წვდომის მენიუ

დაბა გუდაურში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 592 / 10

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 07, 2014 17:50

მიღების თარიღი ოქტომბერი 27, 2014

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 21 აგვისტოს N475/10 გადაწყვეტილების 41-ე პუნქტის შესაბამისად გამოცხადდა კონკურსი დაბა გუდაურში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში (სიხშირეზე 103,9მჰც) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად.

კომისიის 2014 წლის 21 აგვისტოს N475/10 გადაწყვეტილებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2014 წლის 22 სექტემბრის 17:00 საათი, მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად – 2014 წლის 25 სექტემბერი 13:00 საათი, ზეპირი მოსმენის სხდომის თარიღად - 2014 წლის 24 ოქტომბერი 13:00 საათი, ხოლო კონკურსის ჩატარების თარიღად – 2014 წლის 27 ოქტომბერი 13:00 საათი; სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვრა 1,134.00 (ერთი ათას ასოცდათოთხმეტი და 00) ლარით. ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და კომისიის ვებგვერდზე ინტერნეტში.

კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და ”კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების გამოცხადების შესახებ’’ კომისიის 2014 წლის 21 აგვისტოს N475/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგინა მხოლოდ შპს “რადიოცენტრი პლუსმა” (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/14-14, 22.09.2014წ).

კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 25 სექტემბრის მოსამზადებელ სხდომაზე, ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის გახსნის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლითა და კომისიის 2014 წლის 21 აგვისტოს N475/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის პირობებს. კერძოდ არასრულყოფილად იყო შევსებული შესაბამისობის დეკლარაციის ფორმა (არ იყო გაშიფრული ბენეფიციარი მესაკუთრეები).

კომისიის 2014 წლის 25 სექტემბრის №529/10 გადაწყვეტილების შესაბამისად შპს “რადიოცენტრი პლუსს” სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით მიეცა ვადა 2014 წლის 2 ოქტომბრის 19:00 საათამდე. კომპანიის მიერ 2014 წლის 26 სექტემბერს წარმოდგენილ იქნა შესაბამისი სრულყოფილიდოკუმენტაცია (წერილი №6/5976-14).

ზეპირი მოსმენა დაბა გუდაურში (სიხშირეზე 103,9მჰც) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსზე ჩატარდა 2014 წლის 24 ოქტომბერს 13:00 საათზე. ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდნენ შპს “რადიოცენტრი პლუსის” დირექტორი ინგა დადიანი და  უფლებამოსილი წარმომადგენლები ლილიანა ბედინაძე, ლაშა ნასარიძე, ანა სამსონია და ზაზა ქანთარია.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43–ე მუხლის მე–7 და მე–8 პუნქტების შესაბამისად, კომისია დოკუმენტაციას აფასებს პროგრამირების ასპექტის მიხედვით;  პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისას მხედველობაში მიიღება: შემოთავაზებული პროგრამების მრავალფეროვნება და აუდიტორიის ინტერესებთან შესაბამისობა და მომსახურების ზონის აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა.

ზეპირი მოსმენის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებლის, შპს “რადიოცენტრი პლუსის” მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის შეფასების თაობაზე. კერძოდ, დასკვნაში აღნიშნულია, რომ საძიებელი ლიცენზიის სახეობაა - საერთო რადიომაუწყებლობა; ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ”საერთო მაუწყებლობა არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა”. შესაბამისად, თუ წარმოდგენილ სამაუწყებლო  კონცეფციაში არ არის შემოთავაზებული ახალი ამბებისა ან/და საზოგადოებრივ პოლიტიკური თემატიკის პროგრამები, აღნიშუნლი ლიცენზიის მაძიებლის დისკვალიფიკაციის საფუძველია.

შპს “რადიოცენტრი პლუსის” სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად, ლიცენზიის მაძიებელი მსმენელს შესთავაზებს შემდეგი თემატიკის სამაუწყებლო პროდუქციას:

·         საინფორმაციო

·         საზოგადოებრივ-პოლიტიკური

·         ინტერაქტიული

·         საგანმანათლებლო/შემეცნებითი და გასართობი

·         ბიზნეს – ეკონომიკური

·         საბავშვო

·         ახალგაზრდული

·         რეგიონული

·         სპორტული

·         რელიგიური

·         სამედიცინო

·         ეკოლოგია

·         სამართალი

·         მუსიკალური

საინფორმაციო მიმართულება

ახალი ამბები:  ,,მთავარი, დღეს“

რადიო ’’პალიტრის“ ძირითადი ღერძია ყოველდღიური საინფორმაციო გამოშვებები. სანდო, ოპერატიული და აქტუალური ინფორმაცია ყოველ ნახევარ საათში.

საეთერო დრო:

·         ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 08:00 – 21:00 (საათში ერთხელ)

08:00 – 12:30 ყოველ ნახევარ საათში

18:00 დღის შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება ,,ზუსტად 6ზე“

·         შაბათი/კვირა - 10:00 – 21:00 (საათში ერთხელ)

ბიზნეს ნიუსი

ახალი ამბები ბიზნესის სფეროდან www.bpn.ge -ის მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით,  ყოველ ნახევარ საათში. 

საეთერო დრო: 08:30; 09:30; 10:30; 11:30; 12:30;

,,პრესთაიმი“

ყოველ სამუშაო დღეს, რადიო ’’პალიტრის’’  მსმენელი პირველი იგებს, რა ქვეყნდება ქართულ ბეჭდურ მედიაში. ეცნობა პრესის მოკლე მიმოხილვას - პოპულარული გაზეთებისა და ჟურნალების მთავარ თემებს,   მნიშვნელოვან აქცენტებს, განსხვავებულ  პოზიციებს.

საეთერო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 10:15; 11:15;12:15 საათზე;

საზოგადოებრივ - პოლიტიკური მიმართულება

საზოგადოებრივ - პოლიტიკური თემატიკის ფარგლებში რადიო პალიტრა მსმენელს სთავაზობს კომპეტენტური ექსპერტების და ცნობილი წამყვანების ანალიტიკურ პროგრამებს, საავტორო თოქ-შოუებს და პოლიტიკურ დისკუსიებს.

’’რეზიუმე’’

 ყოველი სამუშაო დღის, მთავარი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ, მერაბ მეტრეველის  საავტორო პროგრამა, ’’რეზიუმე’’,  დღის რეზუმირება,   მათთვის  ვისაც სურს დასვას სწორი აქცენტები, შეხვდეს ’’დღის მოვლენის’’ გმირებს, მოისმინოს სხვადასხვა მოსაზრება და შეაჯამოს მიმდინარე დღის  მნიშვნელვანი მოვლენები.

საეთერო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 18:30 საათზე;

 ’’კომპრომისის გარეშე ’’    

ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური და პრინციპული ექსპერტის, კახა კახიშვილის საავტორო პროგრამა -’’კომპრომისის გარეშე’’ , უკომპრომისო საუბარი სტუმრებთან, უმეტესად ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომლებსაც აქვთ ’’პასუხის ვალდებულება’’ საზოგადოების წინაშე.

საეთერო დრო: ყოველ ორშაბათს 22:30 საათზე;

’’პროვოკატორი’’

ყოველ სამუშაო დღეს, რადიო ’’პალიტრის’’ მსმენელი,  ორიგინალური და მოულოდნელი საუბრის მოწმე და მონაწილე ხდება. გადაცემის წამყვანი  - პირდაპირი და მოურიდებელი ’’პროვოკატორი’’ - ზვიად დოლიძე, პროვოკაციული შეხედულებებითა და კითხვებით, თამამი სტუმრებით, რომლებსაც პროვოკაციის არ ეშინიათ, ორიგინალურ შოუს სთავაზობს მსმენელს.

საეთერო დრო: სამშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 17:10 საათზე;

’’კაცია -ადამიანი?! ’’

 ’’პალიტრის’’ ჟურნალისტების ჯგუფი აკეთბეს რადიო სიუჟეტებს, საგანგებოდ ქმნის ექსტრაორდინარულ    სიტუაციებს და მოქალაქეების  საქციელი განსასჯელად   გამოაქვს გადაცემაში.   არის თუ არა  ყველა კაცი, ადამიანი?!   ვინ ვართ ჩვენ , საქართველოს დღევანდელი მოქალაქენი, როგორ ვიქცევით ექსტრემალურ სიტუაციებში, როგორ აღვიქვამთ საკუთარ თავს და     თანამემამულეებს, როგორ   ვიქცევით  მაშინ, როცა ვიცით, რომ არავინ გვიყურებს?

ამ კითხვებზე პასუხების მიღების  მცდელობაა, ლადო კახაძის საავტორო პროექტი ’’კაცია-ადამიანი?!’’

საეთერო დრო:  ხუთშაბათს 15:10 საათზე;

ინტერაქტიული მიმართულება

მაქსიმალური ჩართულობა და მსმენელთა მოსაზრებები პირდაპირ ეთერში.

 ’’  შუადღის ამბებით’’- განო და კოტე

 შუადღის შესვენება პალიტრაზე, მსუბუქი ინფორმაცია, მსუბუქი მუსიკა და მსუბუქი საუბარი ,,არამსუბუქ“ თემეზე.  პალიტრის მსმენელი, ყოველ სამუშაო დღეს განოსთან და კოტესთან ერთად ატარებს .

საეთერო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 14:10 საათზე;

’’მოკლე ჩართვა’’.

ყოველი სამუშაო დღის ბოლოს, ყველაზე ინტერაქტიული შოუ, ’’მოკლე ჩართვა’’. გადაცემის წამყვანს, ჟურნალისტ მერაბ მეტრეველს, სტუმარად ჰყავს - ხალხი, აუდიტორია, მსმენელი. ისინი გამოთქვამენ ყველაზე მოულოდნელ, თამამ, პრინციპულ, თუნდაც უმრავლესობისთვის მიუღებელ აზრებს ყველაზე ცხელ საკითხზე.

საეთერო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 20:30 საათზე;

საგანმანათლებლო/ შემეცნებითი და გასართობი  მიმართულება

დილის საინფორმაციო გასართობი პროგრამა - ,,დილის პალიტრა“

ყოველი სამუშაო დღე, იწყება ’’დილის პალიტრით’’- ახალი ამბები, ქართული და უცხოური პრესისა და საიტების მიმოხილვა, კალენდარი,  აფიშა,  ჰოროსკოპი, ’’ავტო- ბილდი’’ -  ავტომობილების მფლობელებისა და ავტომოყვარულებისთვის, ვიქტორინა, კულინარია, წიგნების თარო, ,,ჯანმრთელობის 5 წუთი„ დილის სტუმრები - სახალისო ამბებითა და ისტორიებით.

საეთერო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 08:00 – დან 10:00-მდე;

’’დიდი ბიზნესი’’

როგორ იწყებდნენ და როგორ ავითარებდნენ თავიანთ საქმეს ადამიანები, რომლებსაც დღეს ბიზნესის  გენერლებად მიიჩნევენ. ყველაზე წარმატებული ბრენდებისა და მათი შემქმნელების   ისტორიები, რომელთა მაგალითზე ბევრი რამის სწავლა შეიძლება .

საეთერო დრო: ორშაბათს და ოთხშაბათს 15:10 საათზე;

ისტორიანი

მსოფლიო და საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენები - ომები, ზავი, აღმშენებლობა, გამოგონებები. დიდი მეფეები, მხედართმთავრები, საზოგადო მოღვაწეები, მოაზროვნენი, რომელთაც შეცვალეს მსოფლიო. ინტერაქტიული თოქ-შოუ, ისტორიით დაინტერესებული პირებისთვის. გადაცემას უძღვება ისტორიკოსი ჯაბა სამუშია.

საეთერო დრო: სამშაბათს 16:10 საათზე;

’’ სტუმრად მარიკა დარჩიასთან’’

მარიკა დარჩია  წარმოგიდგენთ სხვადასხვა ასაკის, სტატუსისა და პროფესიის ადამიანებს,  საზოგადოებისთვის ცნობილ თუ ნაკლებად ცნობილ  პიროვნებებს, რომლებიც საუბრობენ საკუთარ თავზე და სხვა ადამიანებზე, პატარა და დიდ საქმეებზე, ყვებიან საინტერესო ამბებს, იხსენებენ დაუვიწყარ,  ისტორიებს..... 

საეთერო დრო: სამშაბათს და პარასკევს 15:10 საათზე;

’’მშობელთა კრება’’

 რადიო ’’ პალიტრა’’  და ’’პალიტრა მედიის’’  საიტი www.mshoblebi.ge  მსმენელს სთავაზობს ერთობლივ პროექტს -  რჩევები მშობლებისთვის. მშობლებს პასუხების მიღება შეუძლიათ, ისე როგორც, უმნიშვნელო, ყოველდღიურ კითხვებზე, ასევე  მნიშვნელოვან საკითხებზე - ცხოვრების ჯანსაღ წესზე, შვილის ნდობისა და პატივისცემის მოპოვებაზე, მკურნალობაზე, სწორ კვებაზე, სწავლაზე.

საეთრო დრო: პარასკევს 10 :45 საათზე;

”1 0 0 2  ღამე”

რადიო მსმენელი ერთვება გია ჯაჯანიძის,  ნატალია ტყეშელაშვილისა და მაკა შალიკაშვილის საღამოს საუბრებში მუდმივ თემებზე, წამყვანებთან და სხვა მსმენელებთან ერთად საუბრობს სიყვარულზე, ღალატზე, მეგობრობაზე, ტრადიციებზე, მარადიულ ღირებულებებზე, ჰყვება საკუთარ თუ სხვის საინტერესო ისტორიებს.

საეთერო დრო: სამშაბათს და  პარასკევს  22:30  საათზე;

’’გვეთამაშე ჩვენ’’.

’’რადიო პალიტრის’’ მსმენელს აქვს საშუალება უსმინოს ორიგინალურ ინტელექტუალურ თამაშს, რომელსაც  ცნობილი მსახიობი,  გიორგი მეგრელიშვილი უძღვება.  გადაცემის სტუმართან ერთად უპასუხოს სახალისო კითხვებს, გაიხსენოს ის რაც იცის და გაიგოს ის რაც არ იცოდა.  

საეთერო დრო: სამშაბათს 21:45 საათზე;

”ბიზნესის მიმართულება”

ბიზნეს ეკონომიკური თემატიკის ფარგლებში მსმენელს საშუალება აქვს ყოველდღიურ რეჟიმში მოისმინოს სამომხმარებლო ბაზრის სიახლეები და ეკონომიკური ტენდენციები. ყოველი საათის ნახევარზე (08:00 – დან 12:30 - მდე)  საინფორმაციო გამოშვებაში ბიზნეს პორტალის www.bpn.ge - ის ინფორმაცია პალიტრის მსმენელისთვის ყველაზე საჭირო და საქმიან ინფორმაციას აჟღერებს.

’’ საქმე ’’

საქმე  - ყველაზე საქმიანი ადამიანებისთვის. ყოველ სამუშაო დღეს გიორგი კალანდაძესთან და ემა ტუხიაშვილთან ერთად ყველაზე საქმიანი გადაცემა მათთვის ვისაც აინტერესებს: ბიზნეს სიახლეები, ტენდენციები ეკონომიკაში, საბირჟო და სავალუტო ტრენდები, მომხმარებელთა უფლებები და მათი დაცვის მექანიზმები. ასევე მათთვის ვისაც სურს უკეთ მართოს საკუთარი ფინანსები, დაიწყოს ახალი საქმე და გაზარდოს შემოსავლები.

საეთერო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 13:10 საათზე;

”ბიზნეს ნიუსი”

ახალი ამბები ბიზნესის სფეროდან www.bpn.ge -ის მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით,  ყოველ ნახევარ საათში.

საბავშვო გადაცემები

’’დიდი  ქართველები’’

ეს გადაცემა ’’პალიტრა L’’ - ის  საყმაწვილო ბიბლიოთეკის ’’ - დიდი  ქართველების  ბიოგრაფიების’’,  რადიო ვერსიას წარმოადგენს. მოზარდებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქართველი მეფეების, მხედართმთავრების, საზოგადო მოღვაწეების, მეცნიერების, მწერლების, მხატვრების, მსახიობების ცხოვრებისა და შემოქმედების მნიშვნელოვან მონაკვეთებს. ტექსტს კითხულობს ცნობილი მსახიობი რამაზ იოსელიანი.

საეთერო დრო: შაბათს და კვირას 10:10 და 13:10 საათზე;

”ბატი - ბუტი”

რადიო პალიტრა და ჟურნალი ,,საბავშვო კარუსელი “ მსმენელს სთავაზობს გადაცემას ,,ბატიბუტი“. ბავშვები გაეცნობიან ქართულ ხალხურ ლექსებს, მოთხრობებს, ზღაპრებს, იგავებს, ამოხსნიან გამოცანებს და მოუსმენენ თანატოლების მიერ შესრულებულ საბავშვო სიმღერებს.

საეთერო დრო: შაბათს და კვირას 11:00 საათზე;

,,საბავშვო ვიქტორინა - ასფურცელა“ 

შაბათ - კვირის საბავშვო ვიქტორინა. პედაგოგებისა და ფსიქოლოგების მიერ მომზადებული კითხვები და პასუხები პირდაპირ ეთერში.  გამარჯვებულთა დაჯილდოვება ’’პალიტრა L’’ - ის წიგნებით.

საეთერო დრო: შაბათს და კვირას 20:00 საათზე;

ახალგაზრდული გადაცემები

’’არამექანიკური ფორთოხალი’’

იმისთვის რომ შევინარჩუნოთ თავისუფალი ნება, პიროვნულობა, თავად ვიყოთ გადაწყვეტილების მიმღები, არ გავხდეთ  ადვილად სამართავნი და არ ვიქცეთ  ’’მექანიკურ  ფორთოხლებად’’, ბევრის ცოდნა და წაკითხვაა საჭირო. გადაცემის მთავარი მოქმედი პირები არიან ახალგაზრდები, რომლებიც მსჯელობენ ამა თუ იმ საკულტო წიგნსა თუ გმირზე.

საეთერო დრო: პარასკევს  16:10  საათზე;

,,მაკულატურა“

ღამის ეთერის შემეცნებით-გასართობი პროგრამა, რომელსაც უძრვებიან  ახალგაზრდა ბლოგერები. ყველაზე საინტერესო და აქტუალური ბლოგების მიმოხილვა და გარჩევა მსმენელთან ერთად, პირდაპირ ეთერში.

საეთერო დრო: შაბათს  24:00 საათი; 

რეგიონული თემატიკა

’’კავკასიური პალიტრა’’ .

პალიტრის მსმენელს, ყოველ კვირას, ყველაზე კომპეტენტური ქართველი ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე, სთავაზობს ჩრდილო და სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ანალიზს, მსოფლიო გეოპოლიტიკური კონტურების ფონზე. რადიო მსმენელს საშუალება აქვს პირდაპირი ჩართვებით მოუსმინოს არეშიძის მიერ შერჩეული პოლიტიკოსებისა და ექსპერტების  კომენტარებს  კავკასიის სხვადასხვა რეგიონიდან.

საეთერო დრო: ორშაბათს 17:10 საათზე;

ახალი ამბები რეგიონებიდან - ,,ხიდი“

პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური პრობლემები, კულტურული სიახლეები რეგიონებიდან. რადიო პალიტრის 7 რეგიონული და 12 თბილისის ბიუროს კორესპონდენტი ყოველ საათში ერთხელ სრულად უზრუნველყოფს რეგიონული, დედაქალაქის, მის შემოგარენის, მცხეთა - მთიანეთის, ქვეყნის მასშტაბით  და  საზღვარგარეთ მიმდინარე ინფორმაციის გაშუქებას. 

საეთერო დრო: მთავარი საინფორმაციო  ,,ზუსტად 6ზე“ - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 18:00 საათზე;  

,,ჩემი რეგიონი“

ყოველკვირეული  გადაცემა მცხეთა მთიანეთის რეგიონის პრობლემატიკას  მოიცავს. დისკუსია ადგილობრივ თვითმმართველობაზე, რეგიონის განვითარების საკითხები და მოსახლეობის სატელეფონო ზარები.

საეთერო დრო: პარასკევს 16:10 საათზე;

სპორტული მიმართულება

სპორტული თემატიკის ფარგლებში რადიო პალიტრა დღის განმავლობაში მსმენელს 6 - ჯერ აწვდის უახლეს და ამომწურავ ინფორმაციას სპორტის სამყაროდან. ცხელი, საინტერესო, ორიგინალური ინფორმაცია, მნიშვნელოვანი ტენდენციები და სიახლეები სპორტის სამყაროდან, პირდაპირი ჩართვები სპორტული მოვლენების ეპიცენტრიდან, თამაშებიდან, ნაკლებად ცნობილი დეტალები   ცნობილი სპორტსმენების ცხოვრებიდან. მსმენელები გაეცნობიან გაზეთ ,,ლელოსა” და ვებგვერდ www.sportall.ge - ის მასალებს.

საეთერო დრო : 10:00, 12:00, 14:00, 16:00, 18:00, 20:00 საათზე;

,,ავტობილდი“

რადიო პალიტრა და ჟურნალი ,,ავტობილდი“ წარმოგიდგენთ გადაცემას ავტო სიახლეებზე, საავტომობილო ბაზარზე და ყველა იმ თემაზე, რაც ავტომფლობელებს დააინტერესებთ.

საეთერო დრო: სამშაბათს და პარასკევს 09:15; 19:35 საათზე;

რელიგიური თემატიკა

,,კარიბჭე“

რადიო პალიტრა და ჟურნალი ,,კარიბჭე“ წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს რელიგიურ თემაზე. მსმენელებს საშუალება ეძლევათ პირდაპირ ეთერში კითხვა დაუსვან სასულიერო პირებს და კომპეტენტურ ექსპერტებს რელიგიის საკითხებში და მიიღონ ამომწურავი პასუხები  მისთვის საინტერესო ნებისმიერ თემაზე. 

საეთერო დრო: კვირას 12:00 საათზე;

სამედიცინო თემატიკა

"მკურნალი"

’’რადიო პალიტრა’’, ჟურნალი ’’ოჯახის მკურნალი’’ და საიტი www.mkurnali.ge  კვირაში ერთხელ,  რადიომსმენელს სთავაზობს შეუცვლელ რადიო კონსულტაციებს სამედიცინო დარგში. გამოცდილი  ექიმები პასუხობენ მსმენელთა შეკითხვებს, საუბრობენ ყველაზე გავრცელებულ დაავადებებზე, მკურნალობის მეთოდებზე, მედიკამენტებზე, პრევენციაზე, პაციენტთა უფლებებზე, სამედიცინო დაზღვევის საკითხებზე. გადაცემას უძღვება პოპულარული ექიმი არსენ გვენეტაძე.

საეთერო დრო: ოთხშაბათს 16:10 საათზე;

’’ ფსიქოლოგი გვირჩევს”

როგორ გავიადვილო ცხოვრება და როგორ  გავუადვილო ის სხვებს, როგორ დავძლიო კომპლექსები, როგორ ვაქციო მტრები მეგობრებად, როგორ შევინარჩუნო პოზიტიური განწყობა, როგორ შევუთავსო ერთმანეთს სამსახური და პირადი ცხოვრება, როგორ გავანაწილო დრო,  როგორ მოვიწყო ინტერიერი კონფორტულად და ათასი სხვა სასარგებლო რჩევა, რომელიც აუცილებელია იმისთვის რომ უკეთ იგრძნო თავი. ’’პალიტრა’’ დილის ეთერში, სახლიდან გასვლის წინ ან სულაც დანიშნულების ადგილზე მისვლამდე,  გთავაზობთ კვალიფიციური ფსიქოლოგების რადიო კონსულტაციებს.

საეთერო დრო: ორშაბათს 09:30 საათზე;

ეკოლოგიური თემატიკა

,,მწვანე ზონა“

 ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას, გარემოს დაცვითი ჩვევების გამომუშავებას და კონკრეტული ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის ხელშეწყობას  ემსახურება გადაცემა ’’მწვანე ზონა’’, რომელსაც  ლაშა ჩხარტიშვილი უძღვება. გადაცემა ინტერაქტიულია, მსმენელი მონაწილეობას იღებს ეკოლოგიური პრობლემების წინ წამოწევასა და საკუთარი გარემოს გაჯანსაღებაში.

 საეთერო დრო: შაბათს 14:00 საათზე;

სამართლებრივი თემატიკა

,,სამართლის სახელით“

ვისაც სურს გაიგოს მეტი მართლმსაჯულების სისტემის, ჩვენი უფლება-მოვალეობებისა და გახმაურებული სასამართლო პროცესების შესახებ, მოისმინოს მაღალი კვალიფიკაციის იურისტების შეფასებები და რჩევები, ’’რადიო პალიტრა’’ სთავაზობს ადვოკატ ირაკლი ყანდაშვილის საავტორო პროექტს ’’სამართლის სახელით’’.

საეთერო დრო: ხუთშაბათს 16:10 საათზე;

მუსიკალური მიმართულება

რადიო პალიტრის მეტად მრავალფეროვანი მუსიკალური მიმართულება მსმენელს უწყვეტად ტოვებს პალიტრის ტალღაძე. შეიძლება ითქვას  ყველა თაობისთვის გემოვნებიანი მუსიკა, რადიო პალიტრის სავიზიტო ბარათია. რადიო ”პალიტრას” პროფესიონალური მუსიკალური რედაქტორი, რომელიც რადიოს კონცეფციიდან და შინაარსიდან გამომდინარე ადგენს პროგრამას. სამაუწყებლო ბადეში გვაქვს სხვადასხვა მუსიკალური ბლოკები სხვადასხვა სეგმენტისთვის: ,,ქართული მუსიკის პალიტრა“,

,,ოქროს ჰიტი“,  ,,ლაუნჯ პალიტრა“.

შენიშვნა: შპს “რადიოცენტრი პლუსის” ბრენდული სახელწოდებაა რადიო ”პალიტრა”.

 კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსი დაბა გუდაურში (სიხშირეზე 103,9მჰც) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიაში ჩატარდა 2014 წლის 27 ოქტომბერს 13:00 საათზე. საკონკურსო სხდომას ესწრებოდა შპს “რადიოცენტრი პლუსის” დირექტორი ინგა დადიანი და  უფლებამოსილი წარმომადგენელი ანა სამსონია.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ შესწავლილ იქნა შპს “რადიოცენტრი პლუსის” მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია და კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის (სამასახურებრივი ბარათი №10/1736-14, 24.10.2014წ.) საფუძველზე მიიჩნია, რომ სამაუწყებლო კონცეფცია აკმაყოფილებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჯ) პუნქტისა და პროგრამირების მინიმალურ მოთხოვნებს.

     კომისია დამატებით მიუთითებს, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-11 პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში.

   კომისია აღნიშნავს, რომ შპს “რადიოცენტრი პლუსის” დირექტორმა ინგა დადიანმა სალიცენზიო გადასახდელის - 1,134.00 (ერთი ათას ასოცდათოთხმეტი და 00) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.

   ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის  43-ე მუხლისა და კომისიის 2014 წლის 21 აგვისტოს N475/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაბა გუდაურში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს “რადიოცენტრი პლუსი”;

2.  უზრუნველყოს შპს “რადიოცენტრი პლუსმა” ერთი თვის ვადაში, სალიცენზიო გადასახდელის  20%-ს - 226.80 (ორასოცდაექვსი და 80) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900

ბანკი - სახელმწიფო ხაზინა

მიმღების ბანკის კოდი  - TRESGE22

სახაზინო  კოდი - 300773062

3. კომისია გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისთვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე მიიღებს სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.

4. კონკურსში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე–2 პუნქტით განსაზღვრულ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება  კონკურსში მონაწილეობის უფლება;

5.  სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ს ანუ 793.80 (შვიდასოთხმოცდაცამეტი და 80) ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) კონკურსში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიის ანგარიშზე ჩარიცხული სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;

7.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს უზრუნველყოს  შპს “რადიოცენტრი პლუსისთვის” წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა (ნ. ჯავახაძე);

8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების შპს “რადიოცენტრი პლუსისთვის” ჩაბარების დღიდან.

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                             ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                                                 აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                                  სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                                  კახი ბექაური

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები