გამოქვეყნდეს ან გადაეცეს ოფიციალური გაცნობისათვის იმავე წესით, რომელიც დადგენილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისათვის ან გაცნობისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა გასწორდეს კომისიის 2014 წლის 01 ივლისის N345/10 გადაწყვეტილებაში დაშვებული თანმიმდევრული უზუსტობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით (კომისიის წევრმა კახი ბექაურმა მხარი არ დაუჭირა გადაწყვეტილებას)
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გასწორდეს „ციფრული მიწისზედა სატელევიზო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯებულის გამოვლენის შესახებ“ კომისიის 2014 წლის 01 ივლისის N345/10 გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომა და გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, მე-10 გვერდზე, გადაწყვეტილების მე-19 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კომისია აღნიშნავს, რომ ზერიპი მოსმენის სხდომაზე, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის დასკვნისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ შემუშავებული დოკუმენტის გამოქვეყნების შემდგომ, შპს „სტერეო+“-ს წარმომადგენელმა - დავით ზილფიმიანმა უარი განაცხადა „A+B+2” ლოტზე წარმოდგენილი საკონკურსო წინადადებით კონკურსში მონაწილეობაზე, ხოლო შპს „მუქსის“ დირექტორმა იზაბელა გუტიძემ განაცხადა, რომ შპს „მუქსი“ უარს აცდახებს კონკურსში მონაწილეობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონკურსოდ დარჩა მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებლის, შპს „სტერეო+“-ს მიერ წარმოდგენილი ერთი საკონკურსო წინადადება („B+2”ლოტი).“
2. დაევალოს კომისიის აპარატის ამდინისტრაციული დეპარტამენტს (მ.ნინუა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „სტერეო+“-სთვის და შპს „მუქსისთვის“ გაგზავნა;
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., № 6) ერთი თვის ვადაში.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
