წვდომის მენიუ

ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის გაფართოებული ურთიერთჩართვის ქვესეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 467 / 23

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 26, 2014 11:47

მიღების თარიღი აგვისტო 14, 2014

ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის გაფართოებული ურთიერთჩართვის ქვესეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”)  აღნიშნავს, რომ 2014 წლის 6 აგვისტოს კომისიას მიმართა შპს ”კავკასუს ონლაინმა” განცხადებით №01-02/4825 (კომისიაში რეგისტრაციის №6/4961-14) ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის გაფართოებული ურთიერთჩართვის ქვესეგმენტზე  ხელახალი კვლევის და ანალიზის ჩატარების მოთხოვნით.

 შპს ”კავკასუს ონლაინის” განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომისიის 2013 წლის 16 აგვისტოს №513/9 გადაწყვეტილებით ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის გაფართოებული ურთიერთჩართვის ქვესეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირად მიჩნეული იქნა შპს ”კავკასუს ონლაინი”; აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდგომ  მნიშვნელოვნად შემცირდა შპს ”კავკასუს ონლაინის” ჰოსტინგით მომსახურების მოცულობა და შპს ”კავკასუს ონლაინის” ქსელში განთავსებული ინტერნეტ რესურსების მოცულობა, შესაბამისად მათზე მომხმარებლების მოთხოვნა. 2013 წლის 1 ივნისის მდგომარეობასთან შედარებით შეცვლილია ოპერატორებთან გაფართოებული ურთიერთჩართვის მოცულობები. კერძოდ, 2013 წელს ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის გაფართოებული ურთიერთჩართვის ქვესეგმენტის კვლევის დროს გამოყენებული მონაცემებიდან შპს ”კავკასუს ონლაინის” მიმართულებით წამოსული ტრაფიკის მოცულობა შეადგენდა 14.5 გბიტ/წმ სიმძლავრეს, ხოლო შპს ”კავკასუს ონლაინიდან” ურთიერთჩართული ოპერატორების მიმართულებით გამავალი ტრაფიკი - 39,7 გბიტ/წმ-ს. დღეის მდგომარეობით შპს ”კავკასუს ონლაინი” მოიხმარს ურთიერთჩართული ოპერატორებიდან წამოსული ტრაფიკის 38.8 გბიტ/წმ მოცულობას (ნაცვლად 14.5 გბიტ/წმ), ხოლო შპს ”კავკასუს ონლაინთან” ურთიერთჩართული ოპერატორების მიერ გამოყენებული გამტარუნარიანობის სიმძლავრე შეადგენს 5.95 გბ/წმ-ს მოცულობას (ნაცვლად 39.7 გბიტ/წმ). აღნიშნული გარემოება შპს ”კავკასუს ონლაინის” აზრით გამოწვევულია იმით, რომ ლოკალური კონტენტის მფლობელმა პირებმა საკუთარი სერვერები და კონტენტი გადაიტანეს სხვა ჰოსტინგით მომსახურების  მიმწოდებელ ავტორიზებულ პირებთან, ასევე ზოგიერთმა კონტენტის მფლობელი თავად გახდა ავტორიზებული პირი და შესაძლებლობა მიეცა მოეხდინა გაფართოებული ურთიერთჩართვის უზრუნველყოფა სხვა ავტორიზებულ პირებთან.  შპს ”კავკასუს ონლაინი” აგრეთვე აღნიშნავს, 2013 წლის 16 აგვისტოს კომისიის მიერ მიღებული №513/9 გადაწყვეტილების თანახმად, მხოლოდ შპს ”კავკასუს ონლაინს” დაუდგინდა გაფართოებული ურთიერთჩართვის მომსახურებაზე ზედა ზღვრული ტარიფი 250 ლარის ოდენობით, ხოლო  ყველა სხვა დანარჩენმა ავტორიზებულმა პირებმა შეინარჩუნეს 5000 ლარიანი ტარიფი, რის შედეგადაც მულტიმედიური კონტენტის (ტრაფიკის გენერირების ძირითადი წყარო) მწარმოებელმა კომპანიებმა სწრაფად მოძებნეს დამატებითი შემოსავლის მიღების გზა ტრაფიკის გენერირების გამოყენებით.

შპს ”კავკასუს ონლაინს” მიაჩნია, რომ არსებულ პირობებში მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების პირად მხოლოდ  შპს ”კავკასუს ონლაინის” მიჩნევა და კომისიის მიერ დაწესებული სპეციფიკური ვალდებულებების  (მათ შორის, სატარიფო რეგულირების) დაკისრება 1) აფერხებს გაფართოებული ურთიერთჩართვის სეგმენტზე კონკურენციას და ბაზრის ამ სეგმენტის განვითარებას; 2) შპს ”კავკასუს ონლაინს” აყენებს არათანაბარ, არამართლზომიერ და არაკონკურენტულ პირობებში გაფართოებული ურთიერთჩართვის მიმწოდებელ სხვა პირებტან შედარებით.

შპს ”კავკასუს ონლაინი” მოითხოვს,  ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის გაფართოებული ურთიერთჩართვის ქვესეგმენტზე  ხელახალი კვლევის და ანალიზის ჩატარებას და ობიექტურობის პრინციპიდან გამომდინარე ეფექტური რეგულაციის დადგენას, რომელსაც ექნება გრძელვადიანი და სამართლიანი შედეგი .

ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ კომისიაში შემოსულია განცხადება №01-02/4807 31.07.2014 (კომისიაში რეგისტრაციის №6/4916-14 31.07.2014), რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს ”კავკასუს ონლაინის” აბონენტებს შეზღუდული აქვს წვდომა მულტიმედიური კონტენტის  შემცველ საიტებზე, რომელიც განთავსებულია შპს ”აიჯიეს ნეთვორკის” სერვერებზე. შპს ”კავკასუს ონლაინი” კომისიისგან ითხოვს საკითხის შესწავლას და შესაბამისი ზომების გატარებას დარღვევების აღმოსაფხვრელად.  როგორც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 2014 წლის 13 აგვისტოს კომისიაში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომელზეც მოწვეული იყვნენ ინტერნეტის ქსელით მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირები, პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია გადაიხედოს ინტერნეტის ქსელით მომსახურების  საბითუმო ბაზრის გაფართოებული ურთიერთჩართვის ქვესეგმენტზე არსებული რეგულაციები.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 16 აგვისტოს N 513/9  გადაწყვეტილებით,  შპს ”კავკასუს ონლაინი” დადგინდა ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის გაფართოებული ურთიერთჩართვის ქვესეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად და დაეკისრა ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის, დისკრიმინაციის აკრძალვის,  სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის, ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების და დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულებები.  სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულებების ფარგლებში შპს ”კავკასუს ონლაინს დაუდგინდა გაფართოებული ურთიერთჩართვისთვის ზედა ზღვრული ტარიფი 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი ერთ გბიტ/წამზე  თვეში, დღგ-ს გარეშე.

კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ბაზრის სეგმენტზე შეცვლილი გარემოებებიდან გამომდინარე, ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის გაფართოებული ურთიერთჩართვის ქვესეგმენტზე კვლევისა და ანალიზის ჩატარება, რათა შესწავლილი იქნას არსებული მდგომარეობა და განხილული იქნას შესაბამისი რეგულაციების დადგენის საკითხი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ასევე მე-5 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიაჩნია გაფართოებული ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის მიზნით საჯარო  ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.

            „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-5 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტების,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილისა და  IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის გაფართოებული ურთიერთჩართვის ქვესეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის მიზნით;

2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2014 წლის  12 სექტემბრის  16:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18);

3. დაევალოთ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულს პირებს უზრუნველყონ ამ გადაწყვეტილებით  განსაზღვრული ბაზრის შესაბამისი სეგმენტის შესასწავლად ინფორმაციის მოწოდება კომისიის  წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი ფორმითა და ვადაში; 

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე)  საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრდებას არ  ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენეტს (ე. ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                    ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                    სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                     ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                      კახი ბექაური

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები