წვდომის მენიუ

შპს „დუშეთის ტელევიზიისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ

ნომერი: 517 / 18

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 17, 2014 17:35

მიღების თარიღი სექტემბერი 16, 2014

 

შპს „დუშეთის ტელევიზიისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ

                საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა  აკრძალულია და ისჯება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,  მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2014 წლის 8 სექტემბერს წარმოებაში გადაეცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი №000197, შედგენილი 2014 წლის 8 სექტემბერს ქ.დუშეთში, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მობილური სისტემის ინჟინერ-ტექნიკოსთა მიერ ქ.დუშეთში ჩატარებული გეგმიური რადიომონიტორინგის პერიოდში დაფიქსირებულ იქნა შპს „დუშეთის ტელევიზიის“ მაუწყებლობა პირველ სატელევიზიო არხზე, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე. სამართალდარღვევათა ოქმს ხელს აწერს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი ინჟინერი ნიკოლოზ კონდოლელი და შპს „დუშეთის ტელევიზიის“ დირექტორი ეთერ ჩიხლაძე.

კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, გამომდინარე იქიდან, რომ ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „დუშეთის ტელევიზიისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.

”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2014 წლის 8 სექტემბერს, რომელიც კომისიას წარედგინა იმავე დღეს. შესაბამისად, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2014 წლის 16 სექტემბერს 16:00 საათი, ხოლო ადმინისტრაციული წარმოება  დაიწყო 2014 წლის 10 სექტემბერს, რის შესახებაც შეტყობინებით ეცნობა  შპს „დუშეთის ტელევიზიას“ (10.09.2014 N03/1901-14). შპს „დუშეთის ტელევიზიას“ გაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები და ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება, აგრეთვე ის, რომ  ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა  2014 წლის 16 სექტემბრის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „დუშეთის ტელევიზიის“ დირექტორი ქალბატონი ეთერ ჩიხლაძე, რომელმაც განაცხადა, რომ შპს „დუშეთის ტელევიზიის“ მიერ ხორციელდებოდა შპს „ტელეიმედის“ ტრანზიტი და კომპანიამ მხოლოდ საცდელი მაუწყებლობის ფარგლებში განახორციელა ეს ჩართვები. ეთერ ჩიხლაძემ ასევე აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი კომისიის წარმომადგენლების მიერ, შპს „დუშეთის ტელევიზიამ“ გამორთო გადამცემი და ამ ეტაპისთვის პირველ მეტრულ არხზე შპს „დუშეთის ტელევიზიის“ მიერ არ ხორციელდება არც მაუწყებლობა და არც მაუწყებლობის ტრანზიტი.

კომისიის სხდომაზე კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №000197 ოქმისა და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არსებული მასალების, ასევე დამრღვევის ახსნა-განმარტების  შესწავლის შედეგად დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს „დუშეთის ტელევიზია“ ფლობდა კერძო მაუწყებლობის NB26 ლიცენზიას (მოდიფიცირებული კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის N43/2 გადაწყვეტილებით) 2011 წლის 31 ივლისამდე, შემდეგი სალიცენზიო პირობებით

ლიცენზიის სახე: საეთერო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:ტელემაუწყებლობა პირველ მეტრულ სატელევიზიო არხზე, 5 ვატი სიმძლავრის  გადამცემის გამოყენებით, ქ.დუშეთი.

2. ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიის მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით გრძელდება ავტომატურად, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას. სხვა შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე ლიცენზიის მფლობელი მიმართავს კომისიას კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებით. კომისია კონკურსს ატარებს ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად, განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიაში შეტანილი უნდა იქნას ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე. ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას მისი განუხილველად დატოვების შესახებ.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში ლიცენზია გაუქმებულად ითვლება.

3. შპს „დუშეთის ტელევიზიას“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესებით“ დადგენილი წესის შესაბამისად კომისიისთვის არ მოუმართავს მაუწყებლობის NB26 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით; შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, შპს „დუშეთის ტელევიზიის“ NB26 ლიცენზია გაუქმდა 2011 წლის 31 ივლისს ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლის გამო.

4. 2014 წლის 8 სექტემბერს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მობილური სისტემის ინჟინერ-ტექნიკოსთა მიერ ქ.დუშეთში ჩატარებული გეგმიური რადიომონიტორინგის პერიოდში დაფიქსირებულ იქნა შპს „დუშეთის ტელევიზიის“ მაუწყებლობა პირველ სატელევიზიო არხზე, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე. შემოწმების შედეგად შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი №000197, შპს „დუშეთის ტელევიზიის“ მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის, კერძოდ მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის გამო. სამართალდარღვევათა ოქმს ხელს აწერს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი ინჟინერი ნიკოლოზ კონდოლელი და შპს „დუშეთის ტელევიზიის“ დირექტორი ეთერ ჩიხლაძე. კომისიის სხდომაზე შპს „დუშეთის ტელევიზიის“ წარმომადგენელმა ეთერ ჩიხლაძემ განაცხადა, რომ შპს „დუშეთის ტელევიზია“ პირველ მეტრულ არხს იყენებდა შპს „ტელეიმედის“ მაუწყებლობის ტრანზიტისთვის, ანუ კომპანია არ ახორციელდებდა საკუთარი პროგრამებით მაუწყებლობას, შპს „დუშეთის ტელევიზიის“ მიერ ხორციელდებოდა მხოლოდ შპს „ტელეიმედის“ სამაუწყებლო არხის ტრანზიტი.

5. საქმის განხილვის სტადიაზე დადგინდა, რომ სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილი არ ჰქონია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს გათვალისწინებულს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.

კომისია, ადმინისტრაციული წარმოების პროცეში გამოკვლეული ფაქტობრივი გარმოებების შეფასების შედეგად აღნიშნავს შემდეგს:

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 361 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია აუცილებელ ტექნიკურ რეგულაციასთან და შეზღუდული რესურსების გამოყენებასთან, ხორციელდება მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლობისა და იმ მაუწყებლობისა, რომლისთვისაც ამ კანონით გათვალისწინებულია ავტორიზაცია.

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საეთერო (სიხშირული სპექტრის გამოყენებით) მაუწყებლობის ლიცენზია გაიცემა კონკურსის საფუძველზე.

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა  აკრძალულია და ისჯება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი;

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე, ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

6. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,  მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

                კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე შპს „დუშეთის ტელევიზიის“ დირექტორის ახსნა-განმარტებებით დასტურდება, რომ შპს „დუშეთის ტელევიზია“ ქ.დუშეთში ახორციელებს სამაუწყებლო არხ „ტელეიმედის“ ტრანზიტს პირველი სატელევიზიო არხის გამოყენებით. გასათვალისწინებელია, რომ კომისიის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემების მიხედვით შპს „დუშეთის ტელევიზია“ არ წარმოადგენს მაუწებელს ან/და ავტორიზებულ პირს მაუწყებლობის სფეროში, კომპანიას ასევე არ აქვს გავლილი ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მაუწყებლობის ტრანზიტზე, ამავე დროს, კომპანია არ ფლობს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „დუშეთის ტელევიზიის“ მიერ განხორციელებული ქმედება, კერძოდ  რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებით შესაბამისი ავტორიზაციის, ლიცენზიის ან/და მინიჭების გარეშე საქმიანობის განხორციელება წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და იწვევს პასუხისმგებლობას ჯარიმის სახით 5000 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „დუშეთის ტელევიზიას“ უნდა დაეკისროთ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმია 5000 ლარის ოდენობით.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-ე მუხლის და 1441 მუხლის პირველი ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესები“ 36-ე მუხლის მე-16 და მე-18 პუნქტების და 38-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაეკისროთ ჯარიმა შპს „დუშეთის ტელევიზიას“ 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის, კერძოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე მაუწყებლობის ტრანზიტის განხორციელებისა და ამ საქმიანობისთვის ულიცენზიოდ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისთვის;

2. უზრუნველყოს შპს „დუშეთის ტელევიზიამ“ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის - 5000 (ხუთი ათასი) ლარის გადახდა, წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900;

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22;

- სახაზინო კოდი -  300153251;

3. უზრუნველყოს შპს „დუშეთის ტელევიზიამ“ ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

4.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ.ნინუა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „დუშეთის ტელევიზიისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

5.   გადაწყვეტილება ძალაში შედის შპს „დუშეთის ტელევიზიისთვის“  ჩაბარების დღიდან;

6.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე)

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ  დეპარტამენტს (ი.ხარებავა);

9.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3, მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი). 

               კომისიის თავმჯდომარე                                                                 ვახტანგ აბაშიძე

               კომისიის წევრები:                                                                             აკაკი სიხარულიძე

სოფიო ბრიტანჩუკი

ირაკლი მოსეშვილი

კახი ბექაური

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები