ქ. რუსთავში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 08, 2014 16:03
მიღების თარიღი აგვისტო 18, 2014
ქ. რუსთავში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 5 ივნისის №299/10 გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცხადდა კონკურსი ქ. რუსთავში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში (სიხშირეზე 100,6 მჰც) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად.
კომისიის 2014 წლის 5 ივნისის №299/10 გადაწყვეტილებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2014 წლის 7 ივლისის 17:00 საათი, მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად – 2014 წლის 10 ივლისის 13:00 საათი, ზეპირი მოსმენის სხდომის თარიღად - 2014 წლის 7 აგვისტო 13:00 საათი, ხოლო კონკურსის ჩატარების თარიღად – 2014 წლის 11 აგვისტო 13:00 საათი; სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვრა 8,100.00 (რვა ათას ასი და 00) ლარით. ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და კომისიის ვებგვერდზე ინტერნეტში.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 5 ივნისის №299/10 გადაწყვეტილებაში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტში მითითებული გეოგრაფიული კოორდინატების - N 41°28 0.76" E 44°32 17.39” ნაცვლად მითითებული უნდა ყოფილიყო N41°33 42.00" E 44°58 41.00”. დაშვებული ტექნიკური შეცდომის გათვალისწინებით, იმ მიზნით, რომ ლიცენზიის მაძიებლებს არ შექმნოდათ დაბრკოლებები კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებით, კომისიამ 2014 წლის 17 ივლისის №368/10 გადაწყვეტილებით განახორციელა ცვლილებები კომისიის 2014 წლის 5 ივნისის №299/10 გადაწყვეტილებაში და ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2014 წლის 14 ივლისის 17:00 საათი, მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად – 2014 წლის 17 ივლისის 13:00 საათი, ზეპირი მოსმენის სხდომის თარიღად - 2014 წლის 14 აგვისტოს 13:00 საათი, ხოლო კონკურსის ჩატარების თარიღად – 2014 წლის 18 აგვისტოს 13:00 საათი;
კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და ”კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების გამოცხადების შესახებ’’ კომისიის 2014 წლის 5 ივნისის №299/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგინა მხოლოდ შპს “ნიუკომმა” (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/11-14, 07.04.2014წ).
კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 10 ივლისის მოსამზადებელ სხდომაზე, ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის გახსნის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლითა და კომისიის 2014 წლის 5 ივნისის №299/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის პირობებს. კერძოდ წარმოდგენილ განაცხადში არ იყო მითითებული: საფირმო სახელწოდება; სამართლებრივი ფორმა; იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი); მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები; წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი; მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს; მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა; მაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში. კომპანიის მიერ წარმოდგენილი იყო არასწორად შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია. ასევე არ იყო წარმოდგენილი ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
კომისიის 2014 წლის 17 ივლისის №368/10 გადაწყვეტილების შესაბამისად შპს ”ნიუკომს” დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით მიეცა ვადა 2014 წლის 24 ივლისის 19:00 საათამდე. კომპანიის მიერ 2014 წლის 23 ივლისს წარმოდგენილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია (წერილი №7/305-14).
ზეპირი მოსმენა ქ. რუსთავში (სიხშირე 100,6მჰც) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსზე ჩატარდა 2014 წლის 14 აგვისტოს 13:00 საათზე. ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა შპს ”ნიუკომის” უფლებამოსილი წარმომადგენელი ირაკლი ბანძელაძე.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43–ე მუხლის მე–7 და მე–8 პუნქტების შესაბამისად, კომისია დოკუმენტაციას აფასებს პროგრამირების ასპექტის მიხედვით; პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისას მხედველობაში მიიღება: შემოთავაზებული პროგრამების მრავალფეროვნება და აუდიტორიის ინტერესებთან შესაბამისობა და მომსახურების ზონის აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა.
ზეპირ მოსმენის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებლის, შპს ”ნიუკომის” მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის შეფასების თაობაზე. კერძოდ, დასკვნაში აღნიშნულია, რომ საძიებელი ლიცენზიის სახეობაა - საერთო რადიომაუწყებლობა; ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ”საერთო მაუწყებლობა არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა”. შესაბამისად, თუ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში არ არის შემოთავაზებული ახალი ამბებისა ან/და საზოგადოებრივ პოლიტიკური თემატიკის პროგრამები, აღნიშუნლი ლიცენზიის მაძიებლის დისკვალიფიკაციის საფუძველია.
შპს „ნიუკომის” სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად, ლიცენზიის მაძიებელი მსმენელს შესთავაზებს შემდეგი თემატიკის სამაუწყებლო პროდუქციას:
- ახალი ამბები;
- საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამა;
- საგანმანათლებო-შემეცნებითი პროგრამა;
- მუსიკალურ-გასართობი პროგრამა;
- ახალგაზრდული პროგრამა;
- საბავშვო პროგრამა;
- სპორტული გადაცემები;
ლიცენზიის მაძიებელს საძიებელი ლიცენზიის სახეობის (საერთო რადიომაუწყებლობა) გათვალისწინებით, დაგეგმილი აქვს ორი სავალდებულო თემატიკის პროგრამა:
საინფორმაციო გამოშვება – ეთერში განთავსდება დღეში 5–ჯერ; გამოშვება ეთერში გავა დილის 09:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე (09:00; 12:00; 15:00; 18:00; 21:00) საინფორმაციო გამოშვების ხანგრძლივობა იქნება 4–5 წუთი. საინფორმაციო გამოშვების თემებს შეადგენს რადიოსადგურის საინფორმაციო სამსახური. საინფორმაციო გამოშვებაში გაშუქდება ყველა აქტუალური პოლიტიკური, კულტურული და სპორტული მოვლენა, ასევე მსმენელს მიეწოდება ეკონომიკური და ბიზნეს ხასიათის ინფორმაცია, ამინდის პროგნოზი. საინფორმაციო სამსახური ინფორმაციას მოიპოვებს საინფორმაციო სააგენტოებისგან და ადგილობრივი კორესპონდენტების მეშვეობით.
საზოგადოებრივ–პოლიტიკური თემატიკა:
„დღის ბოლოს“ – ეთერში განთავსდება ყოველ სამუშაო დღეს, საღამოს ბოლო საინფორმაციო გამოშვებაში შემაჯამებელი ყოველდღიური თოქ–შოუ. დღის მთავარი მოვლენების განხილვა სტუმრებთან ერთად. მოსაზრებები, შეფასებები და კომენტარები. ხანგრძლ. –60წთ.
„მთავარი ნიშანი“ – ყოველკვირეული საზოგადოებრივ–პოლიტიკური თოქ–შოუ, კვირის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით, სტუმრების მონაწილეობით და მსმენელთან ინტერაქციის ფორმატში. ხანგრძლ. – 120წთ.
„აქცენტი“ – ყოველკვირეული რადიოპროგრამა ეთნიკურ და ეროვნულ თავისებურებებზე. პროგრამაში განხილული იქნება ის საკითხები, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების პოლიტიკურ ინტეგრაციას და გაზრდის მათ სამოქალაქო მონაწილეობას ქვეყნის ცხოვრებაში. გადაცემა მოწვეულ სტუმრებთან ერთად. ხანგრძლ. – 90წთ.
„საქმე“ – ყოველკვირეული გადაცემა. ბიზნესის სიახლეები და ეკონომიკური ტენდენციების განხილვა სტუმრებთან ერთად. ინტერაქტივი მსმენელთან. ხანგრძლ. – 90წთ.
„ინფონეტი“ – ეთერში განთავსდება ყოველ სამუშაო დღეს. ქართულ ვებგვერდებზე, სოციალურ ქსელებში და ბლოგებზე გამოქვეყნებული აქტუალური თემების მიმოხილვა და კომენტარები. სოციალური მედიის ტენდენციები, საინტერესო პოსტები. ხანგრძლ. – 40წთ.
„პრეს–კლუბი“ – ეთერში განთავსდება ყოველ სამუშაო დღეს, დღეში –3 ჯერ. ქართული და უცხოური პრესის მიმოხილვა. ხანგრძლ. –15წთ.
საგანმანათლებო-შემეცნებითი თემატიკა:
„პროექტი ევროპა“ – ყოველკვირეული პროგრამა. ევროპულ ქვეყნებში მიმდინარე ამბების მიმოხილვა. ევროპული კულტურის, ღირებულებათა და იდეათა თანამედროვე რეცეპცია ქართულ ინტელექტუალურ კონტექსტში. დიალოგი სტუმრებთან ერთად. მსმენეთა სატელეფონო ჩართვა. ხანგრძლ. –90 წთ.
„კავკასია“ – ეთერში გავა კვირაში 2–ჯერ. რადიოგადაცემაში წარმოდგენილი იქნება კავკასიელი ხალხების ეთნიკური ისტორია და ეთნიკური კულტურა (ყოფა, ტრადიციები, წეს–ჩვეულებები). გადაცემაში მონაწილეობას მიიღებენ სპეციალისტები, ექსპერტები (პერსპექტივაში იგეგმება რადიოხიდის ორგანიზება კავკასიის ქვეყნების რადიოსადგურებთან ) ხანგრძლ. –90 წთ.
„თრეველ ჯორჯია“ – ყოველდღიური გადაცემა, ეთერში განთავსდება დღეში 2–ჯერ. გადაცემა საქართველოს ტურისტული პოტენციალის, მისი ღირშესანიშნაობებისა და კულტურული ძეგლების შესახებ. სატელეფონო ჩართვები სხვადასხვა ტურისტული წერტილებიდან. ხანგრძლ. – 20 წთ.
„დიდრო“ – ეთერში გავა კვირაში ერთხელ. რადიოგადაცემა განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენების, დაგეგმილი პროექტების, განხორციელებული რეფორმების შესახებ. გადაცემაში მოწვეული სტუმრები, განათლების სფეროს ექსპერტები და საზოგადოების წარმომადგენლები გაანალიზებენ განათლების სფეროში არსებულ მდგომარეობას. დაგეგმილია სატელეფონო ზარების ჩართვა გადაცემის მსვლელობისას. ხანგრძლ. – 20 წთ.
„პულსი“ – გადაცემა ეთერში განთავსდება 2 დღეში ერთხელ. საინფორმაციო–საგანმანათლებლო გადაცემა მედიცინის შესახებ. სიახლეები და ინოვაციები, საუბარი ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. ხანგრძლ. – 20 წთ.
„კინოგურმანი“ – რადიოპროგრამა ეთერში განთავსდება კვირაში ორჯერ. გადაცემა მიეძღვნება კინო სიახლეებს და კინოს ისტორიას. ცალკე რუბრიკა დაეთმობა კონომუსიკას. ხანგრძლ. – 20 წთ.
„ისტორიანი“ – ყოველკვირეული რადიოპროგრამა მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების შესახებ. გადაცემა მოწვეულ სტუმართან ერთად. ხანგრძლ. – 40 წთ.
მუსიკალურ–გასართობი პროგრამები, ახალგაზრდული პროგრამები:
„face time“ – ყოველკვირეული მუსიკალური პროგრამა. სტუდიაში მოწვეულები იქნებიან შოუბიზნესის ცნობადი სახეები. საუბარი იქნება მუსიკაზე, პირად ცხოვრებაზე. პირდაპირ ეთერში მაყურებლებს საშუალება ექნებათ ტელეფონის საშუალებით დაუსვან შეკითხვები მოწვეულ სტუმრებს. ხანგრძლივობა – 60წთ.
„ტოპ 10“ – ყოველკვირეული მუსიკალური პროგრამა. გამოკითხვის საშუალებით (სმს-ის საშუალებით) მსმენელები ადგენენ საუკეთესო სიმღერების ათეულს. ხანგრძლივობა – 30 წთ.
„მელომანი“ – ყოველკვირეული მუსიკალური პროგრამა. მუსიკის განხილვა ჟანრების მიხედვით. სტუდიაში მოწვეული იქნებიან სტუმრები. ხანგრძლივობა 60-წთ.
„ფრეშ“ – ყოველკვირეული საბავშვო მუსიკალური პროგრამა. პოპულარიზაცია გაეწევა საბავშვო მუსიკას, სამაუწყებლო არეალში მცხოვრებ ახალგაზრდებს. ხანგრძლივობა 60წთ.
„ნიუჰიტ“ – ყოველკვირეული მუსიკალური პროგრამა. თანამედროვე მუსიკის რეიტინგები. ხანგრძლივობა 40წთ.
„არის კონტაქტი“ - დღეში 3–ჯერ პირდაპირ ეთერში მსმენელები აისრულებენ მუსიკალურ სურვილებს. ხანგრძლივობა – 60 წთ
საბავშვო პროგრამა:
„ჩემი ბავშვობის წიგნი“ – გადაცემა ეთერში განთავსდება კვირაში ერთხელ. შემეცნებითი გადაცემა ბავშვებისთვის, საუბრები საბავშვო წიგნების გმირების და ამ წიგნებში გადმოცემული ისტორიების შესახებ. საბავშვო ლიტერატურის სიახლეების შესახებ. ხანგრძლივობა – 30 წთ.
სპორტული პროგრამა:
„ავტოშოკ“ – ყოველკვირეული სპორტული პროგრამა. საუბრები სხვადასხვა მარკის ავტომობილების მახასიათებლებზე, წარმადობაზე და ა. შ. ხანგრძლივობა– 60 წთ.
„გოლი“ – ყოველკვირეული სპორტული პროგრამა. როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ მიმდინარე სპორტული მოვლენების მიმოხილვა. სტუდიაში მოწვეულ სპორტსმენებთან დიალოგი – მსმენელთან ინტერაქტიულ რეჟიმში. პირდაპირ ეთერი. ხანგრძლივობა– 60 წთ.
კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსი ქ. რუსთავში (სიხშირეზე 100,6მჰც) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიაში ჩატარდა 2014 წლის 18 აგვისტოს 13:00 საათზე. საკონკურსო სხდომას ესწრებოდა შპს ”ნიუკომის” უფლებამოსილი წარმომადგენელი ირაკლი ბანძელაძე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ შესწავლილ იქნა შპს ”ნიუკომის” მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია და კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის (სამასახურებრივი ბარათი №10/1194-14, 22.07.2014წ.) საფუძველზე კომისიას მიაჩნია, რომ სამაუწყებლო კონცეფცია აკმაყოფილებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჯ) პუნქტისა და პროგრამირების მინიმალურ მოთხოვნებს.
კომისია დამატებით მიუთითებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-11 პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ნიუკომის” უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ირაკლი ბანძელაძემ სალიცენზიო გადასახდელის - 8,100.00 (რვა ათას ასი და 00) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლისა და კომისიის 2014 წლის 5 ივნისის №299/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ქ. რუსთავში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”ნიუკომი”;
2. უზრუნველყოს შპს ”ნიუკომმა” ერთი თვის ვადაში, სალიცენზიო გადასახდელის 20%-ს - 1620.00 (ერთი ათას ექვსასოცი და 00) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900
ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
მიმღების ბანკის კოდი - TRESGE22
სახაზინო კოდი - 300773062
3. კომისია გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე მიიღებს სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.
4. კონკურსში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე–2 პუნქტით განსაზღვრულ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება კონკურსში მონაწილეობის უფლება;
5. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ს ანუ 5670.00 (ხუთი ათას ექვსასსამოცდაათი და 00) ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) კონკურსში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიის ანგარიშზე ჩარიცხული სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს უზრუნველყოს შპს ”ნიუკომისთვის” წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა (ნ. ჯავახაძე);
8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”ნიუკომისთვის” ჩაბარების დღიდან.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
კომისიის წევრი კახი ბექაური
