შპს „ვაიმაქს ჯორჯიასა“ და სს „სილქნეტს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F64, F66, F68 ლიცენზიების დროებითი გადაპირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 10, 2014 20:02
მიღების თარიღი ნოემბერი 20, 2014
შპს „ვაიმაქს ჯორჯიასა“ და სს „სილქნეტს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F64, F66, F68 ლიცენზიების დროებითი გადაპირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/6750-14, 18.11.14) მიმართეს შპს „ვაიმაქს ჯორჯიამ“ და სს „სილქნეტმა“. განცხადების შესაბამისად, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შპს „ვაიმაქს ჯორჯია“ სს „სილქნეტს“ გადასცემს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F64, F66, F68 ლიცენზიებით განსაზღვრული სიხშირეებს დროებითი სარგებლობის უფლებით, ერთი წლის ვადით. კომისიაში წარმოდგენილ განცხადებას თანდართული აქვს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება №F64, F66, F68 ლიცენზიების დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 13 ივნისის N334/5, 2008 წლის 14 ივლისის N407/2, 2008 წლის 13 ივნისის N343/5 გადაწყვეტილებებით შპს „ვაიმაქს ჯორჯია“ ფლობს:
1) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F64 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული ზოლი: 2350 მჰც-დან - 2400 მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში - ქ. ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის და ხონის რაიონების ტერიტორიაზე;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 11 აგვისტომდე;
გ) უზრუნველყოს შპს ”ვაიმაქს ჯორჯია”-მ ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული ზოლის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად”.
2) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F66 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2350 მჰც ÷ 2382 მჰც სიხშირული დიაპაზონში უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის ქ.თბილისში;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 05.05.2016-მდე;
გ) უზრუნველყოს შპს „ვაიმაქს ჯორჯია“-მ 2350 მჰც ÷ 2382 მჰც რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენულებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად”.
3) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F68 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2350მჰც-დან 2382 მჰც-მდე სიხშირულ ზოლში უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე (ქ.თბილისის, ქ.ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხონის რაიონებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა);
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2007 წლის 18 იანვრიდან 2017 წლის 18 იანვრამდე;
გ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;
დ) უზრუნველყოს შპს “ვაიმაქს ჯორჯია”-მ 2350 მჰც-დან 2382 მჰც-მდე რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად;
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება გადასცეს ნებისმიერ პირს, მთლიანად ან ნაწილობრივ, პირდაპირი გადაპირების წესით, აუქციონის გამართვის გარეშე, რისთვისაც პირდაპირი გადაპირების შესახებ დებს ხელშეკრულებას. კომისია გადაპირების თაობაზე ერთობლივი განცხადების საფუძველზე იწყებს ლიცენზიის გადაპირებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს შეიძლება შეეზღუდოს ლიცენზიის გადაპირება, თუ:
ა) გადაპირების მსურველ პირს კომისიის წინაშე ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება ან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ერიცხება ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დავალიანება;
ბ) პირდაპირი გადაპირების წესით ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილობრივ გადაცემისას პირი დამოუკიდებლად ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთის (რადიოსიხშირული დიაპაზონის) ან მსგავსი მახასიათებლების მქონე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების (რადიოსიხშირული დიაპაზონების) ერთობლიობის გადაპირებასთან დაკავშირებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ჩატარებული კვლევისა და ანალიზის საფუძველზე კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსის მაქსიმალურ ოდენობაზე მეტის მფლობელი;
გ) ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით ბოლო მომხმარებელს მიეწოდება სატელეკომუნიკაციო მომსახურება და ლიცენზიის მიმღების მიერ არ არის დადასტურებული მისთვის მომსახურების გაწევის ვალდებულება, ბოლო მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ვაიმაქს ჯორჯიასა“ და სს „სილქნეტს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F64, F66, F68 ლიცენზიების დროებითი გადაპირების თაობაზე. ამავე დროს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოკვლეულ უნდა იქნას, ხომ არ არსებობს ლიცენზიის გადაპირების შეზღუდვასთან დაკავშირებული გარემოება, რომელიც გათვალისწინებულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ვაიმაქს ჯორჯიასა“ და სს „სილქნეტს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F64, F66, F68 ლიცენზიების გადაპირების თაობაზე;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2014 წლის 18 დეკემბერს 16:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტებს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული კვლევისა და ანალიზის ჩატარება და კომისიისთვის შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისთვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ.ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ვაიმაქს ჯორჯიასთვის“ და სს „სილქნეტისთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
6. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
