წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 ივლისის №388/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტიანი რეგულაციის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წა

ნომერი: 487 / 23

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 06, 2014

მიღების თარიღი სექტემბერი 01, 2014

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 ივლისის №388/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტიანი რეგულაციის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 17 ივლისის  №388/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტიანი რეგულაციის დასადგენად. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2014 წლის 15 აგვისტო 16:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად – ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.

საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართა 2014 წლის 15 აგვისტოს 16:00 საათზე.

ზეპირი მოსმენის სხდომაზე, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტმა (ე.ასანიძე) წარმოადგინა ინფორმაცია საქართველოში ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენის სხდომაზე ავტორიზებული პირების მიერ წარმოდგენილი იქნა გასხვავებული მოსაზრებები და პროექტის სხვადასხვა ვარიანტები. კომისიამ იმსჯელა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და გადაწყვიტა, რომ 2014 წლის 15 აგვისტოს =25 ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების გათვალისწინებით, კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტმა მოამზადოს  "საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტიანი რეგულაციის დადგენის თაობაზე" პროექტი და განსახილველად წარმოადგინოს 2014 წლის 21 აგვისტოს, 16:00 საათზე ჩანიშნულ განმეორებითი ზეპირი მოსმენის სხდომაზე;

ზემოაღნიშნულ საკითხზე განმეორებითი ზეპირი მოსმენა გაიმართა 2014 წლის 21 აგვისტოს. კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსის (ე.ასანიძე) მიერ წარმოდგენილი იქნა პროექტი "საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტიანი რეგულაციის დადგენის თაობაზე". სხდომაზე აღნიშნული საკითხის განხილვისას  გამოაცხადა შესვენება და საკითხის განხილვა  გადაიდო  2014 წლის 27 აგვისტოს, 16:00 საათზე.

2014 წლის 27 აგვისტოს  აღნიშნულ საკითხზე კომისიაში გაიმართა სხდომა, სადაც გამოცხადდა შესვენება და საკითხის განხილვა ჩაინიშნა 2014 წლის 1 სექტემბერს, 16:00 საათზე.

კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 1 სეტემბერს გაგრძელდა საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტიანი რეგულაციის დადგენის თაობაზე საკითხის არსებითი განხილვა.

სხდომას ესწრებოდნენ: შპს "გუდვილკომის" წარმომადგენელი მ.გოთოშია; შპს "მობიტელის იურიდიული სამსახურის უფროსი ი.ესართია; შპს "მობიტელის" ოპერატორებთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ზ.გორგაძე; სს"სილქნეტის" სტრატეგიული დაგეგმარების განვითარების  უფროსი ი.ენუქაშვილი; შპს "ჯეოსელის იურისტი ლ.გიორგაძე; შპს "ჯი-თი-სი"-ს დირექტორის მოადგილე ზ.ლუტიძე; შპს "ლაგის" დირექტორი ნ.ჭელიძე; შპს "სერვისნეტის" დირექტორი ხ.პეტრიაშვილი; შპს "მაიფონის" დირექტორი ქ.ჩლაიძე; შპს "მაიფონის" კომერციული დირექტორი ქ.რატიანი; შპს "ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას" დირექტორი გ.ხარჯალაძე; შპს "ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას" მენეჯერი მ.რუხაძე; შპს "სმარტლაინის" დირექტორი ი.ვეკუა; შპს "სმარტლაინის" დამფუძნებელი გ.ყურულაშვილი; შპს "პრემიუმნეტის" რწმუნებული ი.გაფრინდაშვილი; შპს "გლობალ ერთის" დირექტორის მოადგილე გ.არღანაშვილი; შპს "გლობალ ერთის" იურისტი რ.გოგინავა; შპს "კავკასუს ონლაინის" იურისტი თ.ხარაზიშვილი; შპს "მაგთიკომის" გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ნ.კახიძე; შპს "მაგთიკომის" გენერალური დირექტორის მოადგილე გ.კოშორიძე; შპს "მაგთიკომის" ფინანსური დირექტორის მოადგილე ა.გომიაშვილი; შპს "მაგთიკომის" იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილე ი.მჟავანაძე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 31 მარტის =199/9 გადაწყვეტილებაში რამდენჯერმე იქნა ცვლილება შეტანილი. ცვლილება შეეხებოდა ქვედა ზღვრული ტარიფების მოქმედების ვადის გაგრძელებას გარკვეული პერიოდებით. ამავე გადაწყვეტილებით დადგენილი რეგულაციის მოქმედების პერიოდში გამოიკვეთა გარკვეული პრობლემები. კერძოდ, ზოგიერთი ოპერატორის არაკეთილსინდისიერი ქმედების შედეგად, საერთაშორისო ბაზარზე საქართველოში ტერმინაციის ფასები ფაქტიურად ბევრად დაბალია, ვიდრე კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილი ზღვრული ტარიფები. აღნიშნული პრობლემების შესწავლისა და უფრო ეფექტური რეგულაციის დადგენის შესაძლებლობის განხილვის მიზნით კომისიის 2013 წლის 31 ოქტომბრის =642/19 გადაწყვეტილებით კომისიაში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი და ეთხოვა შეემუშავებინა რეკომენდაციები საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე დროებითი უფრო ეფექტიანი რეგულაციის შემუშავების თაობაზე და ეს რეკომენდაციები წარედგინა კომისიისათვის გასახილველად.

კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 22 იანვრის =30-23 გადაწყვეტილებით სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიმართა საქრთველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით, "ელექტორნული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტს აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ არ დაუფიქსირებია საკუთარი პოზიცია.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობასთან და ფინანსთა სამინისტროსთან  ერთად მიმდინარეობს წინადადებების განხილვა საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტიანი რეგულაციის შემუშავების და დადგენის მიზნით. ამასთან, მზადდება საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტი, რომელშიც შესაძლებელია გათვალისწინებული იქნას საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის მომსახურების დაბეგვრის რეჟიმი, რომლის საბოლოო ვერსია  ჯერ-ჯერობით მზად არ არის.

კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე ეფექტური რეგულაციის დადგენა საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების მომზადების შემდგომ ეტაპზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დაგეგმილი ადმინისტრაციული წარმოების ვადების დაცვის მიზნით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია მოხდეს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა და იმავე საკითხზე ახალი საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, "ელექტორნული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის "პ" ქვეპუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის +\ თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭიყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით (კომისიის წევრმა ი. მოსეშვილმა არ მიიღო მონაწილეობა)

გადაწყვიტა:

1. შეწყდეს კომისიის 2014 წლის 17 ივლისის =388/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება;

2.დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტიანი რეგულაციის დასადგენად;

3. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2014 წლის  29 სექტემბერს 16.00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18);

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე)  საჯარო გაცნობისათვის ცნობათა გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

5. გადაწყვეტილება, პირველი პუქნტის გარდა,  ცალკე გასაჩივრებას არ  ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ხოლო გადაწყვეტილების პირველი პუნქტი შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. =6) ერთი თვის ვადაში.

კომისიის თავმჯდომარე                                                                    ვახტანგ აბაშიძე

კომისიის  წევრი                                                                                  კახი ბექაური

კომისიის  წევრი                                                                                  სოფიო ბრიტანჩუკი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები