შპს „ქედი სტუდიოს“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B11 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2005 წლის 25 ნოემბრის №746/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 19, 2014 16:19
მიღების თარიღი ნოემბერი 07, 2014
შპს „ქედი სტუდიოს“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B11 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2005 წლის 25 ნოემბრის №746/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/389-14, 10.09.2014წ.) მიმართა შპს ”ქედი სტუდიომ” მისი კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B11 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ კომპანია ითხოვს ლიცენზიის სახეობად სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ნაცვლად საერთო რადიომაუწყებლობის განსაზღვრას. როგორც განცხადებაშია აღნიშნული ეს ხელს შეუწყობს რადიოსადგურის შემოსავლის (რეკლამის რეალიზაციის) გაზრდას (კლიენტების, სპონსორების მოძიებას) დამატებით სამუშაო ადგილების შექმნას და რადიოს ზოგად ფუნქციონირებას.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ქედი სტუდიო” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B11 ლიცენზიას კომისიის 2005 წლის 25 ნოემბრის №746/1 გადაწყვეტილებით და შპს ”ქედი სტუდიოსა” და შპს ”სტარ გრუპს” შორის 2013 წლის 11 ივნისის ”ლიცენზიის გადაცემის შესახებ” ხელშეკრულების საფუძველზე შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა;
დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობა - 12 საათი;
მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა და ტექნიკური პარამეტრები:
ა) გეოგრაფიული ზონა: ქ. თბილისი;
ბ) ტექნიკური პარამეტრები:
ბ.ა.) ანტენის განთავსების ადგილი – თბილისის ანძა;
ბ.ბ.) ანტენის განთავსების გეოგრაფიული კოორდინატები - 44E47; 41N41;
ბ.გ) ანტენის სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 100 მ;
ბ.დ.) FM რადიო-სიხშირე – 93.9 მგჰც;
ბ.ე.) გადამცემის სიმძლავრე – 1 კვტ;
ბ.ვ.) ანტენის გასხივების დიაგრამა – წრიული;
ბ.ზ.) სამაუწყებლო ზონის საშ.რად – 25 კმ;
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №569/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ქედი სტუდიოს“ კერძო მაუწყებლობის №B11 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2005 წლის 25 ნოემბრის №746/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2014 წლის 7 ნოემბრის 16:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;
ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის (სამსახურებრივი ბარათი №10/1572-14, 26/09/2014) თანახმად, გამომდინარე იქიდან, რომ ”საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 07 ოქტომბრის N612/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „ქედი სტუდიოს“ კუთვნილი №B11 ლიცენზიით განსაზღვრულ მაუწყებლობის გეოგრაფიულ ზონაში (თბილისი-ზონა №259) საერთო რადიომაუწყებლობა უფრო პრიორიტეტულია ვიდრე სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „ქედი სტუდიოს“ კუთვნილი №B11 ლიცენზიის მოდიფიცირება იმგავრად, რომ ლიცენზიის სახეობად განისაზღვროს საერთო რადიომაუწყებლობა, შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან. ამასთან აღსანიშნავია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველია.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე და ასევე მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს შპს „ქედი სტუდიოს“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B11 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2005 წლის 25 ნოემბრის №746/1 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების:
ა) მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”2. ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;”
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“4. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა;
ბ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
გ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;
ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;
ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ზ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
თ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;
ი) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;
კ) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას” მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.
ლ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია:
მ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;
ნ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.
ო) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
პ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.
ჟ) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
გ) ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ქედი სტუდიოსთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „ქედი სტუდიოსთვის“ აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ; №6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (პირველი პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
