შპს „GN TAXI”-ს ადმინისტაციულ სამართალდამრღვევად ცნობის, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებისა და სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 26, 2014 11:41
მიღების თარიღი ივლისი 31, 2014
შპს „GN TAXI”-ს ადმინისტაციულ სამართალდამრღვევად ცნობის, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებისა და სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე, ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს, 2014 წლის 16 ივლისს, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეცა კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (16.07.2014. № 10/1155-14) და შპს „GN TAXI“-ს შემოწმების საფუძველზე, 2014 წლის 15 ივლისს, ქ.თბილისში შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი № 000195. სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის მობილური სისტემის ინჟინერ-ტექნიკოსთა მიერ, ქ.თბილისში განხორციელდა რადიოსიხშირული მონიტორინგი, რომლის დროსაც გამოვლინდა 418.225 მჰც, 423.325 მჰც, 418.675 მჰც და 423.875 მჰც სიხშირეებზე შპს „GN TAXI“-ს ფუნქციონირება შესაბამისი მინიჭების გარეშე სიხშირული რესურსის გამოყენებით, რაზეც რადიოსიხსირეთა მართვის მობილური სისტემის ინჟინერ-ტექნიკოსთა მიერ შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი №000195.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ნ. ასპანიძის მიერ 2014 წლის 16 ივლისის N10/1155-14 სამსახურებრივი ბარათით წარმოდგენილ იქნა შემდეგი მტკიცებულებები და დოკუმენტაცია: 1.სიგნალის დონის მაჩვენებლის გრაფიკული გამოსახულება - 2 ფურც.; 2. სიხშირეებზე რადიოსერვისის ფუნქციონირების ამსახველი ვიდეო მასალა - CD დისკი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადების სტადიაზე, კომისიამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, გამომდინარე იქიდან, რომ ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „GN TAXI“-ს ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.
,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2014 წლის 15 ივლისს, რომელიც კომისიას წარედგინა 2014 წლის 16 ივლისს; შესაბამისად, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2014 წლის 24 ივლისი 16:00 საათი, რის შესახებაც შეტყობინებით ეცნობა შპს „GN TAXI“-ს. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შპს „GN TAXI“-ს შეტყობინებით განემარტა, რომ ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ 2014 წლის 24 ივლისს ჩანიშნული სხდომა, რომელსაც ესწრებოდა შპს „GN TAXI“-ს წარმომადგენელი, კვორუმის არარსებობის გამო გადაიდო. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა; 2014 წლის 24 ივლისის სხდომას ესწრებოდა მხოლოდ კომისიის 2 წევრი (ა. სიხარულიძე და ი. მოსეშვილი). კომისიის პირველივე შეკრებისთანავე, 2014 წლის 28 ივლისის სხდომაზე, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2014 წლის 31 ივლისი 16:00 საათი, რის შესახებაც შეტყობინებით ეცნობა შპს „GN TAXI“-ს (შეტყობინება ჩაიბარა: დ. ხვედელიძემ; თარიღი: 29.07.2014).
საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა 2014 წლის 31 ივლისის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „GN TAXI“-ს დირექტორი - გოჩა ნათიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ შპს „GN TAXI“-მ შემოწმების შემდგომ ( იმ დღესვე) შეწყვიტა 2013 წლის 14 ვნისის N 386/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული სიხშირეების (418.675 მჰც და 423.875მჰც) გამოყენება, ხოლო, 2013 წლის 5 აპრილის N227/7 გადაწყვეტილებით მინიჭებულ სიხშირეებს (418.225 მჰც და 423.325 მჰც) კვლავაც იყენებს ვინაიდან, აღნიშნული სიხშირეების გათიშვა მის კომპანიას მიაყენებს მძიმე მატერიალურ ზიანს. ასევე შპს „GN TAXI“-ს დირექტორი აღნიშნავს, რომ მათი კომპანია ისედაც იმყოფება მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში და იმ შემთხვევაში თუ კომისია მიიღებს მათი დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილებას მას მოუწევს აღნიშნული ფირმის დახურვა, ვინაიდან 5000 ლარის გადახდის შესაძლებლობა არ გააჩნია. შპს „GN TAXI“-ს დირექტორი გოჩა ნათიშვილი განმარტავს, რომ თუ კომისიის წევრები გაითვალისწინებენ კომპანიის მძიმე ფინანსურ მდგომარეობას და არ დააკისრებენ ჯარიმას, კომპანიის მიერ მომავალში მსგავსი რამ არ განმეორდება და თუ კომისია შემოიფარგლება სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადებით მას გაუჩნდება შესაძლებლობა იმისა, რომ შემოიტანოს განაცხადი კომისიაში ორი სიხშირის (418.225 მჰც და 423.325 მჰც) გამოყენების ნებართვის მოსაპოვებლად.
კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2014 წლის 16 ივლისის №10/1155-14 მოხსენებითი ბარათი;
2. შპს „GN TAXI“-ს მიმართ 2014 წლის 15 ივლისს შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი № 000195;
3. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია: სიგნალის დონის მაჩვენებლის გრაფიკული გამოსახულება და ჩანაწერი CD-ზე, რომლის საფუძველზე დასტურდება, რომ ადგილი ჰქონდა 418.225 მჰც, 423.325 მჰც, 418.675 მჰც და 423.875 მჰც სიხშირეების გამოყენებას;
4. „შპს „GN TAXI“-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ კომისიის 2013 წლის 5 აპრილის N 227/7 გადაწყვეტილება;
5. „შპს „GN TAXI“-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ კომისიის 2013 წლის 14 ივნისის N 386/7 გადაწყვეტილება;
6. 2014 წლის 31 ივლისის კომისიის სხდომაზე შპს „GN TAXI“-ს დირექტორის გოჩა ნათიშვილი ახსნა-განმარტება;
კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის 2014 წლის 23 ივნისის თათბირის N7 ოქმის საფუძველზე, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მობილური ჯგუფის მიერ განხორციელდა რადიოსიხშირული სპექტრის დაუგეგმავი მონიტორონგი;
2. შპს „GN TAXI“-ს კომისიის 2013 წლის 5 აპრილის N227/7 და 2013 წლის 14 ივნისის N386/7 გადაწყვეტილებებით მინიჭებული ჰქონდა 418.225 მჰც, 423.325 მჰც, 418.675 მჰც და 423.875 მჰც სიხშირეები ქ. თბილისში, ერთი წლის ვადით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
3. შპს „GN TAXI“, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე უფლების მოპოვების გარეშე სარგებლობდა რადიოსიხშირეებით - 418.225 მჰც, 423.325 მჰც, 418.675 მჰც და 423.875 მჰც, რომელიც კომისიის 2013 წლის 5 აპრილის N 227/7 და 2013 წლის 14 ივნისის N386/7 გადაწყვეტილებებით მინიჭებული ჰქონდა შპს „GN TAXI“-ს ერთი წლის ვადით. აღნიშნულის თაობაზე შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი (16.07.14. №000195);
4. წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი № 000195 შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 37-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით. სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის თანამშრომელი: ნიკოლოზ კონდოლელი, ასევე შპს „GN TAXI“-ს თანამშრომელი გიორგი გაბრიელიანი, რომელსაც წარედგინა აღნიშნული ოქმი;
5. საქმის განხილვის სტადიაზე დადგინდა, რომ სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილი არ ჰქონია პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, გათვალისწინებულს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე და 35-ე მუხლებით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლის შესაბამისად, ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მიყენებულია თუ არა ქონებრივი ზარალი, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად ითვლება: ბრალეულის გულწრფელი მონანიება; ბრალეულის მიერ სამართალდარღვევის მავნე შედეგების აცილება, ზარალის ნებაყოფლობით ანაზღაურება ან მიყენებული ზიანის გამოსწორება. საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება გათვალისწინებულ იქნას აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი სხვა გარემოებანიც; ორგანოს (თანამდებობის პირის), რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს წყვეტს, შეუძლია შემამსუბუქებლად მიიჩნიოს ისეთი გარემოებანიც, რომლებიც არ არის აღნიშნული კანონმდებლობაში.
კომისიის წევრ კახი ბექაურის აზრით ტაქსების კომპანია და კონკრეტულად შპს „GN TAXI“ არის მცირე ბიზნესის წარმომადგენელი და თან პრობლემატური. ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ აღნიშნული კომპანია იმყოფება მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში. კ. ბექაური ითვალისწინებს შპს „GN TAXI“-ს ფინანსურ მდგომარეობას და მიაჩნია რომ დაჯარიმება გამოიწვევს უკუეფექტს, ვინაიდან შპს „GN TAXI“-ს დაჯარიმების შემთხვევაში, კომპანია მაღალი ალბათობით შეწყვეტს არსებობას და შესაბამისად, ვერც 5000 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიის წევრ კახი ბექაურს მიაჩნია, რომ აღნიშნულ შემთხვევაში უნდა შემოიფარგლოს სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადებით.
გამომდინარე იქედან, რომ შპს „GN TAXI“-ს მიერ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა ხორციელდებოდა არამართლზომიერად (ნებართვის გარეშე), რაც დადასტურებულია კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ 2014 წლის 15 ივლისს შედგენილი № 000195 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმით და საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის ვიდეო მასალით, სადაც ასახულია სიხშირეებზე შპს „GN TAXI“-ს ფუნქციონირება და 2014 წლის 31 ივლისის სხდომაზე შპს „GN TAXI“-ს დირექტორის გოჩა ნათიშვილის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებით, შპს „GN TAXI“-ს ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად - ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ნებართვის გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობად, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად, თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მაშინ საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „GN TAXI“ უნდა გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და მიეცეს სიტყვიერი შენიშვნა; ამავე დროს, მას დაუყოვნებლივ უნდა აეკრძალოს რადიოსიხშირული სპექტრით (418.225 მჰც, 423.325 მჰც, 418.675 მჰც და 423.875 მჰც) არამართლზომიერი (უნებართვო) სარგებლობა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2, 22-ე, 34-ე, 35-ე, 228-ე, 231-ე, 236-ე, 237-ე, 240-ე, 252-ე, 260-ე, 262-ე, 264-ე, 272-ე, 273-ე მუხლების და 1441 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 98-ე, 99-ე, 104-ე და 105-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის 15-ე, 16-ე, 18-ე პუნქტების, 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „GN TAXI“ ცნობილ იქნას ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების (ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა) ჩადენაში, გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და მიეცეს სიტყვიერი შენიშვნა;
2. შპს „GN TAXI“-მ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რადიოსიხშირული სპექტრით - 418.225 მჰც, 423.325 მჰც, 418.675 მჰც და 423.875 მჰც სიხშირეებით არამართლზომიერი (უნებართვო) სარგებლობა;
3. კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) დაევალოს აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს „GN TAXI“-სთვის;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის გადაწყვეტილების შპს „GN TAXI“-სთვის ჩაბარების დღიდან, ხოლო, გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ძალაში შედის 2014 წლის 31 ივლისის კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., № 6) 10 დღის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე);
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-3 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
კომისიის წევრი კახი ბექაური
