შპს „სამაუწყებლო კომპანია იმერვიზიასათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 18, 2014
მიღების თარიღი იანვარი 28, 2014
შპს „სამაუწყებლო კომპანია იმერვიზიასათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისის ფუნქციას წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი.
კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 13 დეკემბერს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2013 წლის 3 დეკემბრის N10/1619-13 სამსახურებრივი ბარათი, რომლის შესაბამისად ირკვევა, რომ კომისიაში 2013 წლის 01 და 22 ოქტომბერს შემოსულია შპს „არტ რადიოს“ განცხადებები (კომისიაში რეგისტრაციის N6/5540–13; N66130–13), რომლითაც კომპანია ითხოვს რიგი მაუწყებლების მიერ (მათ შორის შპს „სამაუწყებლო კომპანია იმერვიზიას“) სამაუწყებლო ბადეში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიწოდებას, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაციას კომისიის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ.
შპს „სამაუწყებლო კომპანია იმერვიზიას“ კომისიის 2013 წლის 15 ნოემბრის N04/2489-13 წერილით ეცნობა კომისიაში შემოსული განცხადებების შესახებ და ეთხოვა სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა, რაც კომპანიის მიერ განხორციელდა 2013 წლის 21 ნოემბერს (კომისიაში რეგისტრაციის N6/6771–13). კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2013 წლის 03 დეკემბრის N10/1619 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „სამაუწყებლო კომპანია იმერვიზიას“ 2013 წლის 22, 23, 24 და 26 ოქტომბრის სამაუწყებლო ბადის მონიტორინგის შედეგად გამოირკვა, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია იმერვიზია“ საკუთარ სამაუწყებლო ბადეში, საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის გარეშე ანთავსებს შემდეგ მხატვრულ ფილმებს: “The Family Man”, “Open Range”, “First Knight”, “Orange County”, “Bang Rajan”, “The Tourist”.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია იმერვიზიას“ მიერ სამსახურებრივ ბარათში აღნიშნული მხატვრული ფილმების საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენება ხორციელდება არამართლზომიერად და მოითხოვა შესაბამისი რეაგირება.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2013 წლის 03 დეკემბრის N10/1619 სამსახურებრივ ბარათს დართული აქვს შპს ,,სამაუწყებლო კომპანია იმერვიზიას“ 2013 წლის 21 ნოემბრის (კომისიაში რეგისტრაციის N6/6771–13) წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს ,,არტ რადიოს“ არ აქვს უფლება სადაო გახადოს სხვა ტელეკომპანიის ეთერში გასული პროდუქციის მართლზომიერი ჩვენების საკითხი, მსგავსი უფლება აქვს მხოლოდ კომისიას, თუმცა დავა საავტორო უფლებებთან დაკავშირებით შესაძლოა წარმოებდეს, მხოლოდ სასამართლოში. კომპანიის დირექტორის განცხადებით კომპანიას მოპოვებული აქვს საავტორო უფლებები უშუალოდ უფლებათა მფლობელებისაგან და ასევე წარმოადგენს ააიპ ,,საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის წევრს“, შესაბამისად, არც ერთი აუდიოვიზიალური პროდუქტის ჩვენებით არ მომხდარა საავტორო უფლებათა დარღვევა.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2013 წლის 03 დეკემბრის N10/1619 სამსახურებრივ ბარათს თან ერთვის მონიტორინგის ჩატარების ამსახველი ვიდეომასალა დატანილი ერთ CD-ზე, ასევე ააიპ ,,საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარის ნათია კუპრაშვილის 2013 წლის 26 ნოემბრის N3.11 წერილი (განმარტება) (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი 02.12.13 და N6/6913-13), რომლის თანახმად ააიპ ,,საქართველოს რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაცია“, რომელიც აერთიანებს 20 რეგიონულ ტელეკომპანიას საქართველოში (მათ შორის შპს ,,სამაუწყებლო კომპანია იმერვიზიას“), აცნობებს კომისიას, რომ ასოციაცია აქტიურად მუშაობს წევრი კომპანიების პროგრამული მრავალფეროვნების გაუმჯობესებაზე და ამ მიზნით ყოველკვირეულად აწვდის ასოციაციის წევრ მაუწყებლებს ლიცენზირებულ, საავტორო უფლებებით დაცულ პროდუქციას: გადაცემებს, კლიპებს, მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს. ააიპ ,,საქართველოს რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციის” წერილს დართული აქვს ააიპ ,,საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციასა“ და სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს“ შორის 2012 წლის 7 ნოემბერს გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს ასოციაციის წევრი მაუწყებლებისათვის, სხვა პროდუქციასთან ერთად მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ეთერში განთავსების უფლების მინიჭებას.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათისა და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2014 წლის 16 იანვარს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „სამაუწყებლო კომპანია იმერვიზიასათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; საკითხის განხილვა დაინიშნა 2014 წლის 28 იანვარს 16:00 საათზე; აღნიშნულის თაობაზე შპს „სამაუწყებლო კომპანია იმერვიზიას“ ეცნობა შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად; მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2014 წლის 28 იანვრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „სამაუწყებლო კომპანია იმერვიზიას“ დირექტორი რამაზ გამეზარდაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია იმერვიზია“ წარმოადგენს ააიპ ,,საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის წევრს“, მან ასევე განმარტა, რომ მსგავს საკითხთან დაკავშირებით, აწარმოებდა მოლაპარაკებას ავტორთა საზოგადოებასთან, რომელიც თითქმის წელიწადნახევარი გაგრძელდა, რის შედეგადაც, მიაღწიეს იმას, რომ ფასები იყო ორივე მხარისთვის მისაღები და გონივრული, თუმცა მისი აზრით, ეს პროცესი რომ წარმართულიყო კომისიის მიერ მონიტორინგისა და სანქცირების პირობებში, ეს შედეგი ვერ მიიღწეოდა. რამაზ გამეზარდაშვილის განმარტებით, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები მხატვრული ფილმების საავტორო უფლებათა მფლობელებთან და განმარტა, რომ სანქცირების რეჟიმში ყოფნიდან გამომდინარე, მოუწევთ ნებისმიერ ფასზე დათანხმება, რაც კომპანიას მძიმე მდგომარეობაში აყენებს; შპს „სამაუწყებლო კომპანია იმერვიზიას“ დირექტორის რამაზ გამეზარდაშვილის მოსაზრებით, უმჯობესია, თუ კომისია არ დაინტერესდება მაუწყებლების მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის საკითხით.
კომისიის 2014 წლის 28 იანვრის სხდომაზე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა ივანე მახარაძემ განაცხადა, რომ 2014 წლის 15 იანვარს კომისიას მიმართა შპს ,, Централ Партнешип“-მა N8/08-14 წერილით, რომლის თანახმად, ირკვევა, რომ აღნიშნულ კომპანიასა და ააიპ ,,საქართველოს რეგიონული მაუწყებლების ასოციაციას“ შორის ხელშეკრულება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ გაფორმების დასკვნით ეტაპზეა და შპს ,,Централ Партнешип“-ის განცხადებით, ასოციაციის წევრებთან არავითარი პრეტენზია არ გააჩნია. ივანე მახარაძის ინფორმაციით, შპს ,,Централ Партнешип“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილია იმ ფილმების კატალოგი, რომლებზედაც აღნიშნულ ორგანიზაციას გააჩნია საავტორო უფლებები და განმარტა, რომ კომისიის მიერ, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია იმერვიზიას“ მონიტორინგის შედეგად დაფიქსირებული მხატვრული ფილმები, არ შედის აღნიშნულ კატალოგში.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი 03.12. 2013 N10/1619-13;
2. შპს „არტ რადიოს“ 01.10.2013 N6/5540–13 განცხადება;
3. შპს „არტ რადიოს“ 22.01.2013 N6/6130–13 განცხადება;
4. შპს „სამაუწყებლო კომპანია იმერვიზიას“ 21.11.2013 N6/6771–13 განცხადება;
5. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია იმერვიზიას“ სამაუწყებლო ბადეში მხატვრული ფილმების განთავსების დამადასტურებელი ჩანაწერი – 1 CD;
6. ააიპ ,,საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარის ნათია კუპრაშვილის 02.12.13 N6/69/13 წერილი;
7. შპს ,, Централ Партнешип“-ის 2014 წლის 15 იანვრის N8/08-14 წერილი;
8. კომისიის აპარატის მაუწყებლობის დეპარტამენტის უფროსის ივანე მახარაძის მიერ 2014 წლის 28 იანვრის კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებები;
9. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია იმერვიზიას“ დირექტორის რამაზ გამეზარდაშვილის მიერ 2014 წლის 28 იანვრის კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებები;
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია იმერვიზია“ ფლობს N B30 კერძო მაუწყებლობის ლიცენზიას, რომელიც ითვალისწინებს ტელემაუწყებლობას მე-8 სატელევიზიო არხზე, 50 ვტ სიმძლავრის სატელევიზიო გადამცემის გამოყენებით ქ. ჭიათურაში და თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო საერთო ტელემაუწყებლობას;
2. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია იმერვიზია“, როგორც კერძო მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა და კერძო მაუწყებლობის N B30 ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო ვალდებულებები, კერძოდ კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მაუწყებლობის პროცესში დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა;
3. შპს ,,არტ რადიოს“ მომართვის საფუძველზე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შპს „სამაუწყებლო კომპანია იმერვიზიას“ 2013 წლის 22, 23, 24 და 26 ოქტომბრის სამაუწყებლო ბადის მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია იმერვიზია“ საკუთარ სამაუწყებლო ბადეში, კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე ანთავსებს შემდეგ მხატვრულ ფილმებს: “The Family Man”, “Open Range”, “First Knight”, “Orange County”, “Bang Rajan”, “The Tourist”, რაც დასტურდება შპს ,,სამაუწყებლო კომპანია იმერვიზიას“ მონიტორინგის ამსახველი ვიდეო მასალით;
4. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია იმერვიზიას“ უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე;
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
1. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
2. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით), ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) მიერთებით, საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
3. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლებისა და „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის მნიშვნელოვანია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები.
4. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესებთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
5. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ჟ) პუნქტის შესაბამისად, საჯარო გადაცემა განმარტებულია, როგორც ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნეს მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;
6. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. კერძოდ, ავტორი, ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს ლიცენზიატს ნაწარმოების გამოყენების უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით;
7. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის შესაბამისად, სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით;
8. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებული საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევა იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად;
9. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტის შესაბამისად, საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
10. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაუწყებლის მიერ კომისიისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები;
11. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა.
12. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია იმერვიზიას“ კერძო მაუწყებლობის N B30 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების ნ) და ჟ) პუნქტების შესამისად, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია იმერვიზია“ ვალდებულია:
- კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- მაუწყებლობის პროცესში დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა;
13. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს და განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად;
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია იმერვიზია“ მხატვრულ ფილმებს: “The Family Man”, “Open Range”, “First Knight”, “Orange County”, “Bang Rajan”, “The Tourist”, სამაუწყებლო ბადეში ანთავსებდა არამართლზომიერად და ვინაიდან, უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე, მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას წერილობითი გაფრთხილება;
კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „სამაუწყებლო კომპანია იმერვიზიას“ უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე მხატვრული ფილმების: “The Family Man”, “Open Range”, “First Knight”, “Orange County”, “Bang Rajan”, “The Tourist” არამართლზომიერი განთავსება სამაუწყებლო ბადეში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების“ მე-8 მუხლი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და ი) ქვეპუნქტების, 70-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტების, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 42-ე და 58-ე მუხლების, და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კერჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „სამაუწყებლო კომპანია იმერვიზიას“ მიეცეს გაფრთხილება, ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, ასევე კერძო მაუწყებლობის N B30 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების ნ) და ჟ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
2. შპს „სამაუწყებლო კომპანია იმერვიზიას“ აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე მხატვრული და ანიმაციური ფილმების: “The Family Man”, “Open Range”, “First Knight”, “Orange County”, “Bang Rajan”, “The Tourist” არამართლზომიერი განთავსება სამაუწყებლო ბადეში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.ხუხუნაიშვილი) წინამდებარე გადაწყვეტილებით დაკისრებული სანქციის თაობაზე უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შესაბამისი მონაცემების შეტანა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ. ნინუა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „სამაუწყებლო კომპანია იმერვიზიასათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს ,,სამაუწყებლო კომპანია იმერვიზიასათვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სამაუწყებლო კომპანია იმერვიზიასათვის“ ჩაბარების დღიდან;
7. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
8. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-4 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
კომისიის წევრი კახი ბექაური
