სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ ”დელტას” განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 26, 2014 12:52
მიღების თარიღი სექტემბერი 18, 2014
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ ”დელტას” განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა ”დელტამ” კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/330-14, 06.08.14) ქ. თბილისში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არაავტორიზებად პირს, რომლის საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.
”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად, დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.
დამატებით გაცნობებთ, რომ ”ლიცენზიებისა და ნებართვების” შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისმე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, სანებართვო განცხადებას თან უნდა ერთვოდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
კომისია აღნიშნავს, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი ”დელტას” მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებას (№ 7/330-14, 06.08.14) თანდართული არ ჰქონდა სადამფუძნებლო დოკუმენტები და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, კომისიამ განმცხადებელს დამატებითი ინფორმაციისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის 1000 ლარის (500 ლარი 1 სიხშირეზე) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენისთვის განუსაზღვრა 10 სამუშაო დღის ვადა (წერილი № 06/1771-14, 22.08.14წ., რომელიც ჩაბარდა სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ ”დელტას” 2014 წლის 25 აგვისტოს). კომისია აღნიშნავს, რომ მითითებულ ვადაში განმცხადებელს მოთხოვნილი დოკუმენტები არ წარმოუდგენია.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. განუხილველად დარჩეს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი ”დელტას” განცხადება № 7/330-14, 06.08.14წ. სიხშირის მინიჭების თაობაზე;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი ”დელტასთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი კ. ბექაური
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
