შპს “სტუდია მაესტროს” კერძო მაუწყებლობის №B107 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2009 წლის 3 ივლისის №285/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 10, 2014 13:31
მიღების თარიღი სექტემბერი 25, 2014
შპს “სტუდია მაესტროს” კერძო მაუწყებლობის №B107 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2009 წლის 3 ივლისის №285/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს “სტუდია მაესტრომ” (კომისიაში რეგისტრაციის №7/336-14, 11.08.2014), კომპანიის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B107 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, კომპანიას სურს მაუწყებლობის ხანგრძლივობად 24 საათის ნაცვლად 20 საათის განსაზღვრა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული სარედაქციო პოლიტიკიდან გამომდინარე კომპანიის სამაუწყებლო ბადის დაგეგმვა მოხდება 20 საათის ფარგლებში.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “სტუდია მაესტრო” ფლობს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო მაუწყებლობის №B107 ლიცენზიას 2019 წლის 3 ივლისამდე, კომისიის 2009 წლის 3 ივლისის №285/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა, თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით;
ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
გ) დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის ხანგრძლივობა - 24 საათი;
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 27 აგვისტოს №484/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს “სტუდია მაესტროს” კერძო მაუწყებლობის №B107 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2009 წლის 3 ივლისის №285/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2014 წლის 25 სექტემბრის 16:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;
ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის (სამსახურეობრივი ბარათი №10/1342-14, 18.08.2014) თანახმად, კერძო მაუწყებლობის №B107 ლიცენზიის მოდიფიცირება და დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად 20 საათის განსაზღვრა შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2014 წლის 25 სექტემბერს 16:00 საათზე. სხდომას ესწრებოდა უფლებამოსილი წარმომადგენელი ნინო ელოშვილი. ზეპირი მოსმენისას არ გამოვლენილა შპს “სტუდია მაესტროს” კერძო მაუწყებლობის №B107 ლიცენზიის მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები. შესაბამისად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს “სტუდია მაესტროს” კერძო მაუწყებლობის №B107 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2009 წლის 3 ივლისის №285/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ზეპირი მოსმენის სხდომაზევე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს შპს “სტუდია მაესტროს” კერძო მაუწყებლობის №B107 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2009 წლის 3 ივლისის №285/1 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ი) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”2. მაუწყებლობა განახორციელოს დღე–ღამის განმავლობაში არანაკლებ 20 საათი;”
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “სტუდია მაესტროსთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს “სტუდია მაესტროსთვის” აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ; №6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
