შპს „დელტა-კომმის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 03, 2014 15:31
მიღების თარიღი აგვისტო 07, 2014
შპს „დელტა-კომმის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2014 წლის 21 მარტს შპს „დელტა-კომმა“ განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/1616-14) მიმართა კომისიას, კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი რიგი სტატისტიკური ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში შპს „დელტა–კომმი“ განმარტავს, რომ შპს „დელტა–კომმი“ ყოველთვიურად ავსებს კომისიის მიერ მოთხოვნილ სტატისტიკურ მონაცემებს. კომპანია ითხოვს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 5.4–ში (საბითუმო ინტერნეტის შეძენა/გაყიდვა) კომპანიის მიერ წარმოდგენილი სრული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობას, რადგან შპს „დელტა–კომმს“ მიაჩნია, რომ აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიას და მის კონკურენტუნარიანობას.
კომისიამ განიხილა შპს „დელტა-კომმის“ 2014 წლის 21 მარტის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №6/1616-14) კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე და აღნიშნავს შემდეგს:
1. კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 5.4-ში გათვალისწინებულია შემდეგი სახის ინფორმაცია:
ა) ფორმა 5.4-ში (საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა - ივსება ყოველთვიურად):
1. შესყიდვა/გაყიდვა;
2. კონტრაჰენტი ოპერატორი (კომპანია, ვისგანაც მოხდა ინტერნეტის შესყიდვა ბითუმად ან კომპანია, ვისაც მიეწოდა ინტერნეტი ბითუმად);
3. რეზიდენტი/არარეზიდენტი (კონტრაჰენტი კომპანია რეზიდენტია თუ არარეზიდენტი);
4. დასახლებული პუნქტი;
5. ჩამოტვირთვის სიჩქარე (მბ) (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჩამოტვირთვის სიჩქარე);
6. ატვირთვის სიჩქარე (მბ) (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ატვირთვის სიჩქარე);
7. ტექნოლოგია (CDMA, Fiber, Wi-Fi და ა.შ.);
8. მომსახურების სახეობა (გაფართოებული ურთიერთჩართვა, მხოლოდ (საქართველოს) ლოკალურ ქსელებში წვდომა, მხოლოდ გლობალურ ინტერნეტში წვდომა, ლოკალური და გლობალური ინტერნეტი);
9. შემოსავალი/ხარჯი (გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი/ხარჯი (დღგ-ს გარეშე));
10. დღგ.
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას;
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია მოკლებულია შესაძლებლობას სრულად დააკმაყოფილოს შპს „დელტა-კომმის“ მოთხოვნა, კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმის 5.4 (საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა) მთლიანად კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე, მათ შორის გაფართოებული ურთიერთჩართვის მომსახურებასთან დაკავშირებული, ფორმა 5.4-ში აღნიშნული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის ნაწილში. ამავე დროს, კომისია განმარტავს, რომ ვინაიდან შპს „დელტა-კომმის“ მიერ შევსებული და კომისიაში წარმოდგენილი ზემოაღნიშნული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა შეიცავს ასევე ინფორმაციას შპს „დელტა-კომმის“ შემოსავლების ოდენობების შესახებ კონტრაჰენტი ოპერატორების ჭრილში, ასევე ინფორმაციას აღნიშნული კონტრაჰენტი ოპერატორების ჭრილში გადასახადების თაობაზე, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, რომ ამ ნაწილში დაკმაყოფილდეს შპს „დელტა-კომმის“ მოთხოვნა (გარდა გაფართოებული ურთიერთჩართვის მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციისა), ვინაიდან კომისიის აზრით, აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს კომერციულ საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რადგან ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფინანსური ანგარიშსწორების თაობაზე ინფორმაციის გამჟღავნებამ კომისიის აზრით შესაძლოა ზიანი მიაყენოს შპს „დელტა-კომმის“ კონკურენტუნარიანობას, ამასთანავე კომისიის აზრით, გაფართოებული ურთიერთჩართვის ტარიფი არ შეიძლება იყოს კომერციული საიდუმლოება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შპს „დელტა-კომმის“ მოთხოვნა და კომერციულ საიდუმლოებად უნდა იქნას ცნობილი ინფორმაცია კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 5.4 (საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა) კონტრაჰენტი ოპერატორების მიხედვით შემოსავლებისა და გადასახადების (დღგ) ოდენობების შესახებ (გარდა გაფართოებული ურთიერთჩართვის მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციისა).
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „დელტა-კომმის“ 2014 წლის 21 მარტის (კომისიაში რეგისტრაციის №6/1616-14) განცხადება დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და კომერციულ საიდუმლოებად იქნას ცნობილი კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 5.4 (საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა) კონტრაჰენტი ოპერატორების მიხედვით შეთავაზებული შემოსავლებისა და გადასახადების (დღგ) ოდენობების შესახებ (გარდა გაფართოებული ურთიერთჩართვის მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციისა).
2. კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების 5.4 ფორმაში წარმოდგენილი ინფორმაცია ნებისმიერ სხვა ჭრილში ცნობილ იქნას ღიად ამ გადაწყვეტილების შპს „დელტა-კომმისთვის“ ჩაბარებიდან 15 დღის შემდეგ, თუ შპს „დელტა-კომმა“ აღნიშნულ ვადაში არ გაასაჩივრა სასამართლოში ინფორმაციის ღიაობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომისიას;
3. ინფორმაცია შპს „დელტა-კომმის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „დელტა-კომმის“ მიერ ინფორმაციის გასაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „დელტა-კომმისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „დელტა-კომმისთვის“ ჩაბარების დღიდან.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N6) ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ინფორმაციულ–ანალიტიკურ დეპარტამენტს (რ. სხირტლაძე).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
კომისიის წევრი კახი ბექაური
