ააიპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 03, 2014 15:51
მიღების თარიღი აგვისტო 21, 2014
ააიპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამასთან, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) პუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის ან/და ავტორიზებული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის) ან სალიცენზიო/სანებართვო ან/და ავტორიზაციის პირობების დარღვევაზე, ან პირის მიერ ულიცენზიოდ/უნებართვოდ, ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 23 ივლისის №10/1202-14 სამსახურებრივი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით, რომლის თანახმად, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის შესაბამისად, საერთო მაუწყებელი ვალდებული იყო გადაეცა წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს. აღნიშნული სამახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ საკითხის სრულფასოვანი გამოკვლევის მიზნით, კომისიამ 2014 წლის 3 ივლისს წერილობით (№04/1442-14; 03.07.2014) მიმართა რიგ მაუწყებლებს და მოსთხოვა დადგენილ ვადაში კომისიაში წარმოედგინათ ინფორმაცია წინასაარჩევნო დებატების განთავსების თაობაზე და თან დაერთო აღნიშნული გადაცემების ჩანაწერები. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 23 ივლისის №10/1202-14 სამსახურებრივი ბარათიდან ასევე ირკვევა, რომ ააიპ ,,მედია ცენტრ ღია აფხაზეთისათვის“ კომისიის აღნიშნულ წერილზე პასუხი არ გაუცია და მოთხოვნილი ჩანაწერები არ წარმოუდგენია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის აპარატის მაუწყებლობის დეპარტამენტს მიაჩნია, რომ ააიპ ,,მედია ცენტრის ღია აფხაზეთისათვის“ მიერ დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის თანახმად, კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაუწყებლის მიერ კომისიისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 23 ივლისის №10/1202-14 სამსახურებრივი ბარათისა და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2014 წლის 15 აგვისტოს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციულ წარმოება ააიპ ,,მედია ცენტრ ღია აფხაზეთისათვის“ ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის დაკისრების თაობაზე; საკითხის განხილვა დაინიშნა 2014 წლის 21 აგვისტოს, 16:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე ააიპ ,,მედია ცენტრს ღია აფხაზეთისათვის“ ეცნობა კომისიის 2014 წლის 15 აგვისტოს №03/1714-14 შეტყობინებით, რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 15 აგვისტოს №03/1714-14 შეტყობინება ააიპ ,,მედია ცენტრს ღია აფხაზეთისათვის“ ჩაბარდა 2014 წლის 15 აგვისტოს, მისამართზე: თბილისი, ქინძმარაულის ქ. №15, რაც დასტურდება შპს ,,საქართველოს ფოსტისგან“ მიღებული ინფორმაციით (გზავნილის კოდი: 040013800469; შეტყობინება ჩაბარდა ააიპ ,,მედია ცენტრის ღია აფხაზეთისათვის“ მთავარ რედაქტორ მიხეილ დიასამიძეს).
კომისიის 2014 წლის 21 აგვისტოს სხდომაზე გამოცხადდა ააიპ ,,მედია ცენტრ ღია აფხაზეთის“ ოფის მენეჯერი თათია იმედაშვილი მოქმედი ააიპ ,,მედია ცენტრ ღია აფხაზეთისათვის“ დირექტორ გიორგი კორახაშვილის 2014 წლის 19 აგვისტოს გაცემული მინდობილობის საფუძველზე, რომლითაც მას მიენიჭა უფლება ააიპ ,,მედია ცენტრის ღია აფხაზეთისათვის“ სახელით ეწარმოებინა მოლაპარაკებები საქართველოს შემოსავლების სამსახურთან და მის დაქვემდებარებაში მყოფ საჯარო პირებთან, დაედო შესაბამისი ხელშეკრულებები, მიეღო და წარედგინა ყველა საჭირო დოკუმენტი, მოეწერა ხელი დირექტორის ნაცვლად და შეესრულებინა ყველა ის მოქმედება, რაც დაკავშირებული იყო აღნიშნულ დავალებასთან. აქედან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 21 აგვისტოს კომისიის სხდომას არ ესწრებოდა ააიპ ,,მედია ცენტრის ღია აფხაზეთისათვის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. გამომდინარე იქიდან, რომ ააიპ ,,მედია ცენტრისთვის ღია აფხაზეთისათვის“ კომისიის შეტყობინება (№03/1714-14; 15.08.2014) ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, 2014 წლის 15 აგვისტოს და ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ უზრუნველყო დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, კომისიამ მიიჩნია, რომ უფლებამოსილი იყო განეხილა ააიპ ,,მედია ცენტრ ღია აფხაზეთისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლის დაუსწრებლად.
კომისიის 2014 წლის 21 აგვისტოს სხდომაზე თ. იმედაშვილმა აღნიშნა, რომ ააიპ ,,მედია ცენტრმა ღია აფხაზეთისათვის“ გააშუქა საარჩევნო დებატები, ხოლო რაც შეეხება კომისიის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას, საპასუხო წერილი თანდართული მასალით კომისიას გამოეგზავნა ელექტრონული ფოსტით, თუმცა, წერილი გამგზავნს ავტომატურ რეჟიმში დაუბრუნდა უკან. ამასთან, თ. იმედაშვილს არ წარმოუდგენია აღნიშნული წერილის კომისიისთვის ელექტრონულად გაგზავნისა და ამავე წერილის კომპანიისთვის დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტი.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტანენტის 2014 წლის 23 ივლისის №10/1202-14 სამსახურებრივი ბარათი;
2. კომისიის 2014 წლის 3 ივლისის №04/1442-14 წერილი და აღნიშნული წერილის ააიპ ,,მედია ცენტრ ღია აფხაზეთისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
3. ააიპ ,,მედია ცენტრ ღია აფხაზეთის“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
4. კომისიის 2014 წლის 15 აგვისტოს №03/1714-14 შეტყობინება და ამ შეტყობინების ააიპ ,,მედია ცენტრ ღია აფხაზეთისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
5. ააიპ ,,მედია ცენტრის ღია აფხაზეთისათვის“ სახელით კომპანიის ოფის-მენეჯერის თათია იმედაშვილის 2014 წლის 21 აგვისტოს №6/5299-14 განცხადება თანდართული 1 CD-ით;
6. კომისიის 2009 წლის 24 ნოემბრის №636/6 გადაწყვეტილება შპს ტელერადიო კომპანია ,,კოლხეთი-89“-ის №B24 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ და №B24 ლიცენზია;
7. კომისიის 2011 წლის 11 მაისის №231/5 გადაწყვეტილება შპს ,,კოლხეთი 89“-ის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B24 ლიცენზიის აიპ მედია ცენტრ ,,ღია აფზახეთისთვის“ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ;
8. კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №816/6 გადაწყვეტილება ააიპ ,,მედია ცენტრ ღია აფხაზეთისათვის“ კერძო მაუწყებლობის №B32 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ და №B32 ლიცენზია;
9. ააიპ ,,მედია ცენტრ ღია აფხაზეთისათვის“ ოფის-მენეჯერის მიერ კომისიის 2014 წლის 21 აგვისტოს სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. ააიპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ წარმოადგენს მაუწყებელს, რომელიც ფლობს: მაუწყებლობის №B24 ლიცენზიას (ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა; ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა), მაუწყებლობის №B32 ლიცენზიას (ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა; ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა), მაუწყებლობის №B93 ლიცენზიას (ლიცენზიის სახე: კერძო რადიომაუწყებლობა; ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა); მაუწყებლობის №B96 ლიცენზიას (ლიცენზიის სახე: კერძო რადიომაუწყებლობა; ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა); მაუწყებლობის №B102 ლიცენზიას (ლიცენზიის სახე: კერძო რადიომაუწყებლობა; ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა);
2. კომისიის 2014 წლის 3 ივლისის №04/1442-14 წერილით ააიპ ,,მედია ცენტრს ღია აფხაზეთისათვს“ მოეთხოვა 5 სამუშაო დღის ვადაში ეცნობებინა კომისიისთვის განათავსა თუ არა საარჩევნო კამპანიის პერიოდში საკუთარ ეთერში წინასაარჩევნო დებატები და დადებითი პასუხის შემთხვევაში წარმოედგინა აღნიშნული გადაცემების ჩანაწერი. კომისიის 2014 წლის 3 ივლისის №04/1442-14 წერილი ააიპ ,,მედია ცენტრ ღია აფხაზეთისათვის“ ჩაბარდა 2014 წლის 7 ივლისს (გზავნილის კოდი: 040012242927);
3. ააიპ ,,მედია ცენტრის ღია აფხაზეთისათვის“ ოფის-მენეჯერ თათია იმედაშვილმა 2014 წლის 21 აგვისტოს №6/5299-14 განცხადებით კომისიაში წარმოადგინა კომისიის 2014 წლის 3 ივლისის №04/1442-14 წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია;
4. ააიპ ,,მედია ცენტრის ღია აფხაზეთისათვის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ გამოყენებულა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული არცერთი სანქცია.
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
1. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;
2. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
3. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 51-ე მუხლს მე-2 პუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებელმა, რომელიც გადაწყვეტს, წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ ეთერში გააშუქოს, წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით, თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს;
4. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საერთო მაუწყებელმა უნდა გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს;
5. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის თანახმად, კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაუწყებლის მიერ კომისიისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები;
6. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს და განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად;
7. კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს №9 დადგენილებით დამტკიცებული ,,საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების ამ წესის შესაბამისად დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე მონიტორინგს ახორციელებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, ხოლო მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მონიტორინგს ექვემდებარება: ა) ახალი ამბები; ბ) საუკეთესო დროს (19.00 საათიდან 24.00 საათამდე) გადაცემული საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები და წინასაარჩევნო დებატები; გ) წინასაარჩევნო აგიტაცია და წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამა;
8. ,,შპს ტელერადიო კომპანია ,,კოლხეთი-89“-ის №B24 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ კომისიის 2009 წლის 24 ნოემბრის №636/6 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და ააიპ ,,მედია ცენტრის ღია აფხაზეთისათვის“ №B24 ლიცენზიის №2 დანართის ა) პუნქტის თანახმად, ააიპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ ვალდებულია მაუწყებლობის პროცესში დაიცვას ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, ხოლო ,,ააიპ ,,მედია ცენტრ ღია აფხაზეთისათვის“ კერძო მაუწყებლობის №B32 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №816/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ჟ) ქვეპუნქტისა და კერძო მაუწყებლობის №B32 ლიცენზიის №2 დანართის რ) პუნქტის თანახმად, ვალდებულია მაუწყებლობის პროცესში დაიცვას ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ კომისიის 2014 წლის 3 ივლისის №04/1442-14 წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობით, ააიპ ,,მედია ცენტრმა ღია აფხაზეთისათვის“ დაარღვია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტი, კომისიის 2009 წლის 24 ნოემბრის №636/6 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტითა და ააიპ ,,მედია ცენტრის ღია აფხაზეთისათვის“ №B24 ლიცენზიის №2 დანართის ა) პუნქტით და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №816/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ჟ) ქვეპუნქტითა და კერძო მაუწყებლობის №B32 ლიცენზიის №2 დანართის რ) პუნქტით განსაზღვრული სალიცენზიო ვალდებულება. ამასთან, კომისიას მიაჩნია, რომ ინფორმაციის წარმოუდგენლობით კომისიას ხელი შეეშალა საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ და ,,საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესით“ განსაზღვრული ფუნქციის, კერძოდ, მაუწყებლების მიერ საარჩევნო პროცესში საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ დადგენილ ნორმათა დაცვის მონიტორინგის განხორციელებაში.
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან ააიპ ,,მედია ცენტრის ღია აფხაზეთისათვის“ მიმართ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქცია ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოყენებული არ ყოფილა, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე–5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 55-ე მუხლის პირველი პუნქტის, 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, ,,საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის, კომისიის 2009 წლის 24 ნოემბრის №636/6 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და ააიპ ,,მედია ცენტრის ღია აფხაზეთისათვის“ №B24 ლიცენზიის №2 დანართის ა) პუნქტის, ,,ააიპ ,,მედია ცენტრ ღია აფხაზეთისათვის“ კერძო მაუწყებლობის №B32 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ კომისიის მე-3 პუნქტის ჟ) ქვეპუნქტისა და კერძო მაუწყებლობის №B32 ლიცენზიის №2 დანართის რ) პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ააიპ ,,მედია ცენტრს ღია აფხაზეთისათვის“ მიეცეს გაფრთხილება ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის, კომისიის 2009 წლის 24 ნოემბრის №636/6 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტითა და ააიპ ,,მედია ცენტრის ღია აფხაზეთისათვის“ №B24 ლიცენზიის №2 დანართის ა) პუნქტით და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №816/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ჟ) ქვეპუნქტითა და ააიპ ,,მედია ცენტრის ღია აფხაზეთისათვის“ კერძო მაუწყებლობის №B32 ლიცენზიის №2 დანართის რ) პუნქტით განსაზღვრული სალიცენზიო ვალდებულების დარღვევის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების ააიპ ,,მედია ცენტრ ღია აფხაზეთისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) შპს ააიპ ,,მედია ცეტრი ღია აფხაზეთისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ააიპ ,,მედია ცენტრ ღია აფხაზეთისთვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ ,,მედია ცენტრ ღია აფხაზეთისთვის“ ჩაბარების დღიდან;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-6 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
