დაბა გუდაურში კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 12, 2014 15:22
მიღების თარიღი ოქტომბერი 27, 2014
დაბა გუდაურში კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია’’) აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 21 აგვისტოს N475/10 გადაწყვეტილების 49-ე პუნქტის შესაბამისად გამოცხადდა კონკურსი დაბა გუდაურში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში (სიხშირეზე 104,7მჰც) კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად.
კომისიის 2014 წლის 21 აგვისტოს N475/10 გადაწყვეტილებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2014 წლის 22 სექტემბრის 17:00 საათი, მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად – 2014 წლის 25 სექტემბერი 13:00 საათი, ზეპირი მოსმენის სხდომის თარიღად - 2014 წლის 24 ოქტომბერი 13:00 საათი, ხოლო კონკურსის ჩატარების თარიღად – 2014 წლის 27 ოქტომბერი 13:00 საათი; სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვრა 1,134.00 (ერთი ათას ასოცდათოთხმეტი და 00) ლარით. ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და კომისიის ვებგვერდზე ინტერნეტში.
კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და ”კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების გამოცხადების შესახებ’’ კომისიის 2014 წლის 21 აგვისტოს N475/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგინა მხოლოდ შპს “კომპანია მედიასტრიმმა” (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/13-14, 22.09.2014წ).
კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 25 სექტემბრის მოსამზადებელ სხდომაზე, ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის გახსნის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლითა და კომისიის 2014 წლის 21 აგვისტოს N475/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის პირობებს. კერძოდ, არასრულყოფილად იყო შევსებული შესაბამისობის დეკლარაციის ფორმა (არ იყო მითითებული მაუწყებლობის ავტორიზაციის ნომერი), ასევე არასწორად იყო შევსებული ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ;
კომისიის 2014 წლის 25 სექტემბრის №529/10 გადაწყვეტილების შესაბამისად შპს “კომპანია მედიასტრიმს” სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით მიეცა ვადა 2014 წლის 2 ოქტომბრის 19:00 საათამდე. კომპანიის მიერ 2014 წლის 29 სექტემბერს წარმოდგენილ იქნა შესაბამისი სრულყოფილი დოკუმენტაცია (წერილი №6/6003-14).
ზეპირი მოსმენა დაბა გუდაურში (სიხშირეზე 104,7მჰც) კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსზე ჩატარდა 2014 წლის 24 ოქტომბერს 13:00 საათზე. ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა შპს “კომპანია მედიასტრიმის” დირექტორი იოსებ ბარნაბიშვილი.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43–ე მუხლის მე–7 და მე–8 პუნქტების შესაბამისად, კომისია დოკუმენტაციას აფასებს პროგრამირების ასპექტის მიხედვით; პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისას მხედველობაში მიიღება: შემოთავაზებული პროგრამების მრავალფეროვნება და აუდიტორიის ინტერესებთან შესაბამისობა და მომსახურების ზონის აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა.
ზეპირი მოსმენის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა კერძო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებლის, შპს “კომპანია მედიასტრიმის” მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის შეფასების თაობაზე. კერძოდ, დასკვნაში აღნიშნულია, რომ საძიებელი ლიცენზიის სახეობაა - სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა; ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჰ8) პუნქტის შესაბამისად, სპეციალიზებული მაუწყებლობა არის ერთი თემატიკის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გარდა, პროგრამებით მაუწყებლობა; გამომდინარე იქიდან, რომ საძიებელი ლიცენზიის სახეობა სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობაა, თუ სამაუწყებლო კონცეფციაში არ არის შემოთავაზებული გასართობი თემატიკის პროგრამები, აღნიშნული ლიცენზიის მაძიებლის დისკვალიფიკაციის საფუძველია.
შპს “კომპანია მედიასტრიმის” სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად, ლიცენზიის მაძიებელი მსმენელს შესთავაზებს შემდეგ გადაცემებს და რუბრიკებს:
ტურისტული გზამკვლევი - რუბრიკა ტურისტული სიახლეების შესახებ, ინფორმაცია პოპულარული სამთო კურორტებიდან, სასარგებლო რჩევები იმის თაობაზე, როგორ გავატაროთ შვებულება (არდადაგები) უკეთესად, როგორ შევათავსოთ გართობა და დასვენება ჯანსაღი ცხოვრების წესთან და დავგეგმოთ უიკენდი წლის ნებისმიერ სეზონზე. ეთერში გავა კვირაში ოთხჯერ, ქრონომეტრაჟი 4-5 წუთი;
სპორტ-ექსპრესი - რუბრიკა, რომელიც მიმოიხილავს სპორტის სამყაროში განვითარებულ მოვლენებს, ქართული და მსოფლიო სპორტის სიახლეებს. განსაკუთრებული ყურადღება ზამთრის, კერძოდ კი სამთო-სათხილამურო სპორტის სიახლეებს დაეთმობა. ეთერში გავა ყოველდღე, ქრონომეტრაჟი 4-5 წუთი;
ფინიში - გადაცემა სპორტულ თემატიკაზე, დისკუსია იმის შესახებ, როგორ ვითარდება საქართველოში ზამთრის ოლიმპიური სახეობები, რა პრობლემები და გამოწვევები არსებობს საქართველოში სამთო-სათხულამურო სპორტის განვითარების თვალსაზრისით და როგორია სპორტული ტურიზმის პერსპექტივები; გადაცემის ფორმატი ითვალისწინებს რადიომსმენელების სატელეფონო ზარებს და მათ მონაწილეობას დისკუსიაში. ეთერში გავა კვირაში ერთხელ, ქრონომეტრაჟი 30 წუთი;
მუს-ექსპრესი - ქართული და მსოფლიო მუსიკალური სამყაროს ახალი ამბები, ინფორმაცია ახალი ალბომების, დაგეგმილი კონცერტების თუ მსოფლიო ტურნეების შესახებ.
რუბრიკის ფარგლებში გათამაშდება მუსიკალური ვიქტორინა (კვირაში სამჯერ), რადიომსმენელთა ჩართულობის გაზრდის და წახალისების მიზნით; ეთერში გავა ყოველდღე; ქრონომეტრაჟი 3-4 წუთი; ვიქტორინის დღეებში 6-7 წუთი;
ავტო-ექსპრესი - რადიო-რუბრიკა ავტობაზრის სიახლეების, საავტომობილო სფეროში დაგეგემილი ახალი რეგულაციების შესახებ. ინფორმაცია მსოფლიოს წამყვანი ავტოსალონებიდან. ეთერში გავა კვირაში სამჯერ, ქრონომეტრაჟი - 3-4 წუთი;
ტექნოპედია - რადიო-რუბრიკა ახალი ტექნოლოგიების, გამოგონებების და სამეცნიერო აღმოჩენების, ტექნიკის სფეროში ახალი მიღწევების შესახებ. ეთერში გავა კვირაში ოთხჯერ; ქრონომეტრაჟი 3-4 წუთი;
ბიზნეს-ექსპრესი - ეკონომიკის და ბიზნესის სიახლეები, ინფორმაცია მსოფლიო ბირჟებიდან, საქართველოში უცხოური ვალუტის მიმდინარე კურსი. ეთერში გავა ყოველ სამუშაო დღეს; ქრონომეტრაჟი - 5-6 წუთი;
მეტეოსკოპი - ყოველდღიური ინფორმაცია მოსალოდნელი ამინდის შესახებ, მეტეოპროგნოზები უახლოესი დღეებისთვის, ამინდი მსოფლიოს დედაქალაქებში. ეთერში გავა ყოველდღე, დღეში 5-ჯერ; ქრონომეტრაჟი 3-4 წუთი;
კონცეფციაში ყურადღებაა გამახვილებული იმაზეც, რომ სატელეფონო ზარები ეთერში განხორციელდება სკაიპის მეშვეობით, რომლის ღილაკი განთავსებული იქნება www.expressradio.ge- ზე; სკაიპის მეშვეობით განხორციელებული ზარები საშუალებას მისცემს კომპანიას, აქტიურად გამოიყენოს ინტერნეტ და სოციალური მედიის პლატფორმები, ამასთან სკაიპის მეშვეობით შესაძლებელი იქნება რამდენიმე მსმენელის ზარის ერთდროულად მიღება ეთერში.
კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსი დაბა გუდაურში (სიხშირეზე 104,7მჰც) კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიაში ჩატარდა 2014 წლის 27 ოქტომბერს 13:00 საათზე. საკონკურსო სხდომას ესწრებოდა შპს “კომპანია მედიასტრიმის” დირექტორი იოსებ ბარნაბიშვილი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ შესწავლილ იქნა შპს “კომპანია მედიასტრიმის” მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია და კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის (სამასახურებრივი ბარათი №10/1736-14, 24.10.2014წ.) საფუძველზე მიიჩნია, რომ შპს „კომპანია მედიასტრიმის“ მიერ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში შემოთავაზებულია გასართობი თემატიკის პროგრამები, შესაბამისად სამაუწყებლო კონცეფცია აკმაყოფილებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჰ8) პუნქტის მოთხოვნებს.
კომისია დამატებით მიუთითებს, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-11 პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “კომპანია მედიასტრიმის” დირექტორმა იოსებ ბარნაბიშვილმა სალიცენზიო გადასახდელის - 1,134.00 (ერთი ათას ასოცდათოთხმეტი და 00) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლისა და კომისიის 2014 წლის 21 აგვისტოს N475/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაბა გუდაურში კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს “კომპანია მედიასტრიმი”;
2. უზრუნველყოს შპს “კომპანია მედიასტრიმმა” ერთი თვის ვადაში, სალიცენზიო გადასახდელის 20%-ს - 226.80 (ორასოცდაექვსი და 80) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900
ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
მიმღების ბანკის კოდი - TRESGE22
სახაზინო კოდი - 300773062
3. კომისია გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისთვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე მიიღებს სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.
4. კონკურსში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე–2 პუნქტით განსაზღვრულ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება კონკურსში მონაწილეობის უფლება;
5. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ს ანუ 793.80 (შვიდასოთხმოცდაცამეტი და 80) ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) კონკურსში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიის ანგარიშზე ჩარიცხული სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს უზრუნველყოს შპს “კომპანია მედიასტრიმისთვის” წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა (ნ. ჯავახაძე);
8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების შპს “კომპანია მედიასტრიმისთვის” ჩაბარების დღიდან.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კახი ბექაური
