შპს „ქედი სტუდიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 19, 2014 15:29
მიღების თარიღი სექტემბერი 04, 2014
შპს „ქედი სტუდიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს სალიცენზიო პირობების დადგენა, აგრეთვე ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება, ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება, ლიცენზიების გაუქმება, სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება. ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.
,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელის მიერ მოქმედი კანონმდებლობის ან ლიცენზიის პირობების დარღვევა.
კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 30 ივლისს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 30 ივლისის N10/1234-14 სამსახურებრივი ბარათი, რომლის შესაბამისად ირკვევა, რომ კომისიაში 2014 წლის 23 ივნისს შემოსულია სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის N6/4176-14) შპს „ქედი სტუდიოს“ (STAR FM) მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევის შესახებ. კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „ქედი სტუდიოს“ მიერ პირდაპირ ეთერში ხორციელდებოდა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩების ტრანსლირება, რისი ექსკლუზიური უფლების მფლობელიც საქართველოს ტერიტორიაზე სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელია“. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართავს თხოვნით მიიღოს ზომები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კომისიის 2014 წლის 03 ივლისის (N04/1433-14) წერილით შპს „ქედი სტუდიოს“ ეცნობა კომისიაში შემოსული სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ განცხადების შესახებ და ეთხოვა კომისიაში 3 სამუშაო დღის ვადაში დასაბუთებული შეპასუხებისა და რადიო პროგრამების ერთი თვის არქივის ციფრულ მატარებელზე წარმოდგენა.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 30 ივლისის N10/1234-14 სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ ზემოაღნიშნული წერილი დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაეგზავნა თუმცა კომპანიისათვის წერილის ჩაბარება ვერ განხორციელდა. კერძოდ, შპს „საქართველოს ფოსტის“ (გზავნილის კოდი: N040012242618; გზავნილის თარიღი: 09.07.2014) უკუგზავნილის შესაბამისად, 2014 წლის 10 ივლისს კომპანიის წარმომადგენლები მისამართზე არ იმყოფებოდნენ, ხოლო 2014 წლის 14 ივლისს კომპანიის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს წერილის ჩაბარებაზე. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე კომისიის თანამშრომელი (ზურაბ ვაჭარაძე) 2014 წლის 16 ივლისს თავად შეეცადა კომპანიისათვის ჩაებარებინა აღნიშნული წერილი, თუმცა კომპანიის წარმომადგენლის (თ. წიკლაურის) განმარტებით შპს „ქედი სტუდიო“ არ აპირებდა წერილის ჩაბარებას. კომისიის მიერ მასზე მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, 2014 წლის 25 ივლისს, კომისიის 2014 წლის 03 ივლისის წერილი N04/1433–14 გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებ–გვერდზე და კომისიის ფოიეში საჯარო ადგილას, საჯარო გაცნობისათვის. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, შპს „ქედი სტუდიოს“ კომისიაში არ წარმოუდგენია კომისიის მიერ 2014 წლის 03 ივლისის (N04/1433-14) წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია (კერძოდ: შპს „ქედი სტუდიოს“ ეთხოვა კომისიაში 3 სამუშაო დღის ვადაში შეპასუხების და უკანასკნელი ერთი თვის არქივის ციფრულ მატარებელზე წარმოდგენა).
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „ქედი სტუდიოს“ მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70–ე მუხლის მე–5 პუნქტი.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათისა და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2014 წლის 19 აგვისტოს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ქედი სტუდიოს“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევის გამო; საკითხის განხილვა დაინიშნა 2014 წლის 27 აგვისტოს 16:00 საათზე; აღნიშნულის თაობაზე შპს „ქედი სტუდიოს“ ეცნობა შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად; მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 19 აგვისტოს შეტყობინება N03/1741-14 (გზავნილის კოდი: 040014510645) შპს „ქედი სტუდიოს“ მიერ 2014 წლის 19 აგვისტოს არ იქნა ჩაბარებული (კურიერის ვიზიტის თარიღი: 19.08.2014; სტატუსი: დაბრუნებულია; მიზეზი: მიმღებმა განაცხადა უარი ჩაბარებაზე; მიზეზის აღწერა: ორგანიზაციის მენეჯერმა ბროლა მჟავანაძემ უარი განაცხადა გზავნილის მიღებაზე, მისი განმარტებით დირექტორი არ იმყოფება ქალაქში). იმავე დღეს კომისიის მიერ აღნიშნული შტყობინება გამოქვეყნდა კომისიის შენობის ფოიეში და 2014 წლის 22 აგვისტოს (დრო: 11:14) აიტვირთა კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (მისამართი: http://www.gncc.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=110&info_id=115744). ხოლო, 2014 წლის 20 აგვისტოს, კომისიის 2014 წლის 19 აგვისტოს შეტყობინება N03/1741-14 ჩაიბარა შპს „ქედი სტუდიოს“ მძღოლმა - ა. მამაცაშვილმა, კომისიაში.
კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 22 აგვისტოს კომისიაში შემოვიდა შპს „ქედი სტუდიოს“ დირექტორის კობა ბასილაიას განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის N 6/5328-14; 22.08.2014). შპს „ქედი სტუდიოს“ დირექტორი, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მარიამ აროშიძის მოხსენებითი ბარათის პასუხად განმარტავს, რომ ამ პერიოდში ვერ დაემთხვა კურიერისა და შპს „ქედი სტუდიოს“ უფლებამოსილი წარმომადგენლების შეხვედრა, რადგან ოფიციალური პასუხის გაცემის უფლება კომპანიაში აქვს მხოლოდ უფლებამოსილ წარმომადგენელს (დირექტორს ან დამფუძნებელს), ხოლო, რაც შეეხება თ. წიკლაურს, კობა ბასილაია აღნიშნავს, რომ ის არ არის უფლებამოსილი პირი და შესაბამისად ის ვერ ჩაიბარებდა შპს „ქედი სტუდიოს“ სახელზე მოსულ წერილს და შესაბამისად, ვერც რეაგირებას მოახდენდა. შპს „ქედი სტუდიოს“ დირექტორი, ასევე აკეთებს განმარტებას კომისიის 2014 წლის 03 ივლისის N 01/1433-14 წერილით მოთხოვნილ ინფორმაციაზე და აღნიშნავს, რომ შპს „ქედი სტუდიოს“ ანუ „STAR FM”-ის მიერ, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩების ტრანსლირება პირდაპირ ეთერში არ მომხდარა. კ. ბასილაია ასევე, აღნიშნავს, რომ „რადიო STAR FM“-ს აქვს სპორტულ-მუსიკალური გადაცემა, რომლის წამყვანია აჩიკო ბენაშვილი, რომელმაც, დირექტორის აზრით, ცოტა ზედმეტი ისაუბრა ფეხბურთზე. თუმცა გადაცემა ეხებოდა კვირის აქტუალურ საფეხბურთო სპორტულ ღონისძიებებს და მათ შორის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატს და მიმდინარე მატჩებს. კომპანიის დირექტორი კობა ბასილაია აღნიშნავს, რომ კომპანიაში განხორციელდა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დირექტორის გიორგი ბარათაშვილის ზარი, რომელმაც მოითხოვა მიმდინარე გადაცემის შეწყვეტა, რადგანაც შპს“ ქედი სტუდიოს“ წამყვანის კომენტარები მიმდინარე მატჩთან დაკავშირებით სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ მიუღებელი იყო. კ. ბასილაია აღნიშნავს, რომ კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოახდინა რეაგირება და სპორტულ-მუსიკალური გადაცემის წამყვანი გააფრთხილა, რომ ფეხბურთის მატჩის შესახებ ნაკლები კომენტარებით შემოიფარგლოს და მეტი მუსიკით წაიყვანოს გადაცემა. შპს „ქედი სტუდიოს“ („STAR FM“-ის) დირექტორი - კობა ბასილაია კომისიას მიმართავს თხოვნით 2014 წლის 27 აგვისტოს კომისიის მიერ ჩანიშნული სხდომა გადაიდოს და ჩაინიშნოს 2014 წლის 03 სექტემბრისათვის, ვინაიდან შპს „ქედი სტუდიოს“ დამფუძნებელს - გია ალიხანაშვილს სურს დაესწროს კომისიის სხდომას (გია ალიხანაშვილი არ იმყოფება საქართველოში). ასევე, შპს „ქედი სტუდიოს“ დირექტორი ითხოვს, რომ კომისიის სხომაზე მოწვეულ იქნას გიორგი ბარათაშვილი, ვინაიდან შპს „ქედი სტუდიოს“ დამფუძნებელი - გია ალიხანაშვილი პირადად ესაუბრა გიორგი ბარათაშვილს და მისგან მიიღო პასუხი, რომ შპს „ქედი სტუდიოს“ თანამშრომლის მიერ განხორციელებული რეაგირების შემდგომ საკითხი ამოწურული იყო.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ქედი სტუდიოს“ შუამდგომლობაზე სხდომის გადადებასთან დაკავშირებით, კომისიამ იმსჯელა კომისიის 2014 წლის 27 აგვისტოს სხდომაზე. კომისიის 2014 წლის 27 აგვისტოს სხდომას ესწრებოდა შპს „ქედი სტუდიოს“ დირექტორი - კობა ბასილაია, რომელმაც კომისიას ზეპირსიტყვიერადაც მიმართა შუამდგომლობით საკითხის გადადების თაობაზე, ვინაიდან შპს „ქედი სტუდიოს“ დამფუძნებელს (გია ალიხანაშვილს) სურდა სხდომაზე ახსნა-განმარტების გაკეთება. კომისიამ დააკმაყოფილა შპს „ქედი სტუდიოს“ შუამდგომლობა საკითხის გადატანის შესახებ და კომისიის მიერ საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2014 წლის 4 სექტემბერი.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ 2014 წლის 27 აგვისტოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს დამატებით წარმოებაში გადაეცა, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 27 აგვისტოს N10/1398-14 სამსახურებრივი ბარათი თანდართული მასალით (შპს „ქედი სტუდიოს“ შემოწმების აქტი N 32 და CD-დისკი), რომლის შესაბამისად ირკვევა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, 2014 წლის 25 აგვისტოს, შპს „ქედი სტუდიოს“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა უკანასკნელი ერთი თვის არქივი ციფრულ მატარებელზე (არქივის ჩანაწერები წარმოდგენილია 2014 წლის 23 ივლისიდან 2014 წლის 23 აგვისტოს ჩათლით). კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელდა აღნიშნული ჩანაწერების შემოწმება/ანალიზი, რის შედეგადაც გამოირკვა, რომ შპს „ქედი სტუდიო“ საკუთარ სამაუწყებლო ბადეში განათავსებს ახალი ამბების (საინფორმაციო) პროგრამებს.
შპს „ქედი სტუდიო“ ფლობს კერძო მაუწყებლობის N B11 ლიცენზიას (ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა; ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა). „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ8 პუნქტის შესაბამისად, სპეციალიზებული მაუწყებლობა არის ერთი თემატიკის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გარდა, პროგრამებით მაუწყებლობა.
გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ქედი სტუდიოს“, საკუთარ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული აქვს ახალი ამბების პროგრამები (აუდიო ჩანაწერი თან ერთვის), დეპარტამენტს მიაჩნია, რომ კომპანიის მიერ დარღვეულია, კომისიის 2005 წლის 25 ნოემბრის N746/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული სალიცენზიო პირობები.
კომისიის 2014 წლის 4 სექტემბრის სხდომის თაობაზე შპს „ქედი სტუდიოს“ დამატებით ეცნობა 2014 წლის 02 სექტემბრის შეტყობინებით N 03/1846-14 და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შპს „ქედი სტუდიოს“ შეტყობინებას N 03/1846-14 თან დაერთო 2014 წლის 27 აგვისტოს შემოწმების აქტი N32 და CD დისკი. მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2014 წლის 04 სექტემბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „ქედი სტუდიოს“ დირექტორი კობა ბასილაია, დამფუძნებელი - გია ალიხანაშვილი და კომპანიის იურისტი ქეთევან გოთუა. შპს „ქედი სტუდიოს“ დირექტორმა კობა ბასილაიამ აღნიშნა, რომ 2014 წლის 20 აგვისტომდე იმყოფებოდა შვებულებაში, ხოლო სამსახურში გამოსვლისთანავე კომისიაში გამოუშვა მძღოლი, რომელსაც უნდა ჩაებარებინა 2014 წლის 25 აგვისტომდე კომისიაში წარსადგენი ინფორმაცია. 2014 წლის 20 აგვისტოს შპს „ქედი სტუდიოს“ მძღოლის მიერ ჩაბარებულ იქნა კომისიის 2014 წლის 19 აგვისტოს შეტყობინება N03/1741–14 და ამ წერილის ჩაბარებიდან სამ სამუშაო დღეში კომისიაში წარმოადგინეს კომისიის მიერ 2014 წლის 03 ივლისის N04/1433–14 წერილით მოთხოვნილი უკანასკნელი ერთი თვის არქივი ციფრულ მატარებელზე. რაც შეეხება მეორე საკითხს, ანუ ლიცენზიის პირობების დარღვევას, შპს „ქედი სტუდიოს“ დირექტორი აღნიშნავს, რომ შპს „ქედი სტუდიოს“ კუთვნილი N B11 ლიცენზიის დანართი N2-ის ლ) ქვეპუნქტში მკაფიოდ წერია, რომ შპს „ქედი სტუდიო“ ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. ახალი ამბების პროგრამებში უზრუნველყოს ფაქტებთან და მოვლენებთან დაკავშირებული ყველა საგულისხმო განსხვავებული აზრის სათანადოდ წარმოჩენა რომელიმე ჯგუფისა თუ აზრის დისკრიმინაციის გარეშე. შპს „ქედი სტუდიოს“ დირექტორი კობა ბასილაია განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომპანიას ჰქონდა უფლება საკუთარ სამაუწყებლო ბადეში განეთავსებინა ახალი ამბები.
კომისიის 2014 წლის 04 სექტემბრის სხდომას ასევე ესწრებოდა შპს „ქედი სტუდიოს“ იურისტი ქეთევან გოთუა. შპს „ქედი სტუდიოს“ იურისტი აღნიშნავს, რომ რაც შეეხება პირველ საკითხს, ანუ კომპანიის მიერ კორესპონდენციის არ ჩაბარებას, ამ პერიოდში კომპანიის თითქმის ყველა თანამშრომელი იმყოფებოდა შვებულებაში (რისი დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტაცია კომპანიის იურისტის განმარტებით გააჩნიათ), ხოლო, რაც შეეხება კომისიის 2014 წლის 03 ივლისის წერილის N04/1433–14 ჩაბარებას, შპს „ქედი სტუდიოს“ იურისტი აღნიშნავს, რომ რა თქმა უნდა კომპანიის სხვა თანამშრომლებსაც შეეძლოთ აღნიშნული წერილის ჩაბარება, მაგრამ კომპანიის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კომპანიის თანამშრომლებს ( რომლებიც არ არიან უფლებამოსილნი მოახდინონ რეაგირება კომპანიაში შემოსულ კორესპონდენციაზე) არ ჩაებარებინათ კომისიის მიერ გამოგზავნილი წერილი ვინაიდან, შპს „ქედი სტუდიო“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულია კომისიის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციაზე მოახდინოს დროული რეაგირება. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიაში არ იმყოფებოდნენ ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირები, კომისიის მიერ გამოგზავნილი წერილი, მათ მიერ არ იქნა ჩაბარებული, რათა არ დაერღვიათ კომისიისთვის პასუხის გაცემის ვადები. ასევე, რაც შეეხება კომპანიის მიერ საკუთარ სამაუწყებლო ბადეში ახალი ამბების განთავსების საკითხს, შპს „ქედი სტუდიოს“ იურისტი ქეთევან გოთუა განმარტავს, რომ კომპანიას ახალი ამბების გადაცემა აქვს ნიუსის სახით, ნიუსის შემდგენი პირები აღნიშნულ პროგრამას ადგენენ ინტერნეტისა და სოციალური ქსელის მეშვეობით, რაც ნიუსის შემქმნელების განმარტებით მოიცავდა კლიმატის ამსახველ ინფორმაციას და სოციალურ ქსელში გავრცელებულ აქტუალურ თემატიკას. ასევე, შპს „ქედი სტუდიოს“ იურისტი აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 19 აგვისტოს შეტყობინების N03/1741–14 მიღებისთანავე კომპანიამ შეწყვიტა ახალი ამბების პროგრამების საკუთარ სამაუწყებლო ბადეში განთავსება.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა ი. მახარაძემ, კომისიის 2014 წლის 4 სექტემბრის სხდომაზე განმარტა, რომ შპს „ქედი სტუდიოს“ მიერ 2014 წლის 25 აგვისტოს წარმოდგენილი უკანასკნელი ერთი თვის არქივის ჩანაწერის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას ჰქონდა ტიპური საინფორმაციო გამოშვება და რომ შპს „ქედი სტუდიოს“ მიერ საკუთარ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული ახალი ამბები შეიცავდა საქართველოში მეწყერის ჩამოწოლის ამბებიდან მოყოლებული უკრაინაში რუსეთის ჯარების შეყვანის ჩათვლით ინფორმაციას.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2014 წლის 23 ივნისის N6/4176-14 განცხადება;
2. კომისიის 2014 წლის 03 ივლისის N04/1433–14 წერილი და ამ წერილის შპს „ქედი სტუდიოსთვის“ გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი (საფოსტო გზავნილის კოდი: N040012242618; გაგზავნის თარიღი: 09.07.2014; კურიერის ვიზიტის თარიღი: 10.07.2014; სტატუსი: დაბრუნებულია გამომგზავნთან; მიზეზი: მიმღები არ დამხვდა მისამართზე);
3. კომისიის 2014 წლის 03 ივლისის N04/1433–14 წერილის შპს „ქედი სტუდიოსთვის“ განმეორებით გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი (საფოსტო გზავნილის კოდი: N040012242618; გაგზავნის თარიღი: 09.07.2014; კურიერის ვიზიტის თარიღი: 14.07.2014; სტატუსი: დაბრუნებულია გამომგზავნთან; მიზეზი: მიმღებმა განაცხადა უარი ჩაბარებაზე);
4. კომისიის ოფიციალურ ვებ–გვერდზე 2014 წლის 25 ივლისს გამოქვეყნებული კომისიის წერილი N04/1433–14. (მისამართი: http://www.gncc.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=110&info_id=115606);
5. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 30 ივლისის N10/1234-14 სამსახურებრივი ბარათი;
6. კომისიის 2014 წლის 19 აგვისტოს N03/1741–14 შეტყობინება და ამ შეტყობინების შპს „ქედი სტუდიოსთვის“ გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი (საფოსტო გზავნილის კოდი: N040014510645; გაგზავნის თარიღი: 19.08.2014; კურიერის ვიზიტის თარიღი: 19.08.2014; სტატუსი: დაბრუნებულია გამომგზავნთან; მიზეზი: მიმღებმა განაცხადა უარი ჩაბარებაზე; მიზეზის აღწერა: ორგანიზაციის მენეჯერმა ბროლა მჟავანაძემ უარი განაცხადა გზავნილის მიღებაზე, მისი განმარტებით დირექტორი არ იმყოფება ქალაქში);
7. კომისიის ოფიციალურ ვებ–გვერდზე 2014 წლის 22 აგვისტოს გამოქვეყნებული კომისიის 2014 წლის 19 აგვისტოს შეტყობინება N03/1741–14. (მისამართი: http://www.gncc.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=110&info_id=115744);
8. კომისიის 2014 წლის 19 აგვისტოს N03/1741–14 შეტყობინება და ამ შეტყობინების შპს „ქედი სტუდიოსთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ჩაბარების თარიღი: 20.08.2014; ჩაიბარა: ა. მამაცაშვილმა);
9. შპს „ქედი სტუდიოს“ კერძო მაუწყებლობის N B11 ლიცენზია;
10. შპს „ქედი სტუდიოს“ დირექტორის (კობა ბასილაიას) 2014 წლის 22 აგვისტოს განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის N6/5328-14);
11. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 27 აგვისტოს N10/1398-14 სამსახურებრივი ბარათი;
12. 2014 წლის 25 აგვისტოს შპს „ქედი სტუდიოს“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ერთი თვის არქივი ციფრულ მატარებელზე (არქივის ჩანაწერები წარმოდგენილია 2014 წლის 23 ივლისიდან 2014 წლის 23 აგვისტოს ჩათლით CD-დისკის სახით);
13. შპს „ქედი სტუდიოს“ შემოწმების აქტი N32 (შემოწმების ჩატარების თარიღი: 27.08.2014);
14. „შპს „ფაივ ლაინს ფროდაქშენი“-სათვის კერძო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 25 ნოემბრის N746/1 გადაწყვეტილება;
15. შპს „ფაივ ლაინს ფროდაქშენის“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე შპს „სტარ გრუპის“ 2009 წლის 29 მაისის განცხადება N6/1221-09;
16. „შპს ”სტარ გრუპის” კუთვნილი მაუწყებლობის №B11 ლიცენზიის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირებისა და კომისიის 2005 წლის 25 ნოემბრის №746/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ კომისიის 2013 წლის 5 აპრილის N235/2 გადაწყვეტილება;
17. შპს „ სტარ გრუპის“ მიერ, მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B11 ლიცენზიის, შპს „ქედი სტუდიოს“ სარგებლობაში გადაცემის შესახებ შპს „ქედი სტუდიოს“ 2013 წლის 12 ივნისის განცხადება N6/3053-13;
18. ,,კერძო მაუწყებლობის №B11 ლიცენზიის გადაცემაზე თანხმობის მიცემის და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირებისათვის საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ კომისიის 2013 წლის 22 თებერვლის N109/23 გადაწყვეტილება;
19. ამონაწერები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
20. 2014 წლის 04 სექტემბრის კომისიის სხდომაზე შპს „ქედი სტუდიოს“ დირექტორის კობა ბასილაიას მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება;
21. 2014 წლის 04 სექტემბრის კომისიის სხდომაზე შპს „ქედი სტუდიოს“ იურისტის ქეთევან გოთუას მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება.
22. 2014 წლის 04 სექტემბრის კომისიის სხდომაზე კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის ი. მახარაძის ახსნა-განმარტება.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს „ქედი სტუდიო“ ფლობს N B11 კერძო მაუწყებლობის ლიცენზიას (ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა), რომელიც შპს „სტარ გრუპის“ მიერ სარგებლობაში გადაეცა შპს „ქედი სტუდიოს“ 2013 წლის 11 ივნისს. (შპს „ფაივ ლაინს ფროდაქშენმა“ 2009 წლის 22 მაისს საფირმო სახელწოდება შეიცვალა და გახდა შპს „სტარ გრუპი“);
2. შპს „ქედი სტუდიო“, როგორც კერძო მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა და კერძო მაუწყებლობის N B11 ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები;
3. 2014 წლის 23 ივნისს კომისიაში შემოსული სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის N6/4176-14) საფუძველზე კომისიის 2014 წლის 03 ივლისის N04/1433–14 წერილით შპს „ქედი სტუდიოს“ მოეთხოვა უკანასკნელი ერთი თვის არქივის ციფრულ მატარებელზე კომისიაში წარმოდგენა, ასვევე 2014 წლის 03 ივლისის N04/1433–14 წერილით ეთხოვა კომისიაში 3 სამუშაო დღის ვადაში შეპასუხების გამოგზავნა („მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია შექმნას არქივი და არანაკლებ ერთი თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები); შპს „ქედი სტუდიომ“ (თ. წიკლაური) უარი თქვა ზემოაღნიშნული წერილის ჩაბარებაზე.
4. შპს „ქედი სტუდიოსათვის“ საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან (ანუ 2014 წლის 25 ივლისს კომისიის მიერ კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და კომისიის ფოიეში/საჯარო ადგილას განთავსების შემდგომ) კომისიაში არ წარმოუდგენია უკანასკნელი ერთი თვის არქივი ციფრულ მატარებელზე, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში.
5. შპს „ქედი სტუდიოს“ კერძო მაუწყებლობის N B11 ლიცენზიის დანართი N2-ის გ) პუნქტის თანახმად იგი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია, მათ შორის მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ასევე, კ) პუნქტის თანახმად, შპს „ქედი სტუდიო“ ვალდებულია შექმნას არქივი და არანაკლებ ერთი თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები.
6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები, ხოლო, დავის შემთხვევაში, დავასთან დაკავშირებული პროგრამები მის დასრულებამდე ინახება.
7. შპს „ქედი სტუდიო“ საკუთარ სამაუწყებლო ბადეში განათავსებს ახალი ამბების პროგრამებს, რაც დასტურდება შემოწმების აქტით N32 და შპს „ქედი სტუდიოს“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ერთი თვის არქივით (2014 წლის 23 ივლისიდან 2014 წლის 23 აგვისტოს ჩათვლით) ციფრულ მატარებელზე.
8. 2014 წლის 27 მარტს N172/18 გადაწყვეტილებით შპს „ქედი სტუდიოს“ მიეცა გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის და მისი კუთვნილი კერძო NB11 ლიცენზიის დანართი 2-ის „მ“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
1. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
2. „მაუწყებლობის შსახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ8 პუნქტის შესაბამისად, სპეციალიზებული მაუწყებლობა არის ერთი თემატიკის, ახალი ამბების და საზოგადოებრი-პოლიტიკური თემატიკის გარდა, პროგრამებით მაუწყებლობა;
3. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციებია მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები; დავის შემთხვევაში დავასთან დაკავშირებული პროგრამები მის დასრულებამდე ინახება.
5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა.
6. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაუწყებლის მიერ კომისიისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები;
7. შპს ,,ქედი სტუდიოს“ კერძო მაუწყებლობის N B11 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების ა), გ) და კ) პუნქტების შესაბამისად, შპს ,,ქედი სტუდიო“ ვალდებულია:
- მაუწყებლობის პროცესში დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა;
- კომისიას წარუდგინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია ;
- შექმნას არქივი და არანაკლებ ერთი თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;
8. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს და განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ქედი სტუდიოს“ მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტები, ასვევე, კერძო მაუწყებლობის N B11 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების ა) და გ) ქვეპუნქტები.
კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ქედი სტუდიოს“ მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტი, ვინაიდან შპს „ქედი სტუდიოს“ კომისიაში არ წარმოუდგენია უკანასკნელი ერთი თვის არქივი ციფრულ მატარებელზე, რომელიც კომისიის მიერ იყო მოთხოვნილი 2014 წლის 3 ივლისის წერილით N04/1433–14. კომისიის ზემოაღნიშნული მოთხოვნის საფუძველზე უნდა დადგენილიყო შპს „ქედი სტუდიო“ ახორციელებდა თუ არა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლირებას, შესაბამისად, არქივის ჩანაწერი მოთხოვნილი იყო 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩების მიმდინარეობის პერიოდზე (ჩემპიონატის დაწყებისა და დასრულების პერიოდი: 2014 წლის 12 ივნისიდან 2014 წლის 13 ივლისის ჩათვლით). აღნიშნული ინფორმაციის შემოწმება კომისიის კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენდა და შპს „ქედი სტუდიოს“ მიერ საინფორმაციო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მოთხოვნის იგნორირებით, კომისიას ხელი შეეშალა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების (დავის განხილვა, საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დაცვაზე ზედამხედველობა) განხორციელებაში. შპს „ქედი სტუდიოს“ მიერ, უკვე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი უკანასკნელი ერთი თვის არქივი, არ მოიცავს 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდს, შესაბამისად კომისია მოკლებულია შესაძლებლობას გამოიკვლიოს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ N6/4176-14 წერილში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ თავად სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ არ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები. დარღვეულია ინფორმაციის წარმოდგენის ვადაც, ვინაიდან კომისიის მიერ 2014 წლის 3 ივლისის წერილი N04/1433–14 კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და კომისიის ფოიეში განთავსდა 2014 წლის 25 ივლისს, ხოლო ინფორმაციის წარმოსადგენად კომისიამ შპს „ქედი სტუდიოს“ განუსაზღვრა სამი სამუშაო დღე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თუ დაინტერესებული მხარე ვალდებულია დაიცვას დადგენილი ვადა, აღნიშნული ვადის დინება დაიწყება მხოლოდ დაინტერესებული მხარისათვის შესაბამისი დოკუმენტის ან ინფორმაციის გადაცემის ან ამ ინფორმაციის ოფიციალური გამოქვეყნების დღიდან. შესაბამისად შპს „ქედი სტუდიოს“ 2014 წლის 30 ივლისამდე უნდა წარმოედგინა უკანასკნელი ერთი თვის ჩანაწერები. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ შპს „ქედი სტუდიოს“ მიერ 25 აგვისტოს წარმოდგენილი ჩანაწერების შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ შპს „ქედი სტუდიომ“ დაარღვია „მაუწყებლობის შსახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისად მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების კანონმდებლობასთან და ლიცენზიის პირობებთან შესაბამისობა. ვინაიდან, შპს „ქედი სტუდიო“ ფლობს კერძო მაუწყებლობის N B11 ლიცენზიას, რომლის სახეობაცაა სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა, აქედან გამომდინარე, აღნიშნული კომპანია უნდა მაუწყებლობდეს ერთი თემატიკის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გარდა, პროგრამებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შპს „ქედი სტუდიოს“ არ ჰქონდა უფლება საკუთარ სამაუწყებლო ბადეში განეთავსებინა არაგასართობი, კერძოდ, ახალი ამბების პროგრამები.
კომისია ვერ გაიზიარებს შპს „ქედი სტუდიოს“ მოსაზრებას, თითქოს მიუხედავად მათი კუთვნილი ლიცენზიის სახეობისა (სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა), მას ამავე ლიცენზიის N2 დანართის ლ) ქვეპუნქტით მინიჭებული ჰქონდა ახალი ამბების პროგრამებით მაუწყებლობის უფლება. კომისია განმარტავს, რომ შპს „ქედი სტუდიოს“ NB11 ლიცენზიის სახეობაა სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა (სალიცენზიო მოწმობა N00183); „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ8 პუნქტის შესაბამისად, სპეციალიზებული მაუწყებლობა არის ერთი თემატიკის (N B11 ლიცენზიის შემთხვევაში - გასართობი თემატიკის), ახალი ამბების და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გარდა, პროგრამებით მაუწყებლობა. ანუ, კანონმდებელი პირდაპირ უკრძალავს სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელს ერთზე მეტი თემატიკის პროგრამებით მაუწყებლობას.
შპს „ქედი სტუდიოს“ კუთვნილი NB11 ლიცენზიის N 2 დანართის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია: „მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. ახალი ამბების პროგრამებში უზრუნველყოს ფაქტებთან და მოვლენებთან დაკავშირებული ყველა საგულისხმო განსხვავებული აზრის სათანადოდ წარმოჩენა რომელიმე ჯგუფისა თუ აზრის დისკრიმინაციის გარეშე“; აღნიშნული სალიცენზიო ვალდებულება სრულად შეესაბამება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე და 54-ე მუხლებით განსაზღვრულ ჯეროვანი სიზუსტის დაცვის, სამართლიანობის და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფის კანონისმიერ ვალდებულებებს, რომელიც დადგენილია ყველა მაუწყებლისთვის, განურჩევლად მათი ლიცენზიის სახეობისა (საერთო, სპეციალიზებული). ამდენად, NB11 ლიცენზიის N2 დანართის ლ) ქვეპუნქტით განსაზღვრულია არა სპეციალიზებული მაუწყებლის ლიცენზიის მფლობელის უფლება და შესაძლებლობა განათავსოს საკუთარ სამაუწყებლო ბადეში ახალი ამბები, არამედ მისი ვალდებულება დაიცვას ჯეროვანი სიზუსტე, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 26 დეკემბრის Nბს-177-170 (კ-13) განჩინების შესაბამისად, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, კომისიის მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებით განმარტა ,,ელქტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ავტორიზებული პირისათვის სანქციის დაკისრებისა და ჯარიმის გამოანგარიშების საკითხს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღნიშნული განჩინების შესაბამისად, სხვადასხვა დროს ჩადენილი ორი ან მეტი სამართალდარღვევის შემთხვევა, ერთმანეთისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად, მხოლოდ, განმეორებით იგივე/ ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში მიიჩნევა (ერთი წლის განმავლობაში ჩადენილი, რომლის გამოც პირს უკვე დაედო ადმინისტრაციული სახდელი) (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 26 დეკემბრის Nბს-177-170 (კ-13) განჩინება, გვ. 20).
შპს „ქედი სტუდიოს“ უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე დაკისრებული აქვს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახე - წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ’ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის და მისი კუთვნილი კერძო NB11 ლიცენზიის დანართი N2-ის „მ“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 26 დეკემბრის Nბს-177-170 (კ-13) განჩინების განმარტების შესაბამისად, ამ შემთხვევაში, შპს „ქედი სტუდიოს“ მიმართ გამოყენებულ უნდა იქნას წერილობითი გაფრთხილება, ვინაიდან, დამამძიმებელ გარემოებად მიჩნეულ უნდა იქნას მხოლოდ, განმეორებით იგივე/ ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევა, რასაც ამ შემთხვევაში არა აქვს ადგილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53–ე, 94-ე, 98–ე და 99–ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის, 36–ე მუხლის მე–13 და მე–14 პუნქტების, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 49-ე მუხლის, 70-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, 71–ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,ქედი სტუდიოს“ მიეცეს გაფრთხილება, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, ასევე კერძო მაუწყებლობის N B11 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების ა) და გ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
2. შპს „ქედი სტუდიომ“ კომისიაში დაუყოვნებლივ წარმოადგინოს 2014 წლის ივნისის თვის არქივი ციფრულ მატარებელზე, რომელიც კომისიის მიერ მოთხოვნილი იყო 2014 წლის 3 ივლისის წერილით N04/1433–14, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ქედი სტუდიოსთვის” დაუყოვნებლივ გაგზავნა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „ქედი სტუდიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
5. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ვ. მახარაძე);
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს ,,ქედი სტუდიოსთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ქედი სტუდიოსთვის” ჩაბარების დღიდან;
8. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის წევრის კახი ბექაურის განსხვავებული აზრი:
კომისიის წევრი კახი ბექაური აღნიშნავს, რომ შპს „ქედი სტუდიოს“ NB11 ლიცენზიის N2 დანართის ლ) ქვეპუნქტში ასახული ვალდებულება „მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. ახალი ამბების პროგრამებში უზრუნველყოს ფაქტებთან და მოვლენებთან დაკავშირებული ყველა საგულისხმო განსხვავებული აზრის სათანადოდ წარმოჩენა რომელიმე ჯგუფისა თუ აზრის დისკრიმინაციის გარეშე“ - არის უდაოდ დამაბნეველი და მიუხედავად იმისა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე და 54-ე მუხლები ყველა მაუწყებელზე ვრცელდება, სალიცენზიო პირობებში სპეციალიზებული (გასართობი) მაუწყებლობის ლიცენზიანტისათვის, ეს კანონისმიერი ვალდებულება უნდა დაკონკრეტებულიყო. მიუხედავად ამისა, ზემოაღნიშნული ჩანაწერი არაა საფუძველი იმისა, რომ კომპანიას დაერღვია სალიცენზიო პირობები.
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
