შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 05, 2014
მიღების თარიღი იანვარი 28, 2014
შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „კავკასუს ონლაინმა“ 2014 წლის 14 იანვარს №01.02/3486 განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/119–14) და 2014 წლის 23 იანვარს №01.02/3524 განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/448–14) კომისიას მიმართა კომისიაში წარმოდგენილი სტატისტიკური ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნით.
აღნიშნული განცხადებებით, შპს ”კავკასუს ონლაინი“ ითხოვს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში წარმოდგენილი შემდეგი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობას:
N4.3 მაუწყებლობის ტრანზიტული მომსახურება; მომსახურების მიწოდების ტიპი (სახეები) და მომსახურების პაკეტების და N4.4 მაუწყებლობის ტრანზიტული მომსახურება (აბონენტები კვარტალში); მომსახურების მიწოდების ტიპი (სახეები), მომსახურების პაკეტები, დეკოდერების რაოდენობის, სააბონენტო შემოსავლებისა და დღგ–ს ნაწილი.
შპს „კავკასუს ონლაინი“ განმარტავს, რომ მათი მოთხოვნა ზემოაღნიშნული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ ეყრდნობა საქართველოს კანონმდებლობის კონკრეტულ ნორმებს და გააჩნია შესაბამისი დასაბუთება, კერძოდ შპს „კავკასუს ონლაინს“ მიაჩნია, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია, დაიცვას ავტორიზებული პირის მიერ მისთვის მიწოდებული ისეთი ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომელიც ითვლება კომერციულ ან პირად საიდუმლოებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად.
შპს „კავკასუს ონლაინი“ აღნიშნავს, რომ წერილებში მითითებული ფორმები (N4.3 და N4.4) წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 –ე მუხლის შესაბამისად შემდეგი მიზეზების გამო:
მითითებული ინფორმაციის გასაჯაროებამ შესაძლოა გარკვეული საფრთხის ქვეშ დააყენოს კომპანიის უსაფრთხოება. კომპანია უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ აღნიშნული ინფორმაციის ცოდნით შესაძლოა ბოროტად ისარგებლონ მესამე პირებმა, რომელთა მიზანია კომპანიის კონკურენტუნარიანობის დასუსტება. ამგვარად, შპს „კავკასუს ონლაინის“ აზრით, ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას. აღნიშნული კი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 –ე მუხლის შესაბამისად წარმოადგენს საჯარო დაწესებულების (კომისია) მიერ ამ ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „კავკასუს ონლაინი“ კომისიისგან ითხოვს ზემოაღნიშნულ წერილებში მითითებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვას, რომელიც, მათი განცხადებით, წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას, ხოლო კომისია, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ვალდებულია, დაიცვას ამგვარი ინფორმაციის კონფიდენციალურობა და არ გახადოს იგი საჯაროდ ხელმისაწვდომი. შპს „კავკასუს ონლაინი“ ასევე ითხოვს, მესამე პირ(ებ)ის მიერ კომისიიდან ზემოთ მითითებული ინფორმაციის მოთხოვნის ფაქტ(ებ)ის მათთვის ცნობებას და მხოლოდ კომპანიის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში აღნიშნული ინფორმაციის დაინტერესებული მხარისთვის გადაცემას.
2014 წლის 28 იანვარს კომისიაში გამართულ სხდომაზე კომისიამ განიხილა შპს „კავკასუს ონლაინი“–ს მოთხოვნა. სხდომას ესწრებოდა შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელი – სალომე ბერიშვილი, რომელმაც დააზუსტა კომპანიის მოთხოვნა. კერძოდ, შპს „კავკასუს ონლაინი“ ითხოვს შემდეგი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობას:
1. ფორმა 4.3–ში წარმოდგენილი ინფორმაცია მხოლოდ მომხმარებლებისთვის შეთავაზებული პაკეტების ნაწილში;
2. ფორმა 4.4–ში წარმოდგენილი ინფორმაცია მხოლოდ მომხმარებლებისთვის შეთავაზებული პაკეტები ნაწილში;
3. ფორმა 4.4–ში წარმოდგენილი ინფორმაცია დეკოდერების ნაწილში.
აღნიშნულ სხდომაზე შპს „კავკასუს ონლაინმა“ მოხსნა მოთხოვნა ფორმა 4.3–ში მომსახურების მიწოდების ტიპის (სახეები) ნაწილში და ფორმა 4.4–ში მომსახურების მიწოდების ტიპის (სახეები), სააბონენტო შემოსავლებისა და დღგ–ს ნაწილში წარმოდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურად ცნობის შესახებ.
შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პროცენტული მაჩვენებელი იმისა, თუ მომხმარებლებისთვის შეთავაზებული რომელი პაკეტი რომელ ადგილზეა, არის კომპანიის კომერციული საიდუმლოება და დაუშვებელია აღნიშნულის მესამე პირისთვის გადაცემა. დეკოდერების რაოდენობასთან დაკავშირებით კომპანიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ აბონენტების და დეკოდერების რაოდენობა ერთმანეთს არ ემთხვევა, შესაძლებელია ერთ აბონენტთან რამდენიმე დეკოდერის დაყენება. დამატებითი დეკოდერ(ებ)ის დასაყენებლად კომპანიას არ სჭირდება დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც ნაკლებ ხარჯთან არის დაკავშირებული. შპს „კავკასუს ონლაინი“ მიიჩნევს, რომ ეს არის კომპანიის კომერციული უპირატესობა და არ უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.
4.3 (თვიური მონაცემები) და 4.4 (კვარტალური მონაცემები) ფორმებში, რომელთა ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობას ითხოვს შპს „კავკასუს ონლაინი“, წარმოდგენილია ავტორიზებული პირების აბონენტების, დეკოდერების, ახალი აბონენტების, სააბონენტო შემოსავლის და დღგ–ს ოდენობა თვეების, დასახლებული პუნქტების, მიწოდების ტიპის, კოდირების და პაკეტების ჭრილებში.
კომისიამ შეისწავლა შპს „კავკასუს ონლაინის“ მოთხოვნა და აგრეთვე აღნიშნული მოთხოვნის საფუძველზე კომერციულ საიდუმლოებად საცნობი ინფორმაცია და მიიჩნია, რომ შპს „კავკასუს ონლაინის“ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ:
4.3 და 4.4 ფორმებში წარმოდგენილი ინფორმაცია, აბონენტებისთვის შეთავაზებული პაკეტების ჭრილში, კომისიის აზრით, შეიცავს კომერციულ საიდუმლოს, რადგან ამ მონაცემების ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია განისაზღვროს, თუ ავტორიზებული პირის მიერ შექმნილი რომელი კომერციული პროდუქტი (პაკეტი) აღმოჩნდა ბაზრისთვის უფრო მიმზიდველი, რაც ავტორიზებული პირის კვლევის, ანალიზის და ინტელექტუალური შემოქმედების შედეგია.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „კავკასუს ონლაინი“–ს მიერ დეკოდერების რაოდენობის თაობაზე წარმოდგენილი მონაცემები კომერციულ საიდუმლოებად არ უნდა იქნას ცნობილი, რადგან იგი არ შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილით, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას. ამასთან, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ წარმოდგენილი განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური, მოცემულ შემთხვევაში კი დეკოდერების რაოდენობა განზოგადებული ინფორმაციის ერთ–ერთი სახეა.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „კავკასუს ონლაინის“ 2014 წლის 14 იანვრის №01.02/3486 (კომისიაში რეგისტრაციის №6/119–14) და 2014 წლის 23 იანვარის №01.02/3524 (კომისიაში რეგისტრაციის №6/448–14) განცხადებები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და კომერციულ საიდუმლოებად იქნას ცნობილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 4.3–სა და ფორმა 4.4–ში წარმოდგენილი ინფორმაცია აბონენტებისთვის შეთავაზებული პაკეტების ჭრილში.
2. ფორმა 4.3–სა და ფორმა 4.4–ში წარმოდგენილი ინფორმაცია ნებისმიერ სხვა ჭრილში (მათ შორის დეკოდერების ჭრილში) ცნობილ იქნას ღიად ამ გადაწყვეტილების შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ ჩაბარებიდან 15 დღის შემდეგ, თუ შპს „კავკასუს ონლაინმა“ აღნიშნულ ვადაში არ გაასაჩივრა სასამართლოში ინფორმაციის ღიაობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც დაუყონებლივ უნდა აცნობოს კომისიას;
3. ინფორმაცია შპს „კავკასუს ონლაინის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ ინფორმაციის გასაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „კავკასუს ონლაინისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „კავკასუს ონლაინისათვის“ ჩაბარების დღიდან.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N6) ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ინფორმაციულ–ანალიტიკურ დეპარტამენტს (რ. სხირტლაძე).
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
კომისიის წევრი კახი ბექაური
