შპს „ივერია ინტერმედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 18, 2014
მიღების თარიღი იანვარი 28, 2014
შპს „ივერია ინტერმედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისის ფუნქციას წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი.
კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 13 დეკემბერს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2013 წლის 3 დეკემბრის N10/1619-13 სამსახურებრივი ბარათი, რომლის შესაბამისად ირკვევა, რომ კომისიაში 2013 წლის 01 და 22 ოქტომბერს შემოსულია შპს „არტ რადიოს“ განცხადებები (კომისიაში რეგისტრაციის N6/5540–13; N66130–13), რომლითაც კომპანია ითხოვს რიგი მაუწყებლების მიერ (მათ შორის შპს „ივერია ინტერმედიას“) სამაუწყებლო ბადეში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიწოდებას, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაციას კომისიის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ.
შპს „ივერია ინტერმედიას“ კომისიის 2013 წლის 15 ნოემბრის N04/2417-13 წერილით ეცნობა კომისიაში შემოსული განცხადებების შესახებ და ეთხოვა კომისიაში დასაბუთებული შეპასუხების (მათ შორის სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის) წარმოდგენა, რაც კომპანიის მიერ განხორციელდა 2013 წლის 29 ნოემბერს (კომისიაში რეგისტრაციის N6/6891–13). კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2013 წლის 03 დეკემბრის N10/1619 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „ივერია ინტერმედიას“ 2013 წლის 03, 04, 05, 06 და 07 ოქტომბრის სამაუწყებლო ბადის მონიტორინგის შედეგად გამოირკვა, რომ შპს „ივერია ინტერმედია“ საკუთარ სამაუწყებლო ბადეში კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე ანთავსებს შემდეგ მხატვრულ და ანიმაციურ ფილმებს: “The Babysitters” (,,Twin Sitters“), “The Princess and the Frog”, “Mrs. Doubtfire”, “Hercules”, “Charlotte’s Web”, “The Road to Eldorado”, “Happy Feet”, “The Rat Race”, „Tangled”, “Batteries not included” და სერიალს “The 10th Kingdom”.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „ივერია ინტერმედიას“ მიერ სამსახურებრივ ბარათში აღნიშნული მხატვრული ფილმების საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენება ხორციელდება არამართლზომიერად და მოითხოვა შესაბამისი რეაგირება.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის დეპარტამენტის 2013 წლის 03 დეკემბრის N10/1619 სამსახურებრივ ბარათს დართული აქვს შპს ,,ივერია ინტერმედიას“ 2013 წლის 29 ნოემბრის N6/6891-13 განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს ,,არტ რადიოს“ განცხადებაში მითითებულ ფილმებზე შპს ,,ივერია ინტერმედიას“ საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ გააჩნია. შპს ,,ივერია ინტერმედიას“ ზემოაღნიშნულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გაუგებარია, თუ რამ გამოიწვია შპს ,,არტ რადიოს“ მხრიდან ,,ენკი-ბენკის“ (შპს ,,ივერია ინტერმედიას“ ბრენდული სახელწოდება) ეთერით დაინტერესება, მითუმეტეს, რომ შპს ,,არტ რადიოს“ ინტერესებს ზიანი არ ადგება, ხოლო ამ ფილმების მწარმოელ კომპანიებს, რომლებიც ფლობენ საავტორო უფლებებს მათზე პრეტენზია არ გამოუთქვამთ.
შპს ,,ივერია ინტერმედიას“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამაუწყებლო ლიცენზიიდან გამომდინარე, კომპანია ვალდებულია გარკვეული შეზღუდვები გაითვალისწინოს, რის გამოც აქვს საკმაოდ მწირი სარეკლამო შემოსავალი, გარდა ამისა, ,,ენკი-ბენკის“ მრავალრიცხოვანი და ყველაზე ერთგული მაყურებელი ჰყავს; მას უყურებენ საქართველოს ყველა ოჯახში, სადაც ერთი ბავშვი მაინც იზრდება, ასევე ქართული ემიგრაციის მოზარდებისათვის ,,ენკი ბენკი“ ერთადერთი ქართულენოვანი საბავშვო ტელეარხია, რომელიც მშობლიურ ენასთან, ისტორიასა და კულტურასთან ზიარების საშუალებას იძლევა. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ტელეკომპანია თანამშრომლობს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან დიასპორის საკითხებში (უახლოეს დღეებში გაფორმდება შესაბამისი მემორანდუმი) ვინაიდან, კომპანიის პრიორიტეტს წარმოადგენს შემეცნებით-საგანმანათლებლო მიმართულება. შპს ,,ივერია ინტერმედიას“ ზემოაღნიშნულ წერილში აღნიშნულია, რომ მსგავსი კონცეფციის საბავშვო მაუწყებლის არსებობა პრიორიტეტული უნდა იყოს სახელმწიფოსათვის, რომელიც 21-ე საუკუნის მსოფლიოში ინტეგრირებას საკუთარი კულტურულ-ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებით აპირებს. ეს კი შეუძლებელია მომავალი თაობის სწორი იდეოლოგიური აღზრდის გარეშე, რისთვისაც ტელევიზია ყველაზე ეფექტური და უალტერნატივო საშუალებაა გლობალიზაციისა და ტექნოლოგიური რევოლუციების ასწლეულში.
შპს ,,ივერია ინტერმედიას“ ზემოაღნიშნულ წერილში ასევე აღნიშნულია, ის ფაქტი, რომ რამოდენიმე დღეა, რაც სამაუწყებლო ბადიდან ამოღებულია მხატვრული და ანიმაციური ფილმები, რამაც მაყურებლის აღშფოთება გამოიწვია. წერილის დასასრულს შპს ,,ივერია ინტერმედია“ იმედოვნებს, რომ ამ კონკრეტულ სიტუაციაში გამოინახება პრობლემის მოგვარების გზები, რაც საშუალებას მისცემს მაუწყებელს, შეუნარჩუნოს ბავშვებს ერთადერთი ქართულენოვანი საბავშვო ტელევიზია.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2013 წლის 03 დეკემბრის N10/1619 სამსახურებრივ ბარათს, თან ერთვის მონიტორინგის ჩატარების ამსახველი ვიდეომასალა დატანილი ორ CD-ზე.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათისა და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2014 წლის 16 იანვარს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ივერია ინტერმედიასათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; საკითხის განხილვა დაინიშნა 2014 წლის 28 იანვარს 16:00 საათზე; აღნიშნულის თაობაზე შპს „ივერია ინტერმედიას“ ეცნობა შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად; მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2014 წლის 28 იანვრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „ივერია ინტერმედიას“ დირექტორი ლელა ასლანიკაშვილი, რომელმაც დაადასტურა, რომ იმ პროდუქციაზე, რომელიც მონიტორიგის შედეგად გამოვლინდა, შპს ,,ივერია ინტერმედიას“ არ გააჩნია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შესაბამისად, აღნიშნული მხატვრული და ანიმაციური ფილმები ამოღებული იქნა სამაუწყებლო ბადიდან. კომპანიის დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ კომპანიამ დაიწყო შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება და ნებართვების აღება როგორც ქართულ, ისე უცხოურ პროდუქციაზე და ამ მხრივ, შპს ,,ივერია ინტერმედიას“, როგორც საბავშვო ტელევიზიას, გარკვეული შეღავათები აქვს უფლებათა მფლობელებისგან.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი 03.12.2013 N10/1619-13;
2. შპს „არტ რადიოს“ 01.10.2013 N6/5540–13 და 22.01.2013 N6/6130–13 განცხადებები;
3. შპს „ივერია ინტერმედიას“ 2013 წლის 29 ნოემბრის N6/6891–13 განცხადება;
4. შპს ,,ივერია ინტერმედიას“ სამაუწყებლო ბადის მონიტორინგის ამსახველი ვიდეო მასალა - 2 CD;
5. შპს „ივერია ინტერმედიას“ დირექტორის ლელა ასლანიკაშვილის მიერ 2014 წლის 28 იანვრის კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტება.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს ,,ივერია ინტერმედიას“ 2012 წლის 11 ივლისს გავლილი აქვს ავტორიზაცია სპეციალიზებულ ტელემაუწყებლობაზე, თემატიკა - საბავშვო;
2. შპს ,,არტ რადიოს“ მომართვის საფუძველზე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შპს „ივერია ინტერმედიას“ 2013 წლის 03, 04, 05, 06 და 07 ოქტომბრის სამაუწყებლო ბადის მონიტორინგის შედეგად გამოირკვა, რომ შპს „ივერია ინტერმედია“ საკუთარ სამაუწყებლო ბადეში, აღნიშნული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე, ანთავსებს შემდეგ მხატვრულ და ანიმაციურ ფილმებს: “The Babysitters” (,,Twin Sitters“), “The Princess and the Frog”, “Mrs. Doubtfire”, “Hercules”, “Charlotte’s Web”, “The Road to Eldorado”, “Happy Feet”, “The Rat Race”, „Tangled”, “Batteries not included” და სერიალს “The 10th Kingdom”, რაც დასტურდება შპს ,,ივერია ინტერმედიას“ სამაუწყებლო ბადის მონიტორინგის ამსახველი ვიდეო მასალით;
3. შპს ,,ივერია ინტერმედიას“ უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე;
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
1. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
2. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით), ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) მიერთებით, საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
3. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლებისა და „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის მნიშვნელოვანია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები.
4. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესებთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
5. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ჟ) პუნქტის შესაბამისად, საჯარო გადაცემა განმარტებულია, როგორც ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნეს მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;
6. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. კერძოდ, ავტორი, ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს ლიცენზიატს ნაწარმოების გამოყენების უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით;
7. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის შესაბამისად, სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით;
8. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებული საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევა იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად;
9. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტის შესაბამისად, საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
10. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაუწყებლის მიერ კომისიისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები;
11. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია, კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.
12. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა;
13. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს და განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად;
კომისია აღნიშნავს, რომ მისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია საბავშვო ტელევიზიის მრავალფეროვნება და განვითარება, თუმცა, როცა საკითხი ეხება კანონით დაცულ სიკეთეს, ამ შემთხვევაში საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვას, კომისია არ არის უფლებამოსილი გამიჯნოს სპეციალიზებული (საბავშვო) მაუწყებელი, საერთო მაუწყებლისაგან და განსხვავებული პირობები დაუდგინოს. კანონის დაცვის კუთხით კომისიისათვის ყველა მაუწყებელი თანასაწორია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ივერია ინტერმედია“ მხატვრულ და ანიმაციურ ფილმებს: “The Babysitters” (Twin Sitters), “The Princess and the Frog”, “Mrs. Doubtfire”, “Hercules”, “Charlotte’s Web”, “The Road to Eldorado”, “Happy Feet”, “The Rat Race”, „Tangled”, “Batteries not included” და სერიალს “The 10th Kingdom”, სამაუწყებლო ბადეში ანთავსებდა არამართლზომიერად და ვინაიდან, უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე, მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას წერილობითი გაფრთხილება;
კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს ,,ივერია ინტერმედიას“ უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგი მხატვრული და ანიმაციური ფილმების: “The Babysitters” (Twin Sitters), “The Princess and the Frog”, “Mrs. Doubtfire”, “Hercules”, “Charlotte’s Web”, “The Road to Eldorado”, “Happy Feet”, “The Rat Race”, „Tangled”, “Batteries not included” და სერიალის “The 10th Kingdom”, არამართლზომიერი განთავსება სამაუწყებლო ბადეში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების“ მე-8 მუხლი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და ი) ქვეპუნქტების, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტების, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 42-ე და 58-ე მუხლების, და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კერჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „ივერია ინტერმედიას“ მიეცეს გაფრთხილება, ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების დარღვევის გამო;
2. შპს „ივერია ინტერმედიას“ აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე მხატვრული და ანიმაციური ფილმების: “The Babysitters” (Twin Sitters), “The Princess and the Frog”, “Mrs. Doubtfire”, “Hercules”, “Charlotte’s Web”, “The Road to Eldorado”, “Happy Feet”, “The Rat Race”, „Tangled”, “Batteries not included” და სერიალს “The 10th Kingdom” არამართლზომიერი განთავსება სამაუწყებლო ბადეში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.ხუხუნაიშვილი) წინამდებარე გადაწყვეტილებით დაკისრებული სანქციის თაობაზე უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შესაბამისი მონაცემების შეტანა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ. ნინუა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ივერია ინტერმედიასათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ივერია ინტერმედიასათვის“ ჩაბარების დღიდან;
7. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
8. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-4 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
კომისიის წევრი კახი ბექაური
