შპს ,,ეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 03, 2014 15:50
მიღების თარიღი აგვისტო 21, 2014
შპს ,,ეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამასთან, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) პუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის ან/და ავტორიზებული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის) ან სალიცენზიო/სანებართვო ან/და ავტორიზაციის პირობების დარღვევაზე, ან პირის მიერ ულიცენზიოდ/უნებართვოდ, ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 23 ივლისის №10/1202-14 სამსახურებრივი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით, რომლის თანახმად, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის შესაბამისად, საერთო მაუწყებელი ვალდებული იყო გადაეცა წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს. აღნიშნული სამახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ საკითხის სრულფასოვანი გამოკვლევის მიზნით, კომისიამ 2014 წლის 3 ივლისს წერილობით (№04/1442-14; 03.07.2014) მიმართა რიგ მაუწყებლებს და მოსთხოვა დადგენილ ვადაში კომისიაში წარმოედგინათ ინფორმაცია წინასაარჩევნო დებატების განთავსების თაობაზე და თან დაერთო აღნიშნული გადაცემების ჩანაწერები. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 23 ივლისის №10/1202-14 სამსახურებრივი ბარათიდან ასევე ირკვევა, რომ შპს ,,ეკომს“ კომისიის აღნიშნულ წერილზე პასუხი არ გაუცია და მოთხოვნილი ჩანაწერები არ წარმოუდგენია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის აპარატის მაუწყებლობის დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს ,,ეკომის“ მიერ დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის თანახმად, კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაუწყებლის მიერ კომისიისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 23 ივლისის №10/1202-14 სამსახურებრივი ბარათისა და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2014 წლის 15 აგვისტოს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციულ წარმოება შპს ,,ეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის დაკისრების თაობაზე; საკითხის განხილვა დაინიშნა 2014 წლის 21 აგვისტოს, 16:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე შპს ,,ეკომს“ ეცნობა შეტყობინებით, რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 18 აგვისტოს, კომისიაში შემოვიდა შპს ,,ეკომის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №6/5141-14; 18.08.2014), რომელშიც აღნიშნულია, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის შესაბამისად, წინასაარჩევნო დებატებთან დაკავშირებით, შპს ,,ეკომმა“ შესთავაზა ყველა საარჩევნო სუბიექტს დებატებში მონაწილეობის მიღება, თუმცა, ტელეკომპანიამ საარჩევნო სუბიექტებისგან უარი მიიღო. გამომდინარე აქედან, შპს ,,ეკომის“ განმარტებით, ტელეკომპანიის ეთერში წინასაარჩევნო დებატები არ გასულა. ამასთან, შპს ,,ეკომის“ 2014 წლის 18 აგვისტოს წერილში აღნიშნულია, რომ წერილზე პასუხის გაგზავნა დროულად იმ მიზეზით ვერ მოხერხდა, რომ კომპანიის დირექტორს ოჯახური პირობების გამო მოუწია აფხაზეთში გამგზავრება. ამ გარემოებაზე მითითებით, შპს ,,ეკომის“ დირექტორმა“ 2014 წლის 18 აგვისტოს წერილში მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.
კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 21 აგვისტოს კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,ეკომის“ დირექტორი დალი ხუბულავა, რომელმაც პოლიტიკური დებატებისათვის საეთერო დროის გამოყოფისა და საარჩევნო სუბიექტებისთვის შეთავაზებასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ წერილები საარჩევნო სუბიექტებისთვის არ გაუგზავნია, რადგან ზეპირი ფორმით შესთავაზა საეთერო დრო. შესაბამისად, მისი განმარტებით, საარჩევნო სუბიექტებმა ზეპირად გასცეს პასუხი, რადგან რეგიონებში მათ არ გააჩნიათ ბეჭედი და ტიტულიანი ფურცელი და ოფიციალურად პასუხს ვერ გასცემდნენ. მან ასევე დაადასტურა, რომ ტელეკომპანია ჩართული იყო წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების პროცესში და ამ თვალსაზრისით შპს ,,ეკომს“ არ დაურღვევია საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ დადგენილი მოთხოვნები. დ. ხუბულავამ თხოვნით მიმართა კომისიას გაეთვალისწინებინა შპს ,,ეკომის” 2014 წლის 8 აგვისტოს წერილში მითითებული გარემოება. გარდა ამისა, დ. ხუბულავას განმარტებით, შპს ,,ეკომში“ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი ერთადერთი პირია, რის გამოც მისი არ ყოფნის პერიოდში, სხვა თანამშრომელი ვერ გამოაგზავნიდა საპასუხო წერილს კომისიაში.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის ივანე მახარაძის განმარტებით, კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს №9 დადგენილებით დამტკიცებული ,,საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ შესაბამისად, 24 საათის განმავლობაში ხორციელდება საინფორმაციო გამოშვებების და პოლიტიკური წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების განთავსების მონიტორინგი. რაც შეეხება წინასაარჩევნო დებატების განთავსების მონიტორინგს, ის ხორციელდება საუკეთესო დროს ანუ 19.00 საათიდან 24.00 საათამდე. საარჩევნო კამპანიის პერიოდში არ დაფიქსირდა დებატების განთავსების ფაქტი, შესაბამისად, კომისიამ მიმართა შპს ,,ეკომს“, რათა გაერკვია სხვა დროს ხომ არ ჰქონდა განთავსებული აღნიშნული დებატები ეთერში, აღნიშნული ინფორმაციის კომისიის მიერ შესაბამის ანგარიშებში ასახვის მიზნით. ი. მახარაძის განმატებით, ზემოაღნიშნული ინფორმაციის მიუწოდებლობამ გამოიწვია კომისიის კანონისმიერი ფუნქციის შესრულების შეფერხება.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტანენტის 2014 წლის 23 ივლისის №10/1202-14 სამსახურებრივი ბარათი;
2. კომისიის 2014 წლის 3 ივლისის №04/1442-14 წერილი და აღნიშნული წერილის შპს ,,ეკომისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
3. შპს ,,ეკომის“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
4. შპს ,,ეკომის“ 2014 წლის 18 აგვისტოს წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №6/5141-14; 18.08.2014);
5. შპს „ეკომის“ მაუწყებლობის №B40 ლიცენზიის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირებისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №840/6 გადაწყვეტილება და №B40 ლიცენზიის მოწმობა;
6. შპს ,,ეკომის“ დირექტორის დ. ხუბულავას მიერ კომისიის 2014 წლის 21 აგვისტოს სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;
7. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის ი. მახარაძის მიერ კომისიის 2014 წლის 21 აგვისტოს სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს ,,ეკომი“ წარმოადგენს მაუწყებელს, რომელიც ფლობს მაუწყებლობის №B40 ლიცენზიას (ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა; ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა);
2. კომისიის 2014 წლის 3 ივლისის №04/1442-14 წერილით შპს ,,ეკომს“ მოეთხოვა 5 სამუშაო დღის ვადაში ეცნობებინა კომისიისთვის განათავსა თუ არა საარჩევნო კამპანიის პერიოდში საკუთარ ეთერში წინასაარჩევნო დებატები და დადებითი პასუხის შემთხვევაში წარმოედგინა აღნიშნული გადაცემების ჩანაწერი. კომისიის 2014 წლის 3 ივლისის №04/1442-14 წერილი შპს ,,ეკომს“ ჩაბარდა 2014 წლის 5 ივლისს (გზავნილის კოდი: 040012242951);
3. კომისიის 2014 წლის 3 ივლისის №04/1442-14 წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია შპს ,,ეკომმა“ წერილობით წარმოადგინა 2014 წლის 18 აგვისტოს (2014 წლის 18 აგვისტოს №№6/5141-14 წერილი);
4. შპს ,,ეკომის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ გამოყენებულა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული არცერთი სანქცია.
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
1. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;
2. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
3. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებელმა, რომელიც გადაწყვეტს, წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ ეთერში გააშუქოს, წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით, თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს;
4. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საერთო მაუწყებელმა უნდა გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს;
5. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის თანახმად, კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაუწყებლის მიერ კომისიისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები;
6. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს და განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად;
7. კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს №9 დადგენილებით დამტკიცებული ,,საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების ამ წესის შესაბამისად დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე მონიტორინგს ახორციელებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, ხოლო მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მონიტორინგს ექვემდებარება: ა) ახალი ამბები; ბ) საუკეთესო დროს (19.00 საათიდან 24.00 საათამდე) გადაცემული საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები და წინასაარჩევნო დებატები; გ) წინასაარჩევნო აგიტაცია და წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამა;
8. შპს „ეკომის“ მაუწყებლობის №B40 ლიცენზიის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირებისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №840/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ჟ) ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს ,,ეკომი“ ვალდებულია მაუწყებლობის პროცესში დაიცვას ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ კომისიის 2014 წლის 3 ივლისის №04/1442-14 წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობით, შპს ,,ეკომმა“ დაარღვია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტი და სალიცენზიო ვალდებულება, კერძოდ, კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №840/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ჟ) ქვეპუნქტით განსაზღვრული სალიცენზიო ვალდებულება. ამასთან, კომისიას მიაჩნია, რომ ინფორმაციის წარმოუდგენლობით კომისიას ხელი შეეშალა მასზე საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ და ,,საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესით“ დაკისრებული ფუნქციის, კერძოდ, მაუწყებლების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილ ნორმათა დაცვის მონიტორინგის განხორციელებაში.
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს ,,ეკომის“ მიმართ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქცია ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოყენებული არ ყოფილა, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე–5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 55-ე მუხლის პირველი პუნქტის, 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, ,,საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის, კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №840/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ჟ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,ეკომს“ მიეცეს გაფრთხილება ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №840/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ჟ) ქვეპუნქტით განსაზღვრული სალიცენზიო ვალდებულების დარღვევის გამო.;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,ეკომისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) შპს ,,ეკომისთვის’’ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს ,,ეკომისთვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ეკომისთვის“ ჩაბარების დღიდან;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-6 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
