წვდომის მენიუ

შპს ,,ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 453 / 18

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 26, 2014 11:17

მიღების თარიღი აგვისტო 07, 2014

 

შპს ,,ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 16 ივლისს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 16 ივლისის  N10/1149-14 სამსახურებრივი ბარათი და ამავე სამსახურში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ შპს ,,ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის“ მიმართ 2014 წლის 25 ივნისს შედგენილი შემოწმების აქტი N30  თანდართული მასალებით (შემოწმების ჩატარების ამსახველი ჩანაწერი CD-ზე, კომისიის 14.01.13 N04/80-13 წერილი და აღნიშნული წერილის შპს ,,ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის“ მიერ ჩაბარების დამადასტურებელი საფოსტო ქვითარი, შპს ,,ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების ასლები). როგორც კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 16 ივლისის  N10/1149-14 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, 2014 წლის 25 ივნისს, შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბი“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: ”Travel”,“Русский Роман”, “HTB”, “Домашний”, “Россия К”, “History”, “Охота и рыбалка”, „კომედი არხი“, “ობიექტივი“, „Шансон“, “საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, “TV3”(რუსული), “RTR Планета”, ”TV11”, “РЕН ТВ”,“TV3”, „რუსთავი 2“, „Индия ТВ“, “Перец”, „მაესტრო“,“ORT”, „ერთსულოვნება“, ”Nicelodeon”, “GDS”, „მეცხრე ტალღა“, „იმედი“, “RTVi”. ზემოაღნიშნული არხებიდან შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბს“ კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები: „რუსთავი 2“, „იმედი“, “Домашний”, “History”,  „კომედი არხი“,  „ობიექტივი“, “TV3”(რუსული), “Перец”, “ORT”, “Охота и рыбалка”, „Шансон ТВ”, “RTVi”, “Nicelodeon”, “Русский Роман”, “HTB”, შესაბამისად, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ აღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ 2014 წლის 25 ივნისს შედგენილ შემოწმების აქტში N30 შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის“ დირექტორის - ვახტანგ ხაინდრავას მიერ გაკეთებულ ახსნა-განმარტებაში აღნიშნულია, რომ საკუთარი საკაბელო ქსელით გადასცემს და არა აქვს შესაბამისი ხელშეკრულებები შემდეგ სამაუწყებლო არხებზე: „HTB“, „Русский Роман“, „TV3“, „Перец“, „Домашний“.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 27 თებერვლის №04/462-12 და 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილებით, შპს  ,,ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბს”, როგორც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, დავალებული ჰქონდა, მის მიერ მომხმარებლებისათვის შეთავაზებულ პაკეტებსა და საკაბელო ქსელებით გავრცელებული ყველა სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები ან სანებართვო წერილები) კომისიაში წარმოდგენა პრაქტიკული საქმიანობის დაწყებამდე ან/და აღნიშნული არხების პაკეტში ჩასმამდე.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (24.05.13 N10/509-13) საფუძველზე, კომისიაში   ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს  „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე,  ხოლო საკითხის განხილვა  დაინიშნა 2014 წლის 24 ივლისს  16:00 საათზე;  აღნიშნულის თაობაზე  შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბს“ ეცნობა შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისიის 2014 წლის 24 ივლისის სხდომა არ შედგა კვორუმის არარსებობის გამო. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა;  2014 წლის 24 ივლისის სხდომას ესწრებოდა მხოლოდ კომისიის 2 წევრი (ა. სიხარულიძე და ი. მოსეშვილი). კომისიის პირველივე შეკრებისთანავე, 2014 წლის 28 ივლისის სხდომაზე, ზემოაღნიშნული საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2014 წლის 7 აგვისტო 16:00 საათი, რის  შესახებაც  შეტყობინებით ეცნობა შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბს“ ( ჩაბარების თარიღი:01.08.2014; ჩაიბარა: მზია კვეკვეციამ).

2014 წლის 7 აგვისტოს კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის“ დირექტორი ვახტანგ ხაინდრავა, რომელმაც განაცხადა, რომ საკუთარი საკაბელო ქსელით გადასცემს და არა აქვს შესაბამისი ხელშეკრულებები მხოლოდ შემდეგ სამაუწყებლო არხებზე: „HTB“, „Русский Роман“, „TV3“, „Перец“, „Домашний“, „რუსთავი 2“, ხოლო, რაც შეეხება დანარჩენ არხებს, აღნიშნა, რომ აქვს შესაბამისი ხელშეკრულებები, თუმცა მან კომისიას არ წარმოუდგინა ზემოაღნიშნული ხელშეკრულებები.

კომისიის მიერ გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და შეფასებული იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.      კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (16.07.14 N10/1149-14);

2.      2014 წლის 25 ივნისის N30 შემოწმების აქტი;

3.      2014 წლის 25 ივნისის შპს ,,ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის“ შემოწმების ამსახველი ვიდეო ჩანაწერი (1 CD);

4.      კომისიის 2012 წლის 27 თებერვლის №04/462-12 წერილი და ამ წერილის შპს ,,ფოთის ტელევიზიის მოყვარულმთა კლუბისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი: N820 );

5.      კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილი და ამ წერილის შპს ,,ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი - საფოსტო ქვითარი N010003903716;

6.      შპს ,,ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის“ დირექტორის ვახტანგ ხაინდრავას ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2014 წლის 7 აგვისტოს კომისიის სხდომაზე;

7.      შპს ,,ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის“ მიერ  კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების ასლები;

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.         შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბი“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 01.02.2010, ავტორიზებული საქმიანობის სახე - მაუწყებლობის ტრანზიტი; ადგილობრივი დაშვების ქსელითა და/ან ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა);

2.         კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ  პირთა მიერ, 2014 წლის 25 ივნისს, 12:00 საათზე განხორციელდა შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის“  შემოწმება კომპანიის ოფისში, მისამართზე ქ. ფოთი, აღმაშენებლის ქ. N10; აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი N30. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლები: იოსებ ბაღაშვილი და  ზურაბ კვირკველია, შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე, კომპანიის დირექტორი ვახტანგ ხაინდრავა;

3.         შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბი“ საკუთარი საკაბელო ქსელით არამართლზომიერად ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „რუსთავი 2“, „იმედი“, “Домашний”, “History”, „კომედი არხი“, „ობიექტივი“, “TV3” (რუსული), “Перец”, “ORT”, “Охота и рыбалка”, „Шансон ТВ”, “RTVi”, “Nicelodeon”, “Русский Роман”, “HTB”;

4.         2012 წლის 27 თებერვლის №04/462-12 წერილით (შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბს“ ჩაბარდა 07.03.2012.) მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბს“ ეცნობა და განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე ან რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ - ყოველთვიურად, სამაუწყებლო ბადის დართვით, მომდევნო 30 დღეზე;

5.         ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის თაობაზე შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბს“  ასევე ეცნობა კომისიის  2013 წლის  14 იანვრის №04/80-13 წერილით (შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბს“ ჩაბარდა 16.01.2013.). ამავე წერილით მას განემარტა, რომ თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/ კომპანიის ნებართვის წერილის წარმოდგენა (Permission Letter), რომელშიც აღნიშნული იქნება ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართვლოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ; ასევე, განემარტა მის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტებში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება კომპანიის მიერ შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე;

6.         კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 25 ივნისის №30 შემოწმების აქტი შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;

7.          შემოწმების შედეგების სისწორე დასტურდება 2014 წლის 25 ივნისის №30 შემოწმების აქტით და აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით (1 CD);

8.         შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბს“ უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

1.         „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;

2.         „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;

3.         „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება). „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;

4.         „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას; „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;  

5.         „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;

6.         „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ი1) ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;

7.         ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქრთველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

კომისიას მიაჩნია, რომ  სამაუწყებლო არხების: „რუსთავი 2“, „იმედი“, “Домашний”, “History”,  „კომედი არხი“,  „ობიექტივი“, “TV3”(რუსული), “Перец”, “ORT”, “Охота и рыбалка”, „Шансон ТВ”, “RTVi”, “Nicelodeon”, “Русский Роман”, “HTB”  შესაბამისი ხელშეკრულებების  გარეშე უცველელი სახით გადაცემით, შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის“  მიერ, დაირღვა  ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი,  ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის   ბ) ქვეპუნქტი.

ვინაიდან, შპს ,,ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის ზემოაღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.

კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს ,,ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბს“, ამავდროულად, უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: „რუსთავი 2“, „იმედი“, “Домашний”, “History”,  „კომედი არხი“,  „ობიექტივი“, “TV3”(რუსული), “Перец”, “ORT”, “Охота и рыбалка”, „Шансон ТВ”, “RTVi”, “Nicelodeon”, “Русский Роман”, “HTB”, არამართლზომიერი გადაცემა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის, 43-ე, 44-ე და 45-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის,  ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.         შპს ,,ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბს“ მიეცეს გაფრთხილება, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, ისმო-ს  „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების,  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის   ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;

2.         შპს ,,ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბმა“ უზრუნველყოს შემდეგი სატელევიზიო არხების: „რუსთავი 2“, „იმედი“, “Домашний”, “History”,  „კომედი არხი“,  „ობიექტივი“, “TV3”   (რუსული), “Перец”, “ORT”, “Охота и рыбалка”, „Шансон ТВ”, “RTVi”, “Nicelodeon”, “Русский Роман”, “HTB” საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;

3.         დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4.         დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს ,,ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5.         გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

6.         გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს  ,,ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბისათვის“ ჩაბარების დღიდან;

7.         კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

8.         კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3 და მე-7  პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს    (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                               ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                               აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                               სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                               ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                               კახი ბექაური

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები