წვდომის მენიუ

შპს „დავითის“ ადმინისტაციულ სამართალდამრღვევად ცნობის, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებისა და სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადების თაობაზე

ნომერი: 430 / 18

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 15, 2014 11:50

მიღების თარიღი ივლისი 31, 2014

შპს „დავითის“  ადმინისტაციულ სამართალდამრღვევად ცნობის, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებისა და სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე, ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

                საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,  მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს, 2014 წლის 16 ივლისს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (16.07.2014. № 10/1155-14) და შპს „დავითის“ შემოწმების საფუძველზე, 2014 წლის 15 ივლისს ქ.თბილისში შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი № 000196. სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის მობილური სისტემის ინჟინერ-ტექნიკოსთა მიერ,  ქ.თბილისში განხორციელდა რადიოსიხშირული მონიტორინგი, რომლის დროსაც გამოვლინდა 416.075 მჰც და 421.775 მჰც სიხშირეებზე შპს „დავითის“ ფუნქციონირება შესაბამისი მინიჭების გარეშე სიხშირული რესურსის გამოყენებით, რაზეც რადიოსიხსირეთა მართვის მობილური სისტემის ინჟინერ-ტექნიკოსთა მიერ შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი №000196.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ნ. ასპანიძის მიერ 2014 წლის 16 ივლისის N10/1155-14 სამსახურებრივი ბარათით წარმოდგენილ იქნა შემდეგი მტკიცებულებები და დოკუმენტაცია: 1.სიგნალის დონის მაჩვენებლის გრაფიკული გამოსახულება - 2 ფურც.; 2. სიხშირეებზე რადიოსერვისის ფუნქციონირების ამსახველი ვიდეო მასალა - CD დისკი.

კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 16 ივლისს, კომისიას განცხადებით (N6/4628-14; 16.07.2014) მიმართა შპს „დავითის“ დირექტორმა ფიქრია ბანძელაძემ, რომელიც აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 19 აპრილის N270/7 გადაწყვეტილებით შპს „დავითს“ ქ. თბილისში ერთი წლის ვადით, ტაქსებსა და ოპერატორს შორის რადიოკავშირისათვის მიენიჭა 416.075 მჰც და 421.775 მჰც  სიხშირეები; ასევე, აღნიშნავს, რომ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევა მათი მხრიდან არის პირველი შემთხვევა. შპს „დავითის“ დირექტორი განმარტავს, რომ კომპანია არის ახალი დაარსებული და არ გააჩნია სახსრები ჯარიმის უზრუნველსაყოფად და ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ჯარიმის გამოყენება გამოიწვევს კომპანიის არსებობის შეწყვეტას. შპს „დავითის“ დირექტორი ფიქრია ბანძელაძე კომისიას მიმართავს თხოვნით არ დაეკისროს შპს „დავითს“ ადმინისტრაციული სახდელი და  საპატიოდ ჩაითვალოს მათ მიერ გაშვებული ვადა.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს „დავითის“  N6/4628-14 განცხადებას დანართის სახით ერთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (ქვითარი: გადამხდელი შპს „დავითი“; გადახდილი თანხა: 1000 ლარი; გადახდის თარიღი: 16.07.2014); ასევე, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ( განაცხადის ნომერი: 596791; რეგისტრაციის ნომერი: B13031354; ამონაწერის მომზადების თარიღი: 28.03.2013)

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადების სტადიაზე, კომისიამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, გამომდინარე იქიდან, რომ ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „დავითისთვის“ ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.

,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2014 წლის 15 ივლისს, რომელიც კომისიას წარედგინა 2014 წლის 16 ივლისს; შესაბამისად, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2014 წლის 24 ივლისი 16:00 საათი, რის  შესახებაც  შეტყობინებით ეცნობა შპს „დავითს“; მას ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შპს „დავითს“ შეტყობინებით განემარტა, რომ ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ 2014 წლის 24 ივლისს ჩანიშნული სხდომა, რომელსაც ესწრებოდა  შპს „დავითის“ წარმომადგენელი, კვორუმის არარსებობის გამო გადაიდო. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა;  2014 წლის 24 ივლისის სხდომას ესწრებოდა მხოლოდ კომისიის 2 წევრი (ა. სიხარულიძე და ი. მოსეშვილი). კომისიის პირველივე შეკრებისთანავე, 2014 წლის 28 ივლისის სხდომაზე, ზემოაღნიშნული საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2014 წლის 31 ივლისი 16:00 საათი, რის  შესახებაც  შეტყობინებით ეცნობა შპს „დავითს“ ( ჩაბარების თარიღი: 29.07.2014 ჩაიბარა: სოფო მწყერაშვილს).

საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა  2014 წლის 31 ივლისის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „დავითის“ დირექტორის ფიქრია ბანძელაძის წარმომადგენლობაზე არაუფლებამოსილი პირი (მეუღლე) - კონსტანტინე თორთლაძე, რომელმაც განაცხადა, რომ არის რა შპს „დავითის“ თანამშრომელი,  სრულად ეთანხმება შპს „დავითის“ დირექტორის - ფიქრია ბანძელაძის მიერ  2014 წლის 16 ივლისს კომისიაში გამოგზავნილ განცხადებაში (N6/4628-14; 16.07.2014) აღნიშნულს და დამატებით კომისიას მიმართა თხოვნით არ დააკისრონ შპს „დავითს“ ადმინისტრაციული სახდელი და საპატიოდ ჩაუთვალონ კომპანიას  გაშვებული ვადა.

კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.       კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2014 წლის 16 ივლისის  №10/1155-14  მოხსენებითი ბარათი;

2.       შპს „დავითის“ მიმართ 2014 წლის 15 ივლისს შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი № 000196;

3.       კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია: სიგნალის დონის მაჩვენებლის გრაფიკული გამოსახულება და ჩანაწერი CD-ზე, რომლის საფუძველზე დასტურდება, რომ ადგილი ჰქონდა  416.075 მჰც და 421.775 მჰც  სიხშირეების გამოყენებას;

4.       „შპს „დავითისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ კომისიის 2013 წლის 19 აპრილის N 270/7  გადაწყვეტილება (ჩაბარდა: 30.04.2013);

5.       2014 წლის 16 ივლიის შპს „დავითის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადება N6/4628-14;

6.       2014 წლის 31 ივლისის კომისიის სხდომაზე შპს „დავითის“ არაუფლებამოსილი წარმომადგენლის ახსნა-განმარტება;

კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის 2014 წლის 23 ივნისის თათბირის N7 ოქმის  საფუძველზე, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მობილური ჯგუფის მიერ განხორციელდა რადიოსიხშირული სპექტრის დაუგეგმავი მონიტორონგი;

2.       შპს „დავითს“ კომისიის 2013 წლის 19 აპრილის N270/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული ჰქონდა 416.075 მჰც და 421.775მჰც სიხშირეები ქ. თბილისში, ერთი წლის ვადით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

3.       შპს „დავითი“, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე უფლების მოპოვების გარეშე სარგებლობდა რადიოსიხშირეებით - 416.075 მჰც და 421.775მჰც, რომელიც კომისიის 2013 წლის 19 აპრილის N 270/7  გადაწყვეტილებით მინიჭებული ჰქონდა შპს „დავითს“ ერთი წლის ვადით ანუ 2014 წლის 30 აპრილამდე (კომისიის 2013 წლის 19 აპრილის N270/7 გადაწყვეტილება ძალაში შევიდა ჩაბარებისთანავე);  აღნიშნულის თაობაზე შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი (№000196; 16.07.14.);

4.       წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  ოქმი № 000196  შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი  წესების” 37-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით. სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის თანამშრომელი: ნიკოლოზ კონდოლელი, ასევე შპს „დავითის“ თანამშრომელი კონსტანტინე თორთლაძე, რომელსაც წარედგინა აღნიშნული ოქმი;

5.       საქმის განხილვის სტადიაზე დადგინდა, რომ სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილი არ ჰქონია პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს, გათვალისწინებულს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 35-ე  მუხლით. ასვევე გასათვალისწინებელია, რომ შპს „დავითმა“ უკვე აღმოფხვრა სამართალდარღვევა, კერძოდ 2014 წლის 16 ივლისს  შპს „დავითმა“ სიხშირეების მინიჭების თაობაზე N 7/288-14 განცხადებით მიმართა კომისიას და კომისიის მიერ 2014 წლის 31 ივლისს „შპს „დავითისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ N414/7 გადაწყვეტილებით მას მიეცა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  № F 801 ნებართვა და მიენიჭა 416.075 მჰც და 421.775 მჰც სიხშირეები ქ. თბილისში, ერთი წლის ვადით გამოყენებისათვის, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

გამომდინარე იქიდან, რომ შპს „დავითის“ მიერ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა ხორციელდებოდა არამართლზომიერად (ნებართვის გარეშე),  რაც დადასტურებულია კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ 2014 წლის 15 ივლისს შედგენილი № 000196 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმით და საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის ვიდეო მასალით, სადაც ასახულია სიხშირეებზე შპს „დავითის“ ფუნქციონირება; 2014 წლის 31 ივლისის სხდომაზე შპს „დავითის“ არაუფლებამისილი წარმომადგენლის კონსტანტინე თორთლაძის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებით, ასევე 2014 წლის 16 ივლისის შპს „დავითის“ დირექტორის - ფიქრია ბანძელაძის მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის N6/4628-14), შპს „დავითის“ ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად - ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ნებართვის გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობად, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით. ამასთან, კომისიის აზრით, სახეზეა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება (ბრალეულის მიერ სამართალდარღვევის ნებაყოფლობით აღმოფხვრა და მავნე შედეგების აცილება, აგრეთვე გულწრფელი მონანიება); ადგილი არ აქვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 35-ე მუხლით გათვალისწინებულ  პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად, თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მაშინ საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „დავითი“ უნდა გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და მიეცეს სიტყვიერი შენიშვნა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2, 22-ე, 34-ე, 35-ე, 228-ე, 231-ე, 236-ე, 237-ე, 240-ე, 252-ე, 260-ე, 262-ე, 264-ე, 272-ე, 273-ე მუხლების და 1441 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 98-ე, 99-ე, 104-ე და 105-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  43-ე მუხლის მე-4 პუნქტისა  და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის 15-ე, 16-ე, 18-ე პუნქტების, 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „დავითი“ ცნობილ იქნას ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების (ნებართვის გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა) ჩადენაში, გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და მიეცეს სიტყვიერი შენიშვნა;

2.   კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) დაევალოს აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს „დავითისთვის“;

3.      გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის გადაწყვეტილების შპს “დავითისთვის“  ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., № 6) 10 დღის ვადაში;

5.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავას);

7.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                              ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                             სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                             ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                             კახი ბექაური

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები