ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის მიზნით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 21 აგვისტოს №477/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 16, 2015 17:11
მიღების თარიღი ოქტომბერი 30, 2014 16:00
ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის მიზნით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 21 აგვისტოს №477/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით ახალი საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე, საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ” კომისიის 2014 წლის 21 აგვისტოს №477/23 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა კომისიის 2014 წლის 25 სექტემბრის სხდომაზე, რომელზეც მიღებული იქნა გადაწყვეტილება №536/22 ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 21 აგვისტოს №477/23 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”, რომლის შესაბამისადაც ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების განხილვის მიზნით ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2014 წლის 30 ოქტომბერს 16:00 საათზე;
კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე, რომელიც გაიმართა 2014 წლის 30 ოქტომბერს, წარმოდგენილი იქნა კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის (ე.ასანიძე) ინფორმაცია, იმის თაობაზე, რომ კომპანიების მიერ წარმოდგენილ გაანგარიშების მოდელებში გამოყენებული ინფორმაცია მნიშვნელოვნად განსხვავდება კომისიის სტატისტიკურ მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებული მონაცემებისაგან, რაც დაზუსტებას მოითხოვს; გარდა ამისა, წარმოდგენილი გაანგარიშების მოდელები ერთი მხრივ, საჭიროებს დეტალურ შესწავლას, მეორე მხრივ, წარმოდგენილი გაანგარიშების გადამოწმებისთვის საჭიროა დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა კომპანიებისაგან; ამ სამუშაოების შესრულებას იმაზე მეტი დრო ესაჭიროება, ვიდრე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან სამი თვე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა და იმავე საკითხზე ახალი საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.
კომისია აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელია წარმოდგენილი მონაცემების და გაანგარიშების სიზუსტეში დარწმუნება, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ვადების დაცვის მიზნით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია კვლევის გაგრძელება და ამ მიზნით კომისიის 2014 წლის 21 აგვისტოს №477/23 გადაწყვეტილებით ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა და ამავე საკითხზე ახალი საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-5 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილისა და IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს კომისიის 2014 წლის 21 აგვისტოს №477/23 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის მიზნით;
2. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით;
3. საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის განისაზღვროს 3 თვიანი ვადა;
4. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2014 წლის 25 დეკემბერს 16:00 საათზე, მისამართზე: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯანელიძე) ზეპირი მოსმენის შესახებ ცნობის გამოქვეყნება კომისიის ვებ გვერდზე;
6. გადაწყვეტილება, გარდა პირველი პუნქტისა, ცალკე გასაჩივრდებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად; გადაწყვეტილების პირველი პუნქტი შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., N6);
7. გადაწყვეტილება ძალაშია მისი მიღებისთანავე;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
კომისიის წევრი კ. ბექაური
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
