შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 23, 2014 12:38
მიღების თარიღი ოქტომბერი 09, 2014
შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა განცხადებით შპს ,,კავკასუს ონლაინმა” (კომისიაში რეგისტრაციის №7/413-14, 22.09.14) ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის ქ. თბილისში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.
კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად, უვადოდ, ყოველწლიური განახლებით. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი იხდის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სანებართვო მოსაკრებელს და „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს.
კომისიამ შეისწავლა შპს ,,კავკასუს ონლაინის” წარმოდგენილი დოკუმენტაცია და აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-4 მუხლის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უარს ეტყვის ნებართვის მაძიებელს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემაზე, თუ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადასტურდა, რომ ნებართვის მაძიებლის მიერ, რომელიც უკვე ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას და მის მიერ მოთხოვნილია ნუმერაციის რესურსი იმავე სახის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებისთვის, არ არის ათვისებული (იმავე გეოგრაფიულ ზონაში – გეოგრაფიული ნუმერაციის რესურსის შემთხვევაში) კომისიის მიერ მასზე იმავე სახის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებისთვის გაცემული ნუმერაციის რესურსის საერთო ოდენობის 75%. კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინი” ქ. თბილისში ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N7, №N49, №N51, №N75, №N141 და №N170 ნებართვებით ფლობს 38 000 სააბონენტო ნომერს. კომისიის ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენში 2014 წლის ივლისის თვის მონაცემებით დაფიქსირებულია, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინს” ქ. თბილისში ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის ჰყავს 4433 რეგისტრირებული აბონენტი, რაც შპს ,,კავკასუს ონლაინზე” კომისიის მიერ ქ. თბილისში ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის გაცემული ნუმერაციის რესურსის 11,66 % შეადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-4 მუხლის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. უარი ეთქვას შპს ,,კავკასუს ონლაინს” ქ. თბილისში ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემაზე;
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის” ჩაბარებისთანავე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ; №6) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრები: სოფიო ბრიტანჩუკი
აკაკი სიხარულიძე
კახი ბექაური
ირაკლი მოსეშვილი
