წვდომის მენიუ

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 489 / 7

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 08, 2014 16:06

მიღების თარიღი სექტემბერი 04, 2014

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  ნებართვის გაცემის  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს,  რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების  საელჩომ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/358-14, 21.08.14) 2014 წლის 6 სექტემბრიდან  8 სექტემბრის ჩათვლით, ქ. თბილისში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ერთი სიხშირის  მინიჭების თაობაზე. სიხშირე გათვალისწინებულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დელეგაციის პერსონალს შორის  ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების   საელჩოს მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეების გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას. ვინაიდან ამ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს სიხშირეების მინიჭებას მხოლოდ  9-12 აპრილს, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია გაიცეს ნებართვა ოთხი  დღის ვადით.

”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც  ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

კომისია აღნიშნავს, რომ ”დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ” 1961 წლის ვენის კონვენციის 23-ე მუხლის პირველი  პუნქტის თანახმად (საქართველო შეერთებულია საქართველოს პარლამენტის 1993 წლის 13 მაისის დადგენილებით) ”მააკრედიტებელი სახელმწიფო და წარმომადგენლობის მეთაური თავისუფლდებიან ყოველგვარი სახელმწიფო, რაიონული და მუნიციპალური გადასახადებისაგან, წარმომადგენლობის საკუთარი თუ დაქირავებული ნაგებობებისათვის მოსაკრებლებისა თუ ბაჟისაგან, რომლებიც კონკრეტული სახეობის მომსახურების გადასახდელია”.

”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,  ”საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული დაწესებულებები/წარმომადგენლობები თავიანთი ოფიციალური მიზნებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისას თავისუფლდებიან რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან”.

შესაბამისად, ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტისა და  ვენის 1961 წლის კონვენციით გათვალისწინებული სახაზინო შეუვალობის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო განთავისუფლებული უნდა იქნას  ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ”   საქართველოს კანონის  მე-7   მუხლის  29-ე პუნქტით დადგენილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის გადასახადისაგან.

             კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირე გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული პირის  მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის, მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის,  ”დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ” 1961 წლის ვენის კონვენციის 23-ე მუხლის პირველი  პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.                   მიეცეს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 836  ნებართვა  და მიენიჭოს 141.125  მჰც სიხშირე (ზოლის სიგანით 25 კჰც)  ქ. თბილისში, სამი დღის ვადით 6 სექტემბრიდან 8 სექტემბრის ჩათვლით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.    აღირიცხოს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების  საელჩოსთვის ნებართვით მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. დაევალოს კომისიის  აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ა. დაბრუნდაშვილი) სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;   

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.

            კომისიის თავმჯდომარე                                                                                 ვ. აბაშიძე

            კომისიის წევრი                                                                                              ა. სიხარულიძე

            კომისიის წევრი                                                                                              კ. ბექაური

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები