შპს “ტელეკომპანია თბილისის“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B88 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №836/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 10, 2014 19:26
მიღების თარიღი ნოემბერი 20, 2014
შპს “ტელეკომპანია თბილისის“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B88 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №836/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/432-14, 09.10.2014წ. და №6/6488-14, 28.10.2014წ.) მიმართა შპს “ტელეკომპანია თბილისმა” მისი კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B88 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ კომპანია ითხოვს ლიცენზიის სახეობად სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობის ნაცვლად საერთო ტელემაუწყებლობის განსაზღვრას. როგორც განცხადებაშია აღნიშნული კომპანიის დაკვეთით განხორციელდა სატელევიზიო ბაზრის კვლევა, რომლის შედეგებმა აჩვენა, რომ ქ. თბილისის მოსახლეობა სატელევიზიო ეთერში ისურვებდა საინფორმაციო გამოშვებებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების ხილვას. ასევე, რეიტინგების დამთვლელი კომპანიების მონაცემებით საერთო ლიცენზიის მფლობელი ტელემაუწყებლები გამოირჩევიან მაღალი ყურებადობით. კომპანიას ასევე მიაჩნია, რომ საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის პირობებში უფრო ეფექტური იქნება რეკლამის მოზიდვაც.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ტელეკომპანია თბილისი“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B88 ლიცენზიას კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №836/6 გადაწყვეტილებით შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობა;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2021 წლის 31 დეკემბრამდე;
დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
დ.ა) ტელემაუწყებლობა 58-ე სატელევიზიო არხზე (ქ. თბილისი).
დ.ბ) ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;
ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის (სამსახურეობრივი ბარათი №10/1801-14, 04/11/2014) თანახმად, გამომდინარე იქიდან, რომ ”საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ” კომისიის 2013 წლის 07 ოქტომბრის N612/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს “ტელეკომპანია თბილისის“ კუთვნილი №B88 ლიცენზიით განსაზღვრულ მაუწყებლობის გეოგრაფიულ ზონაში (თბილისი-ზონა №259) სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა უფრო პრიორიტეტულია ვიდრე საერთო ტელემაუწყებლობა, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ №B88 ლიცენზიის მოდიფიცირება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის. რაც შეეხება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის საფუძველზე ლიცენზიის მოდიფიცირების საკითხს, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი განცხადება შეიცავს დასაბუთებულ მოთხოვნას და შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე;
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს “ტელეკომპანია თბილისის“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B88 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №836/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2014 წლის 18 დეკემბერს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ტელეკომპანია თბილისისთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
