შპს ,,ტელეკომპანია I სტერეოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 05, 2014 10:39
მიღების თარიღი აგვისტო 21, 2014
შპს ,,ტელეკომპანია I სტერეოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამასთან, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) პუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის ან/და ავტორიზებული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის) ან სალიცენზიო/სანებართვო ან/და ავტორიზაციის პირობების დარღვევაზე, ან პირის მიერ ულიცენზიოდ/უნებართვოდ, ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 23 ივლისის №10/1202-14 სამსახურებრივი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით, რომლის თანახმად, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის შესაბამისად, საერთო მაუწყებელი ვალდებული იყო გადაეცა წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს. აღნიშნული სამახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ საკითხის სრულფასოვანი გამოკვლევის მიზნით, კომისიამ 2014 წლის 3 ივლისს წერილობით (№04/1442-14; 03.07.2014) მიმართა რიგ მაუწყებლებს და მოსთხოვა დადგენილ ვადაში კომისიაში წარმოედგინათ ინფორმაცია წინასაარჩევნო დებატების განთავსების თაობაზე და თან დაერთო აღნიშნული გადაცემების ჩანაწერები. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 23 ივლისის №10/1202-14 სამსახურებრივი ბარათიდან ასევე ირკვევა, რომ შპს ,,ტელეკომპანია I სტერეოს“ კომისიის აღნიშნულ წერილზე პასუხი არ გაუცია და მოთხოვნილი ჩანაწერები არ წარმოუდგენია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის აპარატის მაუწყებლობის დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს ,,ტელეკომპანია I სტერეოს“ მიერ დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის თანახმად, კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაუწყებლის მიერ კომისიისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 23 ივლისის №10/1202-14 სამსახურებრივი ბარათისა და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2014 წლის 15 აგვისტოს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციულ წარმოება შპს ,,ტელეკომპანია I სტერეოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის დაკისრების თაობაზე; საკითხის განხილვა დაინიშნა 2014 წლის 21 აგვისტოს, 16:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე შპს ,,ტელეკომპანია I სტერეოს“ ეცნობა კომისიის №03/1713-14 შეტყობინებით, რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 15 აგვისტოს №03/1713-14 შეტყობინება შპს ,,ტელეკომპანია I სტერეოს“ ჩაბარდა 2014 წლის 15 აგვისტოს, მისამართზე: თბილისი, კოსტავას 75ბ., რაც დასტურდება შპს ,,საქართველოს ფოსტისგან“ მიღებული ინფორმაციით (გზავნილის კოდი: 040013800497; შეტყობინება ჩაბარდა შპს ,,ტელეკომპანია I სტერეოს“ დაცვის სამსახურის თანამშრომელ დავით კაკაბიძეს).
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 21 აგვისტოს სხდომაზე არ გამოცხადდა ,,ტელეკომპანია I სტერეოს“ უფლებამოსილო წარმომადგენელი. კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. გამომდინარე იქიდან, რომ შპს ,,ტელეკომპანია I სტერეოს“ კომისიის შეტყობინება (№03/1713-14; 15.08.2014) ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, 2014 წლის 15 აგვისტოს, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ უზრუნველყო დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, კომისიამ მიიჩნია, რომ უფლებამოსილი იყო განეხილა შპს ,,ტელეკომპანია I სტერეოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლის დაუსწრებლად.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტანენტის 2014 წლის 23 ივლისის №10/1202-14 სამსახურებრივი ბარათი;
2. კომისიის 2014 წლის 3 ივლისის №04/1442-14 წერილი და აღნიშნული წერილის შპს ,,ტელეკომპანია I სტერეოსთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
3. შპს ,,ტელეკომპანია I სტერეოს“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
4. ,,შპს ,,ტელეკომპანია I სტერეოს“ კერძო მაუწყებლობის №B20 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე“ კომისიის 2013 წლის 4 ოქტომბრის №593/6 გადაწყვეტილება;
5. ,,შპს ,,ტელეკომპანია I სტერეოს“ კერძო მაუწყებლობის №B19 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №839/6 გადაწყვეტილება.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს ,,ტელეკომპანია I სტერეო“ წარმოადგენს მაუწყებელს, რომელიც ფლობს მაუწყებლობის №B19 ლიცენზიას (ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა; ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა) და №B20 ლიცენზიას (ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა; ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა);
2. კომისიის 2014 წლის 3 ივლისის №04/1442-14 წერილით შპს ,,ტელეკომპანია I სტერეოს“ მოეთხოვა 5 სამუშაო დღის ვადაში ეცნობებინა კომისიისთვის განათავსა თუ არა საარჩევნო კამპანიის პერიოდში საკუთარ ეთერში წინასაარჩევნო დებატები და დადებითი პასუხის შემთხვევაში წარმოედგინა აღნიშნული გადაცემების ჩანაწერი. კომისიის 2014 წლის 3 ივლისის №04/1442-14 წერილი შპს ,,ტელეკომპანია I სტერეოს“ ჩაბარდა 2014 წლის 7 ივლისს (გზავნილის კოდი: 040012242937);
3. 2014 წლის 21 აგვისტოს მდგომარეობით შპს ,,ტელეკომპანია I სტერეოს“ არ წარმოუდგენია კომისიისთვის კომისიის 2014 წლის 3 ივლისის №04/1442-14 წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია;
4. კომისიის 2013 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით, შპს ,,ტელეკომპანია I სტერეოს“ მიეცა გაფრთხილება ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტისა და კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს №351/22 გადაწყვეტილების მე-8 და მე-9 პუნქტების დარღვევის გამო;
5. შპს ,,ტელეკომპანია I სტერეოს“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ გამოყენებულა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქცია ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევისთვის.
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
1. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;
2. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
3. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 51-ე მუხლს მე-2 პუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებელმა, რომელიც გადაწყვეტს, წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ ეთერში გააშუქოს, წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით, თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს;
4. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საერთო მაუწყებელმა უნდა გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს;
5. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის თანახმად, კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაუწყებლის მიერ კომისიისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები;
6. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს და განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად;
7. კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს №9 დადგენილებით დამტკიცებული ,,საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების ამ წესის შესაბამისად დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე მონიტორინგს ახორციელებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, ხოლო მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მონიტორინგს ექვემდებარება: ა) ახალი ამბები; ბ) საუკეთესო დროს (19.00 საათიდან 24.00 საათამდე) გადაცემული საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები და წინასაარჩევნო დებატები; გ) წინასაარჩევნო აგიტაცია და წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამა;
8. ,,შპს ,,ტელეკომპანია I სტერეოს“ კერძო მაუწყებლობის №B20 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ კომისიის 2013 წლის 4 ოქტომბრის №593/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ს) ქვეპუნქტის თანახმად, შპს ,,ტელეკომპანია I სტერეო“ ვალდებულია მაუწყებლობის პროცესში დაიცვას ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;
9. ,,შპს ,,ტელეკომპანია I სტერეოს“ კერძო მაუწყებლობის №B19 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №839/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ჟ) ქვეპუნქტის თანახმად, შპს ,,ტელეკომპანია I სტერეო“ ვალდებულია მაუწყებლობის პროცესში დაიცვას ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2013 წლის 26 დეკემბერს მიღებულ იქნა განჩინება (საქმე №ბს-177-170 (კ-13), სადაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განმარტა, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლში მითთებული ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მხოლოდ განმეორებით იგივე/ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში მიიჩნევა (ერთი წლის განმავლობაში ჩადენილი, რომლის გამოც პირს უკვე დაედო ადმინისტრაციული სახდელი).
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ კომისიის 2014 წლის 3 ივლისის №04/1442-14 წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოუდგენლობით, შპს ,,ტელეკომპანია I სტერეომ“ დაარღვია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტი, კომისიის 2013 წლის 4 ოქტომბრის №593/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ს) ქვეპუნქტითა და კომისიის კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №839/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ჟ) ქვეპუნქტით განსაზღვრული სალიცენზიო ვალდებულება. ამასთან, კომისიას მიაჩნია, რომ ინფორმაციის წარმოუდგენლობით კომისიას ხელი შეეშალა საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ და ,,საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესით“ განსაზღვრული ფუნქციის, კერძოდ, მაუწყებლების მიერ საარჩევნო პროცესში საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ დადგენილ ნორმათა დაცვის მონიტორინგის განხორციელებაში.
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს ,,ტელეკომპანია I სტერეოს“ მიმართ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქცია ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევისთვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოყენებული არ ყოფილა, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება. ამასთანავე, სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს ,,ტელეკომპანია I სტერეოს“ უნდა დაევალოს წინასაარჩევნო დებატების განთავსების თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე–5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 55-ე მუხლის პირველი პუნქტის, 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,ტელეკომპანია I სტერეოს“ მიეცეს გაფრთხილება ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის, კომისიის 2013 წლის 4 ოქტომბრის №593/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ს) ქვეპუნქტითა და კომისიის კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №839/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ჟ) ქვეპუნქტით განსაზღვრული სალიცენზიო ვალდებულების დარღვევის გამო;
2. დაევალოს შპს ,,ტელეკომპანია I სტერეოს“, 5 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს კომისიაში ინფორმაცია წინასაარჩევნო დებატების განთავსების თაობაზე, აღნიშნული გადაცემების ჩანაწერებთან ერთად, როგორც ეს მოთხოვნილი იყო 2014 წლის 3 ივლისის N04/1442-14 წერილით;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,ტელეკომპანია I სტერეოს“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) შპს ,,ტელეკომპანია I სტერეოს’’ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს ,,ტელეკომპანია I სტერეოსთვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ტელეკომპანია I სტერეოსთვის“ ჩაბარების დღიდან;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-6 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
