შპს „სკაინეტისათვის“ (ს/კ 412676509) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 12, 2014 19:02
მიღების თარიღი ნოემბერი 20, 2014
შპს „სკაინეტისათვის“ (ს/კ 412676509) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
2014 წლის 10 ნოემბერს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 6 ნოემბრის N10/1812-14 სამსახურებრივი ბარათი, თანდართული შპს „სკაინეტის“ 2014 წლის 4 ნოემბრის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის 4.11.2014; N6/6541-14). აღნიშნული წერილის საფუძველზე ირკვევა, რომ 2014 წლის 11 აპრილის კომისიის N196/11 გადაწყვეტილებით, შპს „სკაინეტის“ 80%-იანი წილის მფლობელ გიორგი ქოჩიაშვილს, თანხმობა მიეცა თავის წილიდან 52%-ი გაესხვისებინა კახა ქოჩიაშვილზე. წერილზე დართული, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, რომ 2014 წლის 24 აპრილს განხორციელდა ცვლილება, კერძოდ: შეიცვალა შპს „სკაინეტის“ დამფუძნებელი: გიორგი ქოჩიაშვილმა თავისი კუთვნილი 80%-იანი წილიდან 52%-ი გაასხვისა კახა ქოჩიაშვილის სასარგებლოდ.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია, თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.
გამომდინარე იქედან, რომ შპს „სკაინეტის“ მიერ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილების განხორციელების შემდეგ, კომისიაში ინფორმაციის წარმოდგენის კანონით დადგენილი 7 დღიანი ვადა დარღვეულია, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2014 წლის 12 ნოემბერს - შეტყობინების გაგზავნის დღიდან, კომისიამ დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „სკაინეტის“ მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, სანქცირების თაობაზე. საკითხის განხილვა დაინიშნა 2014 წლის 20 ნეომბერს 16:00 საათზე, რის თაობაზეც შპს ,,სკაინეტს“ ეცნობა შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცემის და გამოთხოვის უფლება. შეტყობინება შპს ,,სკაინეტს“ ჩაბარდა, რაც დასტურდება შეტყობინების ასლზე ანა კანდელაკის ხელისმოწერით.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2014 წლის 20 ნოემბერის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს ,,სკაინეტის“ დირექტორი დავით ხაბურძანია, რომელმაც კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ სამწუხაროდ გამორჩათ განხორციელებული ცვლილების თაობაზე ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა, კანონით დადგენილ ვადაში.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და შეფასებული იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2014 წლის 6 ნოემბრის N10/1812-14 სამსახურებრივი ბარათი;
2. შპს „სკაინეტის“ მიერ 2014 წლის 4 ნოემბერს კომისიაში წარმოდგენილი წერილი (კომისიაში რეგისტრაციის N6/6541-14) სადამფუძნებლო დოკუმეტში 2014 წლის 24 აპრილს განხორციელებული ცვლილებების შესახებ;
3. შპს „სკაინეტის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (განაცხადის ნომერი: 744548, ამონაწერის მომზადების თარიღი 24/04/2014);
4. შპს „სკაინეტის“ ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;
5. შპს „სკაინეტის“ დირექტორის დავით ხაბურძანიას ახსნა-განმარტება მიცემული 2014 წლის 20 ნოემბრის კომისიის სხდომაზე;
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს „სკაინეტი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს 2011 წლის 8 ივნისიდან;
2. ავტორიზებულმა პირმა შპს „სკაინეტმა“ 2014 წლის 24 აპრილს განახორციელა სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილება (გიორგი ქოჩიაშვილმა თავისი კუთვნილი 80%-იანი წილიდან 52%-ი გაასხვისა კახა ქოჩიაშვილზე, რაც დასტურდება შპს „სკაინეტის“ ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
3. შპს „სკაინეტმა“ მიაწოდა კომისიას ინფორმაცია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტით განსაზღრულ მონაცემებში ცვლილების განხორციელების თაობაზე, ცვლილებების განხორციელებიდან შვიდი თვის შემდგომ და არა კანონით განსაზღვრული - 7 სამუშაო დღის ვადაში;
4. შპს „სკაინეტს“ უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე;
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „სკაინეტის“ მიერ, სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილების განხორციელების შესახებ, კომისიაში, კანონით დადგენილ ვადაში ინფორმაციის წარმოუდგენლობით, დაირღვა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტები.
გამომდინარე იქიდან, რომ შპს „სკაინეტის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა გამოყენებული „ელექტორინული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქცია, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ შპს „სკაინეტს“ მიეცეს გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 98-ე, 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტების და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს გაფრთხილება შპს „სკაინეტს“ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „სკაინეტისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს „სკაინეტის“ სანქცირების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “სკაინეტისათვის“ ჩაბარების დღიდან;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თამჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
