ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე, საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 12, 2014 9:44
მიღების თარიღი აგვისტო 21, 2014 9:44
ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე, საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (№2.3/307, 26.06.2014წ.) მიმართა შპს "საქართველოს ცენტრალურმა კავშირგაბმულობის კორპორაციამ", რომელშიც აღნიშნულია, რომ კომისიის 2013 წლის 20 მარტის №176/9 გადაწყვეტილების თანახმად ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირად დადგინდა შპს "კავკასუს ონლაინი", შპს "სისტემნეტი" და სს "სილქნეტი". გეოგრაფიულ საზღვრად განისაზღვრა საქართველოს მთელი ტერიტორია. ამავე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის თანახმად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებს დაეკისრათ სპეციფიკური ვალდებულებები, კერძოდ 4.2. პუქნტის თანახმად - დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება შემდეგი კონკრეტული პირობებით:
"ა)ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირებმა უზრუნველყონ ინტერნეტის გლობალურ ქსელთან დაშვების მსურველი (აქცეპტანტი) ავტორიზებული პირისათვის მიწოდება იმგვარი არადისკრიმინაციული და ერთგვაროვანი პირობებით (მათ შორის ტარიფებით, ხარისხით, მიწოდების ვადებით), რომლებიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე საკუთარი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის, აფილირებული ან/და სხვა ავტორიზებული პირებისათვის."
შპს "საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია" განცხადებაში აღნიშნავს, რომ შპს "კავკასუს ონლაინი" ქ.რუსთავში ბოლო ერთი წლის განმავლობაში სისტემატურად არღვევს კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებულ დისკრიმინაციის აკრძალვის სპეციფიკურ ვალდებულებას. კერძოდ, კომპანიას გამოქვეყნებული ოფერტის თანახმად, დაწესებული აქვს ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების მაღალი ტარიფი, ხოლო საცალო მომხმარებელს სთავაზობს მომსახურებას ფაქტიურად უფასოდ, ან შეუსაბამოდ დაბალი საცალო ტარიფით. შპს "კავკასუს ონლაინი" ბოროტად სარგებლობს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლებით, საცალო სეგმენტზე მომხმარებელს სთავაზობს შეუსაბამოდ დაბალ ტარიფებს, რის შედეგადაც შპს "საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას" აყენებს არაკონკურენტულ, არათანაბარ პირობებში და მოიპოვებს უკანონო უპირატესობას. 2013 წლის შემოდგომიდან შპს "კავკასუს ონლაინი" რუსთავში მომხმარებლებს სთავაზობს ინტერნეტ-მომსახურებას ზოგჯერ უფასოდაც, ზოგჯერ 20 მბ სიჩქარის ინტერნეტს 9 ლარად, ხოლო ამჟამად კი 10 მბ ინტერნეტს 10 ლარად 2014 წლის ბოლომდე.
შპს "საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია" აღნიშნავს, რომ შპს "საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის" მიერ მაქსიმალურად შემცირებული ხარჯებით იქნა გაანგარიშებული მომხმარებლისათვის ინტერნეტის მიწოდების საცალო ტარიფი და იგი არ შეიძლება იყოს ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების ტარიფის ადექვატური. კომპანია ასევე აღნიშნავს, რომ თუ შპს "კავკასუს ონლაინის" მიერ გამოქვეყნებული ოფერტის საფუძველზე შეიძენს მისგან საბითუმო ინტერნეტს, თავის მომხმარებელისათვის ინტერნეტ მომსახურების მიწოდების საცალო ფასი შეუძლებელია იყოს 20 ლარზე ნაკლები, ხოლო შპს "კავკასუს ონლაინი" იგივე მომსახურებას აწვდის აბონენტებს 10 ლარად. შპს "კავკასუს ონლაინის" ამგვარი მოქმედებები წარმოადგენს მის მიერ დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულების დარღვევას, წარმოქმნის ბაზარზე არაკეთილსინდისიერ კონკურენციას და დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს სხვა ოპერატორებს, რომელთა წილიც აღნიშნულ ბაზარზე გაცილებით ნაკლებია და მათ არ შეუძლიათ ისეთ ფასად შეისყიდონ ინტერნეტი, რომ კონკურენცია გაუწიონ შპს "კავკასუს ონლაინის" საცალო ტარიფებს. შესაბამისად, შპს "საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას" მიაჩნია, რომ შპს "კავკასუს ონლაინი", როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირი, იყენებს თავის დომინირებულ მდგომარეობას არაკეთილსინდისიერი კონკურენციისათვის - არღვევს დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულებას.
შპს "საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია" ასევე აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ დღეის მდგომარეობით შპს "კავკასუს ონლაინი" რუსთავში მომხმარებლებს სათავაზობს 10 მბ ინტერნეტს 10 ლარად 2014 წლის ბოლომდე. კომპანის მიაჩნია, რომ შპს "კავკასუს ონლაინი" არღვევს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 20 მარტის №176/9 გადაწყვეტილების თანახმად დაკისრებულ დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულებას.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს "კავკასუს ონლაინი"-ს მიერ ზემოაღნიშნული დარღვევის შედეგად შპს "საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას" ადგება მნიშვნელოვანი ზიანი. ამ ახალი აქციის გამოცხადების შემდგომ 471 აბონენტმა შეაჩერა შპს "საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის" მომსახურება, "აქცია" კი გრძელდება 2014 წლის ბოლომდე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს "საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია" კომისიას მიმართავს თხოვნით, "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 28-ე მუხლის თანახმად დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება შპს "კავკასუს ონლაინის" მიმართ და მიიღოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის (სანქციის) დაკისრების თაობაზე. ასევე მოითხოვს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მესამე პუნქტის გათვალისწინებით.
კომისია აღნიშნავს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომისიას აგრეთვე მიმართა შპს ”ახალმა ქსელებმა” (წერილი №2/2/558, 07.07.2014წ.) და შპს "ახტელმა" (წერილი №2/2/559, 07.07.2014წ.), რომელშიც აღნიშნულია, რომ კომისიის 2013 წლის 20 მარტის №176/9 გადაწყვეტილების თანახმად ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირად დადგინდა შპს "კავკასუს ონლაინი", შპს "სისტემნეტი" და სს "სილქნეტი". გეოგრაფიულ საზღვრად განისაზღვრა საქართველოს მთელი ტერიტორია. ამავე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის თანახმად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებს დაეკისრათ სპეციფიკური ვალდებულებები, კერძოდ 4.2. პუნქტის თანახმად - დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება შემდეგი კონკრეტული პირობებით:
"ა)ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირებმა უზრუნველყონ ინტერნეტის გლობალურ ქსელთან დაშვების მსურველი (აქცეპტანტი) ავტორიზებული პირისათვის მიწოდება იმგვარი არადისკრიმინაციული და ერთგვაროვანი პირობებით (მათ შორის ტარიფებით, ხარისხით, მიწოდების ვადებით), რომლებიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე საკუთარი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის, აფილირებული ან/და სხვა ავტორიზებული პირებისათვის."
შპს ”ახალი ქსელები” და შპს ”ახტელი” აღნიშნავენ, რომ შპს "კავკასუს ონლაინი" ქ.თბილისში, ისევე როგორც ქვეყნის სხვა ქალაქებში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სისტემატურად არღვევს კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებულ დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულებას. კერძოდ, კომპანიას გამოქვეყნებული ოფერტის თანახმად, დაწესებული აქვს ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების მაღალი ტარიფი, ხოლო საცალო მომხმარებელს სთავაზობს მომსახურებას ფაქტიურად უფასოდ, ან შეუსაბამოდ დაბალი საცალო ტარიფით. შპს "კავკასუს ონლაინი" ბოროტად სარგებლობს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლებით, საცალო სეგმენტზე მომხმარებელს სთავაზობს შეუსაბამოდ დაბალ ტარიფებს, რის შედეგადაც შპს "ახალ ქსელებს" და შპს" ახტელს" აყენებს არაკონკურენტულ, არათანაბარ პირობებში და მოიპოვებს უკანონო უპირატესობას. გარდა ამისა, შპს "კავკასუს ონლაინმა" ქ. თბილისში დაიწყო ორი ახალი აქცია, რომლის ფარგლებშიც, ერთ შემთხვევაში მომხმარებელს სთავაზობს ამა წლის სექტემბრამდე უფასო მომსახურებას, ხოლო მეორე შემთხვევაში, 6 თვის მანძილზე, ერთჯერადი 5 ლარის გადახდის შემთხვევაში, დაბალი პაკეტის ფასად მაღალი სიჩქარის პაკეტის მიწოდებას, ამასთან აღნიშნული "აქციის" ფარგლებში იგი მომხმარებელთან არ აფორმებს წერილობით ხელშეკრულებას. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ორივე აქციის საერთო ხანგრძლივობა 9 თვემდე გრძელდება, რაც ფაქტობრივად ნიშნავს არა რაიმე მოკლევადიან აქციას, არამედ სატარიფო პოლიტიკას, რაც საფრთხეს უქმნის, როგორც მის სტაბილურ განვითარებას, ისე ჯანსაღ კონკურენციას, რისი რეგულირების ვალდებულებაც სწორედ მარეგულირებელი კომისიის მთავარი ფუნქციაა;
შპს ”ახალმა ქსელები” და შპს "ახტელი" აღნიშნავენ, რომ მათ მიერ მაქსიმალურად შემცირებული ხარჯებით იქნა გაანგარიშებული მომხმარებლისათვის ინტერნეტის მიწოდების საცალო ტარიფი და იგი ვერანაირად ვერ შეიძლება იყოს ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების ტარიფის ადექვატური. კომპანიები ასევე აღნიშნავენ, რომ შპს "კავკასუს ონლაინის" მიერ გამოქვეყნებული ოფერტის საფუძველზე თუ შპს "ახალი ქსელები" და შპს"ახტელი" შეიძენენ მისგან საბითუმო ინტერნეტს, თავის მომხმარებელისათვის ინტერნეტ მომსახურების მიწოდების საცალო ფასი შეუძლებელია იყოს 20 ლარზე ნაკლები, ხოლო შპს "კავკასუს ონლაინი" იგივე მომსახურებას აწვდის აბონენტებს უფასოდ. შპს "კავკასუს ონლაინის" ამგვარი მოქმედებები წარმოადგენს მის მიერ დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულების დარღვევას, წარმოქმნის ბაზარზე არაკეთილსინდისიერ კონკურენციას და დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს სხვა ოპერატორებს, რომელთა წილიც აღნიშნულ ბაზარზე გაცილებით ნაკლებია და მათ არ შეუძლიათ ისეთ ფასად შეისყიდონ ინტერნეტი, რომ კონკურენცია გაუწიონ შპს "კავკასუს ონლაინის" საცალო ტარიფებს. შესაბამისად, სრულიად აშკარაა, რომ შპს "კავკასუს ონლაინი", როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირი, იყენებს თავის დომინირებულ მდგომარეობას არაკეთილსინდისიერი კონკურენციისათვის - არღვევს დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულებას.
შპს ”ახალმა ქსელებს” და შპს "ახტელს" მიაჩნიათ, რომ შპს "კავკასუს ონლაინი" არღვევს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 20 მარტის №176/9 გადაწყვეტილების თანახმად დაკისრებულ დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულებას, "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონს, "საგადასახადო კოდექსს" და "ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" რეგლამენტს. საქართველოს ჩამოთვლილი კანონმდებლობა კრძალავს დემპინგურ ფასებს ბაზარზე, ადგენს, რომ ყველა სახის მომსახურება შეიძლება იყოს მხოლოდ ფასიანი და რომ მომსახურება აბონენტს მიეწოდება იმ სავალდებულო წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, რასაც განსაზღვრავს დადგენილი ნორმატიული აქტები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს "ახალი ქსელები" და შპს ”ახტელი" კომისიას მიმართავენ, "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 28-ე მუხლის თანახმად დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება შპს "კავკასუს ონლაინის" მიმართ და მიიღოს გადაწყვეტილება ადმინისტარციული პასუხისმგებლობის (სანქციის) დაკისრების თაობაზე. ასევე ითხოვენ, რომ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მესამე პუნქტის გათვალისწინებით.
კომისიაში შემოსულია შპს „სიტას ფილიალი საქართველოში“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №6/4903-14, 30.07.2014წ.), რომელშიც აღნიშნულია, რომ კომისიის მიერ 2008 წლის 15 აგვისტოს მიღებულია N475/9 გადაწყვეტილება „ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის“ ხარჯებზე ორიენტირებული ზღვრული ტარიფების განსაზღვრისა და 2005 წლის 21 ოქტომბრის №656/22 და 2007 წლის 17 აპრილის №191/9 წლის გადაწყვეტილებებით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების პირობების დაკონკრეტების შესახებ“. ვინაიდან 6 წლის შემდეგ საბაზრო პირობები მნიშვნელოვნად განსხვავებულია იმ დროისაგან, როდესაც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, შპს „სიტას ფილიალი საქართველოში“ კომისიას მიმართავს, აღნიშნულ საკითხზე დაიწყოს ადმინისტრაციული საქმისწარმოება, რათა მოხდეს დადგენილი ტარიფის გადახედვა.
კომისიაში შემოსულია არასამთავრობო ორგანიზაცის „ახალგაზრდა ადვოკატების“ რეკომენდაცია საქართველოში ინტერნეტ ბაზარზე პრობლემური საკითხების მიმართ კომისიის ეფექტური გადაწყვეტილებების შესახებ, რომელშიც ერთ-ერთ საკითხად განხილულია ინტერნეტ მომსახურებაზე ტარიფის ზედა ზღვარის დადგენის აუცილებლობა. წერილში აღნიშნულია, რომ „ახალგაზრდა ადვოკატების” დაკვირვებით, სს „სილქნეტის“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ ბაზარზე არსებული, პრაქტიკულად მონოპოლიზებული მდგომარეობა, ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ მომხმარებელთა უფლებები და კანონიერი ინტერესები ექცევა კომპანიებს შორის სატარიფო პოლიტიკაზე დადებული ფარული შეთანხმების ქვეშ. ინტერნეტ პროვაიდერების მიერ მიწოდებული ინტერნეტის ხარისხი, ხშირ შემთხვევაში, არ შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. ტარიფების პერმანენტული ზრდის პირობებში, არ არსებობს შეღავათიანი ტარიფების შეთავაზების სისტემა იმ მომხმარებელთა მიმართაც კი, რომლებიც წლების განმავლობაში ერთგულ მომხმარებლებად ითვლებიან.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ რეკომენდაციით მიმართავს კომისიას მოხდეს ინტერნეტ მომსახურებაზე მართლზომიერი, ტარიფის ზედა ზღვარის დადგენა; საფუძვლიანად მოხდეს ინტერნეტ ბაზრის კვლევა და მონოპოლიურ მდგომარეობაში არსებული კომპანიების მიმართ მოხდეს სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.
კომისიაში შემოსულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მიმართავა (კომისიაში რეგისტრაციის №10/1284-14, 06.08.2014წ.), რომელშიც განხილულია არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ რეკომენდაცია ინტერნეტ მომსახურებაზე ზედა ზღვრული ტარიფის დაწესების შესახებ.
მომხმარებელთა ინტარესების საზოგადოებრივი დამცველის მიმართავაში აღნიშნულია, რომ მომხმარებელი მოკლებულია არჩევანის თავისუფლებას, ისარგებლოს იაფი ინტერნეტ-პაკეტებით, რაც არღვევს მომხმარებლის ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებას, არჩევანის თავისუფლებას. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური მიიჩნევს, რომ გააჩნია გონივრული ეჭვი, რომ ბაზარზე არსებული ინტერნეტ მომსახურების ფასები არ არის ხარჯზე ორიენტირებული, რაც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირების მონოპოლიური მდგომარეობით არის გამოწვეული.
იმისათვის, რომ მომხმარებელმა ისარგებლოს იაფი ტარიფებით და დაცული იყოს მისი კანონიერი ინტერესები, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური მიიჩნევს, რომ სწორედ კომისიის მიერ უნდა მოხდეს ინტერნეტის საბითუმო ტარიფის ზედა ზღვარის დადგენა, აღნიშნული ხელს შეუწყობს მომხმარებლისათვის მისაწოდებელი ინტერნეტის საცალო ტარიფის გაიაფებას და ამ უკანასკნელს კიდევ უფრო მოქნილს და ხარჯზე ორიენტირებულს გახდის.
კომისია აღნიშნავს, რომ:
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა” და „გ” ქვეპუნქტების თანახმად, მომსახურების ბაზრის კვლევისა და ანალიზის დაწყების თაობაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც ასაბუთებს მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის არაკონკურენტულობას, მისი კვლევისა და ანალიზის დაწყების საჭიროებას, და ამ დასაბუთებას ეთანხმება კომისია, აგრეთვე საკუთარი ინიციატივით.
კომისიაში შემოსულია ერთის მხრივ ავტორიზებული პირების განცხადებები შპს „კავკასუს ონლაინის“, როგორც საბითუმო ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის მიერ კომისიის მიერ დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულების დარღვევის თაობაზე, რაც განმცხადებელთა აზრით, შეუსაბამოდ დაბალი საცალო ტარიფების შეთავაზებაში გამოიხატება; მეორეს მხრივ, შემოსულია არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მოთხოვნა საცალო ტარიფზე ზედა ზღვარის დადგენის თაობაზე, ამ მოთხოვნაში თავისთვად იგულისხმება არსებული საცალო ტარიფების შემცირების მიზანი.
კომისიას მიაჩნია, რომ ინტერნეტის საცალო ბაზარზე მომხმარებლებისათვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მომსახურების მიწოდების ერთ-ერთ პირობას ბაზრის ამ სეგმენტზე კონკურენციის ხელშეწყობის პირობების შექმნა წარმოადგენს, რისთვისაც პირველ რიგში აუცილებელია საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე დადგენილი რეგულაციების განახლება, ვინაიდან მოხდეს ისეთი გარემოებების აღმოფხვრა, რომელიც ზღუდავს ინტერნეტის საცალო ბაზარის სეგმენტზე სხვა, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების არმქონე ავტორიზებული პირების საქმიანობის გაფართოებას. აუცილებელია ისეთი მარეგულირებელი პირობების დადგენა, რომელიც ავტორიზებულ პირებს მისცემთ შესაძლებლობას კონკურენცია გაუწიონ მოქმედ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებს, რაც უფრო ხელმისაწვდომს გახდის მომხმარებლების მიერ ინტერნეტ მომსახურების მიღებას.
კომისიას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, საბითუმო ბაზრის სეგმენტებს, რომლებზეც ამ ეტაპზე აუცილებელია მოქმედი რეგულაციების შესწავლა და განახლება, წარმოადგენს ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების, საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების და სპილენძის სახაზო საკაბელო წყვილებთან დაშვების სეგმენტები.
რაც შეეხება შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“, შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ მოთხოვნას, შპს „კავკასუს ონლაინის“ მიმართ მის მიერ მომხმარებლებისათვის დაბალი საცალო ტარიფის შეთავაზებით დისკრიმინაციის აკრძალვის სპეციფიკური ვალდებულების დარღვევის გამო „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების შესახებ, კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 20 მარტის №176/9 გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს დაკისრებული არ აქვთ სატარიფო რეგულირების და ხარჯთაღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება, მათ მიერ კომისიაში წარმოდგენილი არ არის ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების ტარიფების გაანგარიშების მოდელი. კომისია აღნიშნავს, რომ ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოხდება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებისაგან მომსახურების გაანგარიშების მოდელის გამოთხოვა, რომელშიც მოცემული იქნება მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯები. შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენის შემდგომ, შესაძლებელი გახდება, რომ ერთი მხრივ, კომისიის მიერ განხილული იქნას საკითხი ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისთვის სატარიფო რეგულირების და ხარჯთაღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულების დაკისრების, ხოლო მეორე მხრივ, მათ მიერ დისკრიმინაციის აკრძალვის სპეციფიკური ვალდებულების შესრულების მდგომარეობის თაობაზე.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-5 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილისა და IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით;
2. საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის განისაზღვროს 3 თვიანი ვადა;
3. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2014 წლის 25 სექტემბერს 16:00 საათზე, მისამართზე: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;
4. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით;
5. საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის განისაზღვროს 3 თვიანი ვადა;
6. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2014 წლის 25 სექტემბერს 16:00 საათზე, მისამართზე: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;
7. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით;
8. საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის განისაზღვროს 3 თვიანი ვადა;
9. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2014 წლის 25 სექტემბერს 16:00 საათზე, მისამართზე: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;
10. დაევალოთ ავტორიზებულ პირებს უზრუნველყონ ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული ბაზრის შესაბამისი სეგმენტის შესასწავლად და ტარიფების გასაანგარიშებლად ინფორმაციის მოწოდება კომისიის მიერ წერილობით მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი ფორმითა და ვადაში;
11. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) საჯარო გაცნობისათვის ცნობათა გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
12. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრდებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
13. გადაწყვეტილება ძალაშია მისი მიღებისთანავე;
14. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. ბექაური
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
