კერძო მაუწყებლობის №B72 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 11, 2014 19:58
მიღების თარიღი ნოემბერი 26, 2014 19:58
კერძო მაუწყებლობის №B72 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/452-14, 23.10.2014წ.) მიმართეს შპს ”რადიო კომერსანტმა“ და შპს ”ჩვენმა რადიომ” კერძო მაუწყებლობის №B72 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ კერძო მაუწყებლობის №B72 ლიცენზია ითვალისწინებს რადიომაუწყებლობას 2014 წლის 26 ნოემბრამდე, კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ლიცენზიის სახე: კერძო რადიომაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა;
რადიომაუწყებლობა 95.5 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.თბილისი, ანტენის განთავსების ადგილი: თბილისის ანძა, გეოგრაფიული კოორდინატები: 44E47; 41N41, ანტენის სიმაღლე 100 მ, მაუწყებლობის საშ. რადიუსი 25 კმ;
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კერძო მაუწყებლობის №B72 ლიცენზია კომისიის 2009 წლის 24 ივლისის №357/22 გადაწყვეტილებისა და შპს ”რადიო კომერსანტსა“ და შპს ”ჩვენი რადიოს” შორის 2008 წლის 1 ივნისის ხელშეკრულების თანახმად, 2014 წლის 26 ნოემბრამდე სარგებლობაში გადაეცა შპს ”რადიო კომერსანტს”.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიის მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით გრძელდება ავტომატურად, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას. სხვა შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე ლიცენზიის მფლობელი მიმართავს კომისიას კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებით. კომისია კონკურსს ატარებს ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად, განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიაში შეტანილი უნდა იქნას ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე. ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას მისი განუხილველად დატოვების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ლიცენზიის მოქმედების პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები; ამავე დროს, კომპანიის მიერ დაცულია კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების განცხადების წარმოდგენისათვის დადგენილი ვადა.
კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 2,000 (ორი ათას) ლარს. შპს ”რადიო კომერსანტის” მიერ საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია სალიცენზიო მოსაკრებელი (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №6/6932-14, 24.11.14).
კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ, ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების საფუძველზე, წარმოდგენილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება (სამსახურეობრივი ბარათი №10/752-14, 27.10.14), რომელმაც კერძო მაუწყებლობის №B72 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის შეადგინა – 10,692.00 ლარი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 28 ოქტომბრის №596/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კერძო მაუწყებლობის №B72 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2014 წლის 25 ნოემბერი 16:00 სთ.
საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა კომისიის 2014 წლის 25 ნოემბრის სხდომაზე. სხდომას ესწრებოდა შპს ”რადიო კომერსანტის“ აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ხეთერელი და შპს ”ჩვენი რადიოს” დირექტორი გოგა სამუშია. სხდომაზე მოისმინეს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის ინფორმაცია (ი. აბულაძე, ნ. ჯანელიძე), რომლის თანახმადაც შესაძლებელია შპს ”რადიო კომერსანტს“ ერიცხებოდეს სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება 830.60 (რვაასოცდაათი და 60) ლარის ოდენობით. აღნიშნულის გასარკვევად საჭიროა მოხდეს ინფორმაციის შედარება კომპანიასთან და საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტთან.
კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 25 ნოემბრის კომისიის სხდომაზე საკითხის დამატებითი შესწავლის მიზნით, გამოცხადდა შესვენება 2014 წლის 26 ნოემბრის 17 საათამდე. აღნიშნულის შესახებ, შპს ,,რადიო კომერსანტი“ და შპს ”ჩვენი რადიო” გაფრთხილდა კომისიის სხდომაზევე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2014 წლის 26 ნოემბრის კომისიის სხდომაზე შპს ”ჩვენი რადიოს” დირექტორმა გოგა სამუშიამ დაადასტურა კერძო მაუწყებლობის №B72 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში კომისიის მიერ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად, ერთი წლის ვადაში გადახდაზე მზადყოფნა. სხდომაზე ასევე მოისმინეს საფინანსო დეპარატამენტის (ნ. ჯანელიძე) ინფორმაცია, რომლის თანახმადაც 2014 წლის 25 ნოემბერს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხულ იქნა სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება 830.60 (რვაასოცდაათი და 60) ლარის ოდენობით და შესაბამისად კომპანიას დავალიანება აღარ ერიცხება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია კერძო მაუწყებლობის №B72 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ზეპირი მოსმენის სხდომაზევე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის, 39-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს ”ჩვენი რადიოს” კერძო მაუწყებლობის №B72 ლიცენზიას 2014 წლის 26 ნოემბრიდან 2024 წლის 26 ნოემბრამდე და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
რადიომაუწყებლობა 95.5 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.თბილისი, ანტენის განთავსების ადგილი: თბილისის ანძა, გეოგრაფიული კოორდინატები: 44E47; 41N41, ანტენის სიმაღლე 100 მ, მაუწყებლობის საშ. რადიუსი 25 კმ;
2. დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად განისაზღვროს 12 საათი.
3. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
ა) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
ბ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
გ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;
დ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;
ე) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ვ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
ზ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;
თ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;
ი) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას” მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.
კ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია:
ლ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;
მ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.
ნ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ო) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.
პ) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;
4. კერძო მაუწყებლობის №B72 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გათვალისწინებული სალიცენზიო გადასახდელი შეადგენს –10,692.00 (ათი ათას ექვსასოთხმოცდათორმეტი და 00) ლარს.
5. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის - 10,692.00 (ათი ათას ექვსასოთხმოცდათორმეტი და 00) ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი -TRESGE22;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი -300773062;
891.00 ლარი – 2014 წლის 26 დეკემბრამდე;
891.00 ლარი – 2015 წლის 26 იანვრამდე;
891.00 ლარი – 2015 წლის 26 თებერვლამდე;
891.00 ლარი – 2015 წლის 26 მარტამდე;
891.00 ლარი – 2015 წლის 26 აპრილამდე;
891.00 ლარი – 2015 წლის 26 მაისამდე;
891.00 ლარი – 2015 წლის 26 ივნისამდე;
891.00 ლარი – 2015 წლის 26 ივლისამდე;
891.00 ლარი – 2015 წლის 26 აგვისტომდე;
891.00 ლარი – 2015 წლის 26 სექტემბრამდე;
891.00 ლარი – 2015 წლის 26 ოქტომბრამდე;
891.00 ლარი – 2015 წლის 26 ნოემბრამდე;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
დ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”რადიო კომერსანტისთვის“ და შპს ”ჩვენი რადიოსთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე).
7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე).
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე).
12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე–2, მე-3 და მე–5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
