კერძო მაუწყებლობის №B72 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 25, 2014 11:23
მიღების თარიღი ნოემბერი 06, 2014
კერძო მაუწყებლობის №B72 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/464-14, 30.10.2014წ.) მიმართეს შპს ”რადიო კომერსანტმა“ და შპს ”ჩვენმა რადიომ” კერძო მაუწყებლობის №B72 ლიცენზიის სახეობის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, განმცხადებელს სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ნაცვლად სურთ საერთო რადიომაუწყებლობის განხორციელება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული მოსახლეობაში ჩატარებული კვლევებისა და გამოკითხვების შედეგად დადგინდა, რომ უფრო აქტუალურია საერთო მაუწყებლობა. მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნა უფრო მაღალია საინფორმაციო ფორმატზე, ვიდრე გასართობი ტიპის რადიომაუწყებლობაზე; ასევე ფინანსური კუთხითაც ჩატარებული კვლევების თანახმად გამოვლინდა, რომ სპონსორობის მხრივ გაცილებით მაღალი მოთხოვნაა საინფორმაციო ტიპის გადაცემებზე, ვიდრე გასართობზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კერძო მაუწყებლობის №B72 ლიცენზია ითვალისწინებს რადიომაუწყებლობას 2014 წლის 26 ნოემბრამდე, კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ლიცენზიის სახე: კერძო რადიომაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა;
რადიომაუწყებლობა 95.5 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.თბილისი, ანტენის განთავსების ადგილი: თბილისის ანძა, გეოგრაფიული კოორდინატები: 44E47; 41N41, ანტენის სიმაღლე 100 მ, მაუწყებლობის საშ. რადიუსი 25 კმ;
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კერძო მაუწყებლობის №B72 ლიცენზია კომისიის 2009 წლის 24 ივლისის №357/22 გადაწყვეტილებისა და შპს ”რადიო კომერსანტსა“ და შპს ”ჩვენი რადიოს” შორის 2008 წლის 1 ივნისის ხელშეკრულების თანახმად, 2014 წლის 26 ნოემბრამდე სარგებლობაში გადაეცა შპს ”რადიო კომერსანტს”.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;
ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის (სამსახურეობრივი ბარათი №10/1800-14, 04/11/2014) თანახმად, ”საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 07 ოქტომბრის N612/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კერძო მაუწყებლობის №B72 ლიცენზიით განსაზღვრულ მაუწყებლობის გეოგრაფიულ ზონაში (თბილისი-ზონა №259) საერთო რადიომაუწყებლობა უფრო პრიორიტეტულია ვიდრე სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა, რის გამოც დეპარტამენტს მიაჩნია, რომ კერძო მაუწყებლობის №B72 ლიცენზიის მოდიფიცირება იმგავრად, რომ ლიცენზიის სახეობად განისაზღვროს საერთო რადიომაუწყებლობა, შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან. დეპარტამენტს ასევე მიაჩნია, რომ კომისიაში წარმოდგენილი განცხადება შეიცავს დასაბუთებულ მოთხოვნას.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე და ასევე მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კერძო მაუწყებლობის №B72 ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2014 წლის 4 დეკემბერს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის სხდომაზე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”რადიო კომერსანტისთვის“ და შპს ”ჩვენი რადიოსთვის” გაგზავნა (დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით (ნ. ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
