შპს “გლობალ სელის“ 67% წილის ფიზიკურ პირგიორგი ზვიადაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 21, 2014
მიღების თარიღი იანვარი 30, 2014
შპს “გლობალ სელის“ 67% წილის ფიზიკურ პირგიორგი ზვიადაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2014 წლის 13 იანვარს წერილით მიმართა შპს “გლობალ სელმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №6/96-14. 13.01.14), ფიზიკურ პირ (ისრაელის მოქალაქე) გურამ ბინიაშვილის მფლობელობაში არსებული შპს “გლობალ სელის“ 34% წილის და ფიზიკურ პირ (ისრაელის მოქალაქე) ისრაელ ბოტერაშვილის მფლობელობაში არსებული შპს “გლობალ სელის“ 33% წილის ფიზიკურ პირ გიორგი ზვიადაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით. გიორგი ზვიადაძე წარმოადგენს შპს “გლობალ სელის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს და იგი არის შპს “გლობალ სელის“ 33% წილის მფლობელი.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “გლობალ სელი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
B.F.1 |
ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება |
|||||
|
ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; |
||||||
|
საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; |
||||||
|
საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება. |
||||||
|
B.M.1 |
მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება |
|||||
|
ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; |
||||||
|
მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; |
||||||
|
როუმინგული კავშირით მომსახურება. |
||||||
|
B.M.2 |
მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა |
|||||
|
ტექსტური შეტყობინების მომსახურება; |
||||||
|
მულტიმედიური მომსახურება; |
||||||
|
ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვა); |
||||||
|
მოძრავი ინტერნეტ მომსახურება; |
||||||
|
მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება. |
||||||
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შპს “გლობალ სელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა:
- შპს “გლობალ სელის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №6/96-14. 13.01.14) შპს “გლობალ სელის“ 67% წილის ფიზიკურ პირ გიორგი ზვიადაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის მოთხოვნით;
- ინფორმაცია შპს “გლობალ სელის“ საქმიანობის შესახებ;
- ინფორმაცია შპს “გლობალ სელის“ შემოსავლების შესახებ;
- ინფორმაცია შპს “გლობალ სელის“ ურთიერთდამოკიდებული/აფილირებული პირების შესახბ;
- შპს “გლობალ სელის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
შპს “გლობალ სელის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის, ასევე მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს “გლობალ სელის“ პარტნიორები არიან: ფიზიკური პირი გიორგი ზვიადაძე (წილის 33%-ის მფლობელი), ფიზიკური პირი (ისრაელის მოქალაქე) ისრაელ ბოტერაშვილი (წილის 33%-ის მფლობელი) და ფიზიკური პირი (ისრაელის მოქალაქე) გურამ ბინიაშვილი (წილის 34%-ის მფლობელი). შპს “გლობალ სელის“ დირექტორია გიორგი ზვიადაძე.
კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2014 წლის 16 იანვრის №10/76-14 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, შპს “გლობალ სელის“, ასევე შპს “გლობალ სელის“ პარტნიორის და დირექტორის - გიორგი ზვიადაძის აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.
შპს “გლობალ სელის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, შპს “გლობალ სელის“ საქმიანობის ძირითადი სახეა საერთაშორისო SIM-ბარათების რეალიზაცია, აგრეთვე SIM-ბარათებზე ბალანსის შევსების მომსახურება.
კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანლიტიკური დეპარტამენტის 2014 წლის 20 იანვრის №10/84-14 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს “გლობალ სელის“ შემოსავლებმა 2013 წლის იანვრიდან ნოემბრის თვის ჩათვლით შეადგინა;
- საკომუნიკაციო მომსახურებიდან (ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინების ნომრებით მომსახურება) - 559 ლარი;
- არასაკომუნიკაციო მომსახურებიდან - 460,450 ლარი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს “გლობალ სელის“ წილის 67%-ის ფიზიკურ პირ გიორგი ზვიადაძის მიერ შეძენის შემთხვევაში, ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული მდგომარეობა უცვლელი დარჩება. შესაბამისად, შპს “გლობალ სელის“ წილის შეძენამ არ უნდა მოახდინოს სხვა კომპანიებისათვის რაიმე დამაბრკოლებელი გარემოებების შექმნა ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე შესვლისას.
კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “გლობალ სელის“ წილის 67%-ის ფიზიკურ პირ გიორგი ზვიადაძის მიერ შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს “გლობალ სელს“, შპს “გლობალ სელის“ წილის 67%-ის ფიზიკურ პირ გიორგი ზვიადაძის მიერ შეძენაზე;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს “გლობალ სელისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “გლობალ სელისათვის“ ჩაბარების დღიდან;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
კომისიის წევრი კახი ბექაური
