წვდომის მენიუ

შპს „ტელეკომპანია ქართული არხისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 528 / 18

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 10, 2014 13:12

მიღების თარიღი სექტემბერი 18, 2014

შპს „ტელეკომპანია ქართული არხისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციას წარმოადგენს  საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი.

კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 05 სექტემბერს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს რეაგირებისათვის გადაეცა, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 05 სექტემბრის N10/1445-14 სამსახურებრივი ბარათი, რომლის შესაბამისად ირკვევა, რომ  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს ,,ტელეკომპანია ქართული არხის“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის შემოწმება; შპს ,,ტელეკომპანია ქართული არხის“ 2014 წლის 24 და 25 აგვისტოს სამაუწყებლო ბადის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ შპს ,,ტელეკომპანია ქართული არხი“, საკუთარ სამაუწყებლო ბადეში კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე, ანთავსებს შემდეგ მხატვრულ და ანიმაციურ ფილმებს: ,,The Blind Side”, ,,Le Genderme se Marie” და ,,Shrek”. ზემოაღნიშნული სამსახურებრივი ბარათის თანახმად, ასევე ირკვევა, რომ კომისიამ 2014 წლის 26 აგვისტოს N04/1798-14 წერილით მიმართა შპს ,,ტელეკომპანია ქართულ არხს“ და მოსთხოვა ზემოაღნიშნული მხატვრული და ანიმაციური ფილმების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში 05 დღის ვადაში წარმოდგენა. აღნიშნული წერილის პასუხად, შპს ,,ტელეკომპანია ქართულმა არხმა“ კომისიას აცნობა (03.08.2014 წერილი N02/73, კომისიაში რეგისტრაციის N6/5479-14), რომ კომპანიას ზემოაღნიშნული მხატვრული და ანიმაციური ფილმების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ გააჩნია. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის აპარატის მაუწყებლობის დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს ,,ტელეკომპანია ქართული არხის“ მიერ ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე მხატვრული და ანიმაციური ფილმების არამართლზომიერი  ჩვენება.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 05 სექტემბრის  N10/1445-14 სამსახურებრივ ბარათს თან ერთვის კომისიის 26.08.14 წერილი N04/1798-14, შპს ,,ტელეკომპანია ქართული არხის“ 03.09.14 წერილი N02/73 (კომისიაში რეგისტრაციის  N6/5479-14) და შპს ,,ტელეკომპანია ქართული არხის 2014 წლის 24, 25 აგვისტოს სამაუწყებლო ბადის მონიტორინგის ამსახველი ვიდეომასალა, დატანილი 1 CD-ზე.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათისა და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე,  ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2014 წლის 11 სექტემბერს,  კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეკომპანია ქართული არხისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;  საკითხის განხილვა დაინიშნა 2014 წლის 18 სექტემბერს 16:00 საათზე; აღნიშნულის თაობაზე შპს „ტელეკომპანია ქართულ არხს“ ეცნობა შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად; მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2014 წლის 18 სექტემბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „ტელეკომპანია ქართული არხის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი გიგა აბულაძე, რომელმაც აღიარა დარღვევის ფაქტი და განაცხადა, რომ მსგავს შემთხვევას ადგილი აღარ ექნება.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.       კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 05.09.14   N10/1445-14 სამსახურებრივი ბარათი;

2.       კომისიის 26.08.14 წერილი  N04/1798-14  შპს ,,ტელეკომპანია ქართულ არხს“;

3.       შპს ,,ტელეკომპანია ქართული არხის“ 03.09.14 N02/73 (კომისიაში რეგისტრაციის N6/5479-14) წერილი კომისიას;

4.       შპს ,,ტელეკომპანია ქართული არხის“ სამაუწყებლო ბადის მონიტორინგის ამსახველი ვიდეო მასალა - 1 CD;

5.       კომისიის 2012 წლის 24 დეკემბრის N818/1 გადაწყვეტილება ,,შპს „TV კვირიკესთვის“ (შპს ,,ტელეკომპანია ქართული არხის“ თავდაპირველი სახელწოდება) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“;

6.       შპს „ტელეკომპანია ქართული არხის“ წარმომადგენლის გიგა აბულაძის მიერ 2014 წლის 18 სექტემბრის  კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტება.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.      შპს ,,ტელეკომპანია ქართულ არხს“ 2012 წლის 19 დეკემბერს გავლილი აქვს ავტორიზაცია სპეციალიზებულ (შემეცნებით) ტელემაუწყებლობაზე;

2.       შპს  ,,ტელეკომპანია ქართული არხი“ 2012 წლის 24 დეკემბრიდან ფლობს N B133 ლიცენზიას.  ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა; ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (შემეცნებითი) ტელემაუწყებლობა;

3.       მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის მონაცემებით, 2013 წლის 05 ნოემბრამდე და შესაბამისად კომისიის მიერ  N B133 ლიცენზიის გაცემის დღისათვის შპს ,,ტელეკომპანია ქართული არხის“ სახელწოდება იყო შპს ,,TV კვირიკე“;

4.      კომისიის აპარატის მაუწყებლობის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შპს „ტელეკომპანია ქართული არხის“ 2014 წლის 24 და 25 აგვისტოს სამაუწყებლო ბადის მონიტორინგის  შედეგად გამოირკვა, რომ შპს „ტელეკომპანია ქართული არხი“ საკუთარ სამაუწყებლო ბადეში, აღნიშნული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე ანთავსებს შემდეგ მხატვრულ და ანიმაციურ ,,The Blind Side”, ,,Le Genderme se Marie” და ,,Shrek”, რაც დასტურდება შპს ,,ტელეკომპანია ქართული არხის“  სამაუწყებლო ბადის მონიტორინგის ამსახველი ვიდეო მასალით;

5.      კომისიის 2012 წლის 24 დეკემბრის N818/1 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტით შპს ,,ტელეკომპანია ქართულ არხს“ ( იმ დროისათვის შპს ,,TV კვირიკე“) განესაზღვრა სალიცენზიო ვალდებულება, წარუდგინოს კომისიას მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

6.      შპს ,,ტელეკომპანია ქართულ არხს“ უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე;

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

1.      ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

2.       „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) მიერთებით, საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;

3.      „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლებისა და  „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის მნიშვნელოვანია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების გადაცემის  საშუალებები და ხერხები.

4.      ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესებთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);

5.      „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის  ჟ) პუნქტის შესაბამისად, საჯარო გადაცემა განმარტებულია, როგორც ნაწარმოების,  შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნეს მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;

6.      „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს.  კერძოდ, ავტორი, ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს ლიცენზიატს ნაწარმოების გამოყენების უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით;

7.      „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის შესაბამისად,  სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით;

8.      „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებული საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევა იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად;

9.      ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისის ფუნქციას წარმოადგენს  მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის  ,,ი” ქვეპუნქტის შესაბამისად, საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

10.  კომისიის 2012 წლის 24 დეკემბრის N818/1 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის თანახმად, შპს ,,ტელეკომპანია ქართული არხი“ ვალდებულია, წარუდგინოს კომისიას მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

11.  ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია, კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

12.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა;

13.  ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს და განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად;

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ  შპს „ტელეკომპანია ქართულმა არხმა“ მხატვრული და ანიმაციური ფილმები: ,,The Blind Side”, ,,Le Genderme se Marie” და ,,Shrek”, 2014 წლის 24 და 25 აგვისტოს სამაუწყებლო ბადეში განათავსა არამართლზომიერად და ვინაიდან, უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე, მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას წერილობითი გაფრთხილება;

კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს ,,ტელეკომპანია ქართულ არხს“ უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგი მხატვრული და ანიმაციური  ფილმების: ,,The Blind Side”, ,,Le Genderme se Marie” და ,,Shrek”, არამართლზომიერი  განთავსება სამაუწყებლო ბადეში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის, „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების“ მე-8 მუხლი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 98-ე და 99-ე მუხლების,  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და ი)  ქვეპუნქტების, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის,  70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 38-ე,  42-ე და 58-ე მუხლების, და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კერჭისყრის შედეგად, ერთხმად  

გადაწყვიტა:

1.       შპს „ტელეკომპანია ქართულ არხს“ მიეცეს გაფრთხილება,  ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის,  ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18  მუხლის  მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 38-ე და 42-ე მუხლების, კომისიის 2012 წლის 24 დეკემბრის N818/1 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო;

2.       შპს „ტელეკომპანია ქართულ არხს“ აეკრძალოს  მხატვრული და ანიმაციური ფილმების: ,,The Blind Side”, ,,Le Genderme se Marie” და ,,Shrek” არამართლზომიერი განთავსება სამაუწყებლო ბადეში;

3.       დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.ხუხუნაიშვილი) წინამდებარე გადაწყვეტილებით დაკისრებული სანქციის თაობაზე უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შესაბამისი მონაცემების შეტანა;

4.       დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ტელეკომპანია ქართული არხისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

5.       გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

6.       გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელეკომპანია ქართული არხისათვის“ ჩაბარების დღიდან;

7.       კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

8.       კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-4 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                    ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                                    აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                    ირაკლი მოსეშვილი                                                                                                                                                                                                        

კომისიის წევრი                                                                                                    კახი ბექაური

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები