შპს „სტერეო+“-ის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 23, 2014 13:56
მიღების თარიღი სექტემბერი 25, 2014
შპს „სტერეო+“-ის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2014 წლის 29 აგვისტოს შპს „სტერეო +“ -მა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/5413-14) მიმართა კომისიას, ლიცენზიის მფლობელის მიერ კომისიაში წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშში ასახული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში შპს „სტერეო +“ განმარტავს, რომ კომისიის 2014 წლის 10 ივლისის № 363/1 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „სტერეო +“-მა რადიოსიხშირული სპექტრის სარგებლობის № MUX-B და MUX-E ლიცენზიებით გათვალისწინებული ციფრული მულტიპლექსის ქსელის ფორმირების მიზნით განახორციელა გარკვეული სამუშაოები, კერძოდ აწარმოა მოლაპარაკებები ქსელური მოწყობილობების მწარმოებლებთან და მიიღო მათგან ფასდაკლებები და თანხმობა, რომ შეზღუდულ ვადებში შეძლებენ მისთვის შესაბამისი პროდუქციის მოწოდებას. შპს „სტერეო +“-მა ამის დასადასტურებლად კომისიას წარმოუდგინა შესაბამისი კომპანიების მიერ გაცემული ინვოისები, რომლებიც შეიცავენ სპეციალურ შეთავაზებებს შპს „სტერეო +“-სათვის და მოითხოვს კომპანიის მიერ წარმოდგენილი სრული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობას, რადგან შპს „სტერეო +“-ს მიაჩნია, რომ აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიას და მის კონკურენტუნარიანობას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.
კომისიის 2014 წლის 25 სექტემბრის სხდომაზე, შპს „სტერეო +“-ს წარმომადგენელმა მ. გოგოსაშვილმა აღნიშნა, რომ შპს „სტერეო+“–ს ევალება, პერიოდულად წარმოუდგინოს კომისიას ანგარიში, თუ რას ახორციელებს რადიოსიხშირული სპექტრის სარგებლობის № MUX-B და MUX-E ლიცენზიების ფარგლებში და კომისიის გადაწყვეტილებით, განსაზღვრულია ანგარიშების წარმოდგენის ვადები. ამავდროულად, კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილია ყოველთვიურად შესასრულებელი სამუშაოების გეგმა. აღნიშნული გეგმის თანახმად, პირველი ანგარიში მოიცავდა 2014 წლის 01 სექტემბრამდე განხორციელებული აქტივობების ასახვას. კერძოდ, შპს „სტერეო+“–ის მიერ ამ პერიოდში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები იმ კომპანიებთან, ვისგანაც მისდამი რწმუნებული კომპანიის მიერ ციფრული მულტიპლექსის ქსელის ფორმირების მიზნით შესაძლოა შესყიდულ იქნეს საჭირო ტექნიკა. სწორედ ამ მოლაპარაკებების წარმოებისა და გარკვეული შეთანხმებების მიღწევის დამადასტურებლად კომისიაში წარმოდგენილია ეს დოკუმენტაცია. შპს ‘სტერეო+“–ს შეეძლო, რომ მხოლოდ ელექტრონული ფოსტით წარმოებული მიმოწერა წარმოედგინა, თუმცა საჭიროდ მიიჩნია, რომ ხელმოწერილი და ბეჭედდასმული დოკუმენტაცია (ინვოისები) სრულად მიეწოდებინა კომისიისთვის; ყოველთვიურად შესასრულებელი სამუშაოების გეგმის თანახმად, კომისისათვის მათ ევალებათ განხორციელებული საქმიანობის აღწერის წარმოადგენა და კომისიას არ დაუდგენია კონკრეტული დოკუმენტების ჩამონათვალი, რომლითაც შეიძლება დადასტურდეს ან უარყოფილი იქნეს საქმიანობის განხორციელება. ამის გათვალისწინებით, მათ შეუძლიათ ინფორმაციის წარმოდგენა შპს „სტერეო +“-ის მიერ ქსელური მოწყობილობების მწარმოებლებთან მოლაპარაკებების შესახებ, მათგან ფასის ნაწილში სპეციალური შეთავზებების გარეშეც, ხოლო როდესაც კომისიის უფლებამოსილი პირები მივლენ მონიტორინგის ჩასატარებლად კომპანიაში, ისინი მათ წარმოუდგენენ სრულ ინფორმაციას. ამის გათვალისწინებით, შპს „სტერეო +“-ს წარმომადგენელმა მ. გოგოსაშვილმა მოითხოვა მისდამი რწმუნებული კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის უკან გათხოვა და კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შეწყვეტა, რაც კომისიის მიერ დაკმაყოფილებულ იქნა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტისა და 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს „სტერეო +“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშში ასახული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ.
2. დაუბრუნდეს შპს „სტერეო +“-ს კომისიაში წარმოდგენილი ქსელური მოწყობილობების მწარმოებლებისაგან სპეციალური ფასის შემცველი ინვოისები ასლის გადაღების გარეშე:
ა) ინვოისი “Imagine Communications Emea” (UK) LTD-საგან სათაო სადგურის/მართვის პუნქტის შეძენის თაობაზე ;
ბ) ინვოისი “ELBER MICROWAVE RADIO LINKS” -საგან სადისტრიბუციო სისტემის აპარატურის შეძენაზე ;
გ) ინვოისი “KATHREIN Antennen-Electronic” -საგან საანტენო სისტემების აპარატურის შეძენაზე ;
დ) ინვოისი “GatesAir” -საგან გადამცემების შეძენაზე;
ე) ინვოისი “ONEtastic S.R.L.” -საგან გადამცემებისა და ფილტრების შეძენაზე;
ვ) ინვოისი “TREDESS 2010 S.l.” -საგან გადამცემების შეძენაზე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „სტერეო +“-ისათვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „სტერეო +“ -სათვის ჩაბარების დღიდან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N6) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი კ. ბექაური
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
