შპს ,,SipTel“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 07, 2014 17:47
მიღების თარიღი ოქტომბერი 23, 2014
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ შემდგომი რეაგირების მიზნით, 2014 წლის 03 ოქტომბერს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის 2014 წლის 03 ოქტომბრის №10/1620-14 მოხსენებითი ბარათი, საიდანაც ირკვევა, რომ კომისიაში შემოსულია შპს ,,SipTel“-ის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის N6/5999-14; 29.09.2014), რომლის თანახმადაც შპს ,,SipTel“-ის წილის 40% შეიძინა ფიზიკურმა პირმა შოთა აბრამიშვილმა. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის 2014 წლის 03 ოქტომბრის №10/1620-14 მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ შპს ,,SipTel“-ის წილის შეძენა განხორციელდა კანონდარღვევით, ვინაიდან „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, „შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება“, რაც შპს ,,SipTel“-ის მიერ არ განხორციელებულა. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის განმარტებით, ზემოაღნიშნული ქმედებით, შპს ,,SipTel“-ის მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე და 27-ე მუხლის მოთხოვნები.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შემდგომი რეაგირების მიზნით 2014 წლის 08 ოქტომბერს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2014 წლის 02 ოქტომბრის N10/1607-14 სამსახურებრივი ბარათი, სადაც აღნიშნულია, რომ კომისიაში 2014 წლის 29 სექტემბერს შემოსული შპს ,,SipTel“-ის წერილიდან (კომისიაში რეგისტრაციის N6/5999-14; 29.09.2014) ირკვევა, რომ კომპანიის მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მ) ქვეპუნქტი. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2014 წლის 02 ოქტომბრის N10/1607-14 სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ 2013 წლის 08 ივლისს კომპანიის მიერ განხორციელდა რიგი ცვლილებები მათ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში, კერძოდ, შეიცვალა კომპანიის დამფუძნებელი (გიორგი ძამანაშვილმა თავისი კუთვნილი 100%-იანი წილიდან 40% გაასხვისა შოთა აბრამიშვილის სასარგებლოდ), ხოლო, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად გიორგი ძამანაშვილთან ერთად განისაზღვრა შოთა აბრამიშვილი (დამადასტურებელი დოკუმენტი: ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; განცხადების ნომერი: 634774; განცხადების რეგისტრაციის ნომერი: BI3067536; ამონაწერის მომზადების თარიღი: 08/07/2013).
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის 2014 წლის 03 ოქტომბრის №10/1620-14 მოხსენებითი ბარათის და კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2014 წლის 02 ოქტომბრის N10/1607-14 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2014 წლის 09 ოქტომბერს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,SipTel“-ის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2014 წლის 16 ოქტომბერს, 16.00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე შპს ,,SipTel“-ს ეცნობა შეტყობინებით, რომელიც ჩაბარდა 2014 წლის 11 ოქტომბერს (გზავნილის კოდი: 040016973564; კურიერის ვიზიტის თარიღი: 11.10.2014; ჩაიბარა: ვახტანგ ძამანაშვილმა). შეტყობინებით, მას ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. მიუხედავად კომისიის მიერ გაგზავნილი და შპს ,,SipTel“-ის მიერ შეტყობინების მიღების ფაქტისა, 2014 წლის 16 ოქტომბრის სხდომაზე შპს ,,SipTel“-ის წარმომადგენელი არ გამოცხადდა, რის გამოც კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული საკითხის განხილვის გადადების თაობაზე და კომისიის 2014 წლის 16 ოქტომბერს დანიშნული სხდომა გადაიდო და დაინიშნა 2014 წლის 23 ოქტომბერს, რის შესახებ შპს ,,SipTel“-ს ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით. შეტყობინება, კომისიის 2014 წლის 23 ოქტომბრის სხდომის თაობაზე, შპს ,,SipTel“-ს ჩაბარდა 2014 წლის 20 ოქტომბერს (გზავნილის კოდი: 040016973897; კურიერის ვიზიტის თარიღი: 20.10.2014; ჩაიბარა: ვახტანგ ძამანაშვილმა).
კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 23 ოქტომბრის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,SipTel“-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი, კომპანიის დირექტორი - შოთა აბრამიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ შპს ,,SipTel“-ის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილებების განხორციელების დროს, ნაკლები ინფორმირებულობის გამო, მხედველობიდან გამორჩათ კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნები. კომისიის 2014 წლის 23 ოქტომბრის სხდომაზე შპს ,,SipTel“-ის დირექტორმა დაადასტურა, რომ კომპანიის მიერ დარღვეულია მოქმედი კანონმდებლობა, კერძოდ, შპს ,,SipTel“-ს არ მიუმართავს კომისიისათვის თავისი წილის გაყიდვის განზრახვის შესახებ, შესაბამისად არ მიუღია კომისიისაგან წინასწარი თანხმობა ამ აქტივობის განხორციელებასთან დაკავშირებით. ასევე, შპს ,,SipTel“-ს არ უცნობებია კანონმდებლობით დადგენილ ვადაში კომპანიის მიერ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელებული ცვლილებების (მათ შორის დირექტორის ცვლილების) თაობაზე.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (02.10.2014; №10/1607-14);
2. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (03.10.2014; №10/1620-14);
3. შპს ,,SipTel“-ის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის N6/5999-14 ; 29.09.2014);
4. შპს ,,SipTel“-ის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
5. შპს ,,SipTel“-ის ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;
6. შპს ,,SipTel“-ის დირექტორის შოთა აბრამიშვილის კომისიის 2014 წლის 23 ოქტომბრის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს ,,SipTel“-ი წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 13.08.2012.);
2. შპს ,,SipTel“-ს ავტორიზაცია გავლილი აქვს ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურებაზე და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფაზე;
3. შპს ,,SipTel“-ი, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
4. 2013 წლის 08 ივლისს, შპს ,,SipTel“-ის დამფუძნებელმა და წილის მფლობელმა გიორგი ძამანაშვილმა თავისი 100%-იანი წილის 40% გაასხვისა შოთა აბრამიშვილის სასარგებლოდ, ხოლო, შპს ,,SipTel“-ის დირექტორად განისაზღვრა გიორგი ძამანაშვილი და შოთა აბრამიშვილი, რაც დასტურდება შპს ,,SipTel“-ის ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (განაცხადის ნომერი: 634674; განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: BI3067536; ამონაწერის მომზადების თარიღი: 08/07/2013);
5. შპს ,,SipTel“-ს არ მიუმართავს კომისიისათვის თავისი წილის გაყიდვის განზრახვის შესახებ, შესაბამისად არ მიუღია კომისიისაგან წინასწარი თანხმობა ამ აქტივობის განხორციელებასთან დაკავშირებით;
6. შპს ,,SipTel“-მა არ მიაწოდა კომისიას ინფორმაცია სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილების განხორციელების თაობაზე (მათ შორის დირექტორის ცვლილებებთან დაკავშირებით), კანონით განსაზღვრულ 7 დღიან ვადაში;
7. შპს ,,SipTel“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან; დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა; ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ;
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში;
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები. ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ითვალისწინებს შემდეგ მონაცემებს: იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი;
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.
კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,SipTel“-ის მიერ კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე, თავისი წილის გასხვისებითა და კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილების განხორციელბის შესახებ, კომისიაში კანონით დადგენილ ვადაში ინფორმაციის წარმოუდგენლობით დარღვეულ იქნა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), გ) და მ) ქვეპუნქტები და 26-ე მუხლი. გამომდინარე იქიდან, რომ შპს ,,SipTel“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს და ამავე დროს, შპს ,,SipTel“-ს უნდა დაევალოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა;
კომისია ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს, დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს შპს ,,SipTel“-ის მიერ წარმოდგენილი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 98-ე, 99-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის პირველი და მე–3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), გ) და მ) ქვეპუნქტების, 26-ე და 43-ე მუხლების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს გაფთხილება შპს ,,SipTel“-ს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), გ) და მ) ქვეპუნქტებისა და 26-ე მუხლის დარღვევის გამო;
2. დაევალოს შპს ,,SipTel“-ს წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, შეტყობინების წარმოდგენა კომისიაში, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად; კერძოდ, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს: წილის შეძენის ფორმა; შეტყობინება, აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას წილის შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ:
ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები;
ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან;
დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა;
ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე.
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,SipTel“-ისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6 ) შპს ,,SipTel“-ისთვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,SipTel“-ისთვის ჩაბარების დღიდან;
6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს ,,SipTel“-ის სანქცირების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე და შპს ,,SipTel“-ის მიერ ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის საფუძველზე წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლა დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე);
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-3, მე-7 და მე-8 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
