შპს „ჯეოსელის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 03, 2014 15:29
მიღების თარიღი აგვისტო 07, 2014
შპს „ჯეოსელის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2014 წლის 21 ივლისს შპს „ჯეოსელმა“ განცხადებით №2/213-14 (კომისიაში რეგისტრაციის №6/4784-14) მიმართა კომისიას, კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი რიგი სტატისტიკური ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში შპს „ჯეოსელი“ განმარტავს, რომ შპს „ჯეოსელი“ კომისიას, კომისიის მიერ დამტკიცებული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შესაბამისად სისტემატიურად უგზავნის სხვადასხვა სახის ინფორმაციას, მათ შორის ინფორმაციის კონკრეტულ სატარიფო გეგმებში ჩართული აბონენტების რაოდენობის შესახებ. აღნიშნული განცხადებით კომპანია ითხოვს, რომ კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები 2.4 (სატარიფო გეგმები), 2.5 (აქციები) და 2.7 (სატარიფო გეგმების და აქციების მოხმარება) მიჩნეულ იქნას კომერციულ საიდუმლოებად.
შპს „ჯეოსელი“ განცხადებაში განმარტავს, რომ თუ კომისიის ზემოაღნიშნული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები არ იქნა მიჩნეული კომერციულ საიდუმლოდ, ასეთ შემთხვევაში კონკურენტ კომპანიებს აღნიშნული ინფორმაციის გაანალიზების შემდეგ მიეცემათ შესაძლებლობა განსაზღვრონ, თუ რომელია შპს „ჯეოსელის“ მიერ აბონენტებისთვის შეთავაზებული წინადადებებიდან უფრო მიმზიდველი და ამ ინფორმაციიდან გამომდინარე იხელმძღვანელონ თავიანთი მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებისას.
შპს „ჯეოსელი“ ასევე აღნიშნავს, რომ ხსენებული ინფორმაცია წარმოადგენს კომერციული ფასეულობის მქონე ინფორმაციას, რომელიც არის შპს „ჯეოსელის“ მხრიდან შესაბამისი კვლევებისა და ანალიზის საფუძველზე შექმნილი ინტელექტუალური შემოქმედების ნაყოფი და რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.
კომისიამ განიხილა შპს „ჯეოსელის“ 2014 წლის 21 ივლისის განცხადება №2/213-14 (კომისიაში რეგისტრაციის №6/4784-14) კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე და აღნიშნავს შემდეგს:
1. კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში გათვალისწინებულია შემდეგი სახის ინფორმაცია:
ა) ფორმა 2.4-ში (სატარიფო გეგმები - ივსება ყოველთვიურად):
1. ბრენდი (მაგთი, ბალი, ბანი, ჯეოსელი (577), ლაი-ლაი, ბილაინი);
2. გადახდის ტიპი (შემდგომი ან წინასწარი);
3. სატარიფო გეგმა (სატარიფო გეგმის დასახელების აბრევიატურა);
4. აბონენტები (სატარიფო გეგმაში ჩართული აბონენტების რაოდენობა);
5. შემოსავალი აქტივაციიდან (სატარიფო გეგმის გააქტიურებისთვის ერთჯერადად გადახდილი თანხით მიღებული შემოსავალი);
6. სააბონენტო შემოსავალი (სატარიფო გეგმით სარგებლობისთვის პერიოდულად გადახდილი თანხებიდან მიღებული შემოსავალი);
7. შემოსავალი (სატარიფო გეგმით მიღებული სრული შემოსავალი (აქტივაციის და სააბონენტო შემოსავლის ჩათვლით, დღგ-ს და აქციზის გარეშე));
8. დღგ;
9. აქციზი;
ბ) ფორმა 2.5 -ში (აქციები - ივსება ყოველთვიურად):
1. ბრენდი (მაგთი, ბალი, ბანი, ჯეოსელი (577), ლაი-ლაი, ბილაინი);
2. გადახდის ტიპი (შემდგომი ან წინასწარი);
3. აქცია (აქციის დასახელების აბრევიატურა);
4. აბონენტები (სატარიფო გეგმაში ჩართული აბონენტების რაოდენობა);
5. შემოსავალი აქტივაციიდან (სატარიფო გეგმის გააქტიურებისთვის ერთჯერადად გადახდილი თანხით მიღებული შემოსავალი);
6. სააბონენტო შემოსავალი (სატარიფო გეგმით სარგებლობისთვის პერიოდულად გადახდილი თანხებიდან მიღებული შემოსავალი);
7. შემოსავალი (სატარიფო გეგმით მიღებული სრული შემოსავალი (აქტივაციის და სააბონენტო შემოსავლის ჩათვლით, დღგ-ს და აქციზის გარეშე));
8. დღგ;
9. აქციზი;
გ) ფორმა 2.7-ში (სატარიფო გეგმების და აქციების მოხმარება - ივსება ყოველთვიურად):
1. ბრენდი (მაგთი, ბალი, ბანი, ჯეოსელი (577), ლაი-ლაი, ბილაინი);
2. გადახდის ტიპი (შემდგომი ან წინასწარი);
3. სატარიფო გეგმა (სატარიფო გეგმის დასახელების აბრევიატურა);
4. აქცია (აქციის დასახელების აბრევიატურა);
5. სერვისი (SMS, MMS, GPRS, სხვა);
6. სატარიფო გეგმაში/აქციაში შემავალი/არა შემავალი (აქციის ფარგლებში - მის ფარგლებს გარეთ მოხმარებული ერთეულების რაოდენობა);
7. აბონენტები (სერვისის მომხმარებელ აბონენტთა რაოდენობა);
8. მოხმარება (სერვისის მოხმარება);
9. შემოსავალი;
10. დღგ;
11. აქციზი;
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას;
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური.
4. კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ ვებგვერდზე ინტერნეტში განათავსოს ინფორმაცია მომხმარებლებისთვის შეთავაზებული მომსახურების პირობების, მათ შორის, მომსახურების პაკეტების და მომსახურების ტარიფების თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის მიერ აბონენტებისთვის შეთავაზებული მომსახურების, კერძოდ მომხმარებლებისთვის შეთავაზებული მომსახურების პირობების, მათ შორის, მომსახურების პაკეტების და მომსახურების ტარიფების თაობაზე ინფორმაციის გასაჯაროების ვალდებულება ავტორიზებულ პირებს დაკისრებული აქვთ როგორც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტით“. ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულებებიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ კომისია მოკლებულია შესაძლებლობას სრულად დააკმაყოფილოს შპს „ჯეოსელის“ მოთხოვნა, კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების: 2.4 (სატარიფო გეგმები), 2.5 (აქციები) და 2.7 (სატარიფო გეგმების და აქციების მოხმარება) კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე. ამავე დროს, კომისია განმარტავს, რომ ვინაიდან შპს „ჯეოსელის“ მიერ შევსებული და კომისიაში წარმოდგენილი ზემოაღნიშნული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები შეიცავს ასევე ინფორმაციას შპს „ჯეოსელის“ აბონენტების ოდენობების შესახებ კომპანიის მიერ აბონენტებისთვის შეთავაზებული კონკრეტული სატარიფო გეგმების, პაკეტებისა თუ აქციების ჭრილში, ასევე ინფორმაციას აღნიშნული სატარიფო გეგმების, აქციებისა და პაკეტების ჭრილში მოხმარებული ტრაფიკის, შემოსავლებისა და გადასახადების თაობაზე, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, რომ ამ ნაწილში დაკმაყოფილდეს შპს „ჯეოსელის“ მოთხოვნა, ვინაიდან კომისიის აზრით, აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს კომერციულ საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რადგან ამ მონაცემების ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია კონკურენტი კომპანიების მიერ განისაზღვროს, თუ ავტორიზებული პირის - შპს „ჯეოსელის“ მიერ შექმნილი რომელი კომერციული პროდუქტი (პაკეტი, სატარიფო გეგმა, აქცია) აღმოჩნდა ბაზრისთვის და შესაბამისად აბონენტებისთვის უფრო მიმზიდველი, აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნებამ კი კომისიის აზრით შესაძლოა ზიანი მიაყენოს შპს „ჯეოსელის“ კონკურენტუნარიანობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შპს „ჯეოსელის“ მოთხოვნა და კომერციულ საიდუმლოებად უნდა იქნას ცნობილი კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების:
1. ფორმა 2.4 (სატარიფო გეგმები) აბონენტებისთვის შეთავაზებული სატარიფო გეგმების მიხედვით აბონენტების, შემოსავლებისა (მათ შორის: შემოსავალი აქტივაციიდან და სააბონენტო შემოსავალი) და გადასახადების (დღგ და აქციზი) ოდენობების ჭრილში.
2. ფორმა 2.5 (აქციები) აბონენტებისთვის შეთავაზებული აქციების მიხედვით აბონენტების, შემოსავლებისა (მათ შორის: შემოსავალი აქტივაციიდან და სააბონენტო შემოსავალი) და გადასახადების (დღგ და აქციზი) ოდენობების ჭრილში.
3. ფორმა 2.7 (სატარიფო გეგმების და აქციების მოხმარება) აბონენტებისთვის შეთავაზებული სატარიფო გეგმებისა და აქციების მიხედვით აბონენტების, ტრაფიკის (მოხმარება) შემოსავლებისა და გადასახადების (დღგ და აქციზი) ოდენობების ჭრილში.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ჯეოსელის“ 2014 წლის 21 ივლისის №2/213-14 (კომისიაში რეგისტრაციის №6/4784-14) განცხადება დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და კომერციულ საიდუმლოებად იქნას ცნობილი კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების:
ა) ფორმა 2.4 (სატარიფო გეგმები) აბონენტებისთვის შეთავაზებული სატარიფო გეგმების მიხედვით აბონენტების, შემოსავლებისა (მათ შორის: შემოსავალი აქტივაციიდან და სააბონენტო შემოსავალი) და გადასახადების (დღგ და აქციზი) ოდენობების ჭრილში;
ბ) ფორმა 2.5 (აქციები) აბონენტებისთვის შეთავაზებული აქციების მიხედვით აბონენტების, შემოსავლებისა (მათ შორის: შემოსავალი აქტივაციიდან და სააბონენტო შემოსავალი) და გადასახადების (დღგ და აქციზი) ოდენობების ჭრილში;
გ) ფორმა 2.7 (სატარიფო გეგმების და აქციების მოხმარება) აბონენტებისთვის შეთავაზებული სატარიფო გეგმებისა და აქციების მიხედვით აბონენტების, ტრაფიკის (მოხმარება) შემოსავლებისა და გადასახადების (დღგ და აქციზი) ოდენობების ჭრილში;
2. კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში 2.4, 2.5 და 2.7-ში წარმოდგენილი ინფორმაცია ნებისმიერ სხვა ჭრილში ცნობილ იქნას ღიად ამ გადაწყვეტილების შპს „ჯეოსელისთვის“ ჩაბარებიდან 15 დღის შემდეგ, თუ შპს „ჯეოსელმა“ აღნიშნულ ვადაში არ გაასაჩივრა სასამართლოში ინფორმაციის ღიაობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომისიას;
3. ინფორმაცია შპს „ჯეოსელის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „ჯეოსელის“ მიერ ინფორმაციის გასაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ჯეოსელისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „ჯეოსელისთვის“ ჩაბარების დღიდან.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N6) ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ინფორმაციულ–ანალიტიკურ დეპარტამენტს (რ. სხირტლაძე).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
კომისიის წევრი კახი ბექაური
