შპს ,,ნეტსითისთვის“ ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 10, 2014 11:36
მიღების თარიღი ოქტომბერი 06, 2014
შპს ,,ნეტსითისთვის“ ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე, ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან. ამავე კოდექსის 228-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 1441 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, ხოლო ამავე კოდექსის 231-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების წესი იმ ორგანოებში, რომლებიც უფლებამოსილნი არიან განიხილონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები, განისაზღვრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.
კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 2 ოქტომბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№10/4590-14; 30.09.14), რომელსაც თან ერთვის: 2014 წლის 30 სექტემბრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000112; 2014 წლის 30 სექტემბრის შემოწმების აქტი №3; შპს ,,ალტერნეტის“ 2014 წლის 19 სექტემბრის №190914-1 წერილი; შპს ,,ნეტსითის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი 2014 წლის აგვისტოს თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშება; შპს ,,ნეტსითის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაცია აბონენტების რაოდენობის, ინტერნეტ პაკეტების, ინტერნეტის სიჩქარის მახასიათებლებისა და ანგარიშბრუნვის თაობაზე 2014 წლის აგვისტოს მდგომარეობით. აღნიშნული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ შპს ,,ნეტსითი“ ქარელის მუნიციპალიტეტში ახორციელებდა ინტერნეტ სერვისით მომსახურებას ავტორიზაციის გარეშე, რაც წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ნეტსითისთვის“ ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 1441 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეს უფლებამოსილი ორგანო განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და სხვა მასალების მიღებიდან შვიდი დღის ვადაში. ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან შვიდი დღის ვადაში.
ვინაიდან, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი შედგენილ იქნა 2014 წლის 30 სექტემბერს, რომელიც კომისიას წარედგინა იმავე დღეს, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2014 წლის 6 ოქტომბერი, რის შესახებ შეტყობინებით ეცნობა შპს ,,ნეტსითს“ და განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობისა და ადვოკატის იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება. შპს ,,ნეტსითს“ ასევე განემარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადების სტადიაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ გამოარკვია, რომ შპს ,,ნეტსითის“ მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000112 შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლისა და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 37-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი, კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ციალა უჯმაჯურიძე და შპს ,,ნეტსითის“ დირექტორი ჯიმშერ მარგალიტაძე, რომელსაც წარედგინა აღნიშნული ოქმი. ამასთან შპს ,,ნეტსითს“ ეცნობა საქმის განხილვის დრო და ადგილი.
2014 წლის 6 ოქტომბერს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,ნეტსითის“ დირექტორი ჯ.მარგალიტაძე და შპს ,,ნეტსითის“ დამფუძნებელი დ.სიხარულიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ 2014 წლის აგვისტოს თვეში შპს ,,ნეტსითს“ საქმიანობა რეალურად არ დაუწყია, მიმდინარეობდა შპს ,,ნეტ სითის“ აბონენტების გადმოყვანა და ძირითადი საშუალებების გადმოტანა შპს ,,ნეტსითიში“. როდესაც მათთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულის შესახებ კომისიისთვის უნდა ეცნობინებინათ, მათ ეს პროცესიც შეაჩერეს. შპს ,,ნეტსითის“ განმარტებით, ვინაიდან ბანკებში და გადახდის აპარატებში გახსნილი იყო ორივე კომპანიის (შპს ,,ნეტსითი“ და შპს ,,ნეტ სითი“) ანგარიში, შპს ,,ნეტ სითის“ 28 აბონენტს აერია კომპანიის სახელწოდებები და შეცდომით ჩარიცხა სააბონენტო გადასახდი შპს ,,ნეტსითის“ ანგარიშზე. შემდეგ შპს ,,ნეტსითმა“ განმარტა, რომ ეს 28 აბონენტი ირიცხებოდა შპს ,,ნეტსითის“ ბალანსზე, მაგრამ ინტერნეტ მომსახურება არ მიეწოდებოდა. აქედან გამომდინარე, შპს ,,ნეტსითმა“ კომისიაში შეცდომით წარადგინა 2014 წლის აგვისტოს თვის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და რეგულირების საფასურის გაანგარიშება. შპს ,,ნეტსითს“ მიაჩნია, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონდა ავტორიზაციის გარეშე საქმიანობას. შემდეგ შპს ,,ნეტსითმა“ განმარტა, რომ კომისიამ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა მიიჩნიოს ის, რომ შპს ,,ნეტსითს“ რომ არ წარმოედგინა კომისიაში სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და რეგულირების საფასურის გაანგარიშება, ვერავინ ვერ გაიგებდა საქმიანობდა თუ არა შპს ,,ნეტსითი“ 2014 წლის აგვისტოში ავტორიზაციის გარეშე.
2014 წლის 6 ოქტომბერს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,ალტერნეტის“ დირექტორი მ.გოთოშია, რომელმაც აღნიშნა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით შპს ,,ნეტ სითს“ დაეკისრა დავალიანების გადახდა შპს ,,ალტერნეტის“ სასარგებლოდ. ვინაიდან მოხდა შპს ,,ნეტ სითის“ საოპერაციო აქტივების გადაცემა ,,ნეტსითისთვის“, შეუძლებელია შპს ,,ნეტ სითის“ მიერ მოხდეს ამ დავალიანების დაფარვა და სასამართლო წესით მოითხოვს ამ აქტივების შპს ,,ნეტ სითისთვის“ დაბრუნებას. მისი განმარტებით, 2014 წლის აგვისტოში, შპს ,,ნეტსითმა“ ავტორიზაციის გარეშე დაიწყო საქმიანობა. შესაბამისად, მოითხოვა კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღება.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლის შესაბამისად, ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მიყენებულია თუ არა ქონებრივი ზარალი, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.
2014 წლის 6 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2014 წლის 30 სექტემბრის სამსახურებრივი ბარათი №10/4590-14.;
2. 2014 წლის 30 სექტემბრის შემოწმების აქტი №3;
3. 2014 წლის 30 სექტემბრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000112;
4. შპს ,,ალტერნეტის“ 2014 წლის 19 სექტემბრის №190914-1 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი და თარიღი: №6/5851-14; 22.09.14);
5. შპს ,,ნეტსითის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი 2014 წლის აგვისტოს თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშება;
6. შპს ,,ნეტსითის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი 2014 წლის აგვისტოს თვის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები აბონენტების რაოდენობის, ინტერნეტ პაკეტების, ინტერნეტის სიჩქარის მახასიათებლებისა და ანგარიშბრუნვის თაობაზე;
7. ამონაწერი კომისიაში დაცულ ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
8. შპს ,,ნეტსითის“ მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;
9. შპს ,,ნეტსითის“ მიერ 2014 წლის 30 სექტემბერს კომისიაში წარმოდგენილი წერილი (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი და თარიღი: №6/6012-14; 30.09.14).
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს ,,ნეტსითი“ 2014 წლის 22 სექტემბრიდან არის ავტორიზებული პირი (ელექტრონული კომუნიკაციების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და/ან მომსახურების მიწოდების სახეები და მათი მოკლე აღწერილობა: ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ინტერნეტ მომსახურება - WiFi). 2014 წლის აგვისტოში შპს ,,ნეტსითი არ წარმოადგენდა ავტორიზებულ პირს;
2. 2014 წლის 19 სექტემბერს, შპს ,,ალტერნეტმა“ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ,,ნეტსითის“ მიერ ქარელის მუნიციპალიტეტში ინტენეტ სერვისის მიწოდების კანონიერების შესწავლის მიზნით;
3. 2014 წლის 30 სექტემბერს, კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ შემოწმდა შპს ,,ნეტსითის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და რეგულირების საფასურის გაანგარიშებები. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ შპს ,,ნეტსითი“, 2014 წლის აგვისტოს თვეში, შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე ინტერნეტ მომსახურებას უწევდა 28 აბონენტს, ხოლო ამავე თვის რეგულირების საფასური შეადგენს 6.99 ლარს. აღნიშნულის თაობაზე 2014 წლის 30 სექტემბერს შედგა შემოწმების აქტი №3 და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000112;
კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის აგვისტოს თვეში, შპს ,,ნეტსითი“ ქარელის მუნიციპალიტეტში ახორციელებდა ინტერნეტ სერვისით მომსახურებას ავტორიზაციის გარეშე, რაც დადასტურებულია კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ 2014 წლის 30 სექტემბერს შედგენილი №000112 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმითა და №3 შემოწმების აქტით, ასევე 2014 წლის 30 სექტემბერს კომისიის სხდომაზე შპს ,,ნეტსითის“ მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებით. აღნიშნული, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას - ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობად, რისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით. ამასთან, მის მიერ სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილი არ ჰქონდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე და 35-ე მუხლებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ნეტსითის“ მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით.
კომისია ვერ გაიზიარებს შპს ,,ნეტსითის“ ახსნა-განმარტებას იმის თაობაზე, რომ 2014 წლის აგვისტოში მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონდა ავტორიზაციის გარეშე საქმიანობას და მიმდინარეობდა შპს ,,ნეტ სითის“ აბონენტების გადმოყვანა და ძირითადი საშუალებების გადმოტანა შპს ,,ნეტსითიში“ და შემდგომში ეს პროცესიც შეჩერებულ იქნა.
კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებები და შპს ,,ნეტსითის“ მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტები ერთობლიობაში უდავოდ იძლევა იმის მტკიცების საშუალებას, რომ 2014 წლის აგვისტოში შპს ,,ნეტსითი“ საქმიანობდა ავტორიზაციის გარეშე. კერძოდ, თვით შპს ,,ნეტსითის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი 2014 წლის აგვისტოს თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშებებიდან და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებიდან დგინდება, რომ 2014 წლის აგვისტოს შპს ,,ნეტსითი“ ინტერნეტ მომსახურებას აწვდიდა 28 აბონეტს. სტატისტიკური ანგარიშგების ფორმაში შპს ,,ნეტსითს“ ასევე მითითებული აქვს ინტერნეტ პაკეტების ღირებულება, ინტერნეტ მომსახურების მიწოდების ტექნოლოგია, ინტერნეტის სიჩქარის მახასიათებლები და ანგარიშბრუნვა. ამასთან, შპს ,,ნეტსითის“ მიერ სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება წინააღმდეგობრივია. კერძოდ, შპს ,,ნეტსითი“ ჯერ აღნიშნავს, რომ შპს ,,ნეტ სითის“ 28 აბონენტმა შეცდომით ჩარიცხა თანხა შპს ,,ნეტსითის“ ანგარიშზე, შემდგომ აღნიშნავს, რომ ეს 28 აბონენტი იმყოფებოდა შპს ,,ნეტსითის“ ბალანსზე; შპს ,,ნეტსითი“ აცხადებს, რომ 2014 წლის აგვისტოში მიმდინარეობდა შპს ,,ნეტ სითის“ აბონენტების გადმოყვანა და ძირითადი საშუალებების გადმოტანა შპს ,,ნეტსითიში“ და შემდგომში ეს პროცესიც შეჩერებულ იქნა, ხოლო კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში (№6/6012-14; 30.09.14) მიუთითებს, რომ შპს ,,ნეტსითმა“ შეიძინა შპს ,,ნეტ სითის“ ქსელური მოწყობილობები, რომლითაც ეს უკანასკნელი ინტერნეტს აწვდიდა აბონენტებს და ყველა აბონენტთან დადო ახალი ხელშეკრულება. შპს ,,ნეტსითი“ წერილში ასევე აღნიშნავს, რომ მათ გვიან შეიტყვეს, რომ ამ პროცესის შესახებ უნდა ეცნობებინათ კომისიისთვის, რისთვისაც ბოდიშს იხდიან.
კომისია, ასევე ვერ გაიზარებს შპს ,,ნეტსითის“ არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ კომისიამ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა მიიჩნიოს ის, რომ შპს ,,ნეტსითს“ კომისიაში რომ არ წარმოედგინა სტატისტიკური ანგარიშსგების ფორმები და რეგულირების საფასურის გაანგარიშება, ვერავინ ვერ გაიგებდა საქმიანობდა თუ არა შპს ,,ნეტსითი“ 2014 წლის აგვისტოში ავტორიზაციის გარეშე. კომისია ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ შპს ,,ნეტსითი“ თავისი წინააღმდეგობრივი ახსნა-განმარტებით ცდილობდა თავი აერიდებინა პასუხისმგებლობისათვის და მისი მხრიდან გულწრფელი მონანიების მცდელობაც არ ყოფილა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2, 34-ე, 35-ე, 228-ე, 231-ე, 236-ე, 237-ე, 240-ე, 252-ე, 260-ე, 262-ე, 264-ე, 272-ე, 273-ე, 290-ე მუხლების და 1441 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 98-ე, 99-ე, 104-ე და 105-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-7, მე-8, მე-11, მე-13, მე-14 პუნქტების, 37-ე, 38-ე და 41-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,ნეტსითს“ დაეკისროს ადმინისტრაციული სახდელი 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის- ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობისათვის;
2. შპს ,,ნეტსითმა“ უზრუნველყოს წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900,
- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22;
- სახაზინო კოდი - 300453251;
3. შპს ,,ნეტსითს“ დაევალოს ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა ჯარიმის გადახდიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში;
4. კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიშვილი) დაევალოს შპს ,,ნეტსითისთვის“ და შპს ,,ალტერნეტისთვის“ წინამდებარე გადაწყვეტილების გაგზავნა;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (პ.ბერია) შპს „ნეტსითისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., № 6) გადაწყვეტილების გამოტანიდან 10 დღის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა);
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3, მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
