შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B15 და №B125 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2012 წლის 27 აპრილის №324/1 და 2012 წლის 26 ნოემბრის №745/6 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 10, 2014 19:29
მიღების თარიღი ნოემბერი 27, 2014
შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B15 და №B125 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2012 წლის 27 აპრილის №324/1 და 2012 წლის 26 ნოემბრის №745/6 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/440-14, 13/10/2014 და 6/6241-14 17/10/2014) მიმართა შპს „ჯი-დი-ეს თი-ვიმ“ მისი კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B15 და №B125 ლიცენზიების მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, კომპანია ითხოვს ლიცენზიის სახეობად სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობის ნაცვლად საერთო ტელემაუწყებლობის განსაზღვრას. როგორც განცხადებაშია აღნიშნული ტელეკომპანიას სურს განახორციელოს საერთო მაუწყებლობა იმ მოსაზრებიდან გამომდინარე, რომ ეთერში გაუშვას არა მხოლოდ გასართობი პროგრამები, არამედ ყოველდღიური ახალი ამბები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გადაცემები, რაც მაღალი რეიტინგის მომტანი იქნება არხისთვის, რასაც ცხადყოფს როგორც განცხადებებშია აღნიშნული რეიტინგების მთვლელი კომპანიის მიერ ჩატარებული გამოკითხვები. როგორც განცხადებებშია აღნიშნული, ლიცენზიების სახეობის შეცვლის ერთ-ერთ მოტივს ასევე წარმოადგენს ტელეკომპანიის მიერ ჩატარებული გამოკითხვები, იმის თაობაზე თუ რომელი გადაცემაა არხზე რეიტინგული და რისი ხილვა სურს მაყურებელს მომავალში ტელეკომპანიის ეთერით, სადაც ყველაზე სასურველ გადაცემებად გამოვლინდა ახალი ამბების და პოლიტიკური თემატიკის პროგრამები.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“ ფლობს:
1. კერძო მაუწყებლობის №B15 ლიცენზიას, კომისიის 2013 წლის 1 ნოემბრის №655/5 გადაწყვეტილებით, შპს „ჯი-დი-ეს თი-ვისა“ და შპს ”ტელეკომპანია მზეს” შორის 2013 წლის 5 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე და კომისიის 2012 წლის 26 ნოემბრის №745/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობა;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2022 წლის 28 ნოემბერი.
დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
დ.ა) საეთერო ტელემაუწყებლობა 45-ე სატელევიზიო არხზე ქ. თბილისი და მიმდებარე ტერიტორია;
დ.ბ) მაუწყებლობა ტელესამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურებით.
2. კერძო მაუწყებლობის №B125 ლიცენზიას (№B125 ლიცენზია გაცემულ იქნა კომისიის 2012 წლის 27 აპრილის №324/1 გადაწყვეტილებით ფიზიკურ პირ ვლადიმერ შენგელაიაზე. კომისიის 2012 წლის 6 ივლისის №468/5 გადაწყვეტილებით მიეცა თანხმობა ვლადიმერ შენგელაის, მისი კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B125 ლიცენზიის შპს „ვტვ“–სთვის გადაცემაზე; 2012 წლის 23 ივლისს შპს ”ვტვ”-მ შეიცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს ”ჯი-დი-ეს თი-ვი”(2012 წლის 23 ივლისს მომზადებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; განაცხადის ნომერი - 514416; განაცხადის რეგისტრაციის ნომერი - B12090997) შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობა;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2022 წლის 27 აპრილამდე;
დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით – საქართველოს ტერიტორიაზე;
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 23 ოქტომბრის №586/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B15 და №B125 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2012 წლის 27 აპრილის №324/1 და 2012 წლის 26 ნოემბრის №745/6 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2014 წლის 20 ნოემბრის 16:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;
ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის (სამსახურეობრივი ბარათი №10/1704-14, 20/10/2014) თანახმად, გამომდინარე იქიდან, რომ ”საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ” კომისიის 2013 წლის 07 ოქტომბრის N612/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ კუთვნილი №B15 ლიცენზიით განსაზღვრულ მაუწყებლობის გეოგრაფიულ ზონაში (თბილისი-ზონა №259) სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა უფრო პრიორიტეტულია ვიდრე საერთო ტელემაუწყებლობა, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ №B15 ლიცენზიის მოდიფიცირება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის. რაც შეეხება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის საფუძველზე ლიცენზიის მოდიფიცირების საკითხს, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი განცხადება შეიცავს დასაბუთებულ მოთხოვნას და შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.
საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2014 წლის 20 ნოემბერს 16:00 საათზე. სხდომას ესწრებოდნენ შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ არაუფლებამოსილი წარმომადგენელი ანა გელაშვილი. ანა გელაშვილის განცხადებით შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“ საერთო მაუწყებლობის დაწყებას გეგმავს 2014 წლის 15 დეკემბრიდან. ზეპირი მოსმენისას არ გამოვლენილა შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ კერძო მაუწყებლობის NB15 და NB125 ლიცენზიების მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები. 2014 წლის 20 ნოემბერს ზეპირი მოსმენის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების თარიღად დასახელდა ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 5 სამუშაო დღე - 2014 წლის 27 ნოემბერი.
კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 25 ნოემბერს შპს „ჯი-დი-ეს თი-ვიმ“ კომისიას მომართა წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №6/6959-14) და მოითხოვა კერძო მაუწყებლობის №B15 და №B125 ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეჩერება. როგორც წერილშია აღნიშნული ტექნიკური მიზეზების გამო კომპანია ამ ეტაპზე ვერ შეძლებს საერთო მაუწყებლობაზე გადასვლას იმ დატვირთვით, რაც დადგენილია კანონმდებლობის შესაბამისად. განცხადებაში კომპანია ითხოვს ადმინისტრაციული წარმოების შეჩერებას 2015 წლის თებერვლამდე, რის შემდეგაც, როგორც განმცხადებელი აღნიშნავს, კომპანია მომართავს კომისიას ადმინისტრაციული წარმოების განახლების თხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან კერძო მაუწყებლობის №B15 და №B125 ლიცენზიების მოდიფიცირების მიზნით ადმინისტრაციული წარმოება კომისიაში დაიწყო შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ მოთხოვნის საფუძველზე და 2014 წლის 25 ნოემბერის №6/6959-14 წერილით შპს „ჯი-დი-ეს თი-ვიმ“ კომისიას მომართა შუამდგომლობით ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების თაობაზე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ შუამდგომლობა და შეჩერდეს კერძო მაუწყებლობის №B15 და №B125 ლიცენზიების მოდიფიცირების მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების განახლების შესახებ შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ განცხადების კომისიაში წარმოდგენამდე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ო) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ შუამდგომლობა (წერილის კომიისიაში რეგისტრაციის №6/6959-14, 25.11.14) და შეჩერდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B15 და №B125 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2012 წლის 27 აპრილის №324/1 და 2012 წლის 26 ნოემბრის №745/6 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ მიერ კერძო მაუწყებლობის №B15 და №B125 ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების განახლების შესახებ განცხადების წარმოდგენამდე;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ჯი-დი-ეს თი-ვისთვის“ გაგზავნის უზრუნველყოფა (ნ.ჯავახიძე);
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
