წვდომის მენიუ

შპს “GLG”-ს განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: 443 / 12

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 20, 2014 17:30

მიღების თარიღი აგვისტო 07, 2014

                                               

შპს “GLG”-ს  განცხადების განუხილველად დატოვების  შესახებ

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ”GLG”-მ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/272-14, 09.07.14) დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ერთი სიხშირის მინიჭების  თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არაავტორიზებად პირს, რომლის საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.

 ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად, დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც  ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

”ლიცენზიებისა და ნებართვების” შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, სანებართვო განცხადებას თან უნდა ერთვოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირის ამონაწერი სახელმწიფო რეესტრიდან და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

კომისია  აღნიშნავს, რომ შპს ”GLG”-ს მიერ კომისიაში   წარმოდგენილ   განცხადებას (№ 7/272-14, 09.07.14) თანდართული არ ჰქონდა  ამონაწერი სახელმწიფო რეესტრიდან  და   სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, კომისიამ განმცხადებელს დამატებითი ინფორმაციისა და  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის     სანებართვო    მოსაკრებლის     500  ლარის   (500  ლარი  1  სიხშირეზე)     საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის  დამადასტურებელი საბუთის  წარმოდგენისთვის  განუსაზღვრა 10 სამუშაო დღის ვადა (წერილი № 06/1504-14, 16.07.14წ., რომელიც ჩაბარდა შპს ”GLG”-ს 2014   წლის 18 ივლისს). კომისია აღნიშნავს, რომ მითითებულ ვადაში განმცხადებელს მოთხოვნილი დოკუმენტები  არ წარმოუდგენია.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    განუხილველად დარჩეს შპს ”GLG”-ს განცხადება  № 7/272-14, 09.07.14წ.  სიხშირის მინიჭების თაობაზე;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) ერთი თვის ვადაში;   

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”GLG”-სთვის ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                                              ვ. აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                                            ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                            ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                            კ. ბექაური

კომისიის წევრი                                                                                                            ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები