წვდომის მენიუ

ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 594 / 10

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 10, 2014 19:25

მიღების თარიღი ოქტომბერი 27, 2014

ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 21 აგვისტოს N475/10 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად გამოცხადდა კონკურსი                            ქ. თბილისში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში (სიხშირეზე 104,7მჰც) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად.

კომისიის 2014 წლის 21 აგვისტოს N475/10 გადაწყვეტილებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2014 წლის 22 სექტემბრის 17:00 საათი, მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად – 2014 წლის 25 სექტემბერი 13:00 საათი, ზეპირი მოსმენის სხდომის თარიღად - 2014 წლის 24 ოქტომბერი 13:00 საათი, ხოლო კონკურსის ჩატარების თარიღად – 2014 წლის 27 ოქტომბერი 13:00 საათი; სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვრა 9,720.00 (ცხრა ათას შვიდასოცი და 00) ლარით. ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და კომისიის ვებგვერდზე ინტერნეტში.

კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და ”კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების გამოცხადების შესახებ’’ კომისიის 2014 წლის 21 აგვისტოს N475/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგინა შპს “მედიასტრიმმა” (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/06-14, 07.04.2014წ), შპს ”არტ რადიომ” (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/06-14, 07.04.2014წ) და შპს ”კაუკასიან ბიზნეს ვიქ-CBW”-მ (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/03-14, 04.04.2014წ).

             კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 11 აპრილის მოსამზადებელ სხდომაზე, ლიცენზიის მაძიებლების მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის გახსნის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლითა და კომისიის 2014 წლის 21 აგვისტოს N475/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის პირობებს, კერძოდ:

1.  შპს ”არტ რადიოს” მიერ წარმოდგენილ საკონკურსო განაცხადში არ იყო მითითებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები. ასევე არ იყო წარმოდგენილი ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ;

2. შპს ”კომპანია მედიასტრიმის” მიერ წარმოდგენილ საკონკურსო განაცხადზე თანდართულ დოკუმენტაციაში არასრულყოფილად იყო შევსებული შესაბამისობის დეკლარაციის ფორმა (არ იყო მითითებული  მაუწყებლობის ავტორიზაციის ნომერი), ასევე არასწორად იყო შევსებული ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ;

3. შპს ”კაუკასიან ბიზნეს ვიქ-CBW”-ს მიერ წარმოდგენილ საკონკურსო განაცხადში არ იყო მითითებული - კომპანიის საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს, ლიცენზიის სახე და სახეობა, მაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში. კომპანიის მიერ არ იყო წარმოდგენილი - ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია, პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა, განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;

კომისიის 2014 წლის 25 სექტემბრის №529/10 გადაწყვეტილების შესაბამისად შპს ”არტ რადიოს”, შპს ”კომპანია მედიასტრიმს” და შპს ”კაუკასიან ბიზნეს ვიქ-CBW”-ს დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით მიეცათ ვადა 2014 წლის 2 ოქტომბრის 19:00 საათამდე. შპს ”კომპანია მედიასტრიმის” მიერ 2014 წლის 29 სექტემბერს (წერილი №6/6002-14), შპს ”კაუკასიან ბიზნეს ვიქ-CBW”-ს მიერ 2014 წლის 2 ოქტომბერს (წერილი №6/6046-14), ხოლო შპს ”არტ რადიოს” მიერ 2014 წლის 1 და 2 ოქტომბერს (წერილი №6/6026-14 და №6/6048-14) წარმოდგენილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია.

კომისია აღნიშნავს, რომ ზეპირი მოსმენა ქ. თბილისში (სიხშირეზე 104,7მჰც) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსზე ჩატარდა 2014 წლის 24 ოქტომბერს 13:00 საათზე. ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდნენ შპს “კომპანია მედიასტრიმის” დირექტორი იოსებ ბარნაბიშვილი, შპს ”კაუკასიან ბიზნეს ვიქ-CBW”-ს დირექტორი ლევან ბეგლარიშვილი და შპს ”არტ რადიოს” უფლებამოსილი წარმომადგენლები ირაკლი დათეშიძე და საბა ნიკოლაშვილი.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43–ე მუხლის მე–7 და მე–8 პუნქტების შესაბამისად, კომისია დოკუმენტაციას აფასებს პროგრამირების ასპექტის მიხედვით;  პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისას მხედველობაში მიიღება: შემოთავაზებული პროგრამების მრავალფეროვნება და აუდიტორიის ინტერესებთან შესაბამისობა და მომსახურების ზონის აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა.

ზეპირ მოსმენის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა, კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებელთა, შპს ”არტ რადიოს”, შპს ”კომპანია მედიასტრიმის” და შპს ”კაუკასიან ბიზნეს ვიქ-CBW”-ს მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციების შეფასების თაობაზე (შედარებითი ანალიზი).

წარმოდგენილი დასკვნის შესაბამისად, „სამაუწყებლო კონცეფციების შეფასება განხორციელდა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 43–ე მუხლის მე-7 პუნქტისა და ”საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 07 ოქტომბრის N612/22 გადაწყვეტილების საფუძველზე. ამასთან, დასკვნაში გათვალისწინებულია, რომ საძიებელი ლიცენზიის სახეობაა - საერთო რადიომაუწყებლობა; ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ”საერთო მაუწყებლობა არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა”.

1. შპს „კომპანია მედიასტრიმის“ სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად, ლიცენზიის მაძიებელი მსმენელს შესთავაზებს შემდეგი თემატიკის სამაუწყებლო პროდუქციას:

- ახალი ამბები;

- საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები;

- საგანმანათლებო-შემეცნებითი გადაცემები;

- მუსიკალურ-გასართობი გადაცემები;

- ახალგაზრდული გადაცემები;

- სპორტული გადაცემები;

- საბავშვო გადაცემები;

ლიცენზიის მაძიებელს საძიებელი ლიცენზიის სახეობის (საერთო რადიომაუწყებლობა) გათვალისწინებით, დაგეგმილი აქვს ორი სავალდებულო თემატიკის პროგრამა:

ექსპრეს-ნიუსი – ახალი ამბები საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე  მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ, პირდაპირი ჩართვები მოვლენების ეპიცენტრიდან და კომენტარები აქტუალურ თემებზე.

ახალი ამბების იერარქიის დალაგებისას საინფორმაციოს წამყვანები და პროდიუსერები გამოიყენებენ  LDR-ინტერაქტივის პლატფორმას ტოპიკ-პულსი. საინფორმაციო გამოშვების სცენარი აწყობილი იქნება იმის მიხედვით, რომელი თემაა ყველაზე აქტუალური სოციალურ და ინტერნეტ-მედიაში მოცემულ მომენტში.

ეთერში გავა ყოველდღე, საათის დასაწყისში, დილის 8-დან საღამოს 10 საათამდე. ქრონომეტრაჟი -5-7 წუთი.

საზოგადოებრივ–პოლიტიკური თემატიკის ფარგლებში:

ექსპრეს-გამოკითხვა – სატელეფონო ინტერაქტივი დღის აქტუალურ თემაზე. წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვას რადიო მსმენელები პასუხობენ. ინტერაქტიული გამოკითხვა უზრუნველყოფს მსმენელთა მაქსიმალურ ჩართულობას თემის განხილვაში.

ეთერში გავა ყოველ სამუშაო დღეს, 18:15 სთ. ქრონომეტრაჟი - 15 წუთი.

დღის თემა – საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ დღის მთავარ თემაზე მოწვეულ სტუმართან (სტუმრებთან) ერთად. წამყვანი გადაცემის მსვლელობისას რადიომსმენელების იმ მოსაზრებებს და შეკითხვებსაც გაახმოვანებს, რომლებიც ექსპრეს-გამოკითხვა -ში წამოიჭრება. მთავარი თემის შერჩევა  მოხდება სისტემა ტოპიკ-პულსის გამოყენებით.

ეთერში გავა ყოველ სამუშაო დღეს, 18:30 სთ. ქრონომეტრაჟი - 30 წუთი.

პრეს-ექსპრესი - ქართულ პრესაში გამოქვეყნებული მასალების მოკლე მიმოხილვა, ასევე უცხოურ მედიაში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ჰედლაინების მოკლე დაიჯესტი. უცხოური მედიის ტოპ-თემები შეირჩევა  LDR-ინტერაქტივის პლატფორმა ტოპიკ-პულსის მეშვეობით.

ეთერში გავა ყოველ სამუშაო დღეს, დღეში ორჯერ; ქრონომეტრაჟი - 7-8 წუთი.

ფოკუსი - ყოველკვირეული გადაცემა საზოგადოებისთვის მეტად აქტუალურ თემებზე; ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, სამედიცინო მომსახურების სფეროში არსებულ მწვავე თუ პრობლემატურ საკითხებზე, ამ სფეროში მოსალოდნელ სიახლეებზე. ფორმატი ითვალისწინებს მსმენელებთან აქტიურ ინტერაქციას, გადაცემის სტუმრები  იქნებიან ჯანდაცვის და სოციალური სფეროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები, რომლებიც პირდაპირ ეთერში უპასუხებენ დასმულ შეკითხვებს. კონკრეტული გადაცემა დაეთმობა ერთი კონკრეტული საკითხის განხილვას (მაგ “ფოკუსშია” საპენსიო რეფორმა, “ფოკუსშია” რეცეპტები, “ფოკუსშია” საავტომობილო დაზღვევა და ა.შ.)

ეთერში გავა კვირაში ერთხელ,  ქრონომეტრაჟი 45 წუთი.

სოციალური ქსელი - რუბრიკა, რომელიც მიმოიხილავს დღის განმავლობაში ფეისბუკში, ტვიტერსა და ფორუმებზე პოპულარულ ტოპ-თემებს. გააცნობს მსმენელს სტატუსებს და კომენტარებს, რომელთაც ყველაზე მეტი გაზიარება და მოწონება აქვთ და ასევე, ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რუბრიკის კონტენტის შესაქმნელად გამოყენებული იქნება  LDR-ინტერაქტივის პლატფორმა ტოპიკ-პულსი რეალურ დროში სოციალური მედიის მონიტორინგის სისტემა, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, კონკრეტულად რომელი თემები აღელვებს ყველაზე მეტად სოციალურ ჯგუფებს მოცემულ მომენტში.

ეთერში გავა ყოველ სამუშაო დღეს,  ქრონომეტრაჟი - 6-7 წუთი;

საგანმანათლებო-შემეცნებითი თემატიკის ფარგლებში:

დილის ექსპრესი - დილის შემეცნებით-გასართობი გადაცემა - მხიარული წამყვანებით, საუკეთესო მუსიკით, კულინარიული რჩევებით დილის საუზმისთვის, რადიო მსმენელებთან გასაუბრებით. გადაცემის ფორმატი ითვალისწინებს ასევე ყოველდღიურ ვიქტორინას, რომელსაც შემეცნებითი ხასიათი ექნება. გადაცემას დაასრულებს საუბარი სტუდიაში მოწვეულ სტუმართან (ძირითადად სახელოვნებო ან კულტურის სფეროდან, რომელიც ისაუბრებს ამ სფეროში მიმდინარე მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ).

ეთერში გავა ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 08:00 – 11:00 სთ. ქრონომეტრაჟი - 3 საათი.

ავტო-ექსპრესი - რუბრიკა ავტობაზრის სიახლეების, საავტომობილო სფეროში დაგეგემილი ახალი რეგულაციების შესახებ. ინფორმაცია მსოფლიოს წამყვანი ავტოსალონებიდან.

ეთერში გავა კვირაში სამჯერ, ქრონომეტრაჟი - 3-4 წუთი;

მედ-ექსპრესი - სამედიცინო რადიო-რუბრიკა, სიახლეები მედიცინის სფეროდან, სასარგებლო რჩევები.

ეთერში გავა კვირაში სამჯერ, ქრონომეტრაჟი 3-4 წუთი;

არტ-ექსპრესი - კულტურის სიახლეები, თეატრალური და კინო-აფიშა, ინფორმაცია გამოფენების, მსოფლიო პრემიერების, ქართულ და მსოფლიო კულტურულ ცხოვრებაში მიმდინარე პროცესების შესახებ.

ეთერში გავა კვირაში სამჯერ, ქრონომეტრაჟი 5-6 წუთი;

ტექნოპედია - შემეცნებითი რადიო-რუბრიკა ახალი ტექნოლოგიების, გამოგონებების და სამეცნიერო აღმოჩენების, ტექნიკის სფეროში ახალი მიღწევების შესახებ.

ეთერში გავა კვირაში ოთხჯერ, ქრონომეტრაჟი 3-4 წუთი;

ბიზნეს-ექსპრესი - ახალი ამბები ეკონომიკის და ბიზნესის სფეროდან, ინფორმაცია მსოფლიო ბირჟებზე მიმდინარე მოვლენების, ქართული და მსოფლიო ეკონომიკური პროცესების შესახებ, საქართველოში უცხოური ვალუტის მიმდინარე კურსი.

ეთერში გავა ყოველ სამუშაო დღეს,  ქრონომეტრაჟი - 5-6 წუთი;

სარკმელი ევროპაში - რას გულისხმობს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების კონკრეტული მუხლები, რა პრივილეგიებს და ვალდებულებებს ითვალისწინებს ასოცირების შეთანხმება, რას ნიშნავს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა და ვის შეეხება ვიზების ლიბერალიზაცია, რა შეიცვლება ამით თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის - ამ თემების განხილვას დაეთმობა შემეცნებითი გადაცემა “სარკმელი ევროპაში”.

ეთერში გავა კვირაში ერთხელ, ქრონომეტრაჟი 45 წუთი;

რადიოადვოკატი - ყოველკვირეული გადაცემა, რომლის ფარგლებშიც სტუდიაში მოწვეული იურისტი უპასუხებს რადიომსმენელების მიერ დასმულ შეკითხვებს; ერთგვარი იურიდიული კონსულტაცია რადიოეთერში, რომელიც პირველ რიგში, მსმენელთა ინტერესებზეა ორიენტირებული. თითოეული გადაცემა დაეთმობა კონკრეტული იურიდიული და სამართლებრივი საკითხების განმარტებას.

ეთერში გავა კვირაში ერთხელ, ქრონომეტრაჟი 30 წუთი.

მოზაიკა - შემეცნებითი გადაცემა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც მულტიკულტურული და მრავალეთნიკური სახელმწიფოს წარმოჩენას. ყოველკვირეულ დისკუსიაში საუბარი იქნება სხვადასხვა  ეროვნულ თუ რელიგიურ ტრადიციებზე, რომელსაც მისდევენ საქართველოში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები. ასევე იმ პრობლემებზე, რომელიც არსებობს ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში. ამ თემებზე სასაუბროდ გადაცემაში მოწვეული იქნებიან სხვადასხვა რელიგიური კონფესიის, ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების და ასევე შერიგებისა და თანასწორობის სამინისტროს შესაბამისი წარმომადგენლები.

ეთერში გავა კვირაში ერთხელ,  ქრონომეტრაჟი - 45 წუთი;

მუსიკალურ–გასართობი თემატიკის ფარგლებში:

მუს-ექსპრესი - ექსპრეს რადიოსმსმენელთა მუსიკალური ჩარტი; რუბრიკა ყოველდღიურად მიმოიხილავს, რომელი შემსრულებლები და სიმღერები იყო ყველაზე პოპულარული გასული დღის განმავლობაში ექსპრესრადიოს იმ მსმენელთა შორის, რომლებიც პლატფორმა თეიქ-ოვერის მეშვეობით ჩართული იყვნენ ფლეილისტის დალაგებაში და ხმა მისცეს კონკრეტულ მუსიკალურ ნაწარმოებს; რადიომსმენელები მოისმენენ ასევე - ქართული და მსოფლიო მუსიკალური სამყაროს ახალ ამბებს, ინფორმაციას ახალი ალბომების, დაგეგმილი კონცერტების თუ მსოფლიო ტურნეების შესახებ.

ეთერში გავა ყოველდღე, ქრონომეტრაჟი 5-6 წუთი.

ახალგაზრდული გადაცემების თემატიკის ფარგლებში:

შუაღამის ექსპრესი - ახალგაზრდული გადაცემა, რომელიც მიზნად ისახავს რადიო აუდიტორიისთვის წარმატებული ახალგაზრდების გაცნობას. გადაცემის წამყვანები სტუდიაში მოიწვევენ ახალგაზრდა მწერლებს, მხატვრებს, მსახიობებს, პუბლიცისტებს, ბლოგერებს, ასევე სტუდენტებს, რომლებიც წარმატებული დებიუტისთვის ემზადებიან.  გადაცემის ფორმატი ითვალისწინებს აქტიურ ინტერაქციას რადიომსმენელებთან.

ეთერში გავა ყოველდღე,  ღამის ეთერში, ქრონომეტრაჟი - 90 წუთი.

სპორტული თემატიკის ფარგლებში:

სპორტ-ექსპრესი - სპორტული რუბრიკა, რომელიც მიმოიხილავს სპორტის სამყაროში განვითარებულ მოვლენებს, ქართული და მსოფლიო სპორტის სიახლეებს.

ეთერში გავა ყოველდღე, დღეში სამჯერ, ქრონომეტრაჟი - 3-4 წუთი.

საბავშვო თემატიკის ფარგლებში:

იავნანა - საბავშვო გადაცემა უჩვეულო ფორმატით. ცნობილი მსახიობების მიერ (მაგ გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძე…)  პატარებისთვის ჩაწერილი აუდიო–ზღაპრები, რომელიც ეთერში გავა ყოველ საღამოს. გადაცემაში გამოყენებული იქნება ასევე “საავტორო სტუდიის” მიერ ჩაწერილი ხმოვანი ზღაპრები, რომელიც ხელმისაწვდომია წიგნების მაღაზიათა ქსელში.

ეთერში გავა ყოველდღე, ქრონომეტრაჟი 10 წუთი;

აღსანიშნავია, რომ ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილ კონცეფციაში ცალკე გამოყოფილია მეტეოსკოპი - ყოველდღიური ინფორმაცია მოსალოდნელი ამინდის შესახებ, მეტეოპროგნოზები უახლოესი დღეებისთვის, ამინდი მსოფლიოს დედაქალაქებში.

ეთერში გავა ყოველდღე, დღეში 5-ჯერ, ქრონომეტრაჟი 3-4 წუთი;

2. შპს „არტ რადიოს“ სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად, ლიცენზიის მაძიებელი მსმენელს შესთავაზებს შემდეგი თემატიკის სამაუწყებლო პროდუქციას:

- ახალი ამბები;

- საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები;

– ანალიტიკური თემატიკის გადაცემები;

- საგანმანათლებო-შემეცნებითი გადაცემები;

- მუსიკალურ-გასართობი გადაცემები;

- ახალგაზრდული გადაცემები;

- საბავშვო გადაცემები;

- სპორტული გადაცემები;

ლიცენზიის მაძიებელს საძიებელი ლიცენზიის სახეობის (საერთო რადიომაუწყებლობა) გათვალისწინებით, დაგეგმილი აქვს ორი სავალდებულო თემატიკის პროგრამა:

საინფორმაციო გამოშვება  ეთერში გავა ყოველდღე დილის 9:00სთ-დან საღამოს 22:00 საათამდე საათში ერთხელ.  საინფორმაციო გამოშვება გაჯერებული იქნება ადგილობრივი და საერთაშორის მოვლენებით ჩვენ შევეცდებით პირველებმა მივაწოდოთ ჩვენს მსმენელს ქვეყანაში განვითარებული მოვლენები.

საზოგადოებრივ–პოლიტიკური თემატიკის ფარგლებში:

დღის ბოლო – გადაცემა (ორშაბათი-პარასკევი), რომელიც საღამოს (სავარაუდოდ 20.00 სთ-ზე) მიმოიხილავს მოვლენებს, რომლებიც მოხდა ქვეყანაში. ანალიტიკა და პროგნოზები მოწვეულ ექსპერტთან ერთად. ან ამავე მიზნით სატელეფონო ჩართვები პოლიტიკოსებთან და ექსპერტებთან (სასურველია ინტერაქტივი მსმენელთანაც).

კვირის ბოლო – თითქმის ანალოგიური დატვირთვის გადაცემა,  რომელიც გავა კვირას (ასევე სავარაუდოდ 20.00 სთ-ზე) და მიმოიხილავს მოვლენებს, რომლებიც მოხდა ქვეყანაში ამჟამად უკვე მთელი კვირის განმავლობაში. ანალიტიკა და პროგნოზები მოწვეულ ექსპერტთან ერთად. ან ამავე მიზნით სატელეფონო ჩართვები პოლიტიკოსებთან და ექსპერტებთან (სასურველია ინტერაქტივი მსმენელთანაც).

შენიშვნა: გადაცემებს „დღის ბოლო“  და „კვირის ბოლო“ -ს ექნებათ ზომიერად სატირულ-ირონიული ელფერიც.

სოცშეკითხვა – ყოველ კვირას, 22:00 საათზე, ეთერში გავა გადაცემა „სოცშეკითხვა“, რომლის ანალოგი არ არსებობს ქართულ რადიო სივრცეში: გადაცემის სტუმრები იქნებიან როგორც პოლიტიკოსები ასევე საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი პირები, პირდაპირ ეთერში უპასუხებენ სოციალური ქსელ „ფეისბუქის“ მეშვეობით მათი მისამართით დასმულ შეკითხვებს.

ანალიტიკური თემატიკის ფარგლებში:

"კვირის კომენტარის" სტუმრები იქნებიან პოლიტიკოსები, დამოუკიდებელი ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. გადაცემის მიზანია, კვირის თემასთან დაკავშირებით მსმენელს მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია და გააცნოს მხარეთა პოზიციები. "კვირის კომენტარი" ინტერაქტივის საშუალებით მსმენელის პოზიციასაც გამოხატავს. გადაცემა გავა კვირაში ერთხელ.

„ბიზნესი“ – 20 წუთიანი გადაცემა საქმიანი ადამიანებისათვის, ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეების შესახებ, ეთერში გავა ყოველ სამუშო დღეს, საღამოს 18:30. გადაცემაში მოხდება მთავარი თემების მიმოხილვა სტუმართან ერთად. ქვეყანაში მიმდინარე აქტუალური ეკონომიკური პროცესები, ბიზნესკომპანიების ნოვაციები, პრობლემები, მიღწევები. მსოფლიო ბიზნესის სიახლეები.

საგანმანათლებო-შემეცნებითი თემატიკის ფარგლებში:

ისტორია – სტუმრების შემოსვლამდე ეთერში გავა 5-8  წუთიანი არტი კონკრეტულ ისტორიულ თემაზე, რომელიც  მსმენელს გააცნობს გადაცემის თემის არსს. შემდეგ კი წამყვანი მოწვეულ სათანადო სტუმრებთან (სასურველია ორი სტუმარი - ერთი ისტორიკოსი, ექსპერტი; მეორე ან მოქმედი პოლიტიკოსი ან ე.წ. საზოგადო მოღვაწე) ერთად გაარჩევს სამყაროს ისტორიიდან ერთ მნიშვნელოვან და ეპოქალურ  ეპიზოდს (მაგალითისთვის ეს შეიძლება იყოს - ან „რუის-ურბნისის კრება“ ან „მაკარტიზმის ეპოქა ამერიკის შეერთებულ შტატებში“ ან  „ვერმახტის ქართული ლეგიონი მეორე მსოფლიო ომში“ ან „მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა და საქართველო“ ან “გიორგი სააკაძის არშემდგარი რეფორმები“ და ა.შ.)

მოგზაურობა და თავგადასავლები „National Geographic“ -თან ერთად – ჟურნალ „National Geographic”-ის თემები, აღნიშნულ ჟურნალთან და მის სტაფთან მჭიდრო თანამშრომლობით და სტუმრობით (ლევან ბუთხუზი) აგრეთვე სხვადასხვა მოგზაური სტუმრები (დიდი ყურადღება დაეთმობა კონკრეტულად  საქართველოში მოგზაურობასაც).

საქმიანი და წარმატებული  ადამიანები – იყოფა ორ პირობით ნაწილად: 1. ცნობილი ბიზნესმენის, მაგნატის, ინოვატორის, ხელოვანის (ანუ „საუკუნის ადამიანის“) და ა.შ. ცხოვრებისეული, შრომის  და წარმატების ისტორია გადმოცემული 8-10 წუთიანი არტის სახით (წინასწარ დამუშავებული და ჩაწერილი);  2. მოწვეული თემატური სტუმარი ვისთანაც საუბარი იქნება ქართულ ბიზნესზე, სიახლეებზე, პრობლემებზე და ა.შ.  აგრეთვე იმ თემებზე  თუ რა სფეროს „წარმატებული ადამიანი“ იქნება სტუმრად ან თუნდაც არტში გაჟღერებულ პიროვნებაზე.

„ამბასადორი“ – იყოფა ორ პირობით ნაწილად: 1. მნიშვნელოვანი მსოფლიო ფაქტი მსოფლიო დიპლომატიის ისტორიიდან გადმოცემული 5-8 წუთიანი არტით (მაგალითისთვის „კარიბის ზღვის კრიზისის“ ისტორია ან „1918-1932 წლის საქათველოს რესპუბლიკის დიპლომატიიდან“ ეპიზოდები). 2. საუბრები ქართულ დიპლომატიაზე, საერთოდ დიპლომატიის ისტორიაზე, ეტიკეტზე, პროტოკოლზე, წამყვანთან ერთად მოწვეულები იქნებიან ქართველი დიპლომატები, საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩინოვნიკები. მათთან იქნება საუბრები ამჟამინდელ საგარეო სიტუაციაზე,  მსოფლიო დიპლომატიის პრიორიტეტებზე და ეს ყველაფერი  საქართველოს კონტექსტში. რუბრიკას ესტუმრებიან - ელჩები, საპატიო კონსულები. დესპანები  და. ა.შ. აგრეთვე  საერთაშორისო მისიების უცხოელი წარმომადგენლები. მათთან საუბარი იქნება როგორც ოფიციაულური კუთხით, ასევე ე.წ „სმოკინგის მიღმა“ თემებზე;

„ეკრანზე და ეკრანს მიღმა“ – გადაცემა კინოზე, მაგრამ ოდნავ ორიგინალური კუთხით - წამყვანები ირჩევენ ეპოქალურ, საკულტო ფილმს, იწვევენ პირველ რიგში კინომცოდნეს და ასევე პოლიტიკოსს ან საზოგადო მოღვაწეს. საუბარი კონკრეტულად ფილმის გარდა იქნება - თუ რა ეპოქაში გამოვიდა ეს ფილმი, რა პრობლემებზეა (ფილმში დასმული პრობლემების განხილვა) თვალსაჩონო მაგალითისთვის ფილმი „12 განრისხებული მამაკაცი“   საუბრები იქნება არა მხოლოდ იმაზე რომ აქ „ჰენრი ფონდა თამაშობს და ფილმი სიდნი ლუმეტმა გადაიღო და ოპერატორი იყო ბორის კაუფმანი“ (საბჭოთა დიდი რეჟისორის  ძიგა ვეტროვსის უმცროსი ძმა)  .. აგრეთვე  იმ ეპოქაზე როდესაც ეს ფილმი ეკრანებზე გამოვიდა და რაც მთავარია  სასამართლო სისტემაზე და კერძოდ „ნაფიც მსაჯულთა“ ინსიტუტუზე  (ეს ყველაფერი საქართველოს კონტექსტში).

 „ყოველდღიური დილის გადაცემა“ – ეთერში განთავსდება ყოველ სამუშაო დღეს და გაგრძელდება 2 საათის განმავლობაში. გადაცემა შედგება 2 ნაწილისგან. პირველი ნაწილი იქნება შემეცნებით, გასართობი, საინფორმაციო, მუსიკალური (გადაცემაში არც ერთი სიმღერა არ გავა კონკრეტულად ამ სიმღერის შესახებ სათანადო ინფორმაციის გარეშე), ინტერაქტიული ეთერით (მუდმივი კონტაქტი მსმენელთან წამყვანის მიერ ან თუნდაც მსმენელი მიერ შეთავაზებულ თემებზე) და ყოველდღიური მინი რუბრიკებით (პირველი საათის პირველი ნაწილის ბოლო 10 წუთი დაეთმობა რუბრიკას „ვაკანსიები და პერსპექტივები“ (სათანადო პროფილის მქონე ინტერნეტ რესურსების საშუალებით და მათთან მჭიდრო თანამშრომლობით რუბრიკა მსმენელს მოკლედ და კონკრეტულად გააცნობს ინფორმაციას სამუშაოს, დასაქმების, სხვადასხვა ტრენინგის და კურსების შესახებ). დილის გადაცემის მეორე ნაწილი (ხანგრძლივობა 1 საათი) გარდაიქმნება სხვადასხვა ტიპის თემატურ გადაცემად;

შენიშვნა: „დილის გადაცემის“ ე.წ. მეორე ნაწილებს სავარაუდოდ კონკრეტული წამყვანები (თემებიდან გამომდინარე) ეყოლებათ. შესაძლოა „პირველი ნაწილის“ წამყვანთა დუეტის ჩართულობაც.

მუსიკალურ–გასართობი თემატიკის ფარგლებში:

ყოველდღიური, ხანგძლივობა 30-35 წუთი მსოფლიოს ეთნო მუსიკა - (ნოდარ მანჩხაშვილი "ძია ნოდარი") – ორშაბათი;

კლასიკური როკი და ბლუზი (აჩიკო ბენაშვილი) – სამშაბათი ოპერა და კლასიკური მუსიკა (შავლეგ გეგეჭკორი) – ოთხშაბათი ინდი და თანამედროვე მიმდინარეობები (ლაშა გაბუნია) – ხუთშაბათი ჰარდ ანდ ჰევი  (მინდია გაბაშვილი - ჯგუფი "ვაკის პარკი") – პარასკევი

ხოლო კვირის განმავლობაში გასული ეს გადაცემები განმეორდება შაბათ კვირას;

მუსიკალურ გადაცემათა ციკლი “ LIVE რომელსაც უნდა მოუსმინო” – კვირაში სამჯერ (ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი) რომელიმე ცნობილი კონკრეტული საკულტო LIVE .. როკის ბლუზის, ჯაზის ლეგენდების მიერ შესრულებული. გადაცემის ციკლის ავტორის და წამყვანის კვალიფიცირებული და დაწვრილებითი კომენტარებით და საინტერესო ან ტექნიკური ინფორმაციებით, რომელიც ამ კონკრეტულ LIVE-ს შეეხება.

ყოველდღიური რადიოსერიალი – ქრონომეტრაჟი 5-7 წუთი. ერთი სერია გავა დღის განმავლობაში 5-ჯერ, ხოლო შაბათ-კვირას გამეორდება იმ კვირაში გასული ხუთივე სერია. კომედიური ჟანრის რადიოსერიალი ერთ თბილისურ ახალგაზრდულ ოჯახზე, სადაც ოჯახის წევრები და მათი მეგობრები მოიცავენ ქალაქში არსებულ ყველა სოციალურ ფენას. სიუჟეტი განვითარდება იმ პერიოდში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესაბამისად და იქნება პატარა შარჟი ჩვენს ყოველდღიურ ყოფაზე. სერიალის სცენარზე იმუშავებენ გამოცდილი სცენარისტები ("ფორმულა კრეატივი") და მსახიობები.

ახალგაზრდული გადაცემების თემატიკის ფარგლებში:

რადიოგადაცემა უცნაური დამთხვევების საღამო –  ჟანრი იუმორისტული, შემეცნებითი, გათვლილია ახალგაზრდებზე 16–30 წლამდე, ქრონომეტრაჟი – 50–60 წუთი, ინტენსივობა – კვირაში სამჯერ, ორი წამყვანი, გოგო და ბიჭი.

 გადაცემა ეთერში გასვლამდე რადიოეთერში ანონსდება 2 კვირით ადრე, რომ გადაცემაში მონაწილეობის მსურველებმა გამოგზავნონ საკუთარი მოკლე ავტობიოგრაფია და გასცენ წინასწარ კითხვარს პასუხები, რითაც გადაცემის ავტორები დაადგენენ მათ საერთო ინტერესებს და სავარაუდოდ დააჯგუფებენ, დააწყვილებენ ინტერესების მიხედვით.  გადაცემაში კი უკვე სტუმრად მოჰყავთ, ან სკაიპის მეშვეობით რთავენ წინასწარ არჩეულ წყვილს, უსმევენ ერთსადაიმავე კითხვებს და ვისაც მეტი პასუხი დაემთხვევა, მათ კვირის ბოლოს ასაჩუქრებენ რომანტიული ვახშმით რომელიმე პარტნიორ კაფესა, ან ბარში. წლის ბოლოს საუკეთესოს კი უფრო მნიშვნელოვანი პრიზით აჯილდოვებენ (მოგზაურობა, ან ოჯახის შექმნის შემთქვევაში, რაიმე ძვირფასი საჩუქარი). რადიო იმაუწყებლებს ინტერნეტითაც და ამ შემთხვევაში გადაცემას ვიზუალური მხარდაჭერაც ექნება სტუდიაში.

„ბეჭდების მრძანებლები“ – საბავშო და მოზარდთა გადაცემა. თემატიკა- ე.წ. თინეიჯერული სუბკულტურები, პრობლემები, მსოფლმხედველობა, აზროვნება. აგრეთვე ფილმები, მუსიკა (რაც კონკრეტულად ამ თაობაშია პოპულარული) კომიქსები, კომპიუტერული თამაშები (თამაშების გარჩევა, რჩევებიც) ...... თინეიჯერი წამყვანები მოიწვევენ სტუმრებს - როგორც თანატოლებს ისევე პოლიტიკოსებს, საზოგადო მოღვაწეებს ...  შემოდგომიდან "ნიუტონის სკოლაში" ფუნქციონირებას დაიწყებს სკოლის შიდა, ინტერნეტ-რადიო, რომლებთანაც იმუშავებს სწორედ ამ რადიოში მომუშავე სტაფი. შესაბამისად გადაცემას გააკეთებენ "ნიუტონის სკოლის" ბავშვები, რომელთაც საკმაო გამოცდილება ექნებათ ამ სფეროში და კარგ პრაქტიკასაც გაივლიან (განთავსდება კვირაში ერთხელ).

სპორტული თემატიკის ფარგლებში:

„სპორტული სიახლეები“ – საათში ერთხელ, განსაზღვრულ დროს „არტ რადიო“ ყურადღებას დაუთმობს ქართული და უცხოური სპორტის სიახლეებს;

„როკი და ფეხბურთი“ – გადაცემა ეთერში განთავსდება შაბათ–კვირას, 18:00 საათიდან 24:00 საათამდე. გადაცემა არის გაგა გობრონიძის და აჩიკო ბენაშვილის საავტორო გადაცემა. მთლიანად იმპროვიზებულ ხასიათს ატარებს და აგებულია წამყვანების მჭერმეტყველებაზე, ძირითადად საფეხბურთო და მუსიკალურ თვალსაწიერსა და სხვადასხვა ტიპის საუბრებზე ლიტერატურით დაწყებული, კინოთი თუ ისტორიული მოვლენებით დასრულებული. გადაცემის ლაიტმოტივია მიმდინარე საფეხბურთო მატჩები (ტრადიციულად „უიკენდები“ სამყაროში საფეხბურთო დღეებია), რომელთა ირგვლივაც მიმდინარეობს საუბარი, იქნება ეს პროგნოზი თუ უბრალოდ ამა თუ იმ საფეხბურთო კლუბის გარჩევა (კლუბის ისტორიიდან დაწყებული დღევანდელი ვითარებით დამთავრებული). საჭიროების შემთხვევაში ხდება ხოლმე ამა თუ იმ გუნდის გამხნევება მუსიკით (მაგ. თუ ლივერპული აგებს ბლექბერნთან დიდი შანსია, რომ მის გასამხნევებლად ეთერში ბითლზის “HELP” გავიდეს. გადაცემა ტემპს კრეფს და საბოლოოდ საოცარ დინამიზმს აღწევს, რადგან მიმდინარეობს მსმენელთა გაუთავებელი ჩართვა (ზარები ტრადიციულად უწყვეტია) და მუსიკალური თხოვნების შესრულება, ან რომელიმე ანგარიშის გამოცხადება (რომელიც მსმენელს გამორჩა), ან რომელიმე მატჩის შესახებ საუბარი, ან ჯიმი ჰენდრიქსის ან ფრან ფერდინანდის შემოქმედების გარჩევა. რადიო შოუ ამ ყველაფრის ფონზე იძენდა არა მხოლოდ გასართობ, არამედ შემეცნებით და ინფორმატიულ ფონს. 8 წლის განმავლობაში გადაცემას უკვე სტაჟიანი მსმენელი გამოუჩნდა მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათი რიცხვი თანდათანობით მატულობს, რადგან დიდია მოთხოვნილება როგორც ფეხბურთთან ორიგინალურ მიდგომაზე, ისე ნორმალურ მუსიკაზე, რისი დეფიციტიც ნამდვილად შეიმჩნევა ჩვენს ქვეყანაში. ინტერნეტ კავშირის განვითარებასთან ერთად მსმენელთა რაოდენობამ იმატა უცხოეთიდან და გაუტოლდა ადგილობრივ მსმენელს და იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ გადაცემას გამოცდილი და ინტელექტუალი წამყვანები მართავენ სულაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ამ ხნის განმავლობაში გადაცემამ ყველა ასაკის ორივე სქესის მსმენელთა დიდი რაოდენობა შეიძინა. ამაზე მეტყველებს ინტერნეტში სოციალური ქსელების გამოკითხვებიც. თავის დროზე რადიოშოუში მუდამ იღებდნენ მონაწილეობას სტუმრის და სიმბოლური წამყვანის სტატუსით პოლიტიკოსები, მსახიოებები, მწერლები და სხვადასხვა ე.წ. ცნობადი სახეები. საკმაო დრო დაეთმობა განსაკუთრებით რაგბის თემატიკას. ეს იქნება საუბრები რაგბზე, მის ისტორიაზე, წესებსა და რაგბის მდიდარი სუბკულტურის „მინი კურსები“, ინფორმაციები რაგბის (და კალათბურთისაც) როგორც საშინაო ჩემპიონატზე, ასევე მსოფლიო რაგბის გრანდებზე, უკვე საკულტო მოთამაშეებზე და ა.შ. მოწვეული იქნებიან ყველა კლუბის წარმომადგენლები, რომლებიც მინაწილეობენ რაგბის საშინაო ჩემპიონატში. აგრეთვე ეროვნული ნაკრების წევრები, რაგბის კავშირის და რაგბის ქომაგთა კლუბის წარმომადგენლები. გადაცემის არსებობის პირველ ეტაპზე მსგავსი გამოცდილება და კონტაქტები არსებობდა და ჯერ კიდევ „მწვანე ტალღის“ პერიოდში საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მონაწილეობით მატჩების დაწყებამდე სტადიონზე ჟღერდა აღნიშნული გადაცემის ჰიტებისაგან შემდგარი მიქსი. რადიოს კარი მუდამ ღიაა სხვა ნებისმიერი სპორტის სახეობების წარმომადგენლებისთვისაც. შოუს მუდამ აქვს შინაგანი, როგორც ადამიანური, ასევე იდეური რესურსი, რომ თავის თავში „შეიწოვოს“ ნებისმიერი მოვლენა და რადიოს ნებისმიერი პოზიცია (თუნდაც ახალი ამბები) ან რაიმე ტიპის მინი გადაცემები. რადიო ეთერს ამ დროს ეძლევა რაღაც ერთი მთლიანი სახე, რომელიც მთლიანად ორგანულად იკავებს შაბათ–კვირის საღამოს. გადაცემა ტრადიციულად მიყავს სამ ადამიანს.

საბავშვო თემატიკის ფარგლებში:

ყოველდღიური საბავშვო პროგრამა – განთავსდება ყოველ დილას და გაგრძელდება 30 წუთის განმავლობაში. გადაცემა იქნება შემეცნებით–გასართობი;

„ძილისპირული“ – ეთერში განთავსდება ყოველ საღამოს, რომელშიც მთხრობელი ბავშვებს სხვადასხვა ქვენის ზღაპარს მოუყვება;

აღსანიშნავია, რომ ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილ კონცეფციაში ცალკე გამოყოფილია რამოდენიმე თემატიკის არტი (რუბრიკა), რომლებიც მუდმივად იტრიალებენ ეთერში, კერძოდ:

შემეცნებით–ისტორიული – მარტივი, პოპულარული და ეფექტური ხერხებით მოთხრობილი იქნება საქართველოს (ბევრი რა უცნობი) და მსოფლიოს ისტორიიდან საინტერესო, მნიშვნელოვანი ან ჰეროიკულ–რომანტიული ამბავი (მაგ. თუ როგორ იბრძოდა კრწანისზე, კერძოდ ნარიყალიდან პირველი ქართული არტილერია ან ნაპოლეონის ძველი გვარდიის გმირობა ვატერლოუს ბრძოლის მიწურულს);

თეოლოგიური – მარტივი და პოპულარული ხერხებით საინტერესოდ მოთხრობილი იქნება მნიშვნელოვანი მომენტები წმინდა წერილებიდან, საინტერესო მომენტები წმინდა გადმოცემიდან, წმინდა მამების ცხოვრებიდან;

უბრალოდ შემეცნებითი – უბრალოდ შემეცნებითი და საინტერესო ამბები საერთო ერუდირებისთვის;

მუსიკალური – რადიო ეთერში სიმღერების უდიდესი ნაწილი გავა არტის სახით. სიმღერის დასაწყისში მოთხრობილი იქნება ან მინი ისტორია კომპოზიციის შემსრულებელზე ან საინტერესო ამბავი შემსრულებლის შესახებ, ან შემსრულებლის საინტერესო და მოსწრებული გამონათქვამი ან უბრალოდ საინფორმაციო ტექსტი (რომელი წელია, რომელი ალბომია და საერთოდ რა ჯგუფია);

3. შპს ”კაუკასიან ბიზნეს ვიქ-CBW”-ს სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად, ლიცენზიის მაძიებელი მსმენელს შესთავაზებს შემდეგი თემატიკის სამაუწყებლო პროდუქციას:

- ახალი ამბები;

- საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები;

– ანალიტიკური თემატიკის გადაცემები;

- საგანმანათლებო-შემეცნებითი გადაცემები;

- ახალგაზრდული გადაცემები;

- სპორტული გადაცემები;

ლიცენზიის მაძიბელს საძიებელი ლიცენზიის სახეობის (საერთო რადიომაუწყებლობა) გათვალისწინებით, დაგეგმილი აქვს ორი სავალდებულო თემატიკის პროგრამა:

,,თქვენი ამბები’’ ყოველ ნახევარ საათში, რადიოს სამაუწყებლო ეთერი იქნება ცოცხალ ეთერში სრული ინტერაქტივი, თავისუფალი საუბრის რეჟიმში, მაქსიმალური ჩართულობა საზოგადოების მხრიდან, არავითარი თემატური შეზღუდვები (რა თქმა უნდა, კანონით განსაზღვრულ ნორმებში, ადამიანის უფლებების დაცვით და ზიანის მიყენების გარეშე). თემატიკა აბსოლუტურად თავისუფალი: პოლიტიკა, ეკონომიკა, სოციალური სფერო, სოფლის მეურნეობა, სურსათის უსაფრთხოება, ბიზნესი და მისი სერვისები, შოუ ბიზნესი და სპორტი. უნიკალურობის მომენტი მდგომარეობს იმაში, რომ მოსახლეობის მხრიდან ცოცხალ ეთერში ყოველ საათში ერთხელ თავისუფალ ეთერში შემოსული ყველა თემა თუ მოვლენა ხდება შემდგომი საინფორმაციო გამოშვების თემა და მასალა. აღნიშნული თემები და მოვლენები, სხვა პოლიტ-ეკონომიკურ მოვლენებთან ერთად მოხვდება საინფორმაციოს კონტენტში, პროფესიონალი ჟურნალისტებით დაკომპლექტებული საინფორმაციო ჯგუფის მიერ დამუშავების შემდეგ. ამით ვუზრუნველყოფთ საინფორმაციო გამოშვების კონტენტის მაქსიმალურ მრავალფეროვნებას და მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალურად დაკმაყოფილებას. ჩვენის მხრივ, რადიოს საინფორმაციო ჯგუფი ეცდება მაქსიმალური ყურადღებით შეისწავლოს და გადაამოწმოს ყველა მოვლენა თუ ფაქტი და საჭიროების შემთხვევაში რეაგირებისათვის მიმართოს შესაბამის სახელმწიფო თუ ადმინიასტრაციულ სტრუქტურებს. ამ სისტემაზე მომუშავე მედიასაშუალება ხელისუფლებისათვის იქნება საზოგადოებრივი პრობლემებისა და ინტერესების ფაქტობრივი ინფორმატორი;

მთავარი საინფორმაციო – ყოველი საათის დასაწყისში;

საზოგადოებრივ–პოლიტიკური თემატიკის ფარგლებში:

„შენი მიკროფონი“ - ბლიც რუბრიკა სადაც  მაჟორიტარები მოქალაქეების შეკითხვებს პასუხობენ  30  წუთის განმავლობაში სტუდიაში შემოსული შეკითხვები შეეხება ადგილობრივ პრობლემებს, კონკრეტულ თემატიკას.

„ცხელი ხაზი“ – გადაცემის არსი მდგომარეობს, გადამოწმდეს პირდაპირ ეთერში ყველა ის საკომუნიკაციო არხი, სახელმწიფო, მუნიციპალურ თუ კერძო სტრუქტურებში რომლებიც ვალდებულნი არიან  კომპეტენტური ინფორმაციით უზრუნველყონ მომხმარებელი.  (კომპანიაში რეკავენ რადიოეთერიდან, ზარი არ არის წინასწარ შეთანხმებული და შესაბამისად არადამაკმაყოფილებელი მომსახურების მიღების შემდგომ, ვეცდებით გავარკვიოთ თუ როგორ რეაგირებენ ზემდგომი ორგანოები აღნიშნულზე. ეს იქნება სახალხო მონიტორინგი ყველა  ,,ცხელი ხაზის“, რომელიც აუცილებელია ყოველდღიურ ცხოვრებაში. ყველაფერი პირდაპირ ეთერში რეალურ დროში გადაიცემა).

ანალიტიკური თემატიკის ფარგლებში:

ანალიტიკური თოქ–შოუ – სტუდიაში მოწვეული სტუმრებით იმ სფეროდან, ვისაც უშუალოდ ეხება აღნიშნული მოვლენა თუ თემა, ამავე დროს, ნებისმიერი მსმენელი შეიძლება აღმოჩნდეს გადაცემის სტუმარი, ვისი საშუალებითაც მოხდება თემის ინიცირება.

საგანმანათლებო-შემეცნებითი თემატიკის ფარგლებში:

 „აწარმოე ქართული“ -  საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტის  ქართული წარმოების მხარდაჭერის ინფორმაციული მხარდაჭერა. გადაცემის არსი მდგომარეობს ამ პროექტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების და ზოგადად ქართული წარმოების კონკრეტული ქეისების განხილვა ეთერში მწარმოებლებთან და პროექტის სხვა მხარეებთან ერთად.

„ქართული ხარისხი“ -  გადაცემაში გაკეთდება ფონდი  ,,ქართული ხარისხის“ მხარდაჭერით და შეეხება ხარისხის ნიშნის მქონე ქართული კომპანიების საქმიანობას, ხარისხის შემოწმების და დანერგვის სისტემას, მათ პრობლემებს და ფალსიფიკაციასთან ბრძოლის თემებს. საუბარი იქნება მსოფლიო ბრენდებზე, რომლებმაც დროს გაუძლეს და დღემდე ინარჩუნებენ ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს.

„სივრცის არსი“ - გადაცემა მომზადდება მშენებელთა ასოციაციის და რადიოს სპეციალური პროექტების საპროდიუსერო ჯგუფის მიერ. მშენებლობის ხარისხზე, მშენებლობის ევროპული სტანდარტებზე. უსაფრთხოების ნორმებზე. ამ სფეროში არსებული ფინანსური პრობლემები. ახალი პროექტების განხილვა, შიდა და გარე დიზაინის ახალი მიმართულებები, ქართველი არქიტექტორების აღმოჩენა და პოპულარიზაცია. გადაცემის წამყვანი  თანაავტორი იქნება  დეველოპერული კომპანია ,,არსის„ დაფუძნებელი  თორნიკე აბულაძე;

„რესტორან რევიუ“ - პროფესიონალი რესტორატორი სტუმრობს კვების ობიექტებს  და  შემდგომ მთლიან პროცეს გადმოგვცემს პირდაპირ ეთერში, თემა შეეეხება ყველაფერს კვების ობიექტებზე;  მდებარეობა, გარემო, მენიუ, მომსახურე პერსონალი, საკვების ხარისხი და ფასთან შესაბამისობა.  ყველა კონკრეტული ობიექტზე არსებული სიტუაციის განსახილველად ეთერში მოწვეული იქნება, ჩვენგან შემოწმებული ობიექტის მენეჯმენტი. სადაც განხილულ იქნება  ყველა ნიუანსი.

„ღვინის დრო“ - გადაცემა ქართული ღვინის წარმოებაზე. ადგილწარმოშობის მიხედვით ბრენდირებული ქართული ღვინის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, ქართული ღვინის ექსპორტისთვის ახალი ბაზრების  მოძიება და მევენახეობის, როგორც ტრადიციული ქართული დარგის განვითარების მიმართულებები. ტრადიციული ქართული ქვევრის ღვინის პერსპექტივა მსოფლიო ბაზრებზე, როგორც უნიკალური მოვლენა მეღვინეობაში.

„ევროპული არჩევანი“ -  რას და როგორ  აპირებს ბიზნესი, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში მიღწეული შეთანხმების გამოყენებით, საკუთარი ბაზრების დივერსიფიკაციას და პროდუქციის ხარისხის ამაღლებას, რა პრობლემები აქვს ამ პროცესში. რა კონკრეტული მოთხოვნები  უნდა დააკმაყოფილოს ქართულმა პროდუქტმა, რომ შეძლოს ევროპულ ბაზარზე დამკვიდრება. გადაცემის ფორმატით მოხდება ყოველ კონკრეტულ სფეროში არსებული ევროპული სტანდარტების განხილვა შესაბამისი დარგის ქართველ წარმომადგენელთან და ექსპერტებთან ერთად. სადაც მოხდება  შედარება ჩვენს რეალობასთან და გამოჩნდება  ნაკლოვანებები  და  საჭიროება.

,,ეკო ფონი“ –  გადაცემის პარტნიორი იქნება  ლაბორატორია „გეოლაბი“, რომელიც ერთადერთი ლაბორატორიაა საქართველოში, რომელსაც აქვს შესაძლებლობა შეამოწმოს ადგილობრივი თუ იმპორტირებული პროდუქცია გენმოდიფიცირებაზე. კვირაში ერთხელ გამოქვეყნდება გენმოდიფიცირებული პროდუქტების შავი და თეთრი სია, რომელიც დადასტურებული იქნება ლაბორატორიული კვლევებით.  გადაცემის მიზანია მიაღწიოს აუცილებელ მარკირებას პროდუქციისა, რომელიც შეიცავს გენმოდიფიცირებულ ელემენტებს.

ბიზნესლიტერატურა - შემეცნებითი გადაცემა ბიზნესისა და ბიზნესგანათლების შესახებ.

ახალგაზრდული გადაცემების თემატიკის ფარგლებში:

,,მომავლის დრო’’ - შემეცნებითი გასართობი გადაცემა ტექნოლოგიური სიახლეები, ახალგაზრდებისთვის მათთვის აქტუალური თემატიკით.

სპორტული თემატიკის ფარგლებში:

სპორტული საინფორმაციო გამოშვება;

სპორტული თოქ–შოუ სტუმრებითა და ინტერაქტივით.

მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის (სამასახურებრივი ბარათი №10/1736-14, 24.10.2014წ.) თანახმად შპს ”კაუკასიან ბიზნეს ვიქ-CBW”-ს მიერ წარმოდგენილია ასევე სამაუწყებლო ბადე. აღნიშნულ სამაუწყებლო ბადეში განთავსებულია ისეთი პროგრამებიც, რომელთა შესახებ ინფორმაცია კონცეფციაში მოცემული არ არის. კერძოდ, ეს პროგრამებია – „დილის აფიშა“, „ერთი სიმღერის ისტორია“, „ვალუტა, საწვავი“, „ამინდი“, „ჯანსაღი დილა“, „ტექნო წიკი“, „კომერსანტის ახალი ამბები“, „ვიქტორინა“, „დილის პრესა“, „დილის განსხვავებული ბიზნეს ამბები“, „ბირჟა“, „მილიარდერები“, „ავტო–ბლონდი“, „ავტო–რუმი“, „პოეზია“. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილ სამაუწყებლო ბადეში ფაქტიურად არ არის განთავსებული კონცეფციით გათვალისწინებული პროგრამები. შესაბამისად, დეპარტამენტის მიერ შეფასდა კონცეფციაში წარმოდგენილი პროგრამები და არა სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროგრამების ჩამონათვალი. წარმოდგენილი დასკვნის თანახმად (სამასახურებრივი ბარათი №10/1736-14, 24.10.2014წ.) ლიცენზიის მაძიებლების მიერ შეთავაზებული თემატიკისა და ასევე ერთი და იმავე თემატიკის ფარგლებში შეთავაზებულ თემათა მრავალფეროვნება და ამ მრავალფეროვნებით სამაუწყებლო ზონის ყველა სოციალური ჯგუფის მოცვის ხარისხი უპირატესად უზრუნველყოფილია შპს „კომპანია მედიასტრიმის“ და შპს „არტ რადიოს“ მიერ. ამასთან აღსანიშნავია, რომ შპს „კაუკასიან ბიზნეს ვიქ–CBW“–ს მიერ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში გათვალისწინებული არ არის საბავშვო თემატიკის პროგრამები, შესაბამისად, კომპანიის მიერ საზოგადოების ამ ნაწილის ინტერესები გათვალისწინებული არ არის. ამასთან წარმოდგენილი კონცეფციის თანახმად, მუსიკალური თემატიკის ფარგლებში მხოლოდ ზოგადი მითითებაა რადიოს მუსიკალურ მიმართულებაზე. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „კომპანია მედიასტრიმის“ და შპს „არტ რადიოს“ მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციების შესაბამისად, ორივე ლიცენზიის მაძიებლის მიერ მეტწილად უზრუნველყოფილია თემათა მრავალფეროვნება, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ გასათვალისწინებელია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 07 ოქტომბრის N612/22 „საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ„ გადაწყვეტილებით დადგენილი ის კატეგორიები, რომელთა დეფიციტსაც განიცდის ქართული რადიო სადგურები დღეს. ზონა N259–ში, რომელშიც ხვდება თბილისში, საზოგადოებრივი აზრის 2013 წლის კვლევის შესაბამისად, დეფიციტური რადიო გადაცემების კატეგორიები განსაზღვრულია შემდეგნაირად:

ზონა – 259      

1.       შემეცნებითი

2.       ჟურნალისტური გამოძიება

3.       ანალიტიკური გადაცემები

4.       საბავშვო გადაცემები

5.       თოქ–შოუ/გასართობი

6.       იუმორისტული გადაცემები

7.       სპორტული

8.       მუსიკალური

9.       თოქ–შოუ/პოლიტიკური

10.    საინფორმაციო

გამომდინარე იქიდან, რომ რესპონდენტთა უმრავლესობის აზრით ქართულ რადიო სივრცეს აკლია შემეცნებითი გადაცემები, დეპარტამენტს მიზანშეწონილად მიაჩნია გათვალისწინებულ იქნას ლიცენზიის მაძიებლების მიერ შემეცნებითი თემატიკის ფარგლებში შეთავაზებულ თემათა მრავალფეროვნება, რაც მეტწილად უზრუნველყოფილია შპს „კომპანია მედიასტრიმის“ მიერ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში.

ზეპირი მოსმენის სხდომაზე მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა (ი. მახარაძე) დამატებით აღნიშნა, რომ შპს “კომპანია მედიასტრიმის” მიერ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში აღწერილია ახალი ტექნოლოგიური პლატფორმები, რომელთა გამოყენებასაც აპირებს კომპანია, კერძოდ: საინფორმაციო კონტენტის წარმოებისთვის  კომპანია გამოიყენებს LDR-ინტერაქტივის პლატფორმას TopicPulse-ს, ხოლო მუსიკალური ფლეილისტის მართვისას Takeover-ის პლატფორმას. აღნიშნული არის უახლესი პროგრამული და ტექნოლოგიური პლატფორმები, რომლებიც ჯერჯერობით არ გამოიყენება ქართულ სამაუწყებლო ბაზარზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსი ქ. თბილისში (სიხშირეზე 104,7მჰც) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიაში ჩატარდა 2014 წლის 27 ოქტომბერს 13:00 საათზე. საკონკურსო სხდომას ესწრებოდნენ შპს “კომპანია მედიასტრიმის” დირექტორი იოსებ ბარნაბიშვილი,                   შპს ”კაუკასიან ბიზნეს ვიქ-CBW”-ს დირექტორი ლევან ბეგლარიშვილი და შპს ”არტ რადიოს” უფლებამოსილი წარმომადგენლები ირაკლი დათეშიძე და საბა ნიკოლაშვილი.

კომისიის სხდომაზე გაიმართა კენჭისყრა. ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად შპს ”კაუკასიან ბიზნეს ვიქ-CBW”-ს გამარჯვებულად გამოვლენის საკითხს მხარი დაუჭირა კომისიის ორმა წევრმა (აკაკი სიხარულიძე და სოფიო ბრიტანჩუკი), ხოლო კომისიის წევრებმა ვახტანგ აბაშიძემ და კახი ბექაურმა მხარი არ დაუჭირეს. “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას თითოეულ კომისიის წევრს აქვს 1 ხმა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად შპს „არტ რადიოს“ გამარჯვებულად გამოვლენის საკითხს მხარი არ დაუჭირა კომისიის არცერთმა წევრმა. ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად შპს „კომპანია მედიასტრიმის“ გამარჯვებულად გამოცხადებას მხარი დაუჭირა კენჭისყრაში მონაწილე ოთხივე წევრმა (ვახტანგ აბაშიძე, აკაკი სიხარულიძე, კახი ბექაური და სოფიო ბრიტანჩუკი).

კენჭისყრის შემდგომ კომისიის წევრმა ვახტანგ აბაშიძემ აღნიშნა, რომ შპს „მედიასტრიმის“ სამაუწყებლო კონცეფციას უპირატესობა მიანიჭა მაუწყებლობისთვის ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიური პლატფორმის შემოთავაზების გამო, რაც სიახლეს წარმოადგენს რადიოსამაუწყებლო ბაზარზე და წესით საინტერესო უნდა იყოს მსმენელისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის. კომისიის წევრი კახი ბექაური დაეთანხმა ვახტანგ აბაშიძეს და აღნიშნა, რომ შპს „მედიასტრიმის“ მიერ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში მეტწილად უზრუნველყოფილია შემეცნებითი თემატიკის ფარგლებში შეთავაზებულ პროგრამათა მრავალფეროვნება.

             ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის  43-ე მუხლის, კომისიის 2014 წლის 21 აგვისტოს N475/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს “კომპანია მედიასტრიმი”;

2.  უზრუნველყოს შპს “კომპანია მედიასტრიმმა” ერთი თვის ვადაში, სალიცენზიო გადასახდელის  20%-ს - 1944.00 (ერთი ათას ცხრაასორმოცდაოთხი და 00) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900

ბანკი - სახელმწიფო ხაზინა

მიმღების ბანკის კოდი  - TRESGE22

სახაზინო  კოდი - 300773062

3. კომისია გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე მიიღებს სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.

4. კონკურსში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე–2 პუნქტით განსაზღვრულ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება  კონკურსში მონაწილეობის უფლება;

5.  სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ს ანუ 6804.00 (ექვსი ათას რვაასოთხი და 00) ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) კონკურსში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიის ანგარიშზე ჩარიცხული სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;

7.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს უზრუნველყოს შპს “კომპანია მედიასტრიმისთვის” წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა (ნ. ჯავახაძე);

8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების შპს “კომპანია მედიასტრიმისთვის” ჩაბარების დღიდან.

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                 ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                                                აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                                  სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                                  კახი ბექაური

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები