შპს ”ვიტელ ჯორჯიასთვის” არაკომერციული მიზნით და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 12, 2014
მიღების თარიღი თებერვალი 06, 2014
შპს ”ვიტელ ჯორჯიასთვის” არაკომერციული მიზნით და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს ”ვიტელ ჯორჯიამ” კომისიას მიმართა განცხადებით №2/1150,27.11.13(კომისიაში რეგისტრირებული №7/498-13, 28.11.2013), სხვადასხვა სიხშირულ დიაპაზონებში, კონკრეტულ პუნქტებს შორის მონაკვეთებზე რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ”კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით ესაჭიროება რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მის მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, 10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე. ამ შემთხვევაში პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით”. „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ ცვლილების შეტანისას კომისია უფლებამოსილია ავტორიზებული პირისათვის მინიჭებული რადიოსიხშირე შეცვალოს ამ გეგმით გათვალისწინებული სხვა რადიოსიხშირით. ამ შემთხვევაში პირი არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს კომპენსაცია”.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ვიტელ ჯორჯია” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაცია: თარიღი - 2010 წლის 15 თებერვალი, მათ შორის A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე) და ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიებს (№F48, მოქმედების ვადა 05.05.2016 და №F53, მოქმედების ვადა 18.01.2017) შესაბამისად, რადიოსიხშირულ ზოლებში (2299მჰც ÷ 2350მჰც და 2300მჰც ÷ 2350მჰც) უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურეობისთვის.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ვიტელ ჯორჯიასთვის”, სხვადასხვა სიხშირულ დიაპაზონებში, კონკრეტულ პუნქტებს შორის მონაკვეთებზე რადიოსარელეო ხაზების სადგურების ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით გამოყენებისთვის, შერჩეულ იქნა რადიოსიხშირეები, რაც შპს ”ვიტელ ჯორჯიას” ეცნობა წერილით №06/98-14, 17.01.14. თანხმობა შერჩეული სიხშირეების გამოყენებაზე შპს ”ვიტელ ჯორჯიამ”, კომისიას აცნობა წერილით №2/1164, 21.14.14 (კომისიაში რეგისტრირებული №6/376-14, 21.01.14).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ”ვიტელ ჯორჯიას”, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-7 მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა, რომელიც შეადგენს 23342,16 (ოცდასამი ათას სამასორმოცდაორი ლარი და თექვსმეტი თეთრი) ლარს.
კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსარელეო სიხშირეები გამოყენებულ უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით, წარმოდგენილი ტექნიკური მონაცემების (თან ერთვის) შესაბამისად, კონკრეტულ პუნქტებს შორის მონაკვეთებზე რადიოსარელეო ხაზების სადგურების ფუნქციონირებისთვის.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-7 მუხლის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ”ვიტელ ჯორჯიას”, რადიოსიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, კონკრეტულ პუნქტებს შორის მონაკვეთებზე რადიოსარელეო ხაზების სადგურების ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით, 10 წლის ვადით - 2024 წლის 6 თებერვლამდე, აუქციონის გარეშე;
2. განესაზღვროს შპს ”ვიტელ ჯორჯიას”, სიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა 23342,16 (ოცდასამი ათას სამასორმოცდაორი ლარი და თექვსმეტი თეთრი) ლარის ოდენობით;
3. უზრუნველყოს შპს ”ვიტელ ჯორჯიამ”, ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის 23342,16 (ოცდასამი ათას სამასორმოცდაორი ლარი და თექვსმეტი თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით, 10 დღის ვადაში;
მიმღები:
ხაზინის ერთიანი ანგარიში ა/ა 200122900;
ბანკი -სახელმწიფო ხაზინა;
კოდი -TRESGE 22;
საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი - 300773402;
4. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს ”ვიტელ ჯორჯიას” მიერ აუქციონის საწყისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ;
5. შპს ”ვიტელ ჯორჯიას” მიერ ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის 23342,16 (ოცდასამი ათას სამასორმოცდაორი ლარი და თექვსმეტი თეთრი) ლარის გადაუხდელობის შემთხვევაში, წინამდებარე გადაწყვეტილება ცნობილ იქნას ძალადაკარგულად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად;
6. აღირიცხოს შპს ”ვიტელ ჯორჯიასთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);
7. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”ვიტელ ჯორჯიასთვის” რადიოსიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.,№6) 1 თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ა.სიხარულიძე
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ.ბექაური
კომისიის წევრი ი.მოსეშვილი