საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 11, 2014 11:47
მიღების თარიღი ნოემბერი 20, 2014
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში “კომისია") განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №3/156-14, 14.11.14) მომართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, 2014 წლის 25-27 ნოემბერს საქართველოში დაგეგმილი ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით, რადიოკავშირისთვის სიხშირეების მინიჭების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეების გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.
”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.
ვინაიდან ამ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს სიხშირეების მინიჭებას მხოლოდ 25-27 ნოემბერს, საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია გაიცეს ნებართვა სამი დღის ვადით.
კომისიის მიერ ნებართვით გაცემული სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა გადაეცეს სხვა პირს.
”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადამხდელები არიან „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საქმიანობებზე ლიცენზიის/ნებართვის მაძიებლები, გარდა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროსი ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა. შესაბამისად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განთავისუფლებულია სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვა F 895 და მიენიჭოს 410.225 მჰც და 410.375 მჰც სიხშირეები ქ. თბილისში სამი დღის ვადით 25 ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვილით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
2. აღირიცხოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
3. დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ა. დაბრუნდაშვილი) სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი კ. ბექაური
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
