წვდომის მენიუ

შპს ,,ტელეკომპანია დიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ

ნომერი: 455 / 18

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 03, 2014 15:40

მიღების თარიღი აგვისტო 07, 2014

              შპს ,,ტელეკომპანია დიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) პუნქტის თანახმად,  კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის ან/და ავტორიზებული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის) ან სალიცენზიო/სანებართვო ან/და ავტორიზაციის პირობების დარღვევაზე, ან პირის მიერ ულიცენზიოდ/უნებართვოდ, ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა;

კომისია აღნიშნავს, რომ  2014 წლის 16 ივლისს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 16 ივლისის  №10/1152-14 სამსახურებრივი ბარათი და ამავე სამსახურში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ 2014 წლის  23 ივნისს, შპს ,,ტელეკომპანია დიას“ მიმართ შედგენილი შემოწმების აქტი №25  თანდართული მასალით (2014 წლის 23 ივნისის შპს ,,ტელეკომპანია დიას“ შემოწმების აუდიო-ვიზუალური ჩანაწერი -1 CD, შემოწმების დამსწრე მოწმის პირადობის მოწმობის ასლი). კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათს, ასევე დართული აქვს კომისიის 2013 წლის 14 იანვრის №04/80-13  წერილი და აღნიშნული წერილის შპს ,,ტელეკომპანია დიასთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 16 ივლისის  №10/1152-14 სამსახურებრივი ბარათისა და შპს ,,ტელეკომპანია დიას“ მიმართ 2014 წლის 23 ივნისს შედგენილი №25 შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ 2014 წლის 23 ივნისს, კომისიის აპარატის მაუწყებლობის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ განხორციელდა შპს ,,ტელეკომპანია დიას“ შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. აღნიშნული შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ 2014 წლის 23 ივნისს, შპს ,,ტელეკომპანია დია“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახორციელებდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „თრიალეთი“, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „ერთსულოვნება“, „აჭარა“, ,,GDS”, „მაესტრო“, „ენკი-ბენკი“,,,TV 11”, „Setanta Sport“, ,,TV 3”, ,,იმედი”, „დია“, „რუსთავი 2“, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, ,,GMG-კინოგურმანი“,  „კომედი არხი“, ,,GMG-ფეხბურთი”, ,,GMG-სპორტი”, ,,GMG-ჰოლივუდი”, ,,НТВ МИР”, „РТР планета“, „Русский Екстрим“,  ,,ORT”, „Кухня ТВ“, „РЕН ТВ“, „Индия ТВ“, „Иллюзион+“, „РУ ТВ“, „Шансон“, ,,СТС”, ,,Феникс кино”, „TV 1000“, ,,Охота и рыбалка”, ,,Еврокино”, ,,Nature”, ,,ობიექტივი“, ,,History”.   

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს  ,,ტელეკომპანია დია“-ს 2014 წლის 16 ივლისის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: “საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“,“საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „ერთსულოვნება“, „ენკი-ბენკი“, „იმედი“, „რუსთავი 2“, „კომედი არხი“, “НТВ МИР”, „Кухня ТВ“, ,,СТС’’. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს ,,ტელეკომპანია დიას“ მიერ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად. ამასთან, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის ამავე სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიამ ჯერ კიდევ 2013 წლის 14 იანვარს წერილობით მიმართა შპს ,,ტელეკომპანია დიას“ და მოსთხოვა სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ტრანზიტის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა.

            კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (16.07.2014; №10/1152-14) საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლის მე–14 პუნქტის შესაბამისად, 2014 წლის 21 ივლისს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ტელეკომპანია დიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2014 წლის 24 ივლისს, 16.00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე შპს ,,ტელეკომპანია დიას“ ეცნობა შეტყობინებით, რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

            კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარატამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 6 აგვისტოს №10/1277-14 სამსახურებრივი ბარათი, საიდანაც ირკვევა, რომ შპს ,,ტელეკომპანია დიამ“ 2014 წლის 25 ივნისის №6/4247-14 წერილით კომისიაში წარმოადგინა სამაუწყებლო არხების: ,,Кухня ТВ“ და ,,НТВ МИР“ ტრანზიტის სანებართვო წერილი გაცემული შპს ,,ტვმედიანეტის“ მიერ 2014 წლის 12 ივნისს (მოქმედების ვადა: 12.06.2014 – 30.06.2014). კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 6 აგვისტოს №10/1277-14 სამსახურებრივი ბარათს ასევე ერთვის შპს ,,ტელეკომპანია დიას“ 2013 წლის 18 ოქტომბრის №6/6028-13 წერილი, რომლითაც კომპანიამ კომისიაში წარმოადგინა კომპანია ,,ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედთან“ 2013 წლის პირველ სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება რიგი სამაუწყებლო არხების, მათ შორის სამაუწყებლო არხ ,,СТС“-ის რეტრანსლირების უფლების გადაცემის თაობაზე.

            კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 24 ივლისის კომისიის სხდომა ვერ ჩატარდა კვორუმის არ არსებობის გამო, შესაბამისად, საკითხის განხილვა დაინიშნა 2014 წლის 7 აგვისტოს, რის თაობაზეც შპს ,,ტელეკომპანია დიას“ ეცნობა კომისიის 2014 წლის 31 ივლისის №03/1588-14 შეტყობინებით. შპს ,,ტელეკომპანია დიას“ კომისიის 2014 წლის №03/1588-14 შეტყობინება ჩაბარდა 2014 წლის პირველ აგვისტოს მისამართზე: ქ. გორი, ბაგრატიონის 46, რაც დასტურდება შპს ,,საქართველოს ფოსტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით. (გზავნილის კოდი: 040013797872; შეტყობინება ჩაბარდა შპს ტელეკომპანია დიას“ ოფის მენეჯერს ვ. მიდელაშვილს ; პირადი ნომერი: 59001015472).

            კომისიის 2014 წლის 7 აგვისტოს სხდომას შპს ,,ტელეკომპანია დიას” წარმომადგენელი არ ესწრებოდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. გამომდინარე იქიდან, რომ შპს ,,ტელეკომპანია დიას“ შეტყობინება (№03/1588-14; 31.07.2014) ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, 2014 წლის პირველ აგვისტოს და ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ უზრუნველყო დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, კომისიამ მიიჩნია, რომ უფლებამოსილი იყო განეხილა შპს ,,ტელეკომპანია დიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლის დაუსწრებლად.

            კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.                  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (16.07.2013; №10/1152-14);

2.                  2014 წლის 23 ივნისის შემოწმების აქტი №25 თანდართული შემოწმების დამსწრე მოწმის პირადობის მოწმობის ასლით და შემოწმების ჩატარების დამადასტურებელი აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით (CD);

3.                  მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს ,,ტელეკომპანია დიას“ შესახებ მონაცემები;

4.                  კომისიის 2012 წლის 27 თებერვლის №04/462–12 წერილი და ამ წერილის შპს ,,ტელეკომპანია დიასთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

5.                  კომისიის 2013 წლის 14 იანვრის №04/80–13 წერილი და ამ წერილის შპს ,,ტელეკომპანია დიასთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

6.                  კომისიის 2014 წლის 31 ივლისის №03/1588-14 შეტყობინება და ამ შეტყობინების შპს ,,ტელეკომპანია დიასთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

7.                  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 6 აგვისტოს №10/1277-14 სამსახურებრივი ბარათი;

8.                  შპს ,,ტელეკომპანია დიას“ 2014 წლის 25 ივნისის №6/4247-14 წერილი თანდართული შპს ,,ტვმედიანეტის“ მიერ 2014 წლის 12 ივნისის სანებართვო წერილით;

9.                  შპს ,,ტელეკომპანია დიას“ 2013 წლის 18 ოქტომბრის №6/6028-13 წერილი თანდართული კომპანია ,,ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედთან“ 2013 წლის პირველ სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.                  კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, შპს ,,ტელეკომპანია დია“ არის ავტორიზებული პირი (კომისიაში ავტორიზაციის თარიღი: 22.12.2011; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: მაუწყებლობის ტრანზიტი; ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა);

2.                  2014 წლის 23 ივნისს, 11.15 საათზე, განხორციელდა შპს ,,ტელეკომპანია დიას“ შემოწმება ქ. გორში, მისამართზე: ბაგრატიონის ქ. №46, შპს ,,ტელეკომპანია დიას“ სათაო ოფისში კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ. შემოწმებას ესწრებოდა მოწმე კახაბერ ბედიანიძე. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი №25. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლები: ზურაბ კვირკველია და იოსებ ბაღაშვილი, შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე, კომპანიის ტექნიკური დირექტორი კახაბერ ბედიანიძე;

3.                  შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ 2014 წლის 23 ივნისს, შპს ,,ტელეკომპანია დია“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახორციელებდა საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას: „თრიალეთი“,“საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „ერთსულოვნება“, „აჭარა“,“GDS”, „მაესტრო“, „ენკი-ბენკი“,”TV 11”, „Setanta Sport“, “TV 3”, “იმედი”, „დია“, „რუსთავი 2“, “საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, “GMG-კინოგურმანი“,  „კომედი არხი“, “GMG-ფეხბურთი”,“GMG-სპორტი”,“GMG-ჰოლივუდი”,  “НТВ МИР”, „РТР планета“, „Русский Екстрим“,  “ORT”, „Кухня Тв“, „РЕН ТВ“, „Индия ТВ“, „Иллюзион+“, „РУ ТВ“, „Шансон“, “CTC”, “Феникс кино”, „TV 1000“, “Охота и рыбалка”, “Еврокино”,”Nature”, “ობიექტივი“, “History”;

4.                  შპს ,,ტელეკომპანია დიამ“ 2013 წლის 18 ოქტომბრის №6/6028-13 წერილით კომისიაში წარმოადგინა კომპანია ,,ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედთან“ 2013 წლის პირველ სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება რიგი სამაუწყებლო არხების, მათ შორის სამაუწყებლო არხ ,,СТС“-ის რეტრანსლირების უფლების გადაცემის თაობაზე;

5.                  2014 წლის 16 ივლისის მდგომარეობით შპს ,,ტელეკომპანია დიას“ კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: “საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, “საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „ერთსულოვნება“, „ენკი-ბენკი“, „იმედი“, „რუსთავი 2“, „კომედი არხი“, “НТВ МИР”, „Кухня ТВ“;

6.                  კომისიის 2012 წლის 27 თებერვლის №04/462-12 წერილით მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს ,,ტელეკომპანია დიას“ ეცნობათ და განემარტათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე ან რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ ყოველთვიურად, მომდევნო 30 დღეზე; ამავე წერილით შპს ,,ტელეკომპანია დიას”-ს განემარტა, რომ წერილში აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების მართლზომიერება დაუდასტურებლად იქნებოდა მიჩნეული. ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვალდებულების თაობაზე მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს ,,ტელეკომპანია დიას“  განმეორებით განემარტა კომისიის 2013 წლის 14 იანვრის №04/80-13 წერილით. ამავე წერილით შპს ,,ტელეკომპანია დიას“ განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/კომპანიის ნებართვის წერილის წარმოდგენა (Permission Letter), რომელშიც აღნიშნული იქნება ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართვლოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ; კომისიის 2013 წლის 14 იანვრის №04/80-13 წერილით შპს ,,ტელეკომპანია დიას“ ასევე ეცნობა, რომ მომხმარებლისთვის მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ შეთავაზებულ პაკეტში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია კომისიაში წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე;

7.                  შპს ,,ტელეკომპანია დიამ“ 2014 წლის 25 ივნისს კომისიაში წარმოადგინა სამაუწყებლო არხების “НТВ МИР” და „Кухня ТВ“ ტრანზიტის უფლებამოსილების დამადასტურებელი სანებართვო წერილი გაცემული შპს ,,ტვმედიანეტის“ მიერ 2014 წლის 12 ივნისს (მოქმედების ვადა: 12.06.2014 – 30.06.2014);

8.                  შპს ,,ტელეკომპანია დიას“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

1.              ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;

2.            ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;

3.            „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავე პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

4.            „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;

5.              „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;

6.            „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ  ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით; ამ ნორმის გამოყენებისათვის კი აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა საშუალებები და ხერხები;

7.            ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);

8.            „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;

9.            ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს:

ა) გადაცემის ჩაწერა;

ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით  და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც  მოხდა მისი ჩაწერა;

გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ;

დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით;

ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია.

ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით;

ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა;

თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს;

ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;

10.              „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;

11.                  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი;

12.              ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

1.                  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სამაუწყებლო არხების: “საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, “საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „ერთსულოვნება“, „ენკი-ბენკი“, „იმედი“, „რუსთავი 2“, „კომედი არხი“ შესაბამისი ხელშეკრულებებისა ან/და სანებართვო წერილების გარეშე უცვლელი სახით გადაცემით, შპს ,,ტელეკომპანია დიას“ მიერ დაირღვა „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტი, ხოლო სამაუწყებლო არხების “НТВ МИР” და „Кухня ТВ“ სამომხმარებლო პაკეტში ჩასმამდე და საკაბელო ქსელით გავრცელებამდე, რეტრანსლირებაზე უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულების კომისიაში წარმოუდგენლობით შპს ,,ტელეკომპანია დიას“ მიერ დაირღვა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტი. კომისიას ასევე მიაჩნია, რომ შპს ,,ტელეკომპანია დიამ“ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს სამაუწყებლო არხების: “საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, “საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „ერთსულოვნება“, „ენკი-ბენკი“, „იმედი“, „რუსთავი 2“, „კომედი არხი“ საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი ტრანზიტი.

              კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან, შპს ,,ტელეკომპანია დიას“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, შპს ,,ტელეკომპანია დიას“ მიმართ სანქციის სახით გამოყენებული უნდა იქნას გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

              კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს ,,ტელეკომპანია დიას“-ს, ამავდროულად, უნდა აეკრძალოს სამაუწყებლო არხების: “საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, “საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „ერთსულოვნება“, „ენკი-ბენკი“, „იმედი“, „რუსთავი 2“, „კომედი არხი“ საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი ტრანზიტი.

              ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქების, 45-ე მუხლის პირველი  პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) პუნქტის,  36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  შპს ,,ტელეკომპანია დიას“ მიეცეს გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის,  „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;

2.                  შპს ,,ტელეკომპანია დიამ“ უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: “საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, “საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „ერთსულოვნება“, „ენკი-ბენკი“, „იმედი“, „რუსთავი 2“, „კომედი არხი“ არამართლზომიერი ტრანზიტის შეწყვეტა;

3.                  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,ტელეკომპანია დიასთვის“  დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4.                  დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) შპს ,,ტელეკომპანია დიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5.                  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,  №6) შპს ,,ტელეკომპანია დიასთვის“   ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

6.                  გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ტელეკომპანია დიასთვის“ ჩაბარების დღიდან;

7.                  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაეკისროს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

8.                  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაეკისროს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);

9.                  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3,  მე-7 და მე-8 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                            ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                            აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                            სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                            კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                                            ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები